in

სივრცე, როგორც ადამიანის გაგრძელება – ინტერვიუ ანინია ფხაკაძესთან

ინტერიერის დიზაინზე საუბრისას ყურადღება ხშირად, პირველ რიგში, ვიზუალურ მხარეზე – სტილზე, ფერებზე, მასალებსა და დეტალებზე – გადადის. თუმცა სივრცის ხარისხი მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, თუ როგორ გამოიყურება ის. ინტერიერი ყოველდღიურ ცხოვრებასთან მუდმივ ურთიერთობაშია: მისი დაგეგმარება, მასშტაბი, განათება, მასალები და ფუნქციური გადაწყვეტები განსაზღვრავს იმას თუ რამდენად ბუნებრივად და კომფორტულად ვგრძნობთ თავს კონკრეტულ გარემოში. სწორედ ამ კავშირში ჩნდება დიზაინერის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც – შექმნას სივრცე, რომელიც ესთეტიკურად გამართულია, თუმცა ადამიანის საჭიროებებს არ ემიჯნება.

ინტერიერის დიზაინერის, ანინია ფხაკაძის პროფესიული ხედვაც სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება. მისთვის ინტერიერი არ არის წინასწარ განსაზღვრული სტილის გამეორება ან კონკრეტული ტრენდის მიყოლა – უფრო მნიშვნელოვანია სივრცის საკუთარი ხასიათის პოვნა და მისი დაკავშირება იმ ადამიანთან, ვისთვისაც ის იქმნება. ამ მიდგომაში დიზაინერის ხელწერა არ ქრება, თუმცა არც იმდენად დომინანტური ხდება, რომ სივრცის მთავარი პერსონაჟი – მისი მფლობელი – დაჩრდილოს.

თითქმის ათწლიანი პროფესიული გამოცდილების განმავლობაში ანინიასთვის თითოეული ახალი პროექტი განსხვავებული ამოცანისა და ახალი აღმოჩენის შესაძლებლობად რჩება. სწორედ ამიტომ მის სამუშაო პროცესში ერთიანდება დაკვირვება, სხვადასხვა წყაროდან მიღებული შთაგონების გარდაქმნა, ფუნქციური საჭიროებების გააზრება და ისეთი ესთეტიკის ძიება, რომელიც დროს გაუძლებს. მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დასრულებული ინტერიერის ვიზუალური შედეგი, არამედ ის, თუ როგორ აგრძელებს ეს სივრცე ადამიანის ცხოვრებას მისი დასრულების შემდეგ.

Inspace-ის დამფუძნებელი ანინია ფხაკაძე ინტერვიუში გვესაუბრება საკუთარი პროფესიული გზის, დიზაინისადმი ინდივიდუალური მიდგომისა და იმ პრინციპების შესახებ, რომლებიც მის სამუშაო პროცესს განსაზღვრავს – ესთეტიკასა და ფუნქციურობას შორის ბალანსიდან დაწყებული, ბუნებასთან ინტერიერის კავშირის ძიებითა და ქართული დიზაინის განვითარების პერსპექტივებით დასრულებული.

გვიამბეთ, როგორ გაჩნდა თქვენი ინტერესი ინტერიერის დიზაინის მიმართ და რა იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც დაგარწმუნათ, რომ ეს პროფესია თქვენთვისაა?

ინტერიერის დიზაინი თავიდანვე ძალიან ბუნებრივად მოვიდა ჩემს ცხოვრებაში. პროფესიული გზა არქიტექტურულ კომპანიაში დავიწყე, სადაც მუშაობის პროცესში ბევრი რამ ვისწავლე და სწორედ იქ ჩამომიყალიბდა ჩემი დამოკიდებულება სივრცის მიმართ. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ განსაკუთრებით მაინტერესებდა ის ნაწილი, სადაც არქიტექტურული სივრცე ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას ერგება. დაახლოებით სამი წლის შემდეგ უკვე კერძო პროექტებზეც დავიწყე მუშაობა. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რამდენად განსხვავებულია სივრცეზე მუშაობა, როდესაც გადაწყვეტილებებს მთლიანად შენ იღებ და შედეგზე ბოლომდე თავად ხარ პასუხისმგებელი. შემდეგ დამოუკიდებლად მუშაობის გადაწყვეტილება მივიღე. რა თქმა უნდა, ეს მარტივი ნაბიჯი არ ყოფილა, ყოველთვის არსებობს შიში, როდესაც ნაცნობ და სტაბილურ გარემოს ტოვებ. მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ სწორედ ეს იყო ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. თითქმის ათი წლის გამოცდილების შემდეგ, ალბათ ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ამ პროფესიაში ჯერ კიდევ მაქვს განცდა – ყოველი ახალი პროექტი რაღაც ახალს მასწავლის.

როგორ დაახასიათებდით თქვენს სტილს – რით გამოირჩევა თქვენი ხელწერა და რამ განაპირობა მისი ჩამოყალიბება?

ჩემს სტილს ერთ კონკრეტულ კატეგორიაში ვერ მოვაქცევდი. ჩემთვის ინტერიერი კონკრეტული სტილის ან ტრენდის გამეორება არ არის. უფრო მნიშვნელოვანია, რომ სივრცეს ჰქონდეს საკუთარი ხასიათი და დროთა განმავლობაში არ დაკარგოს აქტუალობა. მომწონს კლასიკური ელემენტების თანამედროვე ინტერპრეტაცია, სუფთა ფორმები, დაბალანსებული ფერები, ხარისხიანი მასალები და დეტალები, რომლებიც ინტერიერს ინდივიდუალურობას სძენს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ადამიანია, ვისთვისაც ამ სივრცეს ვქმნი. შეიძლება ერთი და იგივე სტილი ძალიან განსხვავებულად გამოიყურებოდეს სხვადასხვა ადამიანთან, რადგან ჩემი აზრით, კარგი ინტერიერი გარკვეულწილად, მისი მფლობელის გაგრძელებაა. ამიტომ ვცდილობ, ჩემი ხელწერა იგრძნობოდეს, მაგრამ არასდროს დაჩრდილოს ის ადამიანი, ვინც ამ სივრცეში უნდა იცხოვროს.

რა ძირითად პრინციპებს ეფუძნება თქვენი შემოქმედება და როგორ განსაზღვრავს ისინი სამუშაო პროცესს კონცეფციის შემუშავებიდან საბოლოო შედეგამდე?

ჩემთვის დიზაინის მთავარი პრინციპი არის ბალანსი ესთეტიკასა და ფუნქციონალურობას შორის.

ვფიქრობ, ინტერიერი მხოლოდ მაშინ არის ნამდვილად კარგი, როდესაც ის არა მხოლოდ ვიზუალურად გვიზიდავს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებასაც ამარტივებს. ამიტომ პროექტზე მუშაობისას მხოლოდ იმაზე არ ვფიქრობ, როგორ გამოიყურება კონკრეტული სივრცე. მაინტერესებს, როგორ იცხოვრებს ადამიანი იქ; როგორ გადაადგილდება; რას იყენებს ყოველდღიურად და რა სჭირდება იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. ჩემი მუშაობა ყოველთვის ადამიანით იწყება და არა ავეჯით ან კონკრეტული ფერით. ვცდილობ, ჯერ გავიგო დამკვეთის ხასიათი, ცხოვრების სტილი და სურვილები, შემდეგ კი ეს ყველაფერი სივრცის ენაზე „ვთარგმნო“. ალბათ სწორედ ეს არის ჩემთვის დიზაინის ყველაზე საინტერესო ნაწილი – როდესაც ფუნქცია, ესთეტიკა და ადამიანის პიროვნება ერთ მთლიანობად იქცევა.

რა არის თქვენი მთავარი შთაგონების წყარო? როგორ გარდაქმნით მიღებულ ინსპირაციას საკუთარ იდეებად?

შთაგონებას მხოლოდ ინტერიერებში არ ვეძებ. შეიძლება ძალიან მომეწონოს შენობის არქიტექტურა, ხელოვნების ნამუშევარი, ბუნებაში ნანახი ფერი ან უბრალოდ კონკრეტული მასალის ტექსტურა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მიღებული ინსპირაცია პირდაპირ არ გავიმეორო. უფრო საინტერესოა ის, თუ რა ემოცია ან იდეა იწვევს ჩემში კონკრეტული რამ და როგორ შემიძლია მისი სხვა კონტექსტში გადმოტანა. ვფიქრობ, დიზაინერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად აკვირდებოდეს გარემოს. ზოგჯერ იდეა სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც კონკრეტულად არაფერს ეძებ. ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი რამ დავინახო და დავიმახსოვრო – ფერები, ფორმები, მასალები, განათება, სივრცეები. საბოლოოდ, ეს ყველაფერი სადღაც გროვდება და პროექტზე მუშაობისას ახალ იდეებად გარდაიქმნება.

თქვენ მიერ შესრულებული პროექტებიდან რომელს გამოყოფდით? რით არის ეს პროექტი თქვენთვის მნიშვნელოვანი?

ჩემი თითოეული პროექტი თავისებურად მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულს განსხვავებული ისტორია და გამოწვევა ახლავს. თუმცა, თუ ერთ პროექტს გამოვყოფდი, ალბათ იმ საცხოვრებელ ინტერიერს დავასახელებდი, რომელიც Architectural Prize 2025-ის Residential Interior-ის კატეგორიაში იყო ნომინირებული. ამ პროექტში განსაკუთრებით მომწონს ის, რომ საბოლოო შედეგი ზუსტად იმ ხედვას გამოხატავს, რომლის მიხედვითაც ვმუშაობ, სივრცე არის დახვეწილი და ესთეტიკური, მაგრამ ამავდროულად ძალიან ინდივიდუალური და ფუნქციური. რა თქმა უნდა, ნომინაცია ჩემთვის მნიშვნელოვანი პროფესიული აღიარებაა და სასიამოვნოა, როდესაც შენი ნამუშევარი პროფესიონალური ჟიურის ყურადღებას იქცევს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც პროექტი დასრულებულია, ვხედავ სივრცეს, რომელიც კონკრეტული ადამიანისთვის შეიქმნა და რომელშიც ის თავს კომფორტულად და საკუთარ გარემოში გრძნობს. სწორედ ეს არის ჩემთვის დიზაინერის მუშაობის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილი.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაითვალისწინოს ყველა დიზაინერმა სივრცის ფუნქციურობასა და ესთეტიკას შორის ბალანსის შესანარჩუნებლად?

პირველ რიგში, ვფიქრობ, დიზაინერმა ყოველთვის უნდა დაიწყოს კითხვით: ვინ ცხოვრობს ამ სივრცეში? დღეს ბევრი ინტერიერი შეიძლება ვიზუალურად ძალიან ეფექტური იყოს, განსაკუთრებით ფოტოზე, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში სრულიად არაპრაქტიკული აღმოჩნდეს. ჩემთვის ეს არის ზუსტად ის ზღვარი, სადაც დიზაინერმა არჩევანი სწორად უნდა გააკეთოს. ფუნქციურობა არ ნიშნავს, რომ დიზაინი უნდა გახდეს მოსაწყენი, ისევე როგორც ესთეტიკა არ უნდა იყოს კომფორტის ხარჯზე. პირიქით, სწორად დაგეგმილი ფუნქცია ხშირად თავად ქმნის ლამაზ სივრცეს. როდესაც ყველაფერი თავის ადგილზეა – განათება, ავეჯი, სათავსოები, მასალები – ინტერიერი ბუნებრივად იწყებს მუშაობას. ვფიქრობ, საუკეთესო დიზაინი სწორედ ის არის, როდესაც ეს ყველაფერი იმდენად ორგანულადაა გადაწყვეტილი, რომ ადამიანი აღარ ფიქრობს, რატომ არის სივრცე კომფორტული, უბრალოდ გრძნობს ამას.

საცხოვრებელი ბინა ბაგებში

როგორ შეაფასებდით ქართულ დიზაინ სივრცეს – რა ტენდენციებსა და გამოწვევებს აწყდებით საქართველოში მუშაობისას და როგორ ხედავთ ქართული დიზაინის განვითარებას მომავალში?

ქართული დიზაინ-სცენა ნამდვილად ვითარდება და განსაკუთრებით ბოლო წლებში ადამიანების დამოკიდებულებაც შეიცვალა. სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ პროფესიონალური ინტერიერის დიზაინი მხოლოდ დეკორაცია არ არის და სწორად დაგეგმილი სივრცე ცხოვრების ხარისხზეც ახდენს გავლენას. რა თქმა უნდა, გამოწვევებიც არსებობს. ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ზოგჯერ დიზაინის იდეასა და მის რეალიზაციას შორის საკმაოდ დიდი სხვაობა ჩნდება. ხარისხიანი მასალების, დეტალებისა და გარკვეული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობაც ყოველთვის მარტივი არ არის. თუმცა ვფიქრობ, საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც თანამედროვე დიზაინთან შეიძლება ძალიან საინტერესო ფორმით გაერთიანდეს. მომავალში ქართულ დიზაინში უფრო მეტად ველოდები ინდივიდუალურობას; ნაკლებად პირდაპირი ტრენდების გამეორებას და უფრო მეტ საკუთარ ხედვას. მგონია, რომ სწორედ ეს არის ის, რაც საბოლოოდ, ქართულ დიზაინს საერთაშორისო სივრცეშიც უფრო გამორჩეულს გახდის.

როგორ ფიქრობთ, დღეს – როდესაც ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ შენობებში – როგორ შეუძლია ინტერიერს აანაზღაუროს ბუნებასთან კავშირის დანაკლისი?

ეს თანამედროვე ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. როდესაც ადამიანი დღის დიდ ნაწილს დახურულ სივრცეში ატარებს, გარემომ მხოლოდ ფუნქციური კი არა, ემოციურად კომფორტული პირობებიც უნდა შექმნას. ბუნებასთან კავშირი მხოლოდ ოთახში მცენარეების შეტანას არ ნიშნავს. ეს შეიძლება იყოს ბუნებრივი მასალების გამოყენება; ხის, ქვისა და ტექსტურების შემოტანა; ბუნებრივი განათების მაქსიმალურად გამოყენება; ფერების სწორად შერჩევა და სივრცის ისეთი დაგეგმარება, რომელიც ადამიანს გარე სამყაროსთან ვიზუალურ კავშირს უნარჩუნებს. მე განსაკუთრებით მომწონს ბუნების უფრო დახვეწილი, ემოციური ინტერპრეტაცია ინტერიერში, როდესაც პირდაპირ ვერ ხედავ კონკრეტულ ელემენტს, მაგრამ სივრცე მაინც სიმშვიდისა და ბუნებრივობის განცდას გიქმნის. საბოლოოდ, ვფიქრობ, კარგი ინტერიერი მხოლოდ იმას არ უნდა გვეუბნებოდეს, როგორ ვიცხოვროთ სივრცეში, არამედ ის უნდა გვაგრძნობინებდეს, როგორ გვინდა ვიცხოვროთ.

დაბოლოს, რა რჩევას მისცემდით საკუთარ თავს კარიერის დასაწყისში?

ალბათ ვეტყოდი, რომ უფრო მეტად ენდოს საკუთარ თავს და ნაკლებად შეეშინდეს შეცდომების.

კარიერის დასაწყისში ხშირად გგონია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცი და ამის გამო საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება. გამოცდილებამ კი მაჩვენა, რომ სწორედ მუშაობის პროცესში სწავლობ ყველაზე მეტს და თითოეული რთული პროექტი, საბოლოოდ, შენი პროფესიული გამოცდილების ნაწილი ხდება. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ამ პროფესიაში საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ტრენდები იცვლება, გემოვნებაც ვითარდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ იცოდე რა არის ის, რასაც შენ ქმნი და რისი გჯერა, როგორც დიზაინერს. დღეს ვფიქრობ, რომ კარგი დიზაინერისთვის პროფესიული განვითარება არასოდეს სრულდება – ყოველთვის არის რაღაც ახალი, რაც შეგიძლია ისწავლო, აღმოაჩინო და საკუთარ ნამუშევარში გამოიყენო. სწორედ ეს მუდმივი განვითარება და საკუთარი ხედვის ძიებაა ჩემთვის ამ პროფესიის ყველაზე საინტერესო ნაწილი.

კოლხი ჯგუფი Homeis-ის „შეკრების“ ოქროს სპონსორია

რას აღმოაჩენ „შეკრების“ Marketplace სივრცეში? – 2026 წლის გზამკვლევი