in ,

ორი ბარი ერთი კონცეფციით – “შრე სტუდიოს” ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

დღეს გვსურს გაგაცნოთ “შრე სტუდიოს” კიდევ ერთი ნამუშევარი, რომელიც ორი სხვადასხვა ობიექტისგან შედგება. საუბარია “სკა ჯუს ბარის” ყაზბეგისა და თაქთაქიშვილის ქუჩების ფილიალებზე.

პროექტის ავტორების თანახმად, ყაზბეგის სივრცე ქსელის პირველი ობიექტი იყო. შესაბამისად, მისი გამოჩენა ბაზარზე უნდა ყოფილიყო შესამჩნევი, გამორჩეული და შთაბეჭდილების მომხდენი თითოეულ სტუმარზე. პროექტის ძირითადი მიმართულება თავად “სკას” კონცეფციიდან იქნა ნაკარნახევი: ეს არის დაბალანსებული, სწორი და ჯანსაღის ცხოვრების წესის ფილოსოფიის მქონე ბრენდი, რაც საპროექტო ჯგუფისთვის შინაგან ჰარმონიას და მოწესრიგებულობას გულისხმობდა.

როგორც “შრე სტუდიო” გვიამბობს, ფართის კონფიგურაციაც იდეალურ კუბიკს ჰგავდა, რაც მათ კარგად გამოიყენეს დიზაინში. წესრიგი და ჰარმონია მწყობრ, სიმეტრიულ და რიტმულ ფორმებში იქნა გადატანილი და მაღალი ჭერიდან დაშვებული 3 მეტრიანი განათების მილები ინტერიერის მთავარ აქცენტად იქცა. ამ ფორმით მოხდა ისედაც მაღალი ჭერის კონტრასტულობის კიდევ უფრო მეტად ხაზგასმა და მისი ერთგვარ უსასრულობაში გადატანა.  მასშტაბის შეგრძნებისთვის ინტერიერში შემოტანილია მთელ კედელზე სიმეტრიული თაროები, რომლებიც თითქოს, სხვა განზომილებას აჩენს სივრცეში. საპირისპირო კედელზე კი ასევე სიმეტრიული კვადრატული სარკეები გვხვდება, რაც მოპირდაპირე მხარეს არსებულ რეალობას იმეორებს.

მთავარი დიზაინერი: ივა მაზმანიშვილი

უმცროსი დიზაინერი: შმაქი აფაქიძე

წარმოების ხელმძღვანელი: ლაშა გონგლაძე

პროექტის ხელმძღვანელი: ცოტნე მაზმანიშვილი

ფოტოგრაფი: ნიკა მაქს ხუნდაძე

რაც შეეხება “სკა ჯუს ბარის” მეორე ობიექტს, რომელიც თაქთაქიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, იგი ფერებითა და განწყობით საკმაოდ განსხვავდება პირველისგან, თუმცა კონცეპტუალურად იგივე ხაზს იმეორებს, რაც გულისხმობს სიმეტრიულობას, წესრიგსა და ჰარმონიას.

ამ შემთხვევაში დამკვეთის მოთხოვნა იყო, რომ სივრცე უფრო ფერადი ყოფილიყო, თუმცა არ უნდა დაკარგული კავშირი პირველ ობიექტთან. შესაბამისად, მიღებულ იქნა ასეთივე დიზაინ გადაწყვეტა: პირველი ობიექტის მთავარი ელემენტი – ჭერიდან დაშვებული განათებები – იდეურად “დანაწევრდა” და მოხდა მისი კომპონენტების ახლებურად გამოყენება ახალ სივრცეში. ამ შემთხვევაში კედლის სახით სტაფილოსფერი მილები გვევლინება, ხოლო მასში არსებული ნათურები ცენტრალური სივრცის განათებას ახდენს. უნიკალური დიზაინი აქვს საპირფარეშოსაც, სადაც ბროწეულისფერი კედლები, რიტმული სარკეები და ასეთივე ხელსაბანი გვხვდება. ეს უკანასკნელი მეტალისგან არის დამზადებული და ის სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა.

მთავარი დიზაინერი: ივა მაზმანიშვილი

დიზაინერები: შმაქი აფაქიძე, ნიკა პავლიაშვილი

წარმოების ხელმძღვანელი: ლაშა გონგლაძე

პროექტის ხელმძღვანელი: ცოტნე მაზმანიშვილი

ფოტოგრაფი: ვახო მაკასარაშვილი

როგორ შევინახოთ ზამთრის ტანსაცმელი

სამი სახლის რენოვაციით მიღებული შენობა ვიეტნამში – Space + Architecture-ს პროექტი