in

2025 წლის ყველაზე პოპულარული პროექტები საქართველოდან – Homeis.ge-ს მკითხველის შეფასება

2025 წელი Homeis.ge-სთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა — წელი, როდესაც მკითხველის ინტერესი განსაკუთრებულად მკაფიოდ ჩამოყალიბდა და არქიტექტურისა და ინტერიერის სფეროში ყველაზე აქტუალური მიმართულებები ბუნებრივად გამოიკვეთა. ამ პერიოდის განმავლობაში Homeis.ge-ს ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ქართული პროექტები არა მხოლოდ ვიზუალური ესთეტიკით, არამედ კონცეფციური სიღრმით, გარემოსთან დიალოგითა და თანამედროვე ცხოვრების წესზე მორგებული გადაწყვეტებით გამოირჩეოდა. სტატიების ნახვების რაოდენობა, გაზიარებები და მკითხველის უკუკავშირი ერთგვარ ცოცხალ ინდიკატორად იქცა — რა გვაინტერესებს დღეს ყველაზე მეტად, რომელ სივრცეებში ვპოულობთ საკუთარ თავს და რა ტიპის არქიტექტურა და დიზაინი ახერხებს ემოციური კავშირის დამყარებას საზოგადოებასთან? სწორედ ამ შეფასებებზე დაყრდნობით შევკრიბეთ 2025 წლის ყველაზე პოპულარული 14 პროექტი საქართველოდან — ჩამონათვალი, რომელიც არა მხოლოდ პროფესიონალური ხარისხის, არამედ მკითხველის რეალური ინტერესის ანარეკლია და ასახავს იმ ტენდენციებს, რომლებიც ქართულ არქიტექტურულ და დიზაინურ სცენაზე დღეს ყველაზე ხმამაღლა ისმის.

1. კერძო სახლი ახალდაბაში – MUA Architecture & Placemaking-ის პროექტი

ფოტო: გიორგი მამასახლისი

კერძო სახლი, რომლის ფართობი 400 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ახალდაბაში მდებარეობს და ეს არის ორ სართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი აუზით.

შენობა შედგება სამი ბლოკისგან, რომლებიც შიდა საფეხურებით არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ქმნის ერთ მთლიანობას. დონეთა სხვაობების გამო, რომელიც ლანდშაფტის მრუდს იმეორებს, რელიეფის ცვლილება მინიმალურია. შენობის არქიტექტურა ორგანულია და დროსთან ერთად ერწყმის გარემოს.

პროექტი სრულად

2.სანდრო ანდღულაძის პროექტი ჯაფარიძის ქუჩაზე

ფოტო: ლაშა გიგაური

პროექტი ჯაფარიძის ქუჩაზე, ზემო ვერაზე მდებარეობს და თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით განსაკუთრებულ გარემოსა და ატმოსფეროს ქმნის. ინტერიერის კონცეფცია იაპონური და სკანდინავიური დიზაინის ელემენტებს აერთიანებს. მთავარი აქცენტი ბუნებრივ მასალებზეა გაკეთებული, რაც სივრცეს სითბოსა და სიმყუდროვეს ანიჭებს. ინტერიერში გამოყენებულია მუხისა და ფიჭვის ხე, ასევე ბუნებრივი ქვა, რომელიც სივრცის ესთეტიკურ ღირებულებას კიდევ უფრო ამაღლებს.

პროექტი სრულად

3. DODO Designs-ის პროექტი ლეონიძის ქუჩაზე

ფოტო: ოთო გორდელაძე

უნიკალური სახლი ლეონიძის ქუჩაზე მდებარეობს. მისი ავტორი პოლონელი არქიტექტორი, ალექსანდრე შიმკევიჩია. შენობა თავდაპირველად ორსართულიანი იყო და მას ეზოს მხრიდან გახსნილი აივნები, ხის სვეტები და მოაჯირები ჰქონდა. თუმცა, როგორც ჩანს, ის მოგვიანებით შეიმინა. 1930-იან წლებში შენობას დააშენეს მესამე სართული, რომელში არსებული ბინებიც ამ პერიოდშივე მოიხატა.

ბინის მესაკუთრის მთავარი მოთხოვნა იყო მისი ავთენტურობისა და ღირებული ელემენტების შენარჩუნება, სწორედ ამიტომ გაკეთდა მხატვრობის შესრულების ტექნიკის ანალიზი და ამის მიხედვით დაიგეგმა რეაბილიტაციაც. საბოლოოდ, გეგმარება, ფერები და ორნამენტები სრულიად უცვლელი დარჩა.

პროექტი სრულად

4. ისტორიული ბინა კიევის ქუჩაზე

ფოტო: გიორგი ებანოიძე

დავით აღმაშენებლის და კიევის ქუჩის კუთხეში, ისტორიულ შენობაში არსებული ბინის დიზაინი სამ მეგობარს, თათუნა სეფერთელაძეს, ნინია თოფურიას და ნინო გორგოძეს ეკუთვნის.

როგორც მეპატრონეები აღნიშნავენ, მათი მთავარი სურვილი იყო ავთენტურობის შენარჩუნება, სწორედ ამიტომ, ისინი ეცადნენ, მაქსიმალურად დაეტოვებინათ ის გარემო და აურა, რაც ბინას თავიდანვე დაჰყვებოდა. აქედან გამომდინარე, აღდგა არსებული მოხატულობა ჭერზე და შენარჩუნდა მუხის ხის  უნიკალური იატაკი.

პროექტი სრულად

5. თამუნა კანდელაკის პროექტი ვერაზე

ფოტო: ოთო გორდელაძე

ვერაზე მდებარე თამუნა კანდელაკის მიერ განხორციელებული ინტერიერის დიზაინის პროექტი თავისი მცირე, თუმცა კარგად გააზრებული სივრცით გამოირჩევა. სულ რაღაც 68 კვ.მ-ზე განლაგებული საცხოვრებელი გარემო სხვენში მდებარეობს, რაც პროექტის ავტორისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა – დახრილი ჭერი, არასტანდარტული გადახურვა და მისი გამომწვევი გეგმაზომიერი სირთულეები დიზაინის კუთხით სივრცეს არა მხოლოდ გამოწვევად, არამედ უნიკალურ შესაძლებლობად აქცევდა.

პროექტი სრულად

6. ანა ტალახაძის პროექტი ქიაჩელის ქუჩაზე

ფოტო: ოთო გორდელაძე

თბილისის ძველი უბნების ხედით გატაცება ზოგჯერ შეიძლება არქიტექტურული კონცეფციის საწყის წერტილად იქცეს — სწორედ ასე მოხდა ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე ამ 72 კვადრატულ მეტრიან ბინაში, რომლის ინტერიერის დიზაინი ანა ტალახაძეს ეკუთვნის. პროექტი თავიდანვე ხატავდა რომანტიკულ სურათს: პატარა ბინა ვერაზე, საიდანაც იშლება მხოლოდ ძველი თბილისის ლამაზი მონაკვეთების ხედი.

პროექტი სრულად

7. ნინო ნოზაძის პროექტი ტაბახმელაში

ფოტო: ლილე რევიშვილი

ინტერიერში შერჩეული ავეჯი 20-ე საუკუნის დიზაინის გამორჩეული ნიმუშებითაა შთაგონებული და სივრცეს ინდივიდუალურ ხასიათს მატებს. გეომეტრიული კონსტრუქციის მქონე ფოლადის სკამები, ძროხის ტყავის LC4 შეზლონგი, ტყავის რბილი ავეჯი და იასამნისფერი ხალიჩა ქმნის თანამედროვე და თბილ ატმოსფეროს. მსგავსი განწყობა გრძელდება სამზარეულოშიც, სადაც ფოლადის ავეჯსა და ბარის სკამებს ინდუსტრიული სტილის ელენემტი შემოაქვს ინტერიერში.

პროექტი სრულად

8. თაკო კამკამიძის ინტერიერი ბაგებში

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

ბაგების უჩვეულო სიმშვიდეში, 160 კვადრატულ მეტრზე განლაგებული საცხოვრებელი სივრცე, რომელიც „Project Folie“-ს დამფუძნებელმა, თაკო კამკამიძემ საკუთარი ხელით შექმნა, მისი ინდივიდუალური გემოვნებისა და ესთეტიკის პირდაპირი ანარეკლია. ეს ინტერიერი გამორჩეულია Wabi Sabi-ის ფილოსოფიით შთაგონებული მიდგომით – ბუნებრივი მასალები, ნაკლებად დამუშავებული ზედაპირები და სიმშვიდის მატარებელი, უხეში სიმარტივე, რაც ქმნის ატმოსფეროს, რომელიც ერთდროულად შთამბეჭდავი და უკიდურესად მყუდროა.

პროექტი სრულად

9. ნინო ნოზაძის პროექტი თბილისში

გიორგი პარკაია

ნინო ნოზაძის ეს პროექტი მკვეთრი ფორმებისა და მშვიდი დახვეწილობის დიალოგია. ეს არის სახლი, სადაც ბუნებრივი მასალები, თამამი აქცენტები და სინათლის ოსტატური გამოყენება ერთიანდება თანამედროვე, მრავალშრიან კომპოზიციაში.

პროექტი სრულად

10. ირინა ქავთარაძის ინტერიერი ლისზე

ფოტო: ლაშა გიგაური

ეს ინტერიერი პირველივე შეხედვით იპყრობს ყურადღებას თავისი ჰარმონიული ატმოსფეროთი — სივრცე, სადაც სიმარტივე და სიმშვიდე თანაბრად თანაარსებობს. ირინა ქვათაძის საცხოვრებელი სახლი მწვანე ქალაქი ლისის უბანში სრულად პასუხობს მფლობელის სურვილს, ჰქონდეს თანამედროვე, მსუბუქი და ზედმეტი ელემენტებისგან დაცლილი გარემო. აქ ყველაფერი გამიზნულია — არც ერთი დეტალი არ არის შემთხვევითი, ხოლო ყოველი ელემენტი საერთო კონცეფციას ემსახურება.

პროექტი სრულად

11. MUA-ს პროექტი წყნეთში

ფოტო: გიორგი მამასახლისი

წყნეთში, კერძო დასახლებების ტერიტორიაზე მდებარე ეს პროექტი არქიტექტურულ სტუდია MUA Architecture & Placemaking-ს ეკუთვნის. ეს ნამუშევარი ერთდროულად ავლენს მოდერნისტული მემკვიდრეობისადმი პატივისცემას და თანამედროვეობისადმი კრიტიკულ რეფლექსიას.

პროექტი სრულად

12. MUA-ს პროექტი აბასთუმანში

ფოტო: გიორგი მამასახლისი

MUA-ს არქიტექტურული პროექტი აბასთუმანში — მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ახლანდელმა ინტერვენციამ არა მხოლოდ შეინარჩუნოს, არამედ გააცოცხლოს არსებული სტრუქტურა და მისთვის ახალი ფუნქცია და მნიშვნელობა შექმნას.

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს დაბა აბასთუმანში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, ოცხის ხეობაში. ნაკვეთი მოქცეულია მდინარის ნაპირსა და მესხეთის ქედის სამხრეთ კალთას შორის. ლანდშაფტი ქმნის ბუნებრივ პლატოს, რომელიც ორ ძირითად დონედ იყოფა: ქვედა პლატო შემოსაზღვრულია მდინარით, ზედა პლატო – კლდის მასიური კლდით. ტერიტორია ორ წერტილში უკავშირდება საავტომობილო გზას, რაც მას ბუნებრივად ინტეგრირებულ კვანძად აქცევს.

პროექტი სრულად

13. WOM_Project-ის პროექტი ლისზე

ფოტო: ლაშა გიგაური

კერძო სახლი მწვანე ქალაქი ლისის უბანში მდებარეობს და მის ინტერიერის დიზაინზე სტუდია WOM_project-მა იმუშავა. სამი სართულის მქონე კერძო სახლი თავიდანვე მოითხოვდა სივრცის სწორ ორგანიზებას და ატმოსფეროს ისე ჩამოყალიბებას, რომ თანაბრად შენარჩუნებულიყო როგორც ღიაობის, ასევე პრივატულობის პრინციპი.

პროექტი სრულად

14. ნინო ნოზაძის პროექტი წავკისში

ფოტო: გიორგი პარკაია

წავკისში, მთის ფერდობებზე განთავსებული ეს კერძო სახლი მოდერნიზმის საინტერესო მაგალითია — ადგილი, სადაც სინათლე, პროპორციები, მასალები და ტექსტურები ჰარმონიაშია და იძენს არქიტექტურულ ფორმას. დიზაინერ ნინო ნოზაძის მიერ შექმნილი ინტერიერი მისი ხელწერის გამოხატულებაა — ზედმეტობებისგან თავისუფალი, თანაბრად ზუსტი და “ადამიანური”, სადაც არქიტექტურა და ატმოსფერო ერთმანეთთან მშვიდად თანაცხოვრობს.

პროექტი სრულად

ამ ჩამონათვალს თუ მთლიანობაში დავაკვირდებით, ნათლად ჩანს, რომ 2025 წელს Homeis.ge-ს მკითხველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა არა მხოლოდ ესთეტიკური მხარე, არამედ სივრცის შინაარსი, მისი ისტორია და გარემოსთან ურთიერთობა. პოპულარული პროექტები ერთმანეთისგან ფორმითა და მასშტაბით განსხვავდება, თუმცა მათ აერთიანებს ერთი საერთო მახასიათებელი — გააზრებული კონცეფცია, რომელიც ადამიანის ცხოვრებას, ყოველდღიურობასა და ემოციებს პასუხობს. ეს ნამუშევრები ასახავს თანამედროვე ქართული დიზაინის მრავალფეროვნებას: ავთენტურობის შენარჩუნების სურვილს, ბუნებრივი მასალებისადმი ინტერესს, მცირე სივრცეების ინტელექტუალურ დაგეგმვასა და ლანდშაფტთან ჰარმონიულ თანაცხოვრებას. სწორედ ამ თვისებებით იქცა თითოეული პროექტი მკითხველისთვის მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ გამოცდილებად. 2025 წლის ყველაზე პოპულარული და კითხვადი პროექტები არ არის მხოლოდ წლის შეჯამება Homeis.ge-თვის — ეს არის ცოცხალი სურათი იმისა, თუ როგორ ვითარდება დღეს ქართული არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი და როგორ აღიქვამს მას საზოგადოება.

სავაჭრო ცენტრებში მიდეას ბრენდ ზონები გელოდებათ!