არქიტექტორის პროფესიული ოსტატობა და მაღალმხატვრული კულტურა მის პირველსავე დამოუკიდებელ ნამუშევრებში მკაფიოდ გამოიკვეთება. კომპოზიციის სტილისტური წყობის ერთიანობა, ფორმების ლაკონიურობა, არქიტექტურული დეტალების ფორმირება-გადანაწილება ერთეულებს ხელეწიფებათ. არქიტექტორი – გიორგი ჩახავა სწორედ ამ რანგის პროფესიონალია. არქიტექტორი მიისწრაფოდა, სრულეყო კომპოზიციური, გეგმარებითი გადაწყვეტა, დაეხვეწა იგი და მიეცა მაქსიმალურად დამთავრებული სახე. ყოველი განხორციელებული პროექტი შემდგომში, უფრო მეტად სრულყოფილის შესაქმნელად მოსამზადებელი ეტაპი ხდებოდა.
გიორგი ჩახავას ვერნიკულარული არქიტექტურის მთავარი ინსპირაცია იყო ბუნების უნიკალურობა თავისი ინდივიდუალობითა და თითოეული რეგიონის სილამაზით.
„ყოველთვის მაოცებდა რიგითი ქართველი გლეხის უნარი, აეშენებინა სახლი, რომელშიც ყველაზე გამომხატველი ლანდშაფტი იხსნებოდა, ხანდახან ბუნების სილამაზეს ამჯობინებდა ცხოვრების კომფორტს. ამიტომ რთული რელიეფის დაუფლება გახდა ჩემი შემოქმედების განმსაზღვრელი მომენტი. ჩემი აზრით, რაც უფრო რთულია რელიეფი, მით მეტი შესაძლებლობები აქვს არქიტექტორს,“ – ეს არქიტექტორის, გიორგი ჩახავას სიტყვებია.
გიორგი ჩახავას ნატიფ, მარტივ მონუმენტურ ფორმებში ნაგებობის მკვეთრი, დასამახსოვრებელი სახე იქმნება, რომლის მოცულობით-სივრცობრივი კომპოზიცია, მისი ცენტრისადმი სიმეტრიულად თუ ასიმეტრიულად გადანაწილებულ მოცულობებზეა დაფუძნებული, დინამიკური და შთამბეჭდავია. მოცულობების დანაწევრების თავისებური ხედვა კომპლექსისა თუ ნაგებობის მთლიანობის, მძლავრი, მოქნილი სილუეტის განმსაზღვრელია. ამას ადასტურებს მისი ეპოქალური პროექტი – საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა, ამჟამად საქართველოს ბანკის სათავო ოფისი, რომელიც 1975 წელს აიგო. იგი აღიარებულია მსოფლიო არქიტექტურაში – 2007 წელს შენობამ ეროვნული არქიტექტურული ძეგლის სტატუსი მიიღო და წელს 50 წელი შეუსრულდა. საერთაშორისო მასშტაბის შენობა ტრადიციული არქიტექტურისა და იაპონური მეტაბოლიზმის ტენდენციების უიშვიათესი მაგალითია.
60-იან წლებში იაპონელმა მეტაბოლისტებმა მიწის ზედაპირის მაქსიმალურად შენარჩუნების იდეა აიტაცეს და განავითარეს იაპონური “ხის სახლების” კონცეფციის მიხედვით, რომლებიც იმ დროისთვის ფანტასტიკური იყო იაპონიაში მიწის სიმცირისა და ფასიდან გამომდინარე. 60-იანი წლების დასაწყისში “ჰორიზონტალური ცათამბჯენის” კონცეფციის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იაპონელმა მეტაბოლისტებმა კენზო ტანგემ და არატა ისოზაკიმ, რომლებმაც განავითარეს მრავალი პროექტი მის ფარგლებში, კერძოდ “ქალაქი ჰაერში” (City in the Air).
1966 წელს, კენზო ტანგეს პროექტით, ტოკიოში სიზუოკას პრესისა და მაუწყებლობის კოშკი – ჰორიზონტალური ცათამჯენი აშენდა.
1972 წელს, ასევე ტოკიოში, არქიტექტორ კისიო კუროკავას პროექტით სახლი კაფსულა განხორციელდა, რომელიც დღემდე ნაწილობრივ ფუნქციონირებს.
მაგრამ მიუხედავად იაპონელი მეტაბოლისტების რამდენიმე მნიშვნელოვანი მცდელობისა, ჰორიზონტალური ცათამბჯენების იდეა-კონცეპცია მისი ფართოდ გამოყენება-გაცოცხლებამდე 55 წლის განმავლობაში მისტიკურად „ეკიდა“ ჰაერში.
განხორციელების სირთულეების მიუხედავად, უკვე 1970 წელს, უილიამ პერეიროს პროექტის მიხედვით, აშშ-ში, სან დიეგოში, აშენდა პირველი „ხე- შენობა“ ვერტიკალში განვითარებული კონსტრუქციით – კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.

ამ კონცეფციის ერთ-ერთი პირველი ფენომენალური განხორციელება მოხდა 1975 წელს კავკასიაში, თბილისში, საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს შენობაში (ავტორები: არქიტექტორები: გიორგი ჩახავა, ზურაბ ჯალაღანია, კონსტრუქტორები: თემურ თხილავა, ალექსანდრე კიმბერგი).
შენობის ვიზუალურად უმსუბუქესი სტრუქტურა ჰეშთეგის სიმბოლიკას ჰგავს. მშენებლობისთვის არქიტექტორმა გიორგი ჩახავამ აირჩია რთული ადგილი – ციცაბო ფერდობი მდინარე მტკვრის ზემოთ. მას სურდა, შეექმნა პროექტი, რომელიც მოერგებოდა გარემოს. იგი შთაგონებული იყო მაღალმთიანი ქართული ტრადიციული არქიტექტურით. შედეგად, წარმოიქმნა შენობა, რომელიც განასახიერებს “სივრცის ქალაქის” იდეას.
კონსტრუქცია შედგება ხუთი გიგანტური ჰორიზონტალური, ორსართულიანი ბლოკისგან, რომლებიც, თითქოს ერთმანეთზეა დაწყობილი. სამი მათგანი მიმართულია აღმოსავლეთიდან დასავლეთით ფერდობის განივად, ხოლო ორი – ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ფერდობის გასწვრივ. ისინი ეყრდნობიან ქვედა დონეზე მდებარე რიგელებს.
ჰორიზონტალური ორსართულიანი ბლოკები დამონტაჟებულია სამ ბურჯზე. მათში განთავსებულია კიბეები და ლიფტები, უმაღლესი ბურჯი 18 სართულიანია. საყრდენი კონსტრუქციები დამზადებულია ფოლადისა და რკინაბეტონისგან და მასიურ კლდეებს ეყრდნობა. შენობის ფართობია 10,960 მ².
პროექტი ეფუძნება გიორგი ჩახავას დაპატენტებულ ნიმუშს, ე.წ. „სივრცის ქალაქს“ (პატენტი No. 1538). იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გამოყენებული იქნას რაც შეიძლება ნაკლები ნიადაგი, რათა ფლორის არსებობა შენობის ქვეშ იყოს შენარჩუნებული. პროგრამა ეფუძნება ტყის პრინციპს. მართლაც, შენობის სტრუქტურა ხის ვარჯის და გვირგვინის ანალოგიით, მიწის მინიმალურ ზედაპირს იკავებს. იგი მხოლოდ 450 კვადრატული მეტრით ეხება მიწას, თუმცა მთლიანი შენობის ფართობი 11 ათასი კვადრატული მეტრია და ეს, ფენომენალური თანაფარდობაა. მიწასა და ხის გვირგვინს შორის ღია, ნათელი, თავისუფალი სივრცეებია. შემდგომში, ჩახავამ ეს პრინციპი სხვა პროექტებშიც გამოიყენა.
პროექტში გათვალისწინებული იყო შენობის „ღერძის“ ხვიარა მცენარეებით გამწვანება, რომელიც დროთა განმავლობაში, რეალურად განხორციელდა, ბუნებრივად „მოედო“ ფასადებს და განუმეორებელი ელფერი მისცა შენობას.
ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ არქიტექტორები მუშაობდნენ ამ შენობის რეკონსტრუქციის პროექტზე, რომელიც ასევე მოიცავდა შენობის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას და პროექტის მიხედვით მეტად საინტერესოდ ვითარდებოდა ლანდშაფტის შესაბამისად. როგორც ცნობილია, რეკონსტრუქციის პროექტი, ამ მიმართულებით არ განხორციელებულა.
დღეს ეს შენობა თბილისისა და სრულიად საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლოა. გიორგი ჩახავას გენიალური იდეა და გამოგონება საშუალებას იძლევა, მაქსიმალურად შეინარჩუნოს მიწის ბუნებრივი ზედაპირი. ამ შემთხვევაში ეს არის ციცაბო კლდოვანი ფერდობი ნიადაგის ვეგეტატიური ფენით, თავად მცენარეულობით და შენობის ქვეშ მდინარის წყალვარდნილითაც კი. მართლაც შეუძლებელი იყო ასეთ რელიეფზე რაიმეს აგება მისი განადგურების გარეშე. ეს შენობა კი ადგილის შენარჩუნების პრინციპის განხორციელების თითქმის იდეალური მაგალითია.
1981 წელს ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმმა გამოაქვეყნა Transformation in Modern Architecture, რომელშიც ჩახავას პროექტით შექმნილი საავტომობილო გზების სამინისტროს ყოფილი შენობა მსოფლიო შედევრებთან ერთად იყო წარმოდგენილი. უზარმაზარი საბჭოთა კავშირიდან მხოლოდ ამ შენობას მიეგო ეს პატივი. პროექტი შესულია მრავალ წიგნში, სამეცნიერო სტატიაში, კატალოგებსა და პოპულარულ პუბლიკაციებში. უახლესი სტატია გამოქვეყნდა Guardian-ში (2011 წლის 7 თებერვალი). ჩახავას შენობის დიზაინმა დიდი გავლენა იქონია მთელი მსოფლიოს ცნობილი არქიტექტორების შემოქმედებაზე.
ქალაქგეგმარებითი ანსამბლების ჩამოყალიბებისას შექმნილ პროექტებში არქიტექტორის თამამი, მასშტაბური ჩანაფიქრია გამოვლენილი. ზოგიერთი მათგანი ვერ განხორციელდა. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ თბილისში, გაგარინისა და მარშალ გელოვანის პროსპექტის მიმდებარე რთულ რელიეფზე (10 ჰა, მიწის ნაკვეთი), ბურჯებზე აღმართული მრავალფუნქციური კომპლექსის (საცხოვრებელი კორპუსი, სასტუმრო) და პარკის პროექტი გასართობი ცენტრით (იდეის ავტორი გ. ჩახავა; არქიტექტორები გ. ჩახავა და გ. შავდია; კომპიუტერული დამუშავება დ. ზოიძისა; კონსულტანტი ვ. შუბლაძე). განაშენიანებით გაჯერებული ქალაქის ტერიტორიაზე, კონსტრუქციულად მძლავრ ბურჯებზე „შეკიდული“ კომპლექსი ზემოთ აღწერილი პროექტის ანალოგიურად, მიწის მცირე მონაკვეთზე მასშტაბური განაშენიანების განხორციელებას გულისხმობდა.
„მჯერა, მოვიდა დრო ახალი სივრცობრივი წესრიგისა, სადაც შემოქმედებითი თავისუფლება შეზღუდული არ იქნება, შემოქმედება კი სივრცობრივი წესრიგის ფარგლებს არ გაცდება და ქალაქს ვიზუალურად არ დაანაგვიანებს“, – ამ წინასიტყვაობით იწყებს გიორგი ჩახავა ბურჯებზე აღმართული მრავალფუნქციური კომპლექსის და პარკის პროექტის წარდგენას პროექტის დამტკიცების და მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად.
უნიკალური პროექტი, წარმოადგენს მიწას მოცილებულ არქიტექტურულ აღნაგობებს (სტრუქტურებს), რომლებიც საკომუნიკაციო ბურჯებით ეყრდნობა საძირკვლებს. სტრუქტურები მიწაზე იკავებს გაცილებით ნაკლებ ადგილს, ვიდრე ტრადიციული მეთოდით აშენებული სახლები და ყველანაირი რელიეფის ათვისების საშუალებას იძლევა, არ არღვევს ბუნების მიერ შექმნილ გარემოს. მიწისა და კომპლექსის სტრუქტურებს შორის გამოთავისუფლებული ტერიტორია და სივრცე დათმობილი აქვს ლანდშაფტურ დაგეგმარებას – ლანდშაფტურ დიზაინს, რომელიც კომპლექსთან ერთად ქმნის ერთიან, ჰარმონიულ სამყაროს. საკომუნიკაციო არხების მქონე მაღალი ღეროებით (ბურჯებით) ტერიტორია და სივრცე დათმობილი აქვს სხვა სიცოცხლეებს, რომლებიც სინქრონშია მწვანე საფართან. პროექტით გათვალისწინებული, მაღლივ ბურჯებზე შეკიდული არქიტექტონიკური ელემენტებით შექმნილი „ჩარჩო“ ერთ მთლიან კომპოზიციას კრავს. და რაც მთავარია, კომპლექსის პრინციპით შექმნილი არქიტექტურული აღნაგობები შეიძლება დაიდგას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ზღვის პირზე და ბურჯებით ჩაიდგას წყალშიც ისე, რომ სტიქიის დამანგრეველი ძალა ვერ მოახდენს გავლენას ნაგებობებზე. პროექტი სრულად იყო მომზადებული განსახორციელებლად, თუმცა მშენებლობა არ და ვერ შედგა. დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში, კვლავ აქტუალური და აუცილებელი გახდება მისი განხორციელების გადაუდებლობა.
არქიტექტორის ოსტატობა – პირველ რიგში, ეს შრომაა. ხშირად საჭირო კომპოზიციის, მხატვრული სახის, ემოციური გამომხატველობის ძიებაში მრავალი დღე, ზოგჯერ თვეებიც გადის და არქიტექტორს ოსტატი ეწოდება მაშინ, როდესაც იგი დიდ წარმატებებს აღწევს ძალზედ რთულ, ამასთან ძალზედ ღირსეულ ხელოვნებაში – ხუროთმოძღვრებაში. არქიტექტორ გიორგი ჩახავას შემოქმედება შეუფასებელია, რასაც თითოეულ არქიტექტურულ იდეაზე, პროექტზე მუშაობისას, ქალაქგეგმარებითი ჩანაფიქრის მოცულობითობა, ობიექტისათვის ზუსტი ადგილის შერჩევა, კომპოზიციის სივრცობრივი წყობის, ტექტონიკისა და ნაგებობის ფუნქციური სტრუქტურის სინქრონულობა, ახლისა და პროგრესულის შეგრძნება განაპირობებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის გრანტის ფარგლებში, გიორგი ჩახავას შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესწავლის საფუძველზე მზადდება მასშტაბური, უნიკალური გამოცემა, რომელსაც უახლოეს პერიოდში იხილავს ფართო საზოგადოება.