წელს ვენეციაში მე-19 არქიტექტურული ბიენალე გაიხსნა, რომლის თემაა „Intelligens. Natural. Artificial. Collective. (ბუნებრივი, ხელოვნური და კოლექტიური ინტელექტი).” არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ტრადიციულად მასპინძლობს გამოფენებს Arsenale-სა და Giardini-ში, თუმცა ამასთან ერთად, მიმდინარეობს სხვადასხვა ექსპოზიციები ქალაქის გარშემოც. ღონისძიება აერთიანებს 750-ზე მეტ მონაწილეს და 300-ზე მეტ პროექტს, რაც აღნიშნულ მოვლენას კიდევ უფრო დიდ მასშტაბს სძენს.
Arsenale-ში, მთავარ გამოფენაზე, კურატორ კარლო რატის სექციაში წარმოდგენილია ქართული არქიტექტურული სტუდია “იდააფ არქიტექტორების” ინსტალაცია ‘ალიზი’, რომელმაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია დამთვალიერებლის მხრიდან.
“ბოლო ათწლეულებში კლიმატური კრიზისის მიმართ არქიტექტურის პასუხი არის შერბილების პოლიტიკა და მშენებლობის ზეგავლენის შემცირება გარემოზე, თუმცა ეს საკმარისი არ არის. წლევანდელი ბიენალე იკვლევს ადაპტაციის იდეას — ანუ როგორ უნდა შევქმნათ არქიტექტურა უკვე შეცვლილი სამყაროსთვის.
ჩვენი სექტორი — აშენებული გარემო — პასუხისმგებელია ნახშირბადის ემისიების 40%-ზე და მუშაობს მოდელით — „მოპოვება, წარმოება, გადაყრა“. ამ ბიენალეს მიზანია, ეს ციკლი გადაიაზროს და შემოგვთავაზოს “ცირკულარული ეკოლოგია”, რაც გულისხმობს “გადაყრის” ჩანაცვლებას “ხელახალი გამოყენებით”.
ბიენალეს მიზანია ნარჩენების აღმოფხვრა, მასალების ცირკულაცია და ბუნებრივი სისტემების რეგენერაცია, რათა დავამტკიცოთ, რომ არქიტექტურა და აშენებული გარემო შეიძლება არსებობდეს ჰარმონიაში პლანეტასთან.
“იდააფ არქიტექტორები” კურატორის მანიფესტს ინსტალაცია „ალიზით” პასუხობს — IAS და IAM მოდულარული აგურებით, რომლებიც ადვილად ეწყობა ერთმანეთში, არ საჭიროებს შემავსებელს და ადვილად შენების საშუალებას იძლევა.

IAS და IAM ალიზის აგურები აღადგენს მიწით მშენებლობის უძველეს ქართულ ტრადიციას თანამედროვე, მოდულური ფორმებით. ეს არის ბუნებრივი, მზეზე გამომშრალი მიწის აგურები რომლებიც უპირისპირდებიან ინდუსტრიულ მასალებს და გვთავაზობენ დაბალი ზემოქმედების მქონე, ბიუჯეტურ და ადგილობრივ მეთოდებს. მიწის ფერები ბუნებრივია და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა მოპოვებული,” – ნანა ზაალიშვილი, “იდააფ არქიტექტორების” დამფუძნებელი
2025 წლის არქიტექტურული ბიენალე 10 მაისს გაიხსნა და 23 ნოემბრამდე გაგრძელდება.