in

„TON“-ის გრეხილი ავეჯის განსაკუთრებული გამოცდილება ქართულ ბაზარზე — ინტერვიუ მარიამ მამაცაშვილთან

გრეხილი ავეჯის უმსხვილესი ჩეხური ბრენდის, „TON “-ის ისტორია XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება და მისი სახელი მიხაელ ტონეტს უკავშირდება, რომელმაც 1861 წელს ჩეხეთში ავეჯის ქარხანა გახსნა და აღიარება სკამების წარმოებით მოიპოვა . „TON “-ის ისტორია ქართულ ბაზარზე 2004 წლიდან იწყება. მისი ოფიციალური წარმომადგენლობა კი თბილისში, კეკელიძის 14 ნომერში მდებარეობს. ეს არის ამიერკავკასიაში ერთადერთი ფილიალი, სადაც ბრენდის ნებისმიერი მოდელის შეძენაა შესაძლებელი. საქართველოში  “TON“-ის წარმომადგენელი მარიამ მამაცაშვილია. დღევანდელ სტატიაში ის საქართველოში „TON“-ის ისტორიაზე მოგვითხრობს და ბრენდის უნიკალურობაზე საუბრობს, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას და განსაკუთრებული გამოცდილების გაზიარებას განაგრძობს.

მარიამ, გვიამბეთ თქვენს შესახებ?

1990 წელს დავიბადე თბილისში , სიყვარულით სავსე ოჯახში. მყავს მეუღლე და 2 შვილი. დავამთავრე შავი ზღვის უნივერსიტეტი. ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი, მარკეტინგის განხრით.  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუდმივად ვცდილობდი განვითარებას, გავდიოდი კურსებს ცოდნის გასამყარებლად სხვადასხვა სფეროში, რათა ზუსტად გამეგო რისი კეთება იქნებოდა ჩემთვის ყველაზე საინტერესო.  თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი მასწავლებელი იყო და არის მამაჩემი.

მარიამ, როგორ დაუკავშირდა თქვენი საქმიანობა ავეჯის ინდუსტრიას? როგორ და როდის დაიწყო თქვენი და „TON“-ის ურთიერთობა?

მამა “TON”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, თუმცა ამის მიუხედავად, ჩემი სურვილი იყო, რომ, თავდაპირველად, სრულიად უცხო კომპანიაში დამეგროვებინა გამოცდილება, მომეპოვებინა საკუთარი თავის რწმენა და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ საჭიროება მოითხოვდა, პროფესიულად უკვე გაზრდილი შევერთებოდი ამ ჩემთვის ძალიან ძვირფას გუნდს. მაგრამ, ასე არ მოხდა. ჩემი კარიერა “TON”- ში მუშაობითვე დაიწყო 2011 წელს, რაც ორმაგი პასუხისმგებლობა იყო, რადგან უნდა გამემართლებინა იმედები. დავიწყე მარტივი საქმეებით, სხვადასხვა პოზიციას ვსინჯავდი, ვცდილობდი მესწავლა, ვაგროვებდი გამოცდილებას, რასაც ხშირად მარცხიც ახლდა თან. ნელ-ნელა ჩემი პატარ-პატარა წვლილიც შემქონდა. ეს პერიოდი საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა ჩემთვის, თანდათან მივხვდი, რომ ძალიან მიყვარდებოდა ის, რასაც ვაკეთებდი და დავრწმუნდი, რომ ამ გზას სიამოვნებით გავყვებოდი.

მამის უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის შესაძლებლობა მომცა. გარკვეულ ეტაპზე გადმომებარა ამ კომპანიის მართვის უდიდესი პასუხისმგებლობა და დღემდე დაუღალავად ვცდილობ მოვუფრთხილდე მას, შევინარჩუნო კომპანიის ფასეულობები და რა თქმა უნდა ვიზრუნო მის მუდმივ ზრდაზე.

ფოტოგრაფი – Grigory Sokolinsky

როდესაც საუბარია სკამზე, პირველ რიგში, „TON“-ის ბრენდი გვახსენდება. როგორ ფიქრობთ, რატომ მაინცდამაინც „TON“-ი, რა გამოარჩევს მას საერთაშორისო ბაზარზე?

მიხარია თუ ეს ასეა. მიხაელ ტონეტის შექმნილ კომპანიას საერთაშორისო ბაზარზე გამოარჩევს მისი 160 წლის მანძილზე შენარჩუნებული ღირებულებები: პროდუქციის ხარისხი და ზრუნვა მომხმარებლებზე. ეს უდიდესი მანუფაქტურაა, რომელმაც გადალახა უამრავი კრიზისი და ყველაფრის მიუხედავად ამაყად აგრძელებს თავის ისტორიას.  აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიის მიერ მსოფლიოში პირველად მოხდა სკამის მასიურ წარმოებაში ჩაშვება. ინდუსტრიული მიდგომის მიუხედავად, მაშინაც და დღესაც თითოეული მოდელის შესაქმნელად დიდი წილი ხელით შრომას უკავშირდება,  შესაბამისად, ვფიქრობ, რომ “TON”- ის სკამი განსაკუთრებულია და ის არ არის მხოლოდ ავეჯი, ის ძვირფასი ნივთი და დიდი ისტორიის ნაწილია.

გაიხსენეთ TON-ის პირველი ნაბიჯები საქართველოში. როგორ მიიღო ბრენდი ქართველმა მომხმარებელმა და რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ეს პროცესი?

“TON” საქართველოში 2004 წელს გამოჩნდა. გაიხსნა შოურუმი, რომელშიც წარმოდგენილი იყო ბრენდი სკამებისა და მაგიდების მრავალფეროვანი ასორტიმენტით. მსგავსი მაღაზია აქამდე თბილისში არ იყო. თავდაპირველად, ჩვენმა კომპანიამ დაიწყო ურთიერთობა ჰორეკა ბიზნესში მომუშავე პირებთან. ვთავაზობდით ჩვენს პროდუქციას მათზე მაქსიმალურად მორგებული პირობით. გვსურდა, თავად გამოეცადათ პროდუქციის ხარისხი და მოუთმენლად ველოდებოდით შეფასებებს. შედეგმაც არ დააყოვნა და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა ნელ- ნელა გაიზარდა.  ამან დაგვარწმუნა ჩვენი ნაბიჯების სისწორეში. რა თქმა უნდა საქმიანობა დაბრკოლებების გარეშე არ არსებობს და პატარ- პატარა სირთულეებიც მუდმივად თან სდევს, თუმცა ეს ის არის, რაც საქმეს საინტერესოს ხდის.

ფოტოგრაფი – Grigory Sokolinsky

როგორია „TON“-ის პოზიცია ქართულ ბაზარზე? რამდენად მოთხოვნადია ბრენდის პროდუქცია და თქვენი აზრით, რატომ ირჩევს მას ქართველი მომხმარებელი?

დღეს ვფიქრობ, “TON” ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს ამ სფეროში. მოთხოვნაც მუდმივად იზრდება და ეს გვახარებს. ჩვენთვის მომხმარებელთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა, ეს არ არის მშრალად ყიდვა-გაყიდვის  პროცესი. ეს ძალიან სასიამოვნო შუალედია მყიდველისთვის პროდუქციის უშუალოდ გამოყენებასა და შეყვარებამდე. ვცდილობთ, მომხმარებლისთვის კომფორტული გარემო შევქმნათ. პირველ რიგში ხარისხი და ამასთანავე,  ჩვენი დამოკიდებულება მომხმარებლისადმი ვფიქრობ, არის ის ფაქტორები, რის გამოც ჩვენთან თანამშრომლობა ხშირ შემთხვევაში წლობით გრძელდება.

ცოტა ხნის წინ „TON“-ის „S•CAB”-ი და „Nanimarquina”-იც შეუერთდა, რატომ კონკრეტულად ეს ბრენდები და როგორ მიიღო ისინი ქართველმა მომხმარებელმა? 

იქიდან გამომდინარე, რომ “TON” მკაცრად ინტერიერის ავეჯზეა ორიენტირებული, მუდმივად ჩნდებოდა მოთხოვნა გარე ავეჯზეც. ამიტომ რამდენიმე წლის წინ მილანის გამოფენაზე ყოფნის დროს შევარჩიეთ ეს კონკრეტული ბრენდი (“SCAB” ), რომელსაც ასევე მრავალწლიანი ისტორია აქვს. ის 1957 წელს ფრანჩესკო ბატალიამ დააარსა და ოჯახთან ერთად ჩაუყარა საფუძველი ამ იტალიური ბრენდის წარმატებულ გზას.  შერჩევის დროს ჩვენთვის აუცილებელი პირობა იყო ხარისხი და დახვეწილი დიზაინი. ნელ-ნელა “ხმაურის” გარეშე შევთავაზეთ ჩვენს ქართველ მომხმარებელს ეს პროდუქცია. გამოვცადეთ მათთან ერთად და როდესაც დავრწმუნდით მის სანდოობაში, მოვიპოვეთ ექსკლუზივი და გავხდით მათი ოფიციალური წარმომადგენლები. ჯერ ძალიან პატარები ვართ ამ მიმართულებით შედეგებზე სასაუბროდ, მაგრამ ვფიქრობ, “Scab”-საც შეიყვარებს ქართველი მომხმარებელი.

რაც შეეხება ესპანურ ბრენდ „nanimarquina”-ს ძალიან ბევრი წლის წინ ერთი ნახვით შემიყვარდა და ვცადე კიდეც ქართველი მომხმარებლისთვის შეთავაზება, თუმცა იმ დროისთვის კონკრეტულად  ჩვენი მომხმარებელი სხვა სეგმენტს მიეკუთვნებოდა და მზად არ იყო ამისთვის. ამიტომ ამ ბრენდთან თანამშრომლობა იმ ეტაპზე შეწყდა, თუმცა წელს ჩვენი გზები კვლავ გადაიკვეთა. დღეს ხალიჩები ბევრად უფრო აქტუალურია და ინტერიერის დიზაინერებიც ხშირად იყენებენ მას თავიანთ პროექტებში. “TON”- ის მომხმარებლების სეგმენტიც დროთა განმავლობაში შეიცვალა. 35 წლის წინ ასევე ოჯახური ბიზნესით შექმნილი ეს საკულტო ხალიჩების ბრენდიც ვფიქრობ, წარმატებით დაიდებს ბინას ჩვენი მომხმარებლის სახლებში.

თქვენ ერთ-ერთ გამორჩეულ და ისტორიულ ბრენდს უძღვებით ქართულ ბაზარზე, როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს საქმიანობაში?

ჩემთვის მთავარია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. გიყვარდეს და მოგწონდეს ის, რასაც სთავაზობ მომხმარებელს. ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია გუნდი, რომელთან ერთადაც ამ საქმეს აკეთებ და მე ნამდვილად გამიმართლა ამაში, მათგან ვისწავლე და დღემდე ვსწავლობ ბევრ რამეს.  მადლიერი ვარ ყოველი დღისთვის, რასაც ერთად ვატარებთ და იმ დამოკიდებულებისთვის, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობ. ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი ჩემს მოსვლამდე იყო აქ, ამ დიდ ოჯახში, რომელმაც წლების წინ ბუდე კეკელიძის 14 ნომერში დაიდო და მე მეამაყება, რომ მათთან ერთად ვარ.

მარიამ მამაცაშვილის ფოტოების ავტორი: სოფიო ტატიშვილი

ავტორი: მეკო მეტრეველი

არქიტექტურული ძეგლები საქართველოდან: ქურდიანების დინასტიის შემოქმედება

შეიძლება თუ არა თაბაშირმუყაოს შეღებვა ფითხის გარეშე?