ქავთარაძის ერთ-ერთ თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში მდებარე ეს ბინა ქრისტინე მორჩაძის მიერ შექმნილი ინტერიერის დიზაინის პროექტია, რომელიც საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეების შერწყმის საინტერესო მაგალითს წარმოადგენს. 87.4 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ბინა მორგებულია ადამიანის ყოველდღიურ რიტმზე, რომლის პროფესიული საქმიანობაც მუსიკას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, პროექტის მთავარი ამოცანა მხოლოდ ესთეტიკური გარემოს შექმნა არ ყოფილა — ინტერიერს უნდა ეპასუხა როგორც კომფორტული ცხოვრების, ისე პროფესიული მუშაობის სპეციფიკური მოთხოვნებისთვის.

დამკვეთის სურვილი თავიდანვე მკაფიო იყო — უნდა შექმნილიყო ქალაქური ლოფტის ხასიათის ინტერიერი პრემიუმ ხარისხის მასალებით, სადაც გაერთიანდებოდა სამზარეულო და მისაღები სივრცე, საძინებელი, სააბაზანო და პროფესიონალური ხმის ჩამწერი სტუდია. პროექტის მთავარი გამოწვევა სწორედ ამ სტუდიის მოწყობა აღმოჩნდა. კორპუსის ტიპის საცხოვრებელში ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ხმამაღალი მუსიკის ხმა არც მეზობლებს და არც ოჯახის წევრებს შეაწუხებდა, განსაკუთრებულ ტექნიკურ სიზუსტეს საჭიროებდა.
ქრისტინე მორჩაძემ პროექტზე მუშაობისას არაერთ პროფესიონალთან კონსულტაციის შედეგად შექმნა მრავალფენიანი აკუსტიკური სისტემა, პრაქტიკულად – „ოთახში ოთახი”. ამ სივრცეში გამოყენებულია სპეციალური ხმის დამხშობი მასალები, კედლებისა და ჭერის რამდენიმე ფენა, სამმაგი დასქელების შუშები, აკუსტიკური ხალიჩები და მძიმე ხავერდის ფარდა, რომელიც თეატრალური სივრცეებისთვის გამოიყენება. სტუდიის ზონა დამატებით გამიჯნულია რკინის ვიტრაჟით, რაც ინტერიერს ინდუსტრიულ ესთეტიკასაც მატებს. შედეგად, სივრცეში ხმის გავრცელება თითქმის სრულად იზღუდება — როგორც შიგნიდან გარეთ, ისე გარედან შიგნით. ოთახში ხმის დეციბალები 97%-ით არის შეზღუდული, რაც ამ სივრცეს არა მხოლოდ მუსიკოსისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის იდეალურ ადგილად აქცევს სამუშაოდ ან განტვირთვისთვის.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებაა. ბინის ყველა სივრცეს ერთმანეთთან გრძელი ჰოლი აკავშირებს, რომლის გასწვრივ კედლები სრულად ათვისებულია ჩაშენებული კარადებით. ეს გადაწყვეტა ერთდროულად ფუნქციური და ტექნიკურია — შენახვის სისტემებთან ერთად, კარადები დამატებით აკუსტიკურ ბარიერსაც ქმნის მეზობლებთან მიმართებით. ჰოლში განთავსებული დიდი არასტანდარტული სარკე სივრცეს ვიზუალურად კიდევ უფრო ფართოსა და ეფექტურს ხდის.
ინტერიერში გამოყენებული თითქმის ყველა კარი ფარულია და დეკორატიული ლესვის ტექნიკით არის დამუშავებული, რის გამოც კედლების ნაწილი ხდება და სივრცეში მინიმალისტურ, სუფთა ვიზუალურ რიტმს ქმნის. განსაკუთრებით საინტერესოა ხმის ჩამწერი სტუდიის ორი ფარული კარი, რომლებიც კაუჩუკის აკუსტიკური ხალიჩით არის მოპირკეთებული. ერთადერთი გამორჩეული კარი სამზარეულოს ვიტრაჟული რკინის კარია, რომელსაც საკეტი არ აქვს — დიზაინერის თქმით, ეს სიმბოლურად უსვამს ხაზს იდეას, რომ ამ სახლში სტუმარი ყოველთვის სასურველია.
აღსანიშნავია, რომ მუსიკის თემატიკა ინტერიერში მხოლოდ ფუნქციური თვალსაზრისით არ იკითხება. პროექტის კონცეფციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ექოსა და მთების ასოციაციას. დიზაინერმა ეს იდეა სივრცის ვიზუალურ ნაწილშიც გადმოიტანა, განსაკუთრებით კი სააბაზანოში, რომელიც პროექტის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს.

სააბაზანო ოთახი განსაკუთრებული ტექნიკით არის შექმნილი — თითოეული ფილა ინდივიდუალურად დაიხატა, გამოიჭრა და დამუშავდა სპეციალურად ამ სივრცისთვის. გამოყენებულია ორი ფენის კერამოგრანიტის ფილები, ჩაშენებული შემრევები და ზედაპირები, რომლებიც მთების რელიეფს მოგვაგონებს. საინტერესოა ისიც, რომ კედლების ხაზები კარის ზედაპირზეც გრძელდება — გამოყენებულია სარკისა და ვინილის თხელი ფილები, რათა კედლის კონტურები შეუმჩნევლად გადავიდეს კარის სიბრტყეზე. შედეგად, სააბაზანო უფრო ინსტალაციას ან ხელოვნების ობიექტს ჰგავს, ვიდრე მხოლოდ ფუნქციურ სივრცეს.
საძინებელი კი მაქსიმალური სიმშვიდისა და დასვენების პრინციპით არის გადაწყვეტილი. აქ არ გვხვდება კარადები და ზედმეტი ვიზუალური ელემენტები — სივრცე სრულად გათავისუფლებულია იმისთვის, რომ დამკვეთმა დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ სრულფასოვნად შეძლოს განტვირთვა.
ქრისტინე მორჩაძის მიერ შექმნილი ეს პროექტი მკაფიო მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ერთ სივრცეში თანაბრად კომფორტულად თანაარსებობდეს სამუშაო პროცესი, მუსიკა, ყოველდღიური ცხოვრება და სიმშვიდე.

პროექტის ავტორი: ქრისტინე მორჩაძე
დიზაინ სტუდია: KM Interior Design Studio
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე


























