in

5 ფერი სამზარეულოსთვის, რომელიც არასდროს მოგბეზრდებათ

როდესაც საქმე სამზარეულოს ეხება, დიზაინის მოყვარულთა უმეტესობა მიზნად ისახავს რაიმე “განაცხადის” გაკეთებას. განსხვავებული სამზარეულო მოითხოვს ბევრ ფიქრს, სწორ გეგმარირებას და უშუალოდ სივრცეზე მორგებულ გადაწყვეტილებებს. სტილის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი არჩევანის წინაშე დგახართ, ეს არაფერია იმ ფერების რაოდენობასთან შედარებით, რომელთა ნახვა, შერჩევა და ერთმანეთთან შეხამება მოგიწევთ.

ფერი, საბოლოო ჯამში, სამზარეულოს მთავარ ხიბლს ქმნის, რომელიც წლების განმავლობაში არ უნდა მოგბეზრდეთ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მისი დაკვირვებით და გონივრულად შერჩევა. დღესდღეობით ინტერიერის დიზაინერები ქმნიან ლამაზ, თანამედროვე და გამორჩეულ სამზარეულოებს, ისინი იყენებენ თამამ და ექსპერიმენტულ ფერებს. დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ 5 ფერს, რომელთა გამოყენებასაც დიზაინერები სამზარეულოს მოწყობის პროცესში გვირჩევენ, რადგან ეს ფერები თვალს თითქმის არასდროს ჰბეზრდება.

ბუნებრივი მწვანე

ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ფერია მწვანე, რომლის ეს ტონალობაც ბუნებრივ, ნეიტრალურ ფერთან ასოცირდება. ასეთი ტონი დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს, თუმცა 2024 წელს მას კიდევ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს.

როგორც ფერი, რომელიც ბუნებასთან არის დაკავშირებული, მწვანე ქმნის ჰარმონიას, ბალანსს და კავშირს გარემოსთან, რაც ხელს უწყობს გონების სიმშვიდესა და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას. ის განსხვავებული ტონების ხარჯზე, უხდება ნებისმიერი სტილისა და ზომის სამზარეულოს. ზეთის ხილის ტონს შეუძლია განსაცვიფრებელი, ერთი შეხედვით ნეიტრალური ინტერიერის შექმნა, რომელიც თავს „ცოცხლად“ გაგრძნობინებთ.

ლურჯი

ლურჯი სამზარეულო ყოველთვის მდიდრულად და ელეგანტურად გამოიყურება. მწვანეს მსგავსად, ეს ფერიც ბუნებრივი ფერების სიაში შედის, რადგან ის ხშირად ცასთან ასოცირდება. ლურჯი კლასიკური ფერებიდან ერთ-ერთი ყველაზე მარტივად გამოსაყენებელი ტონია, რადგან იდეალურად ერწყმის უამრავ ფერს, მათ შორის წითელს, თეთრს, კრემისფერს და ასე შემდეგ.

მუქი ლურჯი შესანიშნავი არჩევანია, თუ ცდილობთ კლასიკური სტილის სამზარეულოს შექმნას, თუმცა ამ ფერს უამრავი შედარებით ღია ტონალობა აქვს, რომელთა შორის არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, მშვიდ, დახვეწილ და გამორჩეულ სამზარეულოს მიიღებთ.

შავი

არ არსებობს იმაზე ელეგანტური და თანამედროვე არჩევანი, ვიდრე შავი ფერის სამზარეულო. იმის გამო, რომ მისი მოვლა საკმაოდ რთულია, ამ ფერს სამზარეულოში იშვიათად იყენებენ, თუმცა თუ ფერებს სათანადოდ შეარჩევთ, განსაცვიფრებელ ინტერიერს მიიღებთ, რომელიც წლების განმავლობაში ელეგანტურად გამოიყურება.

კლასიკური შავი სამზარეულო უძლებს დროს და არასდროს გადადის მოდიდან. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დახვეწილი არჩევანია, დარწმუნდით, რომ შავ ფერს იდეალურად დააბალანსებთ ავეჯისა და სხვა დეტალების ფერებთან, რათა ინტერიერში თბილი აქცენტები შემოიტანოთ.

ნეიტრალური ფერი

თეთრი, კრემისფერი, ღია ცისფერი ტონები ინტერიერის დიზაინერების საყვარელი ფერებია. ამ ფერებს სახლში სითბოს და სინათლის ეფექტი შემოაქვს და სივრცეს ვიზუალურად ზრდის, ავეჯსა და სხვა ნივთებს კი უფრო მსუბუქსა და ნათელს აჩენენს. ასეთი ნეიტრალური ფერები, შავის მსგავსად, არასდროს გადადის მოდიდან.

ცისფერი და კრემისფერი შედარებით უფრო თბილია, ვიდრე კლასიკური თეთრი, თუმცა თეთრი ძალიან უხდება მინიმალისტურ სტილსა და კლასიკურ ტექსტურებს. თეთრი ფერი კლასიკაა, რომელიც ელეგანტურობას გამოხატავს.

ღია ფერები კარგად გამოიყურება არა მხოლოდ მათი პირდაპირ გამოყენების შემთხვევაში, არამედ ისეთ ტონებთან შეზავებით, როგორებიცაა წითელი, მწვანე, შავი და სხვა. შედეგად კი ამ ფერების ბევრად უფრო დახვეწილ, თბილ და საინტერესო ტონებს მიიღებთ.

თქვენი საყვარელი ფერი

როდესაც ზუსტად არ იცით რა ფერის სამზარეულო გსურთ, სჯობს არჩევანი თქვენი საყვარელი ფერებიდან გააკეთოთ. ფერთა ტენდენციები იცვლება, თუმცა უმეტეს ჩვენგანს გვაქვს ფავორიტი ტონები, რომლებიც არასდროს გვბეზრდება. თუ თქვენ გიყვართ ყვითელი ფერი, შეგიძლიათ შექმნათ ღია ყვითელი სამზარეულო, რომელიც არ იქნება ძალიან მკვეთრი და სახლში სასიამოვნო, ნათელ ხასიათს აღძრავს.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი საყვარელი ფერი ზედმეტად თამამია, ან შეიძლება სამზარეულოს არ მოუხდეს, ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ ამ შემთხვევაში მას თეთრი ან ნეიტრალური ტონები შევუხამოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი საყვარელი ფერების გამოყენება შეგიძლიათ აქცენტების ფორმით, მაგალითად, სამზარეულოს კუნძულის ან კარადების სახით.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ქლოროფიტუმი ინტერიერში – რა უნდა გავითვალისწინოთ მის მოსავლელად?

ლოფტის სტილის ბინა სასმელების ქარხანაში