in

ბარი, სადაც ყველაფერი თამაშია – SHRE Studio-ს უნიკალური პროექტი თამარ მეფის ქუჩაზე

თბილისის ერთ-ერთ ინდუსტრიულ უბანში, რომელიც დღითიდღე ახალ სიცოცხლეს იძენს,  თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილი საამქროს სივრცეში გაჩნდა ადგილი, რომელიც ჩვეულებრივი ბარის კატეგორიას სცდება. ეს არის SHRE Studio-ს მიერ შესრულებული პროექტი Shuffle Boar – ბარი, სადაც ყველაფერი თამაშია (game anything). ეს სამაგიდო თამაში – Shuffle Board – საქართველოში პირველად SHRE Studio-ს პროექტის ფარგლებში რეალიზდა და წარმატებით იმკვიდრებს ადგილს თავისი გამორჩეული დიზაინით.

აღსანიშნავია, რომ SHRE Studio ამ პროცესში მხოლოდ ინტერიერის დიზაინის ავტორი არ ყოფილა — გუნდმა ამ თამაშისთვის პრაქტიკულად ნულიდან შექმნა ინტერიერი. ამას გარდა, თავად Shuffle Board-ის მაგიდების დიზაინიც სწორედ ამ პროექტისთვის შემუშავდა, რაც მას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. 

“გამოწვევა იყო სრულიად ახალი თამაშის დამკვიდრება, რომელსაც ადგილობრივი კონტექსტი არ აქვს. დავალება აღმოჩნდა არა თანამედროვე, არამედ პირველყოფილ სამყაროში დაბრუნება,” – SHRE Studio-ს გუნდი.

სივრცის კონცეფცია ეფუძნება პირველყოფილი ადამიანის სამყოფელს. ეს არ არის ისტორიული რეკონსტრუქცია, ეს არის ინტუიციური ინტერპრეტაცია იმ დროის, როდესაც თამაში, რიტუალი და ყოველდღიურობა ერთ სივრცეში ერთიანდება.

პროექტის დავალებაში დევს ნარატივი, რომლის მიხედვით Shuffle Board-ს ჰყავს თავისი ღმერთი – ტახის ტოტემი. ის არ არის პირდაპირ გამოსახული ლოგოებზე, მაგრამ მისი ყოფნა იგრძნობა მთელ სივრცეში მასიური, უხეში, პირველყოფილი ენერგიით. თითქოს ეს სივრცე სწორედ მის გარშემო შეიკრიბა.

ამ ნარატივს ყველაზე მკაფიოდ მასალები გადმოსცემს. ინტერიერში გამოყენებულია დამტვრეული ბაზალტის ქვები მძიმე, ცივი და მკვეთრი ტექსტურით. ისინი არ ცდილობენ „ლამაზად“ გამოჩენას. პირიქით, ისინი შეგნებულად უხეში, დაუმუშავებელი და თითქოს ახლახან ამოღებულია მიწიდან. ეს ქმნის ძლიერი, მიწიერი სიმყარის განცდას, რომელიც სივრცის საფუძველია.

ამავე ლოგიკას აგრძელებს დამწვარი ხის კუბები – ელემენტები, რომლებიც თითქოს ადამიანის მატერიასთან მუშაობის პირველი მცდელობებია. აქ ცეცხლი არა დეკორაცია, არამედ პროცესის ნაწილი, ტრანსფორმაციის კვალია.

ბარის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – მისი ფასადი – მთლიანად პროექტისთვის შეიქმნა.
ჩამოისხა ბეტონის ბლოკები, რის შედეგადაც მიღებულია მასიური, უხეში და არათანაბარი სტრუქტურა.

ჭერიდან ჩამოკიდებული დამწვარი ბამბუკის სანათები თითქოს მთლიან ატმოსფეროს აგროვებს ერთ წერტილში. თბილი, ოდნავ ჩაბნელებული, რიტუალური განათება ქმნის განცდას, რომ სივრცეში დრო იცვლება. ეს არის დაბრუნება იმ სინამდვილეში, საიდანაც ყველაფერი დაიწყო – პირველი თამაში, გაერთიანების პირველი მცდელობა, უხეში ესთეტიკა და მისი თანამედროვე ეპოქაში სწორად გამოყენება. ეს იყო მთავარი გამოწვევა, რასაც პროექტის ავტორებმა ამგვარი გადაწყვეტებით უპასუხეს. სივრცეში შემოდის აქცენტური განათებები ცეცხლის ტონებში, რაც ასევე ნაცნობ ადამიანურ ნოსტალგიურ ემოციაში გვაბრუნებს და ერთგვარ აზარტულ განწყობასაც აღძრავს. 

Shuffle Board-ის მაგიდების დიზაინიც ამ კონცეფციის ნაწილია. ისინი არ არის უბრალოდ თამაშის ინსტრუმენტი — ისინი მთავარი სივრცის გაგრძელებაა. მასალა, პროპორცია და დეტალები ემორჩილება საერთო იდეას, სადაც ფუნქცია და ნარატივი ერთიანდება.

ეს არის ადგილი, სადაც სივრცის სწორი გააზრებით მიღებულ იქნა ერთგვარი გამოცდილება, რომელიც წარსულში გაბრუნებს. 

ინტერიერში გამოყენებული ხაზოვანი, ზიგზაგის ფორმის განათება SHRE Studio-ს მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა. სანათები განთავსებულია უშუალოდ Shuffle Board-ის მაგიდების ზემოთ და მათზეა მორგებული როგორც ფუნქციურად, ისე ვიზუალურად და იმეორებს მაგიდების დიზაინს. 

Shuffle Board-ის მაგიდებიც სრულად ინტეგრირებულია ამ დიზაინში და იმავე ესთეტიკურ სისტემას მიჰყვება. მათი ფასადის ხაზები იმეორებს განათების ფორმას, რის შედეგადაც სივრცეში ყალიბდება ერთიანი ვიზუალური რიტმი.

ამგვარად, განათება და მაგიდები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ელემენტები არ არის,  ისინი ერთ სისტემად მუშაობს, სადაც ფორმა და ფუნქცია ერთმანეთთან თანხვედრაშია.
აღნიშნული სანათები SHRE Studio-ს დიზაინ პროდუქტია და მალე დამოუკიდებელი პროდუქტის სახითაც წარსდგება. 

საბოლოოდ, SHRE Studio-მ შექმნა სივრცე, რომელიც არ ცდილობს იყოს კომფორტული კლასიკური გაგებით. ის უფრო გიწვევს და გაბრუნებს თავისუფალ, საწყის მდგომარეობაში.

პროექტის ავტორი: SHRE Studio

ტექსტი: ივა მაზმანიშვილი

ვიდეო: ელენე ერელი

ფოტოგრაფი: ბასა მეტრეველი

2025 წლის ყველაზე პოპულარული პროექტები საქართველოდან – Homeis.ge-ს მკითხველის შეფასება

ხატვა რვეულის ბოლო ფურცლებზე და არქიტექტურის ფოტოგრაფია – ინტერვიუ გიორგი მამასახლისთან