ვორონცოვის მოედანზე მდებარე 55 კვადრატულმეტრიანი ბინა ქეთა დონაძემ დღიური გაქირავებისთვის დააპროექტა, თუმცა სივრცის კონცეპტუალიზაცია გაცილებით მეტს მოითხოვდა, ვიდრე სტანდარტული ფუნქციური გადაწყვეტა. დამკვეთის მხრიდან სრული ნდობა დიზაინერს თავისუფლებას აძლევდა, რაც საბოლოოდ სივრცეში მისთვის დამახასიათებელი ხელწერის წარმოჩენას უზრუნველჰყოფს.
ბინაში მთავარი შთაგონების წყარო ორი გამორჩეული ელემენტი აღმოჩნდა: ავთენტური მინაბლოკის კედელი და ფასადის საყრდენი ბოძი, რომელიც ფართის გადანაწილების შემდეგ შიდა სივრცეში მოექცა. ქეთა ამ დეტალებს ჩარჩოსავით მოერგო და მთელი კონცეფცია სწორედ მათ გარშემო ააგო. დიზაინერმა შეარჩია 1960-იანი წლების ინტერიერისთვის დამახასიათებელი მინიმალიზმი და რბილი პასტელური პალიტრა, რომელიც სივრცის მყუდრო და ჰაეროვანი ხასიათის ხაზგასმას ემსახურება.
ერთ შეხედვით ბინა მშვიდ და ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი, თუმცა აქცენტური ელემენტებითა და ტექსტურების თამაშით ის თანდათან იძენს სიღრმეს. ინტერიერში გამოყენებულია Edelweiss Print-ის ქართული პრინტები, რომლებიც დიზაინერის საყვარელ დეტალს წარმოადგენს და ბინას გამორჩეულ ხასიათს სძენს.
საძინებელი ჰარმონიულად აერთიანებს მინიმალიზმს, რბილ ფორმებსა და მყუდრო ტექსტურებს. სივრცეში დომინირებს თბილი ფერების პალიტრა – მიწისფერი ხავერდის საწოლი შესანიშნავად ერწყმის ღია ხის იატაკს. ყურადღებას იქცევს დიდი ფანჯრები, რომლებიც ბუნებრივ სინათლეს უხვად ატარებს და ინტერიერის საერთო მშვიდ განწყობას კიდევ უფრო ამყარებს.
ამ ბინაში ძველი და ახალი თანაბრად თანაარსებობს — ინტერიერი ნაზი და მსუბუქია, მაგრამ ყურადღებით დაკვირვებისას აშკარად ჩანს მისი ფენიანი სტრუქტურა და მაქსიმალისტური სული, რაც პროექტს გამორჩეულს ხდის. ქეთა დონაძის ამ ნამუშევარში თითოეული დეტალი პასუხობს სივრცის ხასიათს და ამავე დროს ქმნის გარემოს, სადაც დროებითი სტუმრობაც კი დასამახსოვრებელ გამოცდილებად იქცევა.
პროექტის ავტორი: ქეთა დონაძე
დიზაინ სტუდია: Elements Studio