in

Warmhouse Studio-მ კორპორაციების ლოგოები სახლებად აქცია

პოლონურმა არქიტექტურულმა სტუდიამ “Warmhouse” კორპორაციების ლოგოების მიხედვით დაპროექტებული სახლების ვირტუალური დიზაინი გაავრცელა.

სახლების დიზაინი შთაგონებულია სპორტული ბრენდის, Adidas-ისა და მანქანათმშენებელი კომპანიების – Chevrolet, Renault და Mitsubishi-ს ლოგოებით.

კარინა ვიჩიაკის (Karina Wiciak), Wamhouse Studio-ს დამფუძნებელმა პროექტი ადიდასის სამსხივიანი სიმბოლოთი ინსპირირებული სახლის დიზაინის შექმნით დაიწყო. „ეს იდეა სრულიად შემთხვევით მომივიდა. ერთ დღეს “Adidas”-ის ლოგო დავინახე შენობაზე და მივხვდი, რომ თანამედროვე არქიტექტურას სხვა ბრენდების სიმბოლოებიც ძალიან დაამშვენებდა“,-აცხადებს ის.

პროექტის მიხედვით, „Adidas-ის სახლი“ ოთხსართულიანი შენობაა, რომელიც ბეტონის სამი ზოლისგან შედგება და ერთმანეთისგან მინის ვიტრაჟებითაა გამოყოფილი. ვიტრაჟები ერთდროულად სახლის ფასადისა და ჭერის როლსაც თამაშობს – ის შენობის მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული და სახურავამდე გრძელდება.

“Adidas”-ის  შემდეგ დაპროექტდა “Chevrolet”-ის სახლი – ჯვარედინი შენობა, რომლის იდეაც კომპანიის თანადამფუძნებელს, უილიამ დურანტს ეკუთვნის. ვისიაკის ხედვის მიხედვით, ეს სახლი წყლით უნდა იყოს გარშემორტყმული და მასთან მოხვედრა მხოლოდ  ნავით იქნება შესაძლებელი.

მესამე – რომბის ფორმის სახლი, რომელსაც შესაბამისი სახელი -„Rhombhouse“ ეწოდება, მანქანათმშენებელი კომპანია „Renault“-ის ლოგოთია ინსპირირებული, მეოთხე „Pyrahouse“-ად წოდებული კი – „Mitsubishi“-ს სიმბოლოთი.

„სხვა უამრავი ცნობილი კომპანიის ლოგოც მომწონს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ოთხი ბრენდი ჩემს არქიტექტურულ სტილს ყველაზე მეტად შეესაბამება. შემდგომი პროექტები უკვე გეგმაშია , იმედია, ერთ დღეს ისინი მართლა აშენდება და რეალურადაც გვექნება მათი ნახვის შესაძლებლობა,“- განაცხადა ვიჩიაკმა.

ჯერჯერობით უცნობია, Warmhouse Studio-ს ოთხი კონცეპტუალური სახლი მართლა იხილავს თუ არა მზის შუქს, თუმცა, არქიტექტორების თქმით, ეს მათთვის სახალისო პროექტი იყო, რომელმაც დაამტკიცა, რომ ნებისმიერი რამ, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფიგურირებს, შეიძლება იყოს შთამაგონებელი.

ფიჭვის ხეებზე აშენებული კაბინები ნორვეგიაში

Homeis.ge-ს 3 რჩეული ბინა თბილისის ძველ შენობებში Airbnb-ზე