in

ფერისა და ფორმის დიალოგი — თამთა გოცაძე და ნუკი ბოკუჩავა „PE Chair“-ის შესახებ

დიზაინის სამყაროში, სადაც ფორმა ხშირად ამბობს საკუთარ სათქმელს, თამთა გოცაძისა და ნუკი ბოკუჩავას ნამუშევრები სწორედ იმ იშვიათ შემთხვევას ეკუთვნის, როცა ობიექტი არამხოლოდ ესთეტიკით, არამედ ხასიათითაც იძენს მნიშვნელობას. მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი — სკამი „PE Chair“ — იქცა იმ საკვანძო წერტილად, რომელმაც ორი ახალგაზრდა დიზაინერის ხედვა გააერთიანა და საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა.

თამთასა და ნუკის თანამშრომლობა დაიწყო ერთ-ერთ წამყვან არქიტექტურულ სტუდიაში, სადაც მსგავსმა ინტერესებმა მალევე მიანიშნა იმ საერთო ვნებაზე, რასაც ქმნის ფორმის, მასალისა და ფერის მიმართ გრძნობა. სწორედ აქედან გაჩნდა სურვილი, შეექმნათ არა მხოლოდ ფუნქციური ობიექტი, არამედ სკამი, რომელიც ფემინურობასა და სიმტკიცეს ერთიანად ატარებდა.

„PE Chair“-ის შექმნის პროცესში მათთვის მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი კონტექსტი — ძველი ქართული ავეჯის ფორმების გაცნობა და მათი თანამედროვე ინტერპრეტაცია. თუშური სკამის, „ჩიკა“-სგან შთაგონებული ფორმა გადაიქცა თანამედროვე დიზაინის ენად, რომელიც ჟიურის ისეთი სახელების წინაშე წარდგა, როგორებიც არიან ფილიპ სტარკი, ბორის ბერლინი და OMA.

თამთა გოცაძისა და ნუკი ბოკუჩავასთვის დიზაინი არის ბალანსი იდეასა და ესთეტიკას, სიმტკიცესა და ფემინურობას შორის. მათთვის ფერი პირველი ემოციაა, ფორმა კი — მისი გაგრძელება. მათი ნამუშევრები აერთიანებს რბილ გარდამავალ დეტალებს, მარტივ ფორმებსა და სიზუსტეს, რაც საბოლოოდ ქმნის იმ დიზაინ ენას, რომელიც მათთვის გარეშე სამყაროსთან დიალოგის ფორმად იქცა. დღევანდელ ინტერვიუში თამთა და ნუკი დეტალურად გვიამბობენ მათი პირველი დამოუკიდებელი ნამუშევრის შესახებ, რომელმაც საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა.

თამთა გოცაძე და ნუკი ბოკუჩავა

როგორ დაიბადა „PE Chair“ სკამის იდეა?

ჩვენი სკამი შეიქმნა “ბილდნერის” ცნობილი საერთაშორისო კონკურსისთვის. ეს გახლდათ ჩვენი პირველი ნაბიჯი პროდუქტის დიზაინში.

კონკურსის თემამ „არქიტექტორის სკამი 2“ თავიდანვე გვიბიძგა განსხვავებული სკამი შეგვექმნა. არ გვინდოდა მხოლოდ ფუნქციური ობიექტის შექმნა, გვსურდა, რომ ფორმას ჩვენი ხასიათი ეტარებინა. პროექტის საწყისი ეტაპი იყო უამრავი ჩანახატი და ძერწვა. შემდეგ ფორმა ეტაპობრივად დაიხვეწა და გადაიქცა იმ ობიექტად, რასაც დღეს „PE Chair“ ჰქვია. პროცესში მიზნად დავისახეთ ძველი ქართული ავეჯის ფორმების გაცნობა და მათი შთაგონებით თანამედროვე სკამის შექმნა. ორმაგად ამაღელვებელი იყო ფაქტორი, რომ ჟიურიში იყვნენ იმდენად გავლენიანი დიზაინერები და სტუდიოები, როგორებიც არიან ფილიპ სტარკი, ბორის ბერლინი, OMA…

“PE” სკამი

როგორ შეცვალა თქვენი პროფესიული ხედვა Builder Architect’s Chair კონკურსში მონაწილეობამ?

კონკურსში მონაწილეობამ, პირველ რიგში, გააღრმავა ჩვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები და კიდევ უფრო გააფართოვა ჩვენი ხედვა. ვცდილობდით, შთაგონება ყოველდღიურ დეტალებში გვეპოვა, სწორედ ამ პროცესმა გაგვზარდა, როგორც დიზაინერები.

თუკი აქამდე ჩვენი ყურადღება მეტად მიმართული იყო ინტერიერის არქიტექტურაზე, პროდუქტის დიზაინზე მუშაობამ და ფიქრმა განავითარა ჩვენი შესაძლებლობა, კონცენტრირება მოგვეხდინა მცირედ დეტალებზე, რაც გამოისახა რთული და დიდი ობიექტების თანამამრავლებად დაშლის პროცესში, სადაც ყოველი პატარა ელემენტი არის მთლიანი ობიექტის ხასიათის განმსაზღვრელი.

როგორია „PE Chair“-ის იდეის ფილოსოფია — რას ნიშნავს ეს სკამი თქვენთვის, როგორც დიზაინერებისთვის?

ეს სკამი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ობიექტი. ეს არის პირველი ნაბიჯი, ახალი გზის დასაწყისი, ჩვენი ხასიათისა და შემოქმედებითობის გამოვლენის პირველი შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, „PE Chair“ ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩვენს კარიერაში.

„PE”, როგორც ჭრისა და მოცულობის თამაშით მიღებული უნიკალური ფორმა, თითქოს არამხოლოდ ფორმით, არამედ ფერით ცდილობს საკუთარი თავის დამკვიდრებას. ამ სკამს, რომელიც ჩვენთვის ერთგვარი საწყისი ბიძგი იყო შემოქმედებაში, აღვიქვამთ როგორც თვითდამკვიდრებულ, დამოუკიდებელ, ინტერიერის წამყვან ობიექტად.

“PE” სკამი

როგორც ცნობილია, სკამი ერთ-ერთი ყველაზე რთული ობიექტია შესაქმნელად — თქვენთვის რა იყო მთავარი გამოწვევა?

მთავარი გამოწვევა იყო ისეთი ფორმის პოვნა, რომელიც ჩვენს იდენტობას წარმოაჩენდა, ერთდროულად კომფორტული, ესთეტიკური და განსხვავებული იქნებოდა. ყველაზე მეტი დრო ამ ეტაპზე დავხარჯეთ, ვქმნიდით უამრავ ჩანახატს, ვცდილობდით ფორმა ერთდროულად ძლიერი და ფემინური ყოფილიყო. ეს ორი თვისება გავაერთიანეთ – სიძლიერე მკაცრი და უხეში ფორმით გადმოვეცით, ფემინურობა კი გლუვ გადასვლებსა და რბილ კუთხეებში გამოვსახეთ – ასე გავაერთიანეთ ეს ორი ენერგია ერთ ობიექტში. ვეცადეთ, ინტერიერის უსულო საგანი გარდაგვექმნა რბილ, ფემინურ, ცენტრალურ ობიექტად და გვეგულისხმა ყველა ის გავლენა, რაც ჩვენთვის საბაზისოდ განსაზღვრავდა მაღალი ხარისხის დიზაინს.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ადგილობრივი კონტექსტი — ქართული კულტურა, ხელნაკეთი ტრადიციები ან მასალები — თქვენს დიზაინში?

სწორედ ვერნაკულარული საწყისი იყო ის, საიდანაც დავიწყეთ ჩვენს ობიექტზე ფიქრი, შესაბამისად, გავეცანით შესაძლო ხელმისაწვდომ პროექტებს. ვინაიდან კონკურსი იყო საერთაშორისო, ჩვენი მიზანი იყო ადგილობრივი კონტექსტის, მასალის, ფერისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფორმის ხაზგასმა. განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია თუშურმა სკამმა “ჩიკა”-მ, რომელიც წარსულში კერასთან დასაჯდომად გამოიყენებოდა. სწორედ ამ დეტალმა შთაგვაგონა „PE Chair“-ის ძირითადი ფორმა და განსაზღვრა მისი მტკიცე ხასიათი. ამის შემდეგ დავიწყეთ მისი ძერწვა თანამედროვე ფორმამდე.

დიზაინში ხშირად საუბრობენ ბალანსზე პრაქტიკულობასა და ფუნქციას შორის — თქვენთვის რომელია წამყვანი?

ვფიქრობთ, წამყვანი მაინც ფუნქციაა, რასაც შემდგომში მოყვება ყველა სხვა კომპონენტი – პრაქტიკულობა, ერგონომიკა და მდგრადობა, რაც ჯაჭვურად უერთდება ობიექტის ფორმასა და ესთეტიკას. ჩვენი პროექტის შემთვევაში, ფორმამ განსაზღვრა ფუნქცია და ის, თუ როგორი იქნებოდა გამოყენების ხასიათი და სივრცე სკამის ირგვლივ. პრაქტიკულობა ამ ფორმას ბუნებრივად შეერწყა ისე, რომ არ დაეკარგა არც ესთეტიკა და არც მოხერხებულობა.

ფუნქცია თავად ასოცირდება კონკრეტულ ფორმასთან, რომელიც დალექილია ჩვენს ქვეცნობიერში. მისმა გაცნობიერებულმა დარღვევამ შეიძლება მიგვიყვანოს სრულიად ახალ მოცულობამდე, რომელიც არის დასაბამი ახალი, საინტერესო იდეისა.

“PE” სკამი

როგორ აღწერდით საკუთარ შემოქმედებით იდენტობას?

ჩვენი იდენტობა ეფუძნება ბალანსს, რომლის ფარგლბში კონტრასტი სიმტკიცესა და ფემინურობას, მკაცრ ხაზსა და ნაზ დეტალს, კლასიკურ ფესვებსა და თანამედროვეობას ჰარმონიულად აქცევს. ეს არის ბალანსი იდეასა და ესთეტიკას შორის. ხელოვნებაში ვეძებთ ემოციას, დიზაინში — სტრუქტურას, მოდაში კი — მოძრაობას. სწორედ ეს არის ჩვენი სათქმელი.

რა გსურთ, რომ აუდიტორიამ იგრძნოს თქვენს ნამუშევრებში ?

ფერი არის ყველაზე ძლიერი განცდა, რომელსაც მოაქვს განწყობა, წინასწარი განწყობა კი ყოველთვის განსაზღვრავს ცნობიერში ფორმირებულ ზოგად სურათს. ვფიქრობთ, რომ პირველი ემოცია, რომელსაც ჩვენი ნამუშევრები მნახველში იწვევს, ფერის საშუალებით გადმოიცემა. ფერს კი მოსდევს ფორმა. ჩვენი ნამუშევრები გამოირჩევა რბილი გარდამავალი დეტალებითა და მინიმალისტური ფორმებით. ეს არის საერთო ხაზი, რომელიც ჩვენს ობიექტებს აერთიანებს და ჩვენი ხედვით დიზაინს აყალიბებს. ეს ენერგია გამოიხატება, როგორც „PE Chair“-ში, ასევე ჩვენს სხვა ობიექტებშიც – „ტი“ და „ნამი“ სარკეების დიზაინში, რომლებიც შევქმენით ცნობილი სკანდინავიური ბრენდის – Muuto-ს კონკურსისთვის.

და ბოლოს — რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი „PE Chair“-ის შემდეგ?

ჩვენი მომავალი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, იქნება „PE Chair“-ისა და ჩვენი სხვა ობიექტების პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. უფრო კონკრეტულ გეგმებს კი ეტაპობრივად გაგაცნობთ.

ვილა ბრაზილიაში – Gálvez & Márton Arquitetura-ს პროექტი

ძველი, კლასიკური და თანამედროვე დიზაინის შერწყმა ბრიტანულ სახლში