in

თანამედროვე პენტჰაუზი ლისზე მკვეთრი ფერებით – SHRE Studio-ს ნამუშევარი

პენტჰაუზი, რომელიც SHRE Studio-ს დასრულებულ ნამუშევარს წარმოადგენს, ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს, რაც მას სუფთა ჰაერითა და რეკრეაციული ზონებით გამოარჩევს. სახლის საერთო ფართობი 318 კვადრატული მეტრია, აქედან საცხოვრებელი ფართი 148 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მოიცავს 2 საძინებელს, 2 სველ წერტილს, სამუშაო ოთახს, მისაღებსა და სამზარეულოს, დანარჩენი 170 კვადრატული მეტრი კი  გამწვანებული საზაფხულო სივრცეა. მე-18 და მე-19 სართულზე მდებარე დიდი ვერანდიდან საუკეთესო ხედები იშლება, რაც აპარტამენტს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

პენტჰაუზი უცხოელი წყვილისა და მათი მცირეწლოვანი ვაჟის სურვილებსა და საჭიროებებზეა მორგებული. სახლის დაგეგმარებისას საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ცოლ-ქმრის ცხოვრების სტილმა, რომელიც ერთი მხრივ, ეკო-მეგობრულობასთანაა დაკავშირებული, მეორე მხრივ კი ვეგანობასთან. სწორედ ამიტომ, ინტერიერში სჭარბობს მწვანე ფერი, ყვითელი და წითელი ნოტების დამატებით კი სახასიათო ფერთა პალიტრა იქმნება. ამ ფერთა გამას კი იდეალურად აბალანსებს ხისა და ქვის ფაქტურები.

მისაღებ სივრცეში განთავსებული ყვითელი და ღია ნაცრისფერი დივანი მწვანე ბალიშებითა და წითელი ჟურნალის მაგიდით იდეალურ კომბინაციას ქმნის და განსაკუთრებული აქცენტები შემოაქვს სივრცეში. თვალშისაცემია საინტერესო დიზაინის მქონე მწვანე ფარდა, რომელიც მწვანე თაროებისა და სასადილო მაგიდის სკამების ტონს ეხმიანება.

როგორც დიზაინერები აღნიშნავენ, დეველოპერების მიერ მოწოდებული პენტჰაუზის თავდაპირველი გეგმარება სრულად შეიცვალა და ბინის მესაკუთრეების მოთხოვნებსა და საჭიროებებს მოერგო. შედეგად, შეიქმნა მათთვის მეტად კომფორტული, მყუდრო და ნათელი აპარტამენტი. დამკვეთის დავალებამ, რომელსაც  სურდა პირველ სართულზე განთავსებულიყო დიდი მაგიდა, ცენტრალური როლი ითამაშა პროექტის საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში, რადგან სწორედ ამ გადაწყვეტილებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ ამ მაგიდის ირგვლივ მოეწყო დანარჩენი სივრცეები.

წყვილის მოთხოვნით, კიბე უნდა ყოფილიყო გამორჩეული და განსაკუთრებული ელემენტი სახლში, რათა მას ნებისმიერი მნახველის ყურადღება მიეპყრო. შესაბამისად, პირვანდელ გეგმარებაში მოცემული კიბის ჩვეული ფორმები ოვალურით შეიცვალა, რის შედეგადაც ერთი მხრივ, სივრცე გაიზარდა, მეორე მხრივ კი კიბის დიზაინი ორგანულად შეერწყა აპარტამენტის საერთო კონცეფციას. კიბე ჭერის ოვალურ ფორმას იმეორებს, განათება კი კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს კიბის ფორმებს, რაც ბინის მთავარ ელემენტს უფრო აქცენტირებულს ხდის. კედელსა და ჭერზე არსებული ვერტიკალური ზოლები, რომლებიც ასევე განათებებით გამოიკვეთა, ბინაში რიტმულობას ქმნის.

პროექტის ავტორების აზრით, აპარტამენტში ბევრი გამორჩეული დეტალია, რომელიც სახლს მეტ ორიგინალურობასა და მიმზიდველობას სძენს. მაგალითად, მისაღებში განსაკუთრებული ადგილი ვისკის კუთხეს უჭირავს, რომელსაც საინტერესო ფორმის თაროები ამშვენებს, პატარა მაგიდა კი მას მეტად მომხიბვლელს ხდის. მაგიდის თაროებთან გაერთიანებით მეტი სივრცე შენარჩუნდა და ვისკის კუთხეს სრულყოფილი იერსახე მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ სახლის ამ ზონაში მყარი ტიხრები არ გვხვდება, მაინც ნარჩუნდება ორი ადამიანისათვის გამოყოფილი, მყუდრო გარემო.

ერთ-ერთი საინტერესო ამოცანა, დიზაინერების თვალსაზრისით, პარკეტისა და კერამო- გრანიტის გადაბმა აღმოჩნდა, რომელსაც არც თუ ისე ხშირად ვხვდებით ინტერიერის დიზაინში. პარკეტი სპეციალურად იტალიაში დამზადდა, რათა კერამო-გრანიტის ზომებთან თანხვედრაში ყოფილიყო. ეს დეტალი კი ბინის დინამიკურობასა და ხასიათს ინარჩუნებს.

სამზარეულო და მისაღები გაერთიანებულია, თუმცა ორი მხრიდან არსებული ბარი სამზარეულოს სივრცეებს მკვეთრად გამოხატავს და პრივატულობას მეტად ინარჩუნებს. ბარი ასევე გამყოფის ფუნქციასაც ასრულებს, მის თავზე არსებული მარტივი, სადა განათებები კი ნიშის სივრცეებს კარგად ავსებს. სამზარეულოს მდებარეობა საშუალებას იძლევა, მაცხოვრებლები თანაბრად დაუკავშირდნენ როგორც ვერანდას, ასევე მისაღებ ოთახს, რაც სამზარეულოს სამუშაო სივრცეს მეტად მოსახერხებელს ხდის ყველა სეზონზე. გამორჩეულ ელემენტს დომინანტური მწვანე ფერი წარმოადგენს, რომელიც ამ ზონაში მკვეთრად იგრძნობა და ბუნებასთან კავშირის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს.

მთავარი საძინებელი მთლიანი ინტერიერისათვის დამახასიათებელ ატმოსფეროს ინარჩუნებს, დიაგონალურად შეღებილი კედლები კი საინტერესო ხასიათს ქმნის. მყუდრო და ინტიმური გარემოს მისაღებად დაბალანსებულია ცივი და თბილი განათებები. საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება მრგვალი სარკე, ხის მაგიდა და ყვითელი სკამი.

ბავშვის საძინებელში ყურადღებას იქცევს საწოლი, რომელიც ხის სახლს მოგვაგონებს. პატარა არასიმეტრიულად განლაგებული განათებები კი ოთახში საინტერესო და ჰარმონიულ გარემოს ქმნის. განსაკუთრებით მომხიბლავი სათამაშო კუთხეა, რომელიც ტანსაცმლის კარადასთან ერთად, ოთახს მეტად ფუნქციურს ხდის.

SHRE Studio-ს მთავარი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ აპარტამენტების მესაკუთრეებისთვის შეექმნათ სასურველი გარემო. მნიშვნელოვანი იყო ისეთი სივრცის დაპროექტება, სადაც მაცხოვრებლებს სტრესული დღის შემდეგ, პოზიტიური და ჯანსაღი გარემო დახვდებოდათ. შედეგად, ბინაში არსებული ღია ფერები და ხისა და ქვის მასალები  ბუნებასთან კავშირის განცდას ბადებს და სახლს მეტ სიმყუდროვესა და განსაკუთრებულობას სძენს. ბინის თითოეული ზონა საერთო კონცეფციას ეხმიანება. სწორი დაგეგმარებით კი ათვისებული და პრაქტიკულად გადანაწილებულია აპარტამენტის თითოეული სივრცე. მთლიანობაში ინტერიერმა ძალიან ნათელი და სახასიათო სახე მიიღო, ამ გარემოს კი სუფთა ჰაერი და საცხოვრებელი ხედები მეტად მიმზიდველად აქცევს, რაც საერთო ჯამში, მობინადრეებს თავს სასიამოვნოდ აგრძნობინებს.

 

დიზაინ სტუდია: SHRE Studio

დიზაინის ხელმძღვანელი: ივა მაზმანიშვილი 

დიზაინერები: ნინუცა სანიკიძე, შმაგი აფაქიძე

უმცროსი არქიტექტორი: მარიამ ბედოშვილი

პროექტის ხელმძღვანელი: ცოტნე მაზმანიშვილი

პროექტ მენეჯერი: ელენე სულაძე

სარემონტო კომპანია: SHRE Construction

წარმოების ხელმძღვანელი: ლაშა გონგლაძე

ფოტოგრაფი: Makasarashvili Photography

რატომ აკლია ინტერიერს ინდივიდუალიზმი და როგორ გამოვასწოროთ ეს პრობლემა?

რა უნდა გავითვალისწინოთ ფილების ფუგით ამოვსების შემთხვევაში?