in

განმეორებითობა და რიტმულობა არქიტექტურასა და დიზაინში — ინტერვიუ „SHRE Studio“-ს დამფუძნებლებთან

SHRE Studio“-ს ნამუშევრები საინტერესო გეომეტრიული ფორმებით, ჰარმონიულობითა და რიტმულობით ხასიათდება, რაც საბოლოოდ დახვეწილ დიზაინს ქმნის. სტუდია სხვადასხვა პროექტს აერთიანებს და მუდმივად განახლებად, ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. დღევანდელ სტატიაში „SHRE Studio“-ს დაარსებისა და შექმნის ისტორიას კომპანიის დამფუძნებლები, ძმები ივა და ცოტნე მაზმანიშვილები გვიზიარებენ და შემოქმედებით პროცესსა და მუშაობის ფილოსოფიაზე გვიამბობენ.

რამ იქონია გავლენა თქვენს პროფესიულ არჩევანზე?

ივა  მაზმანიშვილი: პროფესიის არჩევა ბუნებრივად მოხდა, თუმცა მანამდე ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა. მამა არქიტექტორია. ხშირად დავყავდით ოფისში და სწორედ იმ პროექტებმა და  მაკეტებმა, რომელიც მის სამუშაო სივრცეში გვხვდებოდა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. 6 წლიდან ვხატავ და ვძერწავ. ვფიქრობ, სივრცითი აზროვნება ამ პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია. იმის ცოდნა, თუ როგორ მივიღოთ სიბრტყეზე მოცულობა, იდეების რეალობად ქცევაში გვეხმარება. სწორედ ამ საქმის კეთებამ მიმიყვანა იმ პროფესიამდე, რომელიც ჩემი აზრით, ხელოვნების ყველა დარგს მოიცავს. 12 წლიდან პროგრამირების სწავლის სურვილიც გამიჩნდა. 13-14 წლის ვიყავი,  „არქიკადში” პირველად დავხაზე ჩვენი აგარაკის სახლის პროექტი, რომლის მშენებლობის პროცესსაც ვადევნებდი თვალს, რაც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.

ცოტნე მაზმანიშვილი: თუ ისე შევხედავთ, რომ მე შრე სტუდიოს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ვარ და უშუალოდ არც არქიტექტორი და არც დიზაინერი არ ვარ, შეიძლება ითქვას, რომ ზუსტად იმ გარემოს გავლენაა, რომელშიც გავიზარდე. ჩემი ბავშვობა 90-იან წლების თბილისია, როდესაც ნგრევის შემდეგ ქალაქში ქაოსური განაშენიანების პროცესი დაიწყო, რაც უშუალოდ ჩემი ეზოს წინაც ხდებოდა. ბავშვები ხან ამწეებზე დავძვრებოდით, ხან მის ქვეშ დაყრილ სამშენებლო ქვიშაში ვაკეთებდით გვირაბებს… ეს გარემო თითქოს თბილისის ბუნებრივი მდგომარეობა იყო. ამასთან ერთად, როგორც ივამ თქვა, მამის საქმიანობამ ჩვენზე დიდი გავლენა იქონია. მას ხშირად დავყვებოდით ობიექტებზე და სამშენებლო პროცესს ვაკვირდებოდით. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის პერიოდში კონსტრუქტორობა მინდოდა (ფიზიკის სიყვარულის გამო), საბოლოოდ, მაინც მაშინდელი ტენდენციის გათვალისწინებით, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში, ბიზნეს ადმინისტრირების განხრით ჩავაბარე.

Clocks

როგორ წარიმართა თქვენი გზა და სად მიიღეთ განათლება?

ივა  მაზმანიშვილი: როგორც უკვე აღვნიშნე, გადაწყვეტილების მიღებისას დიდი დრო არ დამჭირდა, მარტივად გავაკეთე არჩევანი და სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და ბევრი რამ ვისწავლე, აკადემიური განათლება ამ სფეროში საკმარისი არ აღმოჩნდა. რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილებაა, რომელსაც მხოლოდ რეალურ პროექტებზე მუშაობისას, შეცდომებისა და უამრავი კითხვის დასმის საფუძველზე იღებ.

ცოტნე მაზმანიშვილი: განათლება თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში, მარკეტინგისა და ბრენდინგის მიმართულებით მივიღე. როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, ჩემი ძმა უკვე არქიტექტურაზე სწავლობდა და ყოველთვის ვადევნებდი თვალს მის საკურსო ნამუშევრებს. ივას პროექტების “შემფასებელიც” ხშირად ვიყავი, მაჩვენებდა რენდერებს და მეც ჩემს აზრს ვუზიარებდი. შემდეგ საერთაშორისო პროექტებზეც დავიწყე დაკვირვება, რომ უფრო კომპეტენტური პოზიცია მქონოდა. შეიძლება ითქვას, რომ არქიტექტურისადმი ინტერესი ჩემში სულ იყო, თუმცა შემდგომში უფრო და უფრო გაღრმავდა.

King David Office

როგორი იყო თქვენი კარიერული გზა და რამ განაპირობა თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა?

ივა  მაზმანიშვილი: სტუდენტობის პერიოდში ავეჯის დიზაინზე ვმუშაობდი, რამაც ნაწილობრივ, ჩვენი დღევანდელი საქმიანობაც განსაზღვრა. ავეჯის დიზაინზე მუშაობისას და გარკვეული სირთულეების გადალახვისას დიდი ტექნიკური ცოდნა დავაგროვე. ავეჯის დიზაინს შემდეგ უკვე მოჰყვა ინტერიერის დიზაინის პროექტებიც, რასაც იმდენად შევყევი, რომ უნარებიც ძირითადად, ამ მიმართულებით განვავითარე. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩემი მთავარი პროფესია არქიტექტურაა, რომელიც ინტერიერის დიზაინთან ერთად, დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მოგეხსენებათ, არქიტექტურა და მშენებლობა ჩვენს ქვეყანაში კომერციულ და დეველოპერულ საზღვრებშია მოქცეული და არასახარბიელოდ ვითარდება, მე კი მეტი თავისუფლება ინტერიერის დიზაინში დავინახე, რადგან არქიტექტურული და დიზაინერული გადაწყვეტილებების განხორციელება მხოლოდ დამკვეთთან ურთიერთობით მიიღება. ცხადია, რომ ეს პროცესი მეტად სასიამოვნოა.

ცოტნე მაზმანიშვილი: უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წელი მარკეტინგისა და კრეატივის სფეროში ვიმუშავე, დიდი ხანი ვიყავი კრეატიულ სააგენტო „ვინდფორსში“. ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. ბევრი ახალი თუ უკვე არსებული კომპანიის ბრენდინგსა და რებრენდინგზე ვიმუშავე. მაგრამ მაინც ყოველთვის რაღაცის დანაკლისი მქონდა. საბოლოოდ, მივხვდი, რომ საკუთარი ბრენდის შექმნა და მართვა მინდოდა, რომ წარმატებაც და მარცხიც ბოლომდე გამეზიარებინა. „SHRE Studio“-ს ფორმირებაში კრეატიულ სააგენტოში მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარა, რადგან ეს პროცესი ერთმანეთის მსგავსია, მხოლოდ საბოლოო გამოხატულებაშია სხვაობა. კრეატიულ სააგენტოში თავდაპირველად ბრიფის შედგენა, სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, სათქმელის გამოკვეთა და შემდეგ, იდეის მოფიქრება ხდება, რომელიც მაგალითად, ვიდეო გადაღებით ან რაიმე აქტივობების/ივენთის ორგანიზებით სრულდება. დიზაინ სფეროში ზუსტად ასეა —  ტექნიკური დავალების შემუშავება, დამკვეთის ანალიზი, კონცეფციის მიმართულებისა და იდეების გენერაცია ხდება, რაც საბოლოოდ, დიზაინის შექმნით, ობიექტის მშენებლობით თუ გარემონტებით სრულდება. შესაბამისად, ის გამოცდილება, რაც უკვე კარგად ნაცადი იყო კრეატიულ სფეროში არქიტექტურას მოვარგე და „SHRE Studio“-ში დავნერგე.

საიდან გაჩნდა „SHRE Studio“-ს დაარსების იდეა?  

 ცოტნე მაზმანიშვილი: ერთი მხრივ, ივას ჰქონდა ინტერიერის დიზაინის პროექტები, რომელთათვისაც რესურსი არ ჰყოფნიდა, მეორე მხრივ კი 2018 წლის ბოლოს, სამსახურიდან წამოსვლა და რაღაც ახლის დაწყებას ვფიქრობდი. ივამ სტუდიის დაარსების იდეა შემომთავაზა, სახელწოდებაც მალევე მოვიფიქრეთ — „შრე“, რომელიც გარდა სიმარტივისა და ლაკონიურობისა, ორი მთავარი აზრის მატარებელია — შრე არის ის, რასაც არქიტექტურისა და დიზაინის სახით ვქმნით ჩვენს სამყაროში – ახალ შრეს ვამატებთ იმ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ. ამასთანავე, გვინდოდა ბევრი შრე გაჩენილიყო ამ კომპანიის ბაზაზე, რაც ასეც მოხდა. დღესდღეობით გაქვს „SHRE Construction“-ი, რომელიც სამშენებლო მიმართულებით ოპერირებს, ასევე, „SHRE Pools“-ი, რომელიც აუზის მშენებლობასა და მოწყობას უზრუნველყოფს. ძალიან მალე ჩვენი მომხმარებელი კიდევ ახალ “შრეებს” იხილავს.

Lisi House

როგორი იყო „SHRE Studio“-ს პირველი ნაბიჯები და რა სირთულეები შეგხვდათ ამ პროცესში?

„SHRE Studio“-ს ერთ-ერთი პირველი პროექტი „სკა ჯუს ბარის“ პირველი ობიექტი იყო ყაზბეგზე. ჩვენი მეგობრები ზუსტად მაშინ იწყებდნენ “სკა ჯუს ბარს” და დაემთხვა ჩვენს წამოწყებასაც.  ეს პროექტი სრულად ჩვენი გაკეთებულია და მალევე დიდი ყურადღება მიიქცია. შემდეგ ამას სხვა კომერციული თუ კერძო დაკვეთებიც მოჰყვა. მუშაობის პროცესში თითოეულ დიზაინ ელემენტს ვცდით, ვამზადებთ პროტოტიპებს და მათ ინტერიერს ვუსადაგებთ. სირთულეები მუდამ იყო, თუმცა მთავარი პრობლემა, ვფიქრობთ, ბაზრის შესაძლებლობებია. საქართველოს ბაზარი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით შეზღუდულია. რასაც უცხოურ პროექტებში ვხვდებით, აქ იმ ყველაფრის მხოლოდ 5%-ის მიღწევაა შესაძლებელი.

Ska

როგორ ფიქრობთ, როგორი ხელწერა და დამახასიათებელი სტილი აქვს „SHRE Studio“-ს?

ვფიქრობთ, „SHRE Studio“-ს დამახასიათებელი ხელწერა და გამოკვეთილი სტილი აქვს,  რომელიც ყველა პროექტში გარკვეული დოზით იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ჩვენს პროექტებში ხშირად ვხვდებით განმეორებითობას (repetition), პატერნულობასა და რიტმულობას. ყველა ნამუშევარში იგრძნობა მარტივი გეომეტრიული ფორმები, რაც საბოლოოდ, დახვეწილ დიზაინს ქმნის. ესთეტიკის აღქმა ხელოვნების ყველა დარგში ადამიანურ საწყისებამდე დადის. მაგალითად, მუსიკაშიც ზუსტად ასეა. ჰარმონია ნოტებისა და მუსიკალური ფრაზების განმეორებითობით იქმნება, რაც ჩვენში სასიამოვნო შეგრძნებებს აღძრავს. ამ იდეის საინტერესო ილუსტრაცია მუსიკალური პროდიუსერის — მაქს კუპერის მუსიკალური ვიდეორგოლია „repetition“.

 აღგვიწერეთ როგორია „SHRE Studio“-ს მუშაობის ფილოსოფია

„SHRE Studio“-ს ფილოსოფია თითოეული პროექტის შრეებად  ანალიზს გულისხმობს. ვინ უნდა ისარგებლოს ამ სივრცით? როგორია გარემო? როგორია ბიზნეს მოთხოვნები თუ დიზაინ ტრენდები? — ეს ის საკითხებია, რომლებსაც პროექტირებისას ვითვალისწინებთ. სამუშაო პროცესში გავდივართ “Design Thinking”-ის  ყველა ეტაპს, რათა გამართულ იდეამდე მივიდეთ. შთაგონების წყარო კი ყოველთვის კონტექსტია. ის, რაშიც ვცხოვრობთ, ვარსებობთ, ვურთიერთობთ და სადაც ახალ შრეს ვქმნით.

Simetria

რომელ თქვენს ნამუშევრებს გამოარჩევდით?

ბევრ საინტერესო პროექტზე გვიმუშავია, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი მცირე მეღვინეობის მარანია დამარჩინეს მამულში. პროექტი ორ ეტაპად იყოფა, პირველი ნაწილის განხორციელებას კი უკვე შევუდექით. ვფიქრობთ, ჩვენ პორტფოლიოში ერთ-ერთი განსაკუთრებული ნამუშევარია, რადგან მისი არქიტექტურაც და ინტერიერიც ჩვენი შესრულებულია.

ქართული კულტურისთვის ღვინო ძალიან მნიშვნელოვანია, ის ჩვენს იდენტობას გამოხატავს. ამიტომ პროექტზე მუშაობისას მაქსიმალურად ვეცადეთ, ქართული შტრიხების გამოყენებით თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინის მქონე არქიტექტურა შეგვექმნა. ფასადის დიზაინი მცირე შატოს არქიტექტურის ერთგვარი რეფლექსიაა, ქართული ქვევრის ფორმის მასიური გამოსახულება კი  შენობის ინტერიერში გიწვევს და გიზიდავს.

პირვანდელი პროექტი
პირვანდელი პროექტის ინტერიერი
საბოლოო პროექტის ექსტერიერი
საბოლოო პროექტის ექსტერიერი
საბოლოო პროექტის ექსტერიერი
საბოლოო პროექტის ინტერიერი
საბოლოო პროექტის ინტერიერი
Damarchine Estate – საბოლოო პროექტის ინტერიერი

როგორ შეაფასებთ ქართულ არქიტექტურულ და დიზაინ სივრცეს, რა გამოწვევების წინაშე დგას ის?

დღესდღეობით არაერთი კომპანია თუ დამოუკიდებელი ინტერიერის დიზაინერია, რომლებიც კარგად ასრულებენ სამუშაოს. კონკურენცია ნამდვილად დიდია, რაც მაღალი ხარისხის გარანტია და ეს კარგია. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ბევრს მხოლოდ პროგრამების სწავლით სურს წარმატების მიღწევა, რაც არასწორი დამოკიდებულებაა. ამ სფეროში ვიზუალური მხარის უკან უამრავი დეტალია, რომელთა ცოდნის გარეშე შეუძლებელია სასურველი შედეგის მიღება.

რაც შეეხება გამოწვევებს, დიზაინი და შემოქმედებითი მხარე ტექნოლოგიურ განვითარებას უსწრებს წინ. ქვეყანაში წარმოება საკმარისად განვითარებული არაა, რათა სამრეწველო ხარისხის დიზაინის პროდუქტები შეიქმნას. მაგალითად,  სანათები, სკამები, მაგიდები… ამ მიმართულებით წარმოებას დიდი წარმატების მოტანა შეუძლია, როგორც ქვეყნისთვის, ისე თითოეული დიზაინერისთვის. ამიტომ ჯერ ძალიან შორს ვართ საერთაშორისო ბაზრისგან. ვიმედოვნებთ, რომ მალე შევძლებთ ისეთი პროდუქციის შექმნას, რომელიც კონკურენციას გაუწევს მსოფლიო ანალოგებს.

Mercure Hotels

თქვენი დაკვირვებით, საქართველოში რამდენად მოთხოვნადია ეს მომსახურება?  

ყოველდღიურად მატულობს რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც იაზრებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიზაინერის მომსახურება. დიზაინი ტექნიკური პროდუქტია, სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც სივრცე უნდა მოეწყოს. ჩვენს კულტურაში დიზაინი რატომღაც ვიზუალურ გამოხატვასთან, ფერების შეხამებასთან არის გაიგივებული, რაც საქმის უმცირესი ნაწილია. ეს ზუსტად ისეთივე დარგია, როგორც არქიტექტურა ან ინჟინერია. ვფიქრობთ, ცალსახაა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ შეიცვალა დამოკიდებულება ამ საქმისადმი – რადგან  მარტივი შესადარებელია პროფესიონალურად შესრულებული პროექტი და სამოყვარულოდ,  „იურისტის“ მიერ შემუშავებული დიზაინი.

აპარტამენტი ჟვანიას ქუჩაზე

თქვენი აზრით, რა როლი აქვს თანამედროვე სამყაროში არქიტექტურასა და დიზაინს?  

თანამედროვე სამყაროში მუდმივად იცვლება მიდგომები ადამიანის საჭიროებებსა და სივრცეების მოწყობაზე. კაცობრიობის განვითარების მანძილზე, სამყაროში არსებულ რესურსს ადამიანები დაუზოგავად მოიხმარდნენ, რაც დღესაც ასეა. ჩვენ ვქმნით ახალს და ვანადგურებთ ბუნებრივ რესურსს. თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის მიზანია გარემოს ზიანისა და მოხმარების მაქსიმალური შემცირება. მნიშვნელოვანია, არქიტექტურა და დიზაინი თანხვედრაში მოდიოდეს ლანდშაფტთან და არსებულ გარემოსთან. შეიძლება ითქვას, რომ მთავარი გამოწვევა ამ ეტაპზე ჯანსაღი გარემოს შექმნაა, როგორც ვიზუალურად, ისე ეკოლოგიურად და ამაზეა ძირითადი ყურადღება მიმართული.

სარფის აპარტამენტი

გვიამბეთ მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე

ამჟამად ვმუშაობთ Wyndham-ის ბრენდის სასტუმროს ინტერიერის დიზაინზე  — “არქი რამადა ენკორის” პროექტზე, რომლის დიზაინ კონცეფციაც ჯერ არ გამოგვიქვეყნებია და პირველად თქვენ გიზიარებთ.

არქი რამადა ენკორი

„SHRE Studio“ უახლოეს მომავალში ბევრ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ. ძალიან მალე ვიხილავთ „SHRE.store“-ს – ონლაინ სივრცეს, სადაც ჩვენი გუნდის მიერ შერჩეული და შექმნილი დიზაინ-პროდუქტები იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის მცირე ნაკეთობებიც  — განათება თუ დეკორაციები.

ასევე, მალე წარვადგენთ პლატფორმას, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე დიზაინ გენერატორია, სადაც ადამიანებს შეეძლებათ, შექმნან სივრცის ვიზუალი საკუთარი სურვილებისა და გემოვნების მიხედვით სულ რაღაც ერთ წუთში. ამ პროექტის მიზანი უფრო ინსპირაციულია, ვიდრე პროფესიონალური და ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

დაბოლოს, რას ურჩევდით ახალგაზრდა კოლეგებს? 

ახალგაზრდა კოლეგებს ვურჩევდით, თუ საშუალება ექნებათ, აუცილებლად გააგრძელონ სწავლა საზღვარგარეთ, რადგან ვფიქრობთ, მხოლოდ ინტერნაციონალურ გარემოშია შესაძლებელი განსხვავებული ცოდნისა და მიდგომების მიღება, რას აქ, სამწუხაროდ, იმ დოზით  ვერ ხერხდება. თუმცა ღია რესურსები მაინც გვაძლევს საშუალებას, რომ ფეხი ავუწყოთ საერთაშორისო სტანდარტებს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ელექტრო ბუხარი – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

ნეოკლასიკური ინტერიერი ფალიაშვილის ქუჩაზე — ლალი შაშიაშვილის ნამუშევარი