4 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც კიკეთის ტყეში მდებარეობს, ორ ბორცვს შორის ხიდის ტიპის კონსტრუქციაზეა აწყობილი და მის დიზაინ პროექტზე ელენე სხვიტარიძემ საკუთარ გუნდთან ერთად იმუშავა.
თითქოს “ჰაერში გამოკიდებული” სასტუმროს ქვეშ ნაკადული ჩამოედინება, შესაბამისად, ობიექტის გარშემო არსებული გარემო იმდენად შთამბეჭდავია, რომ პროექტის ავტორისთვის მთავარ შთაგონების წყაროდ იქცა. ელენე სხვიტარიძის მიზანი თავიდანვე ისეთი სივრცის შექმნა იყო, სადაც ინტერიერში შესვლისას არ დაიკარგებოდა ბმა გარემოსთან.

“ჩვენ გვსურდა, რომ ინტერიერი სიმშვიდის მომტანი ყოფილიყო დამსვენებლისთვის, მაქსიმალურად მარტივი, სადა, ფუნქციური და ამავდროულად – საინტერესო. ადგილი, სადაც გავიწყდება ყოველდღიური რუტინა, თავისუფლდები ზედმეტი სტრესისგან და გეძლევა საშუალება, დატკბე იმით, რასაც ბუნება გთავაზობს,” – ელენე სხვიტარიძე
ამ შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვაი იყო, რომ ინტერიერი განთავისუფლებულიყო ზედმეტი ფუფუნების ნივთებისა თუ დეკორატიული ელემენტებისგან, რადგან როგორც პროექტის ავტორი მიიჩნევს, “სიმარტივე” – ეს ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე კარგად გადმოსცემს აღნიშნული სივრცის მთავარ სათქმელს.
აქცენტი ბუნებრივ მასალებზე გაკეთდა. შესვლისთანავე გვხვდება ხით მოპირკეთებული იატაკი, კედლები და ფრაგმენტულად ჭერის ელემენტები. იმისთვის, რომ ინტერიერი ზედმეტად მონოტონური არ ყოფილიყო, ფუნქციური ზონების მიხედვით იცვლება ფერები და თამაშში შემოდის ახალი ტექსტურები. მაგალითად, შემოსასვლელი შავი ფერის ხითა და თეთრი თაბაშირმუყაოს ჭერითაა გამოყოფილი, შემდეგ შევდივართ დღის ზონაში, სადაც ჭერიც, კედლებიც და იატაკიც ხის ნაზი და ჰაეროვანი ტექსტურით ინარჩუნებს ბუნებრივ იერსახეს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ინტერიერის არცერთ ნაწილში არ გვხვდება გადამყვანი, ან კუთხოვანა, რაც საერთო სისადავისა და მინიმალისტური იერის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ტექნიკური სანათებიც ისეა გადანაწილებული, რომ ჭერში მხოლოდ 2 რელსის ხაზი იკითხება. ხოლო მსუბუქი, ჰაერში გამოკიდებული კონსტრუქციის გათვალისწინებით, ვიტრაჟების ზომები დასაშვები წონის ფარგლებში გადანაწილდა.
მეორე სართულის ოთახებში ცალკე გამოყოფილი საძინებელი ოთახი და ტერასა გვხვდება, სადაც იდენტური მასალებია გადათამაშებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ნეიტრალურ ფერებს ყველა ოთახში ერთი აქცენტი დაჰყვება – ღვინისფერი დეტალები, რომლებიც აბაზანიდან იწყება და ყველა ოთახში იჩენს თავს სხვადასხვა სახით.
ელენე სხვიტარიძის პროექტი ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში მყოფ სივრცეს წარმოადგენს, რომლის ყველა დეტალი სიმარტივეს, ფუნქციურობასა და მშვიდ ატმოსფეროს ემსახურება. ეს არის ადგილი, სადაც არქიტექტურამ და დიზაინმა იდეალურად გააგრძელა ბუნების ლოგიკა — მშვიდი, დაბალანსებული და ჰარმონიული გარემო.

პროექტის ავტორი: ელენე სხვიტარიძე
დიზაინ სტუდია: EleniaS_ინტერიერის დიზაინ სტუდიო













