in

მიწის სახლი, როგორც ადამიანის ბუნებასთან კავშირის საშუალება – ინტერვიუ გივი ჯაყელთან

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ტექნოლოგიური პროგრესის ტემპმა რადიკალურად შეცვალა ადამიანის ცხოვრება, ღირებულებები და ჩვენი გარემოს აღქმა. არქიტექტურაც, როგორც საზოგადოების სარკე, ამ პროცესების პირდაპირი მონაწილე გახდა — ის თანდათან გარდაიქმნა მატერიალური მოთხოვნილებების პროდუქტად, რომელშიც ესთეტიკა და ფუნქციურობა ხშირად წინ უსწრებს სულიერ და ეკოლოგიურ ბალანსს. სწორედ ამ ვითარებამ წარმოშვა საჭიროება, რომ არქიტექტურა ხელახლა დაუკავშირდეს თავის პირველწყაროს — ბუნებას, კულტურას და ადამიანურ ურთიერთობებს.

მუდმივი ინოვაციების ეპოქაში, როდესაც ტექნოლოგიები თითქოს პრობლემების გადაჭრის გარანტად გვევლინება, სულ უფრო მწვავედ ჩნდება კითხვა: რამდენად ემსახურება ეს წინსვლა რეალურად გარემოსა და საზოგადოების კეთილდღეობას? როგორ შეიძლება თანამედროვე არქიტექტურამ აღიდგინოს ჰარმონია გარემოსთან ისე, რომ არ დაკარგოს კულტურული იდენტობა და მასალების ბუნებრივი ჭეშმარიტება?

სწორედ ამ თემებზე გვესაუბრება მდგრადი არქიტექტურის სპეციალისტი გივი ჯაყელი, რომლის გამოცდილება აერთიანებს გლობალურ ცოდნასა და ადგილობრივ პასუხისმგებლობას, ტრადიციულ მასალებზე დაფუძნებულ ხედვასა და თანამედროვე კრიზისების სიღრმისეულ გააზრებას.

კერამიკის სტუდიო Tanah, შესრულებული ტკეპნილი მიწის ტექნიკით. უბუდი, ინდონეზია. © Indra Wiras

ბატონო გივი, გვიამბეთ თქვენ შესახებრა გზა გაიარეთ მდგრად არქიტექტურამდე და რა იყო გარდამტეხი ეტაპი, რომელმაც ამ მიმართულებით დაინტერესება გამოიწვია?

საფრანგეთში, ქალაქ გრენობლში, 1989 წელს ახალგაზრდა არქიტექტორების ჯგუფმა, რომლებიც მანამდე ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მიწის სამშენებლო ტრადიციულ ტექნოლოგიების შესწავლის მიზნით მოღვაწეობდნენ, საკუთარ ქალაქში – გრენობლში დააფუძნეს ასოციაცია CRAterre, რომლის მთავარი მოწოდება გახლდათ ამ კულტურის გავრცელება და რეალიზება. მათ იმ წელს შეუერთდა მრავალი სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუცია, მაგალითად, პარიზის ქიმიისა და ფიზიკის ინსტიტუტი, ვერსალის არქიტექტურული სკოლა, გრენობლის არქიტექტურული სკოლა, ასევე 1998 წელს მათ შეუერთდა იუნესკოს კათედრა – მიწის არქიტექტურა, სამშენებლო კულტურა და მდგრადი განვითარება.

მათთან ჩემი პირველი კავშირი აისახა მათივე გამოცემული წიგნით, რომელიც 1981 წელს აღმოჩნდა თბილისში ჩვენს მაგიდაზე. მამაჩემი, ოთარ ჯაყელი, რომელიც გახლდათ ძველი ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი, მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ხელმძღვანელობდა პარიზის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტურულ ატელიეს. ამ წიგნმა, ფაქტობრივად, რადიკალურად შეცვალა ჩვენი ხედვები და მსოფლმხედველობა.

შემდგომში, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მაინც ვერ ვახერხებდით ამ მიმართულების დანერგვას, ალბათ ორი მიზეზით: ერთი – საბჭოთა რეჟიმის პირობები და მეორე – საზოგადოება მაინც არ იყო ამისთვის მზად. საბოლოოდ, 2016 წელს მთლიანად მოვწყდი ჩემს საქმიანობას და საკუთარი დრო სრულად დავუთმე ამ საქმეს. 2017 წელს, ჩემს ბედად, მეგობრები აღმომაჩნდა ქალაქ გრენობლში, რომელთა დახმარებით მოხერხდა კრატერის სათავო ოფისში პრეზენტაციის მოწყობა საქართველოს შესახებ. სხვათაშორის, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში მოღვაწეობენ ამ კულტურის გავრცელების მიზნით, საერთოდ არ იცნობდნენ ჩვენს რეგიონს. ასე გაიბა პირველი ხიდები CRAterre-თან.

გაგვიზიარეთ ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება რა გამოწვევებს ხვდებით ქვეყანაში მდგრადი მშენებლობის დანერგვისა და პოპულარიზაციისას და როგორ ცდილობთ დაბრკოლებების გადალახვას?

რაც შეეხება  მდგრად მშენებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ჩვენს ქვეყანაში, მთავარი არის ის ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც უკავშირდება სოციალურ-ეკოლოგიურ პრობლემებს. კერძოდ, იგულისხმება ადამიანებსა და გარემოს შორის ურთიერთდამოკიდებულების იმ  წესების ჩამოყალიბება, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ ჩვენი და  შემდგომი თაობების კეთილდღეობა. შესაბამისად, პირველ რიგში, მეტი სამუშაოა ჩასატარებელი ამ ინფორმაციული ვაკუუმის შესავსებად, რომელიც შეიძლება მოვიაზროთ, როგორც პასუხი კითხვაზე, თუ “რატომ” უნდა ავაშენოთ მიწით და არა “როგორ”?

თუ ადამიანმა ვერ გააცნობიერა მიზნობრივი განსხვავებები მიწის მშენებლობასა და ინდუსტრიულ მშენებლობას შორის, სადაც მიწით მშენებლობა გარემოს რეგენერაციას უწყობს ხელს და ინდუსტრიული პირიქით – ანადგურებს მას, მაშინ ის, რასაკვირველია, აირჩევს მისთვის ცნობად და ინდუსტრიულ მეთოდებს. შესაბამისად, მიწის არქიტექტურის განვითარებისა და გავრცელების მთავარ გამოწვევებად შეიძლება ჩაითვალოს სოციალურ-ეკოლოგიური ცნობიერების დეფიციტი. ამ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ერთობლივი ძალებით დავაფუძნეთ საგანმანათლებლო კუთხით კერძო სასწავლებელი – “მდგრადი განვითარების აკადემია”, ხოლო სოციალური აქტივობების გასაძლიერებლად – ასოციაცია “ტერა კაუკასუსი”. აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივებმა საგრძნობლად გაზარდა დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობა. გარდა ამისა, მომიწვიეს ილიას უნივერსიტეტში კურსების ჩასატარებლად და გაზაფხულზე ასევე მიწვევენ სამხატვრო აკადემიაში. ასე რომ, იმედია დაინტერესებულთა წრე კვლავ გაიზრდება.

სასწავლო პროცესი ასოციაცია ტერა კაუკასუსში

თქვენი აზრით, რა გავლენას ახდენს თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრია გარემოსა და ადამიანზე და რატომ არის აუცილებელი დღეს მდგრადი მიდგომების დანერგვა?

თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიის გავლენები გარემოზე უაღრესად დესტრუქციულია. ეს დესტრუქციული მოვლენები მრავალ სფეროებში ვლინდება, მაგალითად: ბუნებრივი სივრცეების ხელოვნურად გადაქცევა, რომლის გამოც ნადგურდება ეკოსისტემები; ჰაერის, ნიადაგის და წყლის დაბინძურება, რაც საფრთხეს უქმნის დედამიწაზე ბიოცენოზს; რესურსების ზეექსპლუატაცია (გლობალური მასშტაბით), რომელიც აღდგენის საშუალების გარეშე ტოვებს ეკოსისტემებს; კლიმატური ცვლილებები, რომელიც ზემოქმედებს სიცოცხლის ციკლების დარღვევაზე, ასევე სახეობების გეოგრაფიულ განაწილებაზე; ანადგურებს ბიომრავალფეროვნებას, რომელსაც მოაქვს 3 ტიპის სარგებელი: ჟანგბადი, საკვები და მტკნარი წყნალი.

საბოლოოდ, სამშენებლო ინდუსტრია შეიძლება მოიაზრებოდეს როგორც ადამიანის აქტივობა, რომელიც მთავარი კონტრიბუტორია ამ დესტრუქციულ მოვლენებში. სამშენებლო სექტორი მოიხმარს მსოფლიოში დახარჯული ენერგიის 40%-ს და აფრქვევს ნამატი ნახშიროჟანგის 35%-ს. შესაბამისად, სწორედ ამ სექტორშია შესატანი ცვლილებები და ეს, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ჩვენი კულტურული ტრანსფორმაციის გზით. მიწის არქიტექტურა, რომელიც მდგრადი მიდგომების საუკეთესო მოდელს წარმოადგენს კულტურული ტრანსფორმირებისთვის, უაღრესად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ქმნის და ამასთან ერთად, ის თავისი მდგრადი პრინციპებით მომავალი თაობების კეთილდღეობის მყარ საფუძველს წარმოადგენს.

 

მიწით მშენებლობის ტექნოლოგია მრავალსაუკუნოვანი ტრადიციააზოგიერთ კულტურაში ჯერ კიდევ აქტუალური, ზოგიერთში კიმივიწყებული. როგორ ფიქრობთ, როდის და რამ გამოიწვია ასეთი სხვაობა ტენდენციებში?

მიწის არქიტექტურა 11 ათასი წლისაა. ის აგრონომიასთან ერთად, პირველი ცივილიზაციების წარმოშობის მთავარი საყრდენია. ბევრმა არ იცის, რომ დღეს მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედი მიწის ნაგებობებში ცხოვრობს და ამ ტექნოლოგიების გამოყენება დღესაც ხუთივე კონტინენტზე აქტუალურია. მისი მარგინალიზაცია და დავიწყება მოხდა ე.წ. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ინდუსტრიულმა რევოლუციამ იფეთქა და მას შემდეგ ეს კულტურა უფრო და უფრო დავიწყებას მიეცა. თუმცა, არსებობს ისეთი კერები, როგორიც არის CRAterre, რომლებიც ხელს უწყობენ მის ხელმეორედ აღმოცენებას. დღეს განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, სოციალურ-ეკოლოგიური აზროვნების დამკვიდრებასთან ერთად, ის უაღრესად აქტუალური ხდება.

რეხმირის საფლავის გამოსახულება, რომელიც აღწერს ტალახის აგურის დამზადების პროცესს
The Ksar of Ait-Ben-Haddou – არქიტექტურული კომპლექსი მოროკოს მცირე დასახლებისთვის, შესრულებული ტკეპნილი მიწის ტექნიკით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილი.
ტაბოს ბუდისტური მონასტერი. X საუკუნე, სპიტის ველი, ინდოეთი.

რამდენად შესაძლებელია მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიების ჩართვა მიწით მშენებლობის განვითარებაში და რა უპირატესობები ან სირთულეები ახლავს ამ პროცესს?

მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიები და მიწით მშენებლობის ტექნოლოგიების განვითარება ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებადია. გამომდინარე იქიდან, რომ მუდმივად ანუ მზარდად განვითარებადი ტექნოლოგიები, ეკოლოგიური იქნება ის თუ ინდუსტრიული, მრავალწილად დამოკიდებულია ნამარხ წიაღისეულზე (ნავთი, ნახშირი, გაზი). ხოლო მიწით მშენებლობის ტექნოლოგიების დამოკიდებულება ნამარხ წიაღისეულზე თითქმის ნულოვანია. საერთოდ ეკოლოგიაში არსებობს ორი ფორმა: ძლიერი მდგრადი და სუსტი მდგრადი.

სუსტი მდგრადია, მაგალითად, ელექტრო პანელი, მზის მანქანა და ასე შემდეგ. ეს ის ტექნოლოგიებია, რომლებიც გარკვეულწილად დამოკიდებულია ნამარხი წიაღისეულების მიერ მიღებულ ენერგიებზე. ხოლო ძლიერი მდგრადი, მაგალითად, მიწის არქიტექტურა – არ არის დამოკიდებული. შესაბამისად, თუ ჩვენ გამოვიყენებთ მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიებს მიწით მშენებლობისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ მას გადავიყვანთ სუსტი მდგრადების კატეგორიაში, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა. ამას გარდა, არსებობს მყარი მსოფლიო გამოცდილება, როდესაც მე-20 საუკუნის შუა რიცხვებიდან მრავალმა მეწარმემ სცადა მიწით მშენებლობის ინდუსტრიალიზაცია და ეკონომიკური რენტაბელურობის უკმარისობის გამო, ვერ მიაღწია მიზანს. მიწით მშენებლობის მოწოდება არ არის ინდუსტრიალიზაცია, მისი ნამდვილი მოწოდება სოციუმებში კოოპერატიული ურთიერთდამოკიდებულებების იმპლემენტაციებია. ის საერთო მოხმარების საგანია, რომლის მართვა მხოლოდ შეკავშირებულ სოციუმს შეუძლია.

მიწის კედლების გარე ფენის საზეიმო განახლება ტაოსის ინდიელი პუებლოს ქალების მიერ
ქალები ძერწავენ მიწის რელიეფს. რაჯასტანი, ინდოეთი

თანამედროვე არქიტექტურა ფორმების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რამდენად შესაძლებელია ტრადიციული მდგრადი მეთოდების ადაპტაცია დღევანდელ ინდუსტრიაში ისე, რომ ტრადიციამ არ დაკარგოს საკუთარი არსი, არქიტექტურამ კი მრავალფეროვნება შეინარჩუნოს?

ტრადიციული მდგრადი მეთოდების ადაპტაცია დღევანდელ ინდუსტრიაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ისინი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მათი მოწოდებები აბსოლუტურად განსხვავებულია. ტრადიციული არქიტექტურის არსი, ნეოლითიდან ინდუსტრიულ რევოლუციამდე, საფუძველს წარმოადგენს იმ მატერიალურ-საკრალური ფასეულობების, რომლითაც შენდებოდა ეს არქიტექტურა, ამიტომ ის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების ძირითად ქვაკუთხედს წარმოადგენდა, დღეს კი – პირიქით. თანამედროვე ინდუსტრიული არქიტექტურა არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების მსახური გახდა. თანამედროვე ინდუსტრულ არქიტექტურას, რაც არ უნდა ესთეტიკური იყოს ის, არ გააჩნია მატერიალური და საკრალური საფუძველი. მისი საფუძველი მატერიალურია და ეს არის ფინანსური ბაზრები. ის ემსახურება ამ ბაზრებს და არა ადამიანების სულიერ და ფიზიკურ მოთხოვნილებებს. მიწის არქიტექტურა სწორედ ამ საკურალური შემობრუნების კარგი ინსტრუმენტია. მიწის სახლი შეიძლება მოვიაზროთ, როგორც ოფისი, სადაც ადამიანს ეძლევა საშუალება, ბუნაბასთან დაამყაროს კავშირები.

Ydéal Confluence, l’Orangery, ორსართულიანი საოფისე შენობა ქ. ლიონში, აგებული მიწის მზიდი კედლებისაგან ხის კარკასით. მიწის ბუნებრივი საიზოლაციო თვისებები მას ენერგოეფექტურ შენობად აქცევს.

დღევანდელი ადამიანის ღირებულებები განსხვავდება ადრეული პერიოდებისგან. თქვენი გამოცდილებით, რამდენად აკმაყოფილებს უძველესი ტექნოლოგიები თანამედროვე ადამიანის მოთხოვნილებებსა და ცხოვრების სტილს?

დღევანდელი ადამიანის ფუნდამენტური ღირებულებები, ჩემი აზრით, არ შეცვლილა, თუმცა ჩვენი ცხოვრების სტილი საგრძნობლად შეიცვალა და ეს ცვლილება შეიძლება დავუკავშიროთ ინდუსტრიულ რევოლუციას, სადაც ჯერ ნახშირი, მერე ნავთობის ინდუსტრიალიზაცია დავიწყეთ ანუ ადრინდელ პერიოდებთან შედარებით, დიდძალი ენერგიის მფლობელები გავხდით, რამაც ერთი მხრივ, ხელი შეუწყო ჩვენს დემოგრაფიულ ზრდას (გავხდით ინვაზიური სახეობა), და მეორე მხრივ, ხელი შეუწყო სხვა სახეობების დეგრადირებას, ზოგ შემთვხვევაში – გაქრობასაც კი. სხვანაირად ამ ყველაფერს ბიომრავალფეროვნების დეგრადაცია ჰქვია. ამავე დროს ამ მოვლენამ ხელი შეუწყო ე.წ. მაღალი ტექნოლოგიების, “ჰაი-ტექის” მზარდ განვითარებას, რომლელსაც დღეს არსებული ენერგოდეფიციტის პირობებში, დიდი დრო არ უწერია. აქედან გამომდინარე, დღეს მსოფლიოში გაჩნდა ხედვა ანუ ტენდენცია, რომელიც გულისხმობს დაბალი ტექნოლოგიების, მაგალითად, მიწის არქიტექტურის განვითარებას, რაც ენერგო დეფიციტის პარალელულად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება. დღეს მსოფლიოში მიწის არქიტექტურის ნელი, მაგრამ მაინც მზარდი განვითარება არის ამის ძალიან კარგი დასტური.

რაც შეეხება ენერგო დეფიციტს, უკვე მრავალმა ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ის სახეზეა. მაგალითად, საფრანგეთის მრჩეველი სამეცნიერო ორგანიზაცია “Shift project”-ის კვლევების მიხედვით დგინდება, რომ 2050 წელს 16 ნავთობ მწარმოებელი ქვეყნის მიერ ნავთობის მოპოვება შემცირდება მინიმუმ ორჯერ, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მწარმოებელ ქვეყნებში, მაგალითად, საქართველოში, შეიძლება შემცირდეს 5, 10 ან 20-ჯერ. და თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ 80%-ით დამოკიდებულები ვართ ნავთობზე (თუ გადახედავთ, თქვენს გარშემო ვერ აღმოაჩენთ ნივთს, რომელიც არ არის დამოკიდებული ნავთობზე), რა საკვირველია, მოგვიწევს ტექნოლოგიური კურსის შეცვლა ანუ მაღალი ტექნოლოგიის შეცვლა დაბალი ტექნოლოგიით.

შაჰირა მერეზის საცხოვრებელი ბინის ინტერიერი. კაირო, ეგვიპტე. არქიტექტორი ჰასან ფატი. © Aga Khan Trust for Culture
საცხოვრებელი სახლი ეგვიპტეში. არქიტექტროი ჰასან ფატი

თქვენი დაკვირვებით, რა საფრთხის წინაშე დგას დღეს საქართველოს ქალაქმშენებლობა და ეკოლოგიური მდგომარეობა?

2007 წელს უკვე საფრანგეთში გარემოს (გრენელის) შეთანხმების და შემდგომ 2019 წელს ევროპული მწვანე შეთანხმების (European Green Deal) მიხედვით დადგინდა, რომ უნდა შეჩერდეს ქალაქების განვითარება – გაფართოვება; რომ უნდა მოინახოს ახალი სოციალურ-ეკონომიკური მიდგომები, ასევე მინიმალურად შეჩერდეს მშენებლობები და მაქსიმალურად განვითარდეს უკვე არსებული შენობების რენოვაცია (ეკოლოგიური საშუალებებით, რა საკვირველია). ეს დადგენილებები მიღებულია მდგრადი განვითარების იმ პრინციპების მიხედვით, რომლებიც გულისხმობს კომენსარისტულ მიდგომებს, დაუტოვონ ბუნებრივი რესურსები მომავალ თაობებს საკუთრი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

რაც შეეხება საქართველოს, შეიძლება ითქვას, რომ საუბედუროდ, აბსოლუტურად საწინააღმდეგო მიმართულებით მივდივართ.

როგორ ფიქრობთ, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით, რამდენად მზად არის ქართველი საზოგადოება და სამშენებლო სექტორი მდგრადი მიდგომებისთვის?

სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქართველი საზოგადოება და მითუმეტეს, სამშენებლო სექტორი მზად იყოს მდგრადი მიდგომებისთვის, რადგან საჭიროა, ჩამოყალიბდეს სოციალურ-ეკოლოგიური ცნობიერება, რაც საკმაოდ დიდ ვადებთან არის დაკავშირებული. ამიტომ სულ ვფიქრობ, რომ 9-16 ასაკის ბავშვებთან ინტენსიური მუშაობაა საჭირო. სხვათაშორის, ეს ინტერდისციპლინარული სწავლებისათვის უაღრესად საინტერესო ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამისათვის ჩვენმა ასოციაციამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ძალიან კარგი პროექტი შეადგინა, თუმცა მისი რეალიზაცია ჯერ ვერ მოვახერხეთ…

რაც შეეხება ახალგაზრდებს, აქ სულ სხვა ვითარებაა. მათ მეტი წვდომა გააჩნიათ გარემოსთან არსებულ ნეგატიურ გამოწვევებთან, რაც აძლიერებს მათში მოტივაციას და განსაკუთრებით გამბედაობას იმისათვის, რომ რადიკალურად შეცვალონ საკუთარი ცხოვრების წესი.

საქართველოში ნელ-ნელა ჩნდება ასეთი კერები, რაც ძალიან მისასალმებელია, თუმცა ეს ჯერ ზღვაში წვეთია.

საბოლოოდ, როგორია საქართველოს მომავლის არქიტექტურა თქვენთვის და რა პერსპექტივა აქვს მიწის არქიტექტურის განვითარებას საქართველოში?

საქართველოს მომავლის არქიტექტურის ნიშნები ევროპაში უკვე არსებობს. მაგალითად, სკოლები, საცხოვრებელი კორპუსები, მუნიციპალური შენობები, რომლებიც ბუნებრივი მასალებით (ნამჯა, მიწა, ქვა, ხე) არის აშენებული და რომლებიც სარგებლობს ბუნებრივი ვენტილაციით, თბური პასიური ენერგიებით და სხვა. რაც შეეხება მიწის არქიტექტურას, ჩვენი ასოციაციის წევრებმა, რომლებმაც ამ ზაფხულს გადაწყვიტეს საკუთარ ტერიტორიაზე მიწის სახლის მშენებლობა, ამასთან დაკავშირებით გააკეთეს განაცხადი ქართულ სოციალურ ქსელებში და მონაწილეობითი მშენებლობის ფორმატით აწარმოეს მოხალისეობრივი მშენებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ დასწრება გაცილებით მეტი იყო, ვიდრე გვეგონა, რაც მიანიშნებს იმას, რომ მიწით არქიტექტურის განვითარებას საქართველოში ნამდვილად გააჩნია პერსპექტივა.

ბორცვზე მდებარე სახლი პორტუგალიაში – SIA arquitectura-ს პროექტი

EUmies Awards 2026-ის ნომინანტთა სიაში 8 ქართული არქიტექტურული ნამუშევარი მოხვდა