დევონის მწვანე ლანდშაფტში, ყოფილი ქარხნის ადგილას, დღეს სრულიად არასტანდარტული და თამამი საცხოვრებელი სახლია განთავსებული. ლონდონში მცხოვრებმა ავეჯის დიზაინერმა წყვილმა, რასელ და ონა პინჩებმა, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს ეს მიტოვებული ტერიტორია და გადაწყვიტეს, რომ ეს ადგილი გახდებოდა მათი არაორდინარული სახლის მშენებლობის საფუძველი. შენობა მიწის ქვეშაა ჩაშენებული, რაც არა მხოლოდ სანებართვო შეზღუდვებითაა განპირობებული, არამედ ამყარებს სრულიად მოულოდნელ და უჩვეულო დიალოგს გარემოსთან. მიწაში ჩამალული არქიტექტურა არც შეფუთულია და არც მიმალული — პირიქით, მისი გეომეტრია და მასალები ხაზგასმულად წინა ფლანგზე აყენებს ბუნებრივ ტექსტურებთან კავშირს.
ამ სივრცეში ყოველი დეტალი თამამი და განზრახ უხეშია. ინტერიერში გამოყენებულია ვარდისფერი ქვიშის მასალა, რაც ძალიან იშვიათი არჩევანია საცხოვრებელ არქიტექტურაში, მაგრამ სწორედ ეს არის მთავარი სახასიათო დეტალი. ხის ზედაპირები მოთავსებულია ერთმანეთის გვერდიგვერდ ისე, რომ ქმნის ტექსტურულ მრავალფეროვნებას. სინათლე კი აქ არა მხოლოდ სივრცის განათებას ემსახურება, არამედ არქიტექტურული მასალის ფუნქციასაც ითავსებს — გამჭვირვალე და ნახევრად გამჭვირვალე ზედაპირების საშუალებით დღის სინათლე სივრცეს ცვლის და ამოძრავებს.
გეგმარება ისეთივე სპონტანურია, როგორც მასალების კომბინაცია — მარცხნივ მოწყობილია ოჯახური სივრცეები, ხოლო მარჯვნივ საპირფარეშო, აბაზანა და საძინებლები. თუმცა განწყობა არ იკითხება მხოლოდ ოთახების ლოგიკით. ამ სახლში ბევრი რამაა გაკეთებული ინტუიციურად, საკუთარი გემოვნების და სტილის ჭრილში, რაც მას ანიჭებს ბუნებრივ იერს.
ამ პროექტის წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ აქ ყველაფერი გაბედულია — არქიტექტურა, დიზაინ გადაწყვეტები და მასალები. ეს არ არის საცხოვრებელი მათთვის, ვინც ეძებს სტანდარტულ კომფორტს. ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც შეუძლია იპოვოს სილამაზე არასრულფასოვნებაში, დააკავშიროს გეოლოგიური მასალა დიზაინის ხედვასთან და არ შეეშინდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღების, რომელთა გამეორებას გამბედაობა სჭირდება. ეს სახლი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს, იცხოვროს არა უბრალოდ ლამაზ სივრცეში, არამედ იმუშაოს მის ფორმაზე, მის ტექსტურაზე და ენერგიაზე.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2–ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2