თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე 200 მ² ფართობის ოფისი მხატვარ გოგა ჯაფარიძისათვის არა მორიგი დიზაინერული ამოცანა, არამედ შემოქმედებითი პროცესის გაგრძელება იყო. სივრცეზე მუშაობის დაწყებისას ძირითადი გეგმარება უკვე ჩამოყალიბებული აღმოჩნდა — ფართო მოცულობა და შედარებით დაბალი ჭერი ერთდროულად გამოწვევასაც წარმოადგენდა და მიმართულებასაც აძლევდა პროექტის ავტორს. ამ პროცესში გადამწყვეტი აღმოჩნდა დამკვეთის სრული ნდობა და ღიაობა არაორდინალური გადაწყვეტებისადმი, რამაც დიზაინერს მისცა თავისუფლება, სივრცე არა მხოლოდ ფუნქციურად, არამედ ემოციურადაც ჩამოეყალიბებინა. დამკვეთების აქტიური ჩართულობა კი სამუშაო პროცესს უფრო ცოცხალსა და საინტერესო ხდიდა.

“რაც შეეხება, კონცეფციას ასეთი მკაფიოდ გამოკვეთილი “წინასწარი სქემები” არ მიყვარს. პროფესიით მხატვარი ვარ და არა დიზაინერი, ყოველთვის სპონტანურობას ვანიჭებ უპირატესობას. ვფიქრობ, განწყობებით ნასაზრდოები სურათები უფრო სიცოცხლისუნარიანი გამოდის ყოველთვის, როცა დიზაინის სახით ხორციელდება ინტერიერში. ამისათვის სამუშაო სივრცეში მივდივარ ჩემი ჩანახატების ალბომით, სადაც რთულ და უსახურ ან პირიქით, საინტერესო არქიტექტურულ დეტალებს ვიხატავ და აურაცხელ ვარიაციებს ვაკეთებ მათზე. ასევე ამ პროცესში ვცდილობ, ამ კონკრეტულ სივრცეს მოვუსმინო და არ მოვიგონო დიზაინი/გაფორმება მხოლოდ პრაქტიკულობიდან ან ორიგინალურობიდან გამომდინარე, რადგან ყოველი სივრცე რაღაცას გეუბნება, ყოველ სივრცეში ცხოვრობს ანტი-სივრცე და ამბობს, თუ რა უნდა მას… სივრცესთან ამგვარი კოლაბორაცია მუშაობის შემდგომ ეტაპზე, თითქოს, “პაზლივით” აცოცხლებს უამრავ იდეას, თუ როგორი უნდა გახდეს ეს პროექტი სამომავლოდ, როგორც მთლიანობაში, ასევე დეტალებში, თუ რა მასალებით უნდა ვითამაშოთ მასში და ა.შ,” – გოგა ჯაფარიძე
ინტერიერის ყველაზე გამორჩეულ ელემენტებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს შეხვედრების ოთახის ვიტრაჟული კედელი, რომელიც ავტორმა სამშენებლო ყვითელი ძელებისგან შექმნა. ამ კონსტრუქციაში ინტეგრირებულია მილკვადრატისა და ხის ცხაურის კომბინაციით დამზადებული ე.წ. “მინა-სენდვიჩი”, რაც სივრცეს ერთდროულად უხეშ და დახვეწილ ხასიათს ანიჭებს. მის გვერდით განთავსებული ძველი იატაკის ფერადი ფიცრებით ამოვსებული სლაიდისებური კარი, თითქოს დროის ფენებს აერთიანებს და ოფისს ვინტაჟურ ნოტებს სძენს.
ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია განათების სისტემა — არა მხოლოდ როგორც ფუნქციური ელემენტი, არამედ როგორც დამოუკიდებელი დიზაინ-ობიექტი, თავისი როზეტებისა და ჩამრთველების დეტალურად გააზრებული ფორმებით.
მცირე ოფისებში განთავსებული სამუშაო მაგიდები, რომლებიც უჟანგავი ლითონის მილების კარკასითა და საყალიბე ფანერის ზედაპირითაა შექმნილი, პრაქტიკულობასა და ინდუსტრიულ ესთეტიკას აერთიანებს.
მთავარი სამუშაო ოთახების მაგიდები კი ინსტალაციურ ობიექტებს უფრო მოგვაგონებს — ისინი შექმნილია კოპიტის ხის 5 მმ ლითონის ფურცლისა და არყის ხის ფაქტურიანი ფანერის კომბინაციით. მათი ორგანული ფორმა მიზანმიმართულად არბილებს ოფისური გარემოს ცივ და მკაცრ პროზაულობას, რათა სამუშაო პროცესი ნაკლებად რუტინული და მეტად შთამაგონებელი გახდეს.
ამ პროექტის კონკრეტულ სტილისტურ მიმდინარეობასთან მიკუთვნება რთულია — და ეს შემთხვევითი არც არის. გოგა ჯაფარიძისთვის მთავარი ამოცანა იყო ბრუტალური, ზოგჯერ კი უსახური სამშენებლო ელემენტების დიზაინში გააზრებული ინტეგრაცია და მათი შერწყმა თბილ, ვინტაჟურ დეტალებთან. შედეგად, მიღებული სივრცე არ არის წინასწარ დაგეგმილი ტენდენციების ნაზავი, არამედ ის ცოცხალი შემოქმედებითი ძიების შედეგია — ოფისი, სადაც ყოფნა და მუშაობა სიამოვნებას იწვევს და სადაც ყოველდღიური სამუშაო არ იქცევა ერთფეროვან რუტინად.
პროექტის ავტორი: გოგა ჯაფარიძე
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე































