in ,

ძლიერი აქცენტი ინტერიერში — 3 საინტერესო პროექტი საქართველოდან

ინტერიერისთვის ინდივიდუალური ხასიათის მისანიჭებლად ყოველთვის ბევრი ფერი, განსხვავებული მასალა თუ დეკორატიული ელემენტი არ არის საჭირო. ზოგჯერ საკმარისია ერთი ძლიერი გადაწყვეტილება — ფორმა, ფერი, არქიტექტურული დეტალი ან დიზაინ-ობიექტი, რომელიც ყურადღებას მაშინვე იქცევს და მთელი სივრცის აღქმას განსაზღვრავს.

ასეთი აქცენტის გამოყენება გარკვეულ გაბედულებასაც მოითხოვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის სცდება დეკორის მასშტაბს და ინტერიერის ცენტრალურ ელემენტად იქცევა. სწორად შერჩეული აქცენტი სივრცეს არა მხოლოდ ვიზუალურ ინტერესს მატებს, არამედ მის იდენტობასაც ქმნის — ხშირად სწორედ ის ხდება დეტალი, რომელიც კონკრეტულ ინტერიერს დასამახსოვრებელს ხდის.

ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში სამ ქართულ პროექტს განვიხილავთ, სადაც დიზაინერებმა ერთი გამორჩეული ელემენტი მთელი ინტერიერის მნიშვნელოვან ნაწილად აქციეს.

წითელი კიბე — რუსუდან თუმანიშვილის პროექტი დიღომში

რუსუდან თუმანიშვილის მიერ შექმნილ 220 კვადრატული მეტრის ინტერიერში ყურადღებას პირველივე შეხედვისთანავე სკულპტურული ფორმის წითელი კიბე იქცევს. სივრცის მშვიდი, პასტელური და თბილი ნაცრისფერი პალიტრის ფონზე მკვეთრი წითელი განსაკუთრებულ კონტრასტს ქმნის და კიბეს ფუნქციური ელემენტიდან თითქმის დამოუკიდებელ ხელოვნების ობიექტად გარდაქმნის.

მისი მნიშვნელობა მხოლოდ ფერში არ არის — მკაფიო გეომეტრიული ფორმით კიბე სივრცეს ვიზუალურად „ხაზავს“, სხვადასხვა მოცულობას ერთმანეთთან აკავშირებს და ინტერიერის არქიტექტურულ ხასიათსაც განსაზღვრავს. დანარჩენი გარემო გაცილებით თავშეკავებულია: თბილი ტონის მიკროცემენტი, ბუნებრივი მუხის მცირე დეტალები და ლაკონიური განათება წითელ აქცენტს საშუალებას აძლევს, სივრცის მთავარ გმირად დარჩეს. სწორედ ამ კონტრასტში ჩანს ძლიერი აქცენტის ეფექტიც — ერთი თამამი გადაწყვეტილება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მინიმალისტურ ინტერიერს მკაფიო და ადვილად ამოსაცნობი იდენტობა შეძენოდა.

პროექტი სრულად

„Giraffe in Love“ — სიურრეალისტური აქცენტი ჭავჭავაძის გამზირზე

ზურაბ დვალიშვილის მიერ შექმნილ ბინაში კი ძლიერი აქცენტის როლს დიზაინ-ობიექტები ასრულებს. ინტერიერის შედარებით სადა არქიტექტურული ფონი განზრახ ტოვებს სივრცეს უჩვეულო ფორმებისთვის, რომელთა შორის ყველაზე თვალშისაცემია Qeeboo-სა და Marcantonio-ს კოლაბორაციით შექმნილი ცნობილი „Giraffe in Love“ — ჟირაფის ფორმის სანათი.

მის გვერდით ინტერიერში გვხვდება სხვა სიურრეალისტური ობიექტებიც — ბაჭიის ფორმის სკამი, კოსმონავტი მაიმუნი, ფრანგული ბულდოგი და განსხვავებული ხასიათის აქსესუარები. სწორედ მათი საშუალებით იძენს ნეიტრალური გარემო იუმორს, მოულოდნელობასა და სრულიად ინდივიდუალურ ხასიათს. აქ აქცენტი უკვე არა მხოლოდ სივრცის გასაფორმებელი დეტალია, არამედ მეპატრონის დამოკიდებულებისა და გემოვნების გამოხატვის საშუალება. პროექტი გვაჩვენებს, რომ ინტერიერი არ არის “ვალდებული,” ყოველთვის სერიოზული და პროგნოზირებადი იყოს — მას შეუძლია გაგვაოცოს, გაგვართოს და პირველივე შეხედვისას დაგვამახსოვროს თავი.

ძლიერი აქცენტის მთავარი ღირებულება სწორედ მის უნარშია, შეცვალოს მთელი სივრცის აღქმა. ეს შეიძლება იყოს კიბე, რომელიც სკულპტურად იქცევა; ტექნიკური დეტალი, რომლის დამალვის ნაცვლად დიზაინერი მის ხაზგასმას გადაწყვეტს; ან სრულიად მოულოდნელი დიზაინ-ობიექტი, რომელიც ინტერიერში იუმორსა და ინდივიდუალობას შემოიტანს.

პროექტი სრულად

კედელი, როგორც მთავარი არტ-ობიექტი — ანა მოსიძის სახლი წყნეთში

ანა მოსიძის წყნეთის სახლში ძლიერი აქცენტის როლს კედლის დეკორი ასრულებს. სპეციალურად ამ ინტერიერისთვის შექმნილი შპალერის დიზაინი ანა მოსიძისა და ნინა კიკალიშვილის ერთობლივი ნამუშევარია და თავისი მასშტაბითა და მხატვრული ხასიათით სივრცის ერთ-ერთ მთავარ ვიზუალურ ელემენტად იქცევა. ეს გადაწყვეტილება ორგანულად ერწყმის სახლის დანარჩენ ხასიათს — უხეშ ტექსტურებს, ბუნებრივ მასალებს, ძველ და თანამედროვე ავეჯს და წლების განმავლობაში შეგროვებულ ნივთებს. შედეგად, კედელი უბრალოდ ფონი აღარ არის: ის ინტერიერის აქტიური მონაწილე და ერთგვარი მასშტაბური არტ-ობიექტია, რომელიც მთელ სივრცეს ინდივიდუალურ იდენტობას სძენს.

პროექტი სრულად

საძინებლის ავეჯი: როგორ შევქმნათ კომფორტული და ფუნქციური სივრცე?