დღეს, როცა ქალაქები სწრაფად იზრდება, სივრცე აღარ არის მხოლოდ კედლებს შორის მოქცეული ფიზიკური მოცემულობა. სივრცე არის ემოცია, ყოველდღიური ჩვევა, განწყობა, ცხოვრების ხარისხი…
მიუხედავად ამისა, თანამედროვე მრავალბინიანი შენობების მშენებლობაში, ხშირად ვხედავთ ერთნაირ, სტანდარტულ გეგმებს, ბინებს, რომლებიც ოთხკუთხედ ყუთებად არის ჩამოყალიბებული.
დღეს ბინის გეგმარება მორგებულია არა ადამიანს, არამედ დეველოპერს, სამშენებლო ხარჯების შესამცირებლად.
საქართველოში განსაკუთრებით იგრძნობა სივრცის გააზრებული დაგეგმარების დეფიციტი:
- სამზარეულოები ბინის სიღრმეში, ბუნებრივი განათების გარეშე;
- აივნები, რომლებიც მხოლოდ დეკორატიული ელემენტებია;
- ოთახები, რომლებიც ვერ პასუხობს ადამიანის ყოველდღიურ საჭიროებებს.
ამ ფონზე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კითხვა – „როგორ მოქმედებს საცხოვრებელი სივრცე ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და შეგვიძლია თუ არა მცირე ფართობშიც შევქმნათ ჯანსაღი გარემო?”
სწორ დაგეგმარებასა და ფართის სწორად ათვისებას შეუძლია შეცვალოს არა მხოლოდ ბინის ფუნქცია, არამედ ადამიანის ყოველდღიური გამოცდილება. სწორედ ამ თემაზე Homeis.ge ესაუბრა „იდეა სითის“ გეგმარების სპეციალისტებსა და არქიტექტორს, რომლებმაც შექმნეს პროდუქტი, აბსოლუტურად განსხვავებული, რაღაც ახალი, ისეთი, რამაც ექსპო ჯორჯიას გამოფენაზე კომპანიას 5 ჯილდოდან 2 მოაპოვებინა, რაც გამოფენის არსებობის მანძილზე პირველი პრეცენდენტია.
სწორედ ამიტომ დავინტერესდით ამ ადამიანებით.

რატომ ფიქრობთ, რომ საცხოვრებელი ბინის დაგეგმარება პირდაპირ კავშირშია ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან?
ადამიანები იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რატომ ვიღლებით კონკრეტულ სივრცეში, ან რატომ გვინდა სწრაფად დავტოვოთ გარკვეული ოთახი. სინამდვილეში, ეს რეაქციები სივრცის მიერაა ნაკარნახები. გეგმარება სწორედ ამ უხილავ დიალოგს მართავს ადამიანსა და გარემოს შორის.
ადამიანი გარემოსთან მუდმივ ურთიერთობაშია, ხშირად ამის გაცნობიერების გარეშე. სივრცე, სადაც ვცხოვრობთ, გვაყალიბებს, ის გავლენას ახდენს ჩვენს ენერგიაზე, განწყობაზე, ურთიერთობებზე.
როდესაც ბინა არ არის გააზრებული, როცა სივრცეები არ „სუნთქავს“, ადამიანი ქვეცნობიერად გრძნობს ნეგატიურ ზეგავლენას, სწორად დაგეგმარებული ბინა კი ქმნის უსაფრთხოებისა და სიმშვიდის განცდას.
დღეს ბაზარზე ბევრი ბინა გვხვდება სტანდარტული გეგმარებით. რა პრობლემას ხედავთ ამ მიდგომაში?
შეცდომა არის სივრცის მექანიკური აღქმა. ბინა აღიქმება, როგორც კვადრატული მეტრების ჯამი და არა როგორც სცენარი ადამიანის ცხოვრებისათვის. ამის შედეგია ერთნაირი ფორმის ბინები, სადაც არ არსებობს იერარქია – სად იწყება დღე, სად მთავრდება, სად ისვენებ, სად ურთიერთობ. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, როდესაც ის თავის პირველად საჭიროებებს იკმაყოფილებს, როგორიცაა, მაგალითად, კვება და უსაფრთხოება, მერე მთავარი ინტერესია, იყოს განსხვავებული სხვისგან. ამის ძიებისთვის მას სჭირდება ფიქრი და ეს ფიქრი ყველაზე მეტად იმ გარემოში მოდის, სადაც ადამიანი საკუთარ თავთან ჰარმონიაშია. სწორედ ასეთი ადგილი უნდა იყოს სახლი. სტანდარტული გეგმარება კი, ამის საპირისპიროდ, ცდილობს, ყველა ადამიანს ერთნაირი ცხოვრების წესი მოარგოს.
ხშირად საუბრობენ ფუნქციურობაზე. თქვენთვის რას ნიშნავს ფუნქციური საცხოვრებელი სივრცე?
ფუნქციურობა არ არის მხოლოდ „ყველაფერს თავისი ადგილი აქვს“. ფუნქციური სივრცე ადამიანს არ სთხოვს ძალისხმევას. ის არ გიქმნის დაბრკოლებებს ყოველდღიურ მოძრაობაში, ფიქრში, დასვენებაში. თუ სივრცეში ყოფნა მოითხოვს მუდმივ შეგუებას, რაღაცის გადალაგებას, გადატანას, თავიდან ფიქრს – ეს უკვე სიგნალია, რომ გეგმარება ადამიანის წინააღმდეგ მუშაობს და არა მის სასარგებლოდ.

დღევანდელ ბაზარზე ყოველდღიურად ჩნდება ახალი პროექტები, მომხმარებელს მუდმივად სთავაზობენ სიახლეებს, თუმცა მაინც დიდია მოთხოვნა ძველ ბინებზე, რომლებიც ხშირად გაცილებით ძვირი ღირს (თუნდაც სარესტავრაციო შენობები). რა განაპირობებს ამ ინტერესს?
ძველი არქიტექტურის ბინებში გეგმარება შექმნილი იყო ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებისათვის, სივრცე მორგებული იყო ბუნებრივ მოძრაობაზე, ემოციებზე, ყოველდღიურ რიტმზე. დღეს, როცა ბიზნესი ცდილობს, რომ მთელი პროექტი მოარგოს არა ადამიანს, არა საზოგადოებას, არამედ სამშენებლო ხარჯების შემცირებას, ეს ინტუიციური და ადამიანზე მორგებული სისტემა თითქოს ქრება.
ასეთი თვალსაჩინო მაგალითია შუშაბანდი ძველ თბილისურ ბინებში. ეს არ იყო მხოლოდ დეკორატიული ელემენტი – შუშაბანდი იყო აქტიური სოციალური სივრცე შეხვედრებისთვის, ვახშმებისთვის, ყოველდღიური ურთიერთობებისთვის. ადამიანი ერთდროულად იყო დაცულ გარემოში და ამავე დროს, დაკავშირებული გარე სამყაროსთან – ასეთი გამოცდილება თანამედროვე სტანდარტულ ბინებში თითქმის არ გვხვდება.
რა როლი აქვს ბუნებრივ განათებას საცხოვრებელი სივრცის აღქმაში?
ბუნებრივი სინათლე სახლს სიცოცხლეს მატებს. ეს არა მხოლოდ ვიზუალური საჭიროებაა – სინათლე განსაზღვრავს ბიორიტმს, ენერგიასა და ემოციებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი სხივების შემოსვლა ყველა ძირითადი სივრცის და, რაც მთავარია, სამზარეულოს მიმართულებით.
სამზარეულო არ არის მხოლოდ ტექნიკური სივრცე. ეს არის ადგილი, სადაც თავმოყრილია სუნები, არომატები, აირები…ღიობები, ფანჯრები და სწორი განიავება გარდამტეხია: ისინი უზრუნველყოფს ჰაერის სუნთქვას, ემოციურ კომფორტსა და ბუნებასთან კავშირს. განათებული და კარგად განიავებული სამზარეულო აძლიერებს პოზიტიურ განწყობას, ენერგიასა და ფსიქოლოგიურ სიმშვიდეს, რაც დახურული, განათების გარეშე დარჩენილი სივრცის შემთხვევაში შეუძლებელია.
რა მნიშვნელობა აქვს მისაღებ ოთახს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში?
მისაღები ოთახი არის ძირითადი სივრცე დასვენებისა და სოციალური ურთიერთობისთვის და, როგორც წესი, ის უნდა იყოს ყველაზე დიდი სივრცე სახლში. აქ ხდება ოჯახის წევრებისა და სტუმრების შეხვედრა, ერთად დროის გატარება და ყოველდღიური აქტივობების ნაწილი. მისი ზომა და სწორი ორგანიზება – განათება, ავეჯის განლაგება და მოძრაობის თავისუფლება უზრუნველყოფს ფუნქციურობას, კომფორტს და სივრცის ეფექტურ გამოყენებას.
როგორც არქიტექტორები, რომელი სივრცის დამატებას მიიჩნევთ აუცილებლად სტანდარტულ საცხოვრებელ ბინებში და რატომ?
სავახშმო ოთახი. სივრცე, რომელიც თითქოს უხმაუროდ გაქრა ჩვენი სახლებიდან.
ეს არც არის გასაკვირი: სამზარეულო და მისაღები ერთ საერთო სივრცედ იქცა, ხოლო სავახშმო ოთახი საერთოდ ამოვარდა ბინის სტრუქტურიდან და მასთან ერთად დაიკარგა ადგილი, ეს სივრცე ისტორიულად ადამიანებს აძლევდა საშუალებას ესაუბრათ, აზრები გაეცვალათ, შეთანხმებებისთვის მიეღწიათ.
შესაძლოა, თანამედროვე ბინებს სწორედ ეს აკლია – არა კიდევ ერთი კვადრატული მეტრი, არამედ სივრცე, რომელიც ერთად ყოფნას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ პატარა კვადრატულობაშიც შესაძლებელია კომფორტის შექმნა. როგორ?
კომფორტი არ იზომება კვადრატულ მეტრებში. ის იზომება იმით, რამდენად სწორად არის სივრცე გააზრებული. პატარა ბინაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზონირება – ფუნქციების მკაფიო, მაგრამ რბილი გამიჯვნა. როცა სივრცეს აქვს ლოგიკა, მოძრაობის სწორი ტრაექტორია, ბუნებრივი განათება და მრავალფუნქციური ელემენტები, ადამიანი არ გრძნობს შეზღუდვას.
პირიქით – ასეთი სივრცეები ქალაქში უფრო მყუდროა.

დღევანდელ ბაზარზე ხშირად გვხვდება – ან ძალიან ვიწრო აივნები, ან ისეთივე ზომის, რომელიც შიდა ფართობთან შეუსაბამოა. როგორ აფასებთ აივნის მნიშვნელობას თანამედროვე ბინებში და რა გავლენა აქვს მის ზომას ყოველდღიურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით, მცირე ფართობებში?
აივანი არ არის მხოლოდ დეკორატიული ელემენტი – ეს არის სივრცე შიდა და გარე სამყაროს შორის, მისი მნიშვნელობა პირდაპირ უკავშირდება ზომას, პოზიციასა და ფუნქციურობას. ძალიან ვიწრო აივანი ვერ უზრუნველყოფს დასვენებას, დღეს ასეთი ვიწრო აივნები ხშირად აღჭურვილია გათბობის ქვაბით, რაც მკვეთრად აქვეითებს ჰაერის ცირკულაციას და ბუნებრივი სინათლით ბინის გამდიდრებას. შედეგად, აივანი კარგავს როგორც ფსიქოლოგიურ, ისე პრაქტიკულ ღირებულებას – ხდება მხოლოდ ფორმალური ელემენტი.
სწორად გაზომილი, ფუნქციურად გათვალისწინებული აივანი, პირიქით, შეიძლება სრულფასოვანი ადგილი გახდეს ყოველდღიურობაში – სივრცე, სადაც შეგიძლია მიიღო სტუმრები, დალიო ყავა, ივარჯიშო ან მოკლე სამუშაოსთვის გამოიყენო. განსაკუთრებით პატარა ბინებში, სწორად დაგეგმილი აივანი უზრუნველყოფს ჰაერისა და სინათლის საკმარის ცირკულაციას, ქმნის ფსიქოლოგიურ სიმშვიდეს, ემოციურ თავისუფლებას და განცდას, რომ ბინა არ არის უბრალოდ შეკუმშული სივრცე, არამედ გარემო, რომელიც მხარს გიჭერს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასეთ პატარა ბინებში, აივანი არის შიდა სივრცის იდეალური გაგრძელება.
თუ მომავალზე ვიფიქრებთ, როგორ უნდა შეიცვალოს საცხოვრებელი გეგმარების მიმართ დამოკიდებულება?
ბინა არ არის უბრალოდ პროდუქტი, ბინა არის გარემო ადამიანის ცხოვრებისთვის. საცხოვრებელი ბინის დაგეგმარება უნდა ეფუძნებოდეს წინასწარ გააზრებულ სცენარს. როგორ ცხოვრობს ადამიანი, როგორ იწყებს და ასრულებს დღეს, როგორ ურთიერთობს ოჯახთან და საკუთარ თავთან. წინასწარი ფიქრი, სწორი დაგეგმარება და სივრცის პატივისცემა ქმნის არა მხოლოდ უკეთეს არქიტექტურას, არამედ უფრო ბედნიერ ადამიანებს. ეს შესაძლებელია მცირე ფართობშიც, თუ სივრცეს ვუყურებთ, როგორც ცოცხალ სისტემას და არა მხოლოდ კვადრატულ მეტრებს.
დღეს სამშენებლო ინდუსტრია ორიენტირებულია სამშენებლო მასალებისა და ფასადის მოპირკეთების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, გეგმარება უკვე დიდი ხანია პრიორიტეტი აღარ არის, მაშინ როცა ბედნიერების ხარისხის განმსაზღვრელი ადამიანის ცხოვრებაში, საბოლოოდ, სწორად დაგეგმარებული სივრცეა .
კარგი, ფუნქციური ბინის სამშენებლო ხარჯი უფრო დიდია, ვიდრე სტანდარტული გეგმარებისა.
დღევანდელი პროდუქტი თითქოს ჰგავს ადამიანს, რომელიც თავის გარეგნულ სილამაზეზე უფრო მეტს ზრუნავს და, შესაბამისად, დებს მასში ინვესტიციას, ვიდრე შინაგან განვითარებაში…
დღეს ნათლად ჩანს, თუ რა სჭირდება და აკლია ადამიანს და რა – სამშენებლო ბიზნესს. ინტერესის ზრდა გეგმარების ნაწილში და ფაქტი, რომ ინდუსტრია უნდა მოერგოს ადამიანის კეთილდღეობას და არა – პირიქით.
ნათია რუხაძე, ქეთუშა სურგულაძე, ლიკა ცინაძე
[R]






