in

კულტურული იდენტობა თანამედროვე არქიტექტურულ ენაზე – ინტერვიუ დადუნა შათაშვილთან

როდესაც ქვეყნის არქიტექტურულ ცნობადობაზე ვსაუბრობთ, საინტერესოა არა მხოლოდ ის, რამდენად ხშირად ჩნდება მისი სახელწოდება საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში, არამედ ისიც, თუ რა სახით ხდება ეს. ქართული არქიტექტურისთვის ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია – ქვეყანას აქვს მრავალფეროვანი ისტორიული მემკვიდრეობა და ძლიერი კულტურული სახე, თუმცა თანამედროვე არქიტექტურამ ამ მემკვიდრეობის გაგრძელების საკუთარი ენა ჯერ კიდევ უნდა შექმნას. სწორედ აქ ჩნდება შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი გამოცდილება საერთაშორისო დისკურსის ნაწილად იქცეს, როგორც თანამედროვე არქიტექტურული აზროვნების დამოუკიდებელი ხმა.

დადუნა შათაშვილის პროფესიული საქმიანობა ამ პროცესს სხვადასხვა მიმართულებით აერთიანებს. ორ ათწლეულზე მეტი გამოცდილების, 70-ზე მეტი განხორციელებული პროექტისა და სხვადასხვა მასშტაბის არქიტექტურულ ამოცანებთან მუშაობის პარალელურად, მისი პრაქტიკა თანდათან გასცდა საქართველოს საზღვრებსაც.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა მესტიის ქორწინების სახლის პროექტი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება Rome Design Award-ზე და Japan International Design Award-ზე მოიპოვა. პროექტი სვანურ არქიტექტურულ მემკვიდრეობას თანამედროვე ხედვას უკავშირებს და კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას, როგორ შეიძლება კონკრეტული კულტურული გარემოდან წამოსული არქიტექტურა საერთაშორისო აუდიტორიისთვისაც გახდეს საინტერესო და იდენტიფიცირებადი.

ინტერვიუში არქიტექტორი და სტუდია Artytechs-ის თანადამფუძნებელი – დადუნა შათაშვილი გვესაუბრება იმ პროფესიულ გზაზე, რომელმაც მისი ხედვა ჩამოაყალიბა, Artytechs-ის მუშაობის პრინციპებსა და არქიტექტურული იდენტობის ძიებაზე. ის მუშაობს არქიტექტურულ იდეებზე, სადაც ინდივიდუალური არქიტექტურული ხასიათი, კულტურული კონტექსტი და თანამედროვე ფორმა ერთმანეთთან მუდმივ დიალოგშია და ამავდროულად, ადამიანების, ქალაქისა და ქვეყნის მეხსიერების ნაწილად იქცევა.

დადუნა, გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა არქიტექტურასთან და რა ეტაპზე ჩამოყალიბდა ეს სფერო თქვენთვის პროფესიულ არჩევანად?

არქიტექტურისკენ პირველი ნაბიჯი მამამ გადამადგმევინა, მაგრამ შემდეგ ეს გზა უკვე სრულიად ჩემი გახდა — და დღეს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე ჩემი ქვეყნის სახელიც თან დამაქვს.

დღეს, მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების შემდეგ, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ეს გზა უკვე საერთაშორისო პროფესიულ სივრცესაც დაუკავშირდა. ვარ International Association of Designers–ისა და World Design Consortium–ის წევრი, რაც ჩემთვის მხოლოდ პროფესიული სტატუსი არ არის. ეს არის შესაძლებლობა, ვიყო უფრო ფართო საერთაშორისო პროფესიული დიალოგის ნაწილი და ამ სივრცეში წარმოვადგენდე ქართულ არქიტექტურას და ქვეყანას, საიდანაც მოვდივარ.

ზოგჯერ, როდესაც ჩემს პროფესიულ გზას თავიდან ვუყურებ, განსაკუთრებით ემოციურია იმის გააზრება, რომ ყველაფერი ერთი ძალიან პირადი ისტორიით — მამის ოცნებით დაიწყო, დღეს კი ამ გზამ საერთაშორისო პროფესიულ სივრცემდე მიმიყვანა.

დღეს რომ ვუყურებ განვლილ გზას, ვფიქრობ, მამამ ჩემში ალბათ ჩემზე ადრე დაინახა ის, რასაც მე მოგვიანებით მივხვდი. მისი ოცნებით დაწყებული პროფესია, საბოლოოდ, ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად და ჩემი აზროვნების ფორმად იქცა.

დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ არქიტექტურა ჩემთვის უბრალოდ ლამაზი შენობის შექმნა არ იყო. განსაკუთრებით მიზიდავდა ის რთული პროცესი, როდესაც უამრავი შეზღუდვის — გარემოს, ფუნქციის, კონსტრუქციის, დამკვეთის მოთხოვნებისა თუ არსებული კონტექსტის — მიუხედავად, უნდა იპოვო ერთი სწორი და ინდივიდუალური გადაწყვეტა.

ალბათ სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა არქიტექტურა ჩემთვის ნამდვილ პროფესიულ არჩევანად, როდესაც მივხვდი, რომ ყველაზე მეტად სირთულე მიზიდავდა. მარტივი ამოცანა ნაკლებად მაინტერესებს. მიყვარს პროექტი, რომელიც თავიდან კითხვებს აჩენს, წინააღმდეგობას გიწევს და გაიძულებს, იფიქრო. ჩემთვის სწორედ ამ ძიების პროცესში იბადება კარგი არქიტექტურა.

დღესაც ასე ვუყურებ ჩემს პროფესიას — არ მიყვარს ფორმის შექმნა მხოლოდ ეფექტისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტურას ჰქონდეს მიზეზი, ხასიათი და კავშირი იმ ადგილთან და ადამიანებთან, ვისთვისაც იქმნება. ალბათ ამიტომაც არქიტექტურა ჩემთვის დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ პროფესია — ეს არის აზროვნების ფორმა, რომლითაც გარემოს ვუყურებ.

თქვენს მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებას სხვადასხვა მასშტაბისა და ტიპოლოგიის პროექტი უკავშირდება. როგორ შეიცვალა თქვენი, როგორც არქიტექტორის, ხედვა ამ წლების განმავლობაში და რა გამოცდილებამ მოახდინა მის ჩამოყალიბებაზე ყველაზე დიდი გავლენა?

წლების განმავლობაში ჩემი, როგორც არქიტექტორის, ხედვა ბუნებრივად იცვლებოდა და ღრმავდებოდა. პროფესიული გზის დასაწყისში, ალბათ, უფრო მეტად ვფიქრობდი შენობის ვიზუალურ მხარეზე — ფორმაზე, პროპორციაზე, ესთეტიკაზე. მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ კი არქიტექტურას უკვე გაცილებით ფართო მასშტაბით ვუყურებ.

განსაკუთრებული გავლენა ჩემს პროფესიულ ჩამოყალიბებაზე იმ პროექტებმა მოახდინა, რომლებიც თავისი მნიშვნელობით სცდება კონკრეტული შენობის ფუნქციას და ქალაქის ან ადგილის იდენტობის ნაწილი ხდება. ე.წ. ლენდმარკ პროექტზე მუშაობისას უკვე აღარ ვქმნი მხოლოდ ობიექტს — ვქმნი ახალ ვიზუალურ ნიშნულს, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში დარჩეს ქალაქის მეხსიერებაში. ეს კი არქიტექტორს სრულიად სხვა მასშტაბის პასუხისმგებლობას აკისრებს.

ასეთ პროექტებზე მუშაობამ მასწავლა, რომ ცნობადობა მხოლოდ უჩვეულო ფორმით არ იქმნება. შენობა შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს, მაგრამ თუ მას არ აქვს იდეა, კავშირი ადგილთან და შინაგანი ლოგიკა, ეს ეფექტი სწრაფად კარგავს მნიშვნელობას. ჩემთვის გაცილებით საინტერესოა არქიტექტურა, რომელსაც საკუთარი ხასიათი აქვს და რომლის იდენტობაც უშუალოდ იმ გარემოდან, ფუნქციიდან და იდეიდან იბადება, რომლისთვისაც იქმნება.

ალბათ გამოცდილებასთან ერთად, ყველაზე მეტად ის შეიცვალა, რომ დღეს ბევრად უფრო თავისუფლად და თამამად ვაზროვნებ. აღარ მაქვს სურვილი, რომელიმე დამკვიდრებულ არქიტექტურულ ენას ან ტენდენციას მივყვე. პირიქით, განსაკუთრებით დიდ და მნიშვნელოვან პროექტებში ყოველთვის ვეძებ იმ ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც კონკრეტულად ამ ადგილისთვის იქნება შექმნილი და სხვაგან მისი უბრალოდ გამეორება შეუძლებელი იქნება.

ამიტომ არც მაქვს ერთი კონკრეტული სტილი, რომელსაც ყველა პროექტს ვარგებ. ჩემთვის არქიტექტორის ხელწერა ერთი და იგივე ფორმების გამეორება არ არის. ხელწერა უფრო აზროვნების წესია — როგორ კითხულობ ადგილს, რამდენად თამამად იღებ გადაწყვეტილებას და რამდენად შეგიძლია შექმნა რაღაც ახალი ისე, რომ ის თავის გარემოში ბუნებრივად და დამაჯერებლად არსებობდეს.

დღეს, როდესაც მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობ, აღარ ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, როგორი იქნება შენობა დასრულების დღეს. ვფიქრობ, რას შემატებს ის ქალაქს, როგორ აღიქვამენ მას ადამიანები ათი თუ ოცი წლის შემდეგ და შეძლებს თუ არა ის გახდეს ადგილი, რომელსაც ადამიანები არა მხოლოდ მისამართით, არამედ საკუთარი სახელითა და სახით დაიმახსოვრებენ.

ალბათ სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ჩემს პროფესიულ ხედვაში — დღეს ჩემთვის არქიტექტურის ღირებულება არა მხოლოდ იმაშია, რამდენად შთამბეჭდავია შენობა, არამედ იმაში, შეუძლია თუ არა მას შექმნას იდენტობა და დატოვოს კვალი.

როგორ გაჩნდა Artytechs-ის შექმნის იდეა და რა იყო ის პროფესიული ხედვა, რომლის გარშემოც სტუდიის მუშაობა თავიდანვე აეწყო?

Artytechs-ის შექმნისას ჩემი მთავარი პროფესიული ხედვა იყო, რომ არქიტექტურაში ფუნქციურობა და შემოქმედებითი თავისუფლება ერთმანეთის წინააღმდეგ არ უნდა მუშაობდეს. შესაძლებელია შექმნა ძალიან რაციონალური და გამართული სივრცე, რომელიც ამავე დროს ძლიერი არქიტექტურული ხასიათითა და ემოციით გამოირჩევა.

წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და ლენდმარკ პროექტების შექმნის პროცესში, ეს მიდგომა კიდევ უფრო ჩამოყალიბდა. დღეს ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ კარგი შენობის დაპროექტება. გვაინტერესებს, შეუძლია თუ არა პროექტს შექმნას ადგილის ახალი იდენტობა, გახდეს ცნობადი და ადამიანებს გაუჩინოს ემოციური კავშირი არქიტექტურასთან.

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტუდიაში პროექტი არ იქმნება ერთი ადამიანის იზოლირებული იდეით. ძლიერი არქიტექტურა ყოველთვის გუნდური პროცესის შედეგია — არქიტექტორების, ინტერიერის დიზაინერების, ინჟინრებისა და სხვა პროფესიონალების განსხვავებული ცოდნა, საბოლოოდ, ერთ საერთო იდეას უნდა ემსახურებოდეს.

ალბათ სწორედ ეს იყო Artytechs-ის შექმნის მთავარი მიზანიც — შემექმნა გუნდი და პროფესიული გარემო, სადაც არ გვეშინია რთული ამოცანების, არ ვიმეორებთ უკვე ნაპოვნ ფორმულებს და თითოეულ პროექტში ვცდილობთ, ვიპოვოთ ის ერთი იდეა, რომელიც მას სხვებისგან გამოარჩევს.

დღესაც ვფიქრობ, რომ Artytechs-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება სწორედ ეს თავისუფლებაა — არ ვიყოთ მიბმული კონკრეტულ სტილზე და ყოველთვის გვქონდეს ამბიცია, რომ შემდეგი პროექტით რაღაც ახალი ვთქვათ.

თქვენი პროექტები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება როგორც ტიპოლოგიით, ისე ვიზუალური გადაწყვეტით. ასეთ მრავალფეროვან პრაქტიკაში რა არის ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც თქვენს ნამუშევრებს აერთიანებს? არსებობს თუ არა ის, რასაც თავად Artytechs-ის არქიტექტურულ ხელწერას უწოდებდით?

დიახ, ჩვენი პროექტები ვიზუალურად ხშირად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და, ვფიქრობ, სწორედ ეს არის Artytechs-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი. პირადად მე არასოდეს მქონია სურვილი,  შემექმნა ერთი კონკრეტული ვიზუალური ფორმულა, რომლის მიხედვითაც ყველა  შენობა მარტივად ამოსაცნობი იქნებოდა. ჩემთვის არქიტექტურული ხელწერა არ ნიშნავს ერთი და იგივე ფორმების, მასალების ან დეტალების გამეორებას. პირიქით — ვფიქრობ, თუ ყველა პროექტი ერთმანეთს ემსგავსება არქიტექტორი უკვე საკუთარ თავს იმეორებს.

ხელწერა, პირველ რიგში, ჩემი აზროვნების მეთოდია. თითოეულ პროექტში ვცდილობ ვიპოვო მთავარი იდეა — ის ერთი ძლიერი საფუძველი, რომელზეც შემდეგ მთელი არქიტექტურა აიგება. ეს იდეა შეიძლება მოდიოდეს ადგილიდან, ისტორიიდან, ლანდშაფტიდან, ფუნქციიდან, კულტურული კონტექსტიდან ან თავად იმ ემოციიდან, რომელიც გვინდა შენობამ ადამიანში შექმნას.

განსაკუთრებით ლენდმარკ და საზოგადოებრივ პროექტებში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იდენტობა. ყოველთვის ვსვამ კითხვას — რატომ უნდა დაამახსოვრდეს ადამიანს ეს შენობა? რა აქვს მას ისეთი, რაც მხოლოდ მას ეკუთვნის? ჩემთვის ცნობადობა არ ნიშნავს აუცილებლად რთულ ან ექსტრავაგანტურ ფორმას. ზოგჯერ ერთი ძალიან ზუსტი არქიტექტურული ჟესტიც საკმარისია იმისთვის, რომ შენობას საკუთარი სახე ჰქონდეს.

ამავე დროს, რამდენადაც თამამი არ უნდა იყოს იდეა, ის ყოველთვის უნდა იყოს გამართლებული. ფორმა მხოლოდ ფორმისთვის ჩემთვის არასოდეს არის საკმარისი. მას უნდა ჰქონდეს კავშირი ფუნქციასთან, კონტექსტთან და იმ გარემოსთან, რომელშიც შენობამ უნდა იარსებოს.

თუ მაინც უნდა განვსაზღვრო ხელწერა, ვიტყოდი, რომ ეს არის ინდივიდუალობის ძიება, თამამი მაგრამ გააზრებული გადაწყვეტილებები და სურვილი, რომ თითოეულ შენობას ჰქონდეს საკუთარი იდენტობა.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ის არის, როდესაც ადამიანები სხვადასხვა პროექტს უყურებენ, ხედავენ სრულიად განსხვავებულ არქიტექტურას, მაგრამ მასში მაინც ცნობენ ჩვენს დამოკიდებულებას — თავისუფლებას, ხასიათს და სურვილს, რომ არ გავიმეოროთ ის, რაც უკვე გაკეთებულია.

რას ნიშნავს პირადად თქვენთვის „კარგი არქიტექტურა“? რა არის ის მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც საკუთარ პროექტს აფასებთ მაშინ, როდესაც ის უკვე დასრულებულია და იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას?

ჩემთვის კარგი არქიტექტურა ის არის, რომელიც ადამიანში კვალს ტოვებს.

ჩემთვის ძალიან ემოციურია, როდესაც ვხედავ, როგორ შედიან ადამიანები შენობაში, როგორ ითვისებენ სივრცეს, როგორ პოულობენ იქ საკუთარ ადგილს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ საერთოდ არ იციან, ვინ არის არქიტექტორი და არც ის იციან, რამდენი ფიქრი და შრომა დგას თითოეული გადაწყვეტილების უკან. ისინი უბრალოდ გრძნობენ სივრცეს. ალბათ ეს არის ყველაზე გულწრფელი შეფასება, რაც არქიტექტორმა შეიძლება მიიღოს.

ალბათ ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც ვხედავ, რომ შენობა, რომელიც ოდესღაც მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში არსებობდა, უკვე ადამიანების ყოველდღიურობის, ქალაქის ან კონკრეტული ადგილის ნაწილი გახდა.

ამ დროს პროექტი, თითქოს, უკვე აღარ არის მხოლოდ ჩემი.

და ჩემთვის სწორედ ეს არის კარგი არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი — როდესაც შენ ქმნი შენობას, მაგრამ საბოლოოდ, ის ადამიანებს ეკუთვნის; შენ აძლევ მას დასაწყისს, შემდეგ კი ის საკუთარ ისტორიას თვითონ აგრძელებს.

სად გადის ზღვარი შენობას შორის, რომელიც უბრალოდ კარგად ასრულებს თავის ფუნქციას, და არქიტექტურას შორის, რომელსაც ადამიანზე უფრო ღრმა გავლენის მოხდენა შეუძლია?

ჩემთვის არქიტექტურა, პირველ რიგში, ადამიანისთვის იქმნება. ამიტომ სოციალური და ემოციური გამოცდილება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფუნქცია, კონსტრუქცია თუ ესთეტიკა. საბოლოოდ, შენობას ადამიანი აცოცხლებს — თავისი ყოველდღიურობით, ურთიერთობებით, მოგონებებით და იმ ემოციებით, რომლებიც ამ სივრცეს უკავშირდება.

კარგად ფუნქციონირებადი შენობა, რა თქმა უნდა, კარგი არქიტექტურის აუცილებელი საფუძველია. სივრცე უნდა იყოს კომფორტული, ლოგიკური და სწორად პასუხობდეს თავის დანიშნულებას. მაგრამ ჩემთვის სწორედ იქ იწყება არქიტექტურა, სადაც მხოლოდ ფუნქცია აღარ არის საკმარისი.

არის სივრცეები, სადაც შედიხარ და ყველაფერი სწორად არის მოწყობილი, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ აღარ გახსოვს. და არის სივრცეები, რომლებიც პირველივე შეხვედრისას რაღაცას გაგრძნობინებს — შეიძლება სიმშვიდეს, თავისუფლებას, დაცულობას, ინტერესს, ზოგჯერ გაოცებასაც კი. შენ შეიძლება ვერც ახსნა, კონკრეტულად რა მოქმედებს შენზე, მაგრამ ეს განცდა შენთან რჩება.

ჩემთვის სწორედ აქ გადის ეს ზღვარი.

არქიტექტურას აქვს უნარი, გავლენა მოახდინოს ადამიანის განწყობაზე, ქცევაზე და ერთმანეთთან ურთიერთობაზეც კი. განსაკუთრებით საზოგადოებრივ სივრცეებში ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია, რადგან იქ შენ ერთ კონკრეტულ ადამიანს კი არა, ძალიან განსხვავებულ ადამიანებს უქმნი გარემოს. ასეთ დროს ყოველთვის ვფიქრობ არა მხოლოდ იმაზე, როგორ გაივლის ადამიანი ამ სივრცეს, არამედ რას იგრძნობს, სად მოუნდება შეჩერება, რას დაინახავს და რა დაამახსოვრდება.

ალბათ ამიტომ, ჩემთვის ყველაზე ღირებული პროექტები ის პროექტებია, რომლებიც ადამიანებში ემოციას იწვევს. როდესაც შენობა მათთვის უბრალოდ ფუნქციის შესასრულებელი ადგილი აღარ არის და მასთან პირადი დამოკიდებულება უჩნდებათ, მაშინ ვგრძნობ, რომ არქიტექტურამ თავისი მთავარი ამოცანა შეასრულა.

შენობა შეიძლება იდეალურად ასრულებდეს ფუნქციას და მაინც დარჩეს უბრალოდ შენობად. არქიტექტურა ჩემთვის მაშინ იწყება, როდესაც სივრცე ადამიანის მეხსიერებაში აგრძელებს ცხოვრებას მას შემდეგაც კი, რაც მან ეს სივრცე დატოვა.

ვისაუბროთ მესტიის ქორწინების სახლის პროექტზე, რომელმაც Rome Design Awards-ზე Conceptual Design კატეგორიაში გაიმარჯვა, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ Japan International Design Award-ზეც მოიპოივა ჯილდო. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა სვანური არქიტექტურული მემკვიდრეობის თანამედროვე ენაზე ინტერპრეტაცია. თქვენთვის რა არის ამ პროექტის მთავარი არქიტექტურული იდეა, რომელმაც საერთაშორისო ჟიურის ყურადღებაც მიიქცია?

მესტიის ქორწინების სახლი ჩემთვის განსაკუთრებული პროექტია, ალბათ იმიტომაც, რომ აქ არქიტექტორს ძალიან ფაქიზ ზღვარზე უწევს მუშაობა — ერთ მხარეს გაქვს სვანეთი, თავისი ძალიან ძლიერი არქიტექტურული იდენტობით, ისტორიითა და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული გარემოთი, მეორე მხარეს კი უნდა შექმნა სრულიად თანამედროვე შენობა, რომელსაც საკუთარი დროის არქიტექტურული ენა ექნება.

მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ პროექტის კონცეფცია იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობასთან ერთად ჩამოყალიბდა — მათი ხედვა და სურვილი, მესტიაში შექმნილიყო არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ განსაკუთრებული იდენტობის მქონე სივრცე, მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა იმ არქიტექტურული იდეის განვითარებისთვის, რომელიც, საბოლოოდ, ამ პროექტში განხორციელდა.

არ გვინდოდა სვანური არქიტექტურის პირდაპირი გამეორება. ჩემთვის მემკვიდრეობის პატივისცემა ძველი ფორმის კოპირება არ არის. პირიქით, მინდოდა გამეგო, რა არის ის მთავარი ხასიათი, რაც სვანურ არქიტექტურას ასე ძლიერს და ამოსაცნობს ხდის, და შემდეგ ეს ხასიათი თანამედროვე არქიტექტურულ ენაზე მეთარგმნა.

ამიტომ პროექტის მთავარი შთაგონება სვანური კოშკი გახდა — არა როგორც ფორმა, რომელიც პირდაპირ უნდა გამემეორებინა, არამედ როგორც სიმბოლო. მისი სიმტკიცე, ვერტიკალურობა, მონუმენტურობა, ძალიან მკაფიო სილუეტი და ის განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელიც მას მთასთან და ლანდშაფტთან აქვს.

ამ პროექტში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი რამ — შენობის ფუნქცია. ეს არის ქორწინების სახლი, ადგილი, სადაც ადამიანისთვის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი მომენტი უნდა მოხდეს. ამიტომ არქიტექტურა მხოლოდ სვანეთის ისტორიაზე ვერ ისაუბრებდა. მას ერთდროულად უნდა ესაუბრა მომავალზეც — სიყვარულზე, ოჯახზე და ახალი ცხოვრების დასაწყისზე.

სწორედ აქ გაჩნდა ჩემთვის პროექტის მთავარი იდეა: ისტორიული სიმტკიცისა და ახალი დასაწყისის ემოციის გაერთიანება ერთ არქიტექტურულ ფორმაში.

ასევე არ მინდოდა, რომ შენობა მესტიის უძლიერეს ბუნებრივ გარემოს კონკურენციას გაწეოდა. სვანეთში არქიტექტორს ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება — იქ მთავარი უკვე შექმნილია ბუნების მიერ. ამიტომ შენობა ისე უნდა ჩართულიყო ლანდშაფტში, რომ ერთი მხრივ საკუთარი იდენტობა ჰქონოდა, მეორე მხრივ კი ადამიანს კიდევ უფრო მძაფრად ეგრძნო გარემო — მთები, სივრცე, ხედები. სწორედ ამიტომ გახდა ტერასები, ხედვის წერტილები და გარემოსთან მუდმივი ვიზუალური კავშირი კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ალბათ საერთაშორისო ჟიურისთვისაც საინტერესო სწორედ ეს დიალოგი აღმოჩნდა — როდესაც ძალიან ლოკალური, ქართული და კონკრეტულად სვანური კულტურული კოდი შეიძლება გადაითარგმნოს თანამედროვე არქიტექტურულ ენაზე და ამავე დროს გასაგები გახდეს ადამიანისთვის, რომელსაც შეიძლება სვანეთი არასოდეს უნახავს.

ჩემთვის ეს ორი საერთაშორისო აღიარებაც სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ პროექტმა ჯილდოები მიიღო, არამედ იმიტომ, რომ სრულიად ქართული არქიტექტურული ისტორიისგან დაბადებულმა იდეამ შეძლო საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში საკუთარი სათქმელის თქმა.

და ალბათ ამ პროექტში ყველაზე მეტად სწორედ ეს მიყვარს — ის არ ცდილობს გახდეს სვანური კოშკის ასლი. ის ცდილობს გააგრძელოს მისი ისტორია ჩვენი დროის ენაზე.

მესტიის პროექტი ფართო კითხვასაც აჩენს — როგორ უნდა იმუშაოს თანამედროვე არქიტექტორმა ძლიერი ისტორიული და კულტურული იდენტობის მქონე გარემოში? რამდენად უნდა „დაემორჩილოს“ ახალი არქიტექტურა კონტექსტს და როდის შეიძლება მასთან შეგნებულ კონტრასტშიც შევიდეს?

ჩემთვის ისტორიული და კულტურული კონტექსტის პატივისცემა არ ნიშნავს მისადმი უსიტყვო მორჩილებას. პირიქით, ვფიქრობ, არქიტექტორის პასუხისმგებლობაა ძალიან კარგად გაიგოს გარემო, რომელშიც მუშაობს, მაგრამ შემდეგ ჰქონდეს გამბედაობა, თავისი დროის არქიტექტურული პასუხიც გასცეს.

ძლიერი ისტორიული იდენტობის მქონე გარემოში მუშაობისას ყველაზე დიდი შეცდომა ჩემთვის წარსულის პირდაპირი კოპირებაა. თუ დღეს ვაშენებთ შენობას, რომელიც ცდილობს, თავი ასი ან ორასი წლის წინ შექმნილ არქიტექტურად მოგვაჩვენოს, ამით რეალურად, არც ისტორიას ვცემთ პატივს და არც ჩვენს დროს ვაძლევთ საკუთარი არქიტექტურის შექმნის შესაძლებლობას.

მე უფრო დიალოგის მჯერა.

ახალი შენობა უნდა გრძნობდეს ადგილს — მის მასშტაბს, რიტმს, მასალას, ლანდშაფტს, კულტურულ მეხსიერებას — მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხი თანამედროვე ენით უნდა გასცეს. ჩემთვის საინტერესო სწორედ ის მომენტია, როდესაც შეგიძლია წარსულთან კავშირი შეინარჩუნო ისე, რომ მისი იმიტაცია არ გააკეთო.

ქორწინების სახლის მესტიაში, ვიზუალიზაცია © Rome Design Awards

კონტრასტიც ჩემთვის სრულიად მისაღებია, თუ ის გააზრებულია. ზოგჯერ თანამედროვე არქიტექტურა სწორედ კონტრასტის საშუალებით უსვამს ხაზს ისტორიულ გარემოს და ძველსაც უფრო მკაფიოდ გვაჩვენებს. მაგრამ კონტრასტი მხოლოდ იმისთვის, რომ შენობა განსხვავებული და ხმამაღალი იყოს, ჩემთვის არასოდეს არის საკმარისი. მას უნდა ჰქონდეს მიზეზი.

არქიტექტორს ასეთ გარემოში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რადგან შენ უკვე ჩამოყალიბებულ ისტორიაში შედიხარ და მას საკუთარ თავს ამატებ. ეს გარკვეულ თავმდაბლობასაც მოითხოვს — უნდა იცოდე, როდის უნდა დაიხიო უკან და მისცე გარემოს მთავარი როლი. მაგრამ ამავე დროს საჭიროა პროფესიული გამბედაობაც, რომ შენს ეპოქას საკუთარი კვალი დაუტოვო.

მესტიის პროექტშიც სწორედ ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. არ მინდოდა ახალი შენობა ისტორიულ გარემოში უცხო სხეული ყოფილიყო, მაგრამ არც ის მინდოდა, რომ მას საკუთარი დრო და იდენტობა დაეკარგა. ჩემთვის გაცილებით საინტერესო იყო, მათ შორის დიალოგი შექმნილიყო.

საბოლოოდ, ვფიქრობ, ისტორიული გარემო მუზეუმად არ უნდა ვაქციოთ. ქალაქები და ადგილები ცოცხალი ორგანიზმებია — მათ სხვადასხვა ეპოქა ემატება და სწორედ ეს ფენები ქმნის მათ ისტორიას.

ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის წარსულის გამეორება. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მას ისეთი ხარისხის არქიტექტურა დავუმატოთ, რომ მომავალში ჩვენი ეპოქაც ამ ისტორიის ღირსეულ ფენად დარჩეს.

ქორწინების სახლის მესტიაში, ვიზუალიზაცია © Rome Design Awards

თქვენი პრაქტიკა საერთაშორისო აღიარებასა და არაერთ არქიტექტურულ ჯილდოს უკავშირდება. რამდენად ცვლის ასეთი გამოცდილება არქიტექტორის დამოკიდებულებას საკუთარი ნამუშევრების მიმართ? და თქვენი დაკვირვებით, რა არის ის, რაც ქართულ არქიტექტურას საერთაშორისო კონტექსტში ინდივიდუალურობას შეიძლება სძენდეს?

საერთაშორისო აღიარება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენს ნამუშევარს აფასებს პროფესიული ჟიური სრულიად სხვა კულტურული და არქიტექტურული გარემოდან. ასეთ დროს ხვდები, რომ იდეამ, რომელიც კონკრეტულ ადგილას და კონკრეტულ კონტექსტში დაიბადა, შეძლო საზღვრების გადალახვა და უნივერსალურ პროფესიულ ენაზე საუბარი.

მაგრამ ჩემთვის ჯილდო არასოდეს არის წერტილი, სადაც საკუთარ ნამუშევარს საბოლოოდ წარმატებულად გამოაცხადებ და გაჩერდები. პირიქით — ყოველი ასეთი აღიარების შემდეგ პასუხისმგებლობა უფრო იზრდება. საკუთარ თავს უკვე უფრო მკაცრად უყურებ, რადგან შემდეგ პროექტში აღარ გინდა გაიმეორო ის, რისთვისაც ერთხელ უკვე მიგიღია აღიარება. გინდა კიდევ ერთხელ დაიწყო ძიება, საკუთარ თავს ახალი ამოცანა დაუსვა და შექმნა რაღაც, რაც შენთვისაც ახალი იქნება.

ალბათ საერთაშორისო გამოცდილებამ კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ არქიტექტურაში ინდივიდუალობა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ ყველანი ერთსა და იმავე საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში ვარსებობთ, ვხედავთ ერთსა და იმავე ტენდენციებს, ტექნოლოგიებსა და მასალებს. ამიტომ ძალიან მარტივია, არქიტექტურა გახდეს გლობალურად თანამედროვე, მაგრამ დაკარგოს ის, რაც მის კონკრეტულ ადგილს ეკუთვნის.

და სწორედ აქ ვხედავ ქართული არქიტექტურის ძალიან დიდ შესაძლებლობას.

საქართველოს აქვს საოცრად მრავალფეროვანი არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობა. თანაც ეს მრავალფეროვნება ძალიან მცირე ტერიტორიაზეა თავმოყრილი — სვანეთის, კახეთის, აჭარის, თბილისის თუ სხვა რეგიონების არქიტექტურული ხასიათი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. გვაქვს უნიკალური ლანდშაფტი, მასალები, მშენებლობის ტრადიციები, სივრცის მიმართ დამოკიდებულება და კულტურული მეხსიერება. ეს ყველაფერი ძალიან ძლიერი რესურსია თანამედროვე არქიტექტორისთვის.

მაგრამ ჩემთვის ქართული არქიტექტურის ინდივიდუალობა არ ნიშნავს ტრადიციული ფორმების პირდაპირ გამეორებას და მით უმეტეს, არქიტექტურაზე ხელოვნურად „ქართული“ ნიშნების დამატებას. გაცილებით საინტერესოა გავიგოთ, რა დგას ამ ფორმების უკან — რატომ შეიქმნა ისინი, როგორ პასუხობდა არქიტექტურა კლიმატს, ლანდშაფტს, ცხოვრების წესს — და ეს ცოდნა ჩვენი დროის ენაზე გადავიტანოთ.

მესტიის პროექტმაც ამ მხრივ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ დაადასტურა: შესაძლებელია იდეა იყოს ძალიან ქართული, ძალიან კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებული და ამავე დროს სრულიად გასაგები გახდეს საერთაშორისო პროფესიული სამყაროსთვის.

ვფიქრობ, საერთაშორისო სივრცეში საინტერესო სწორედ მაშინ ვხდებით, როდესაც არ ვცდილობთ სხვას დავემსგავსოთ.

მსოფლიოს არ სჭირდება ჩვენგან იმის გამეორება, რაც სხვაგან უკვე კარგად კეთდება. ჩვენი შესაძლებლობა იმაშია, რომ თანამედროვე არქიტექტურაში საკუთარი ისტორია, კულტურა და იდენტობა ახალი ენით მოვყვეთ — ისე, რომ ის ერთდროულად ქართული იყოს და უნივერსალურად გასაგებიც.

საოჯახო სასტუმრო აბასთუმანში, ვიზუალიზაცია © A’Design Award

თანამედროვე არქიტექტურაში სულ უფრო ხშირად ვხვდებით შენობებს, რომლებიც ძლიერი ვიზუალური ეფექტისთვის იქმნება და სოციალურ ქსელებში შესანიშნავად „მუშაობს“. თქვენი აზრით, სად გადის ზღვარი არქიტექტურასა და არქიტექტურულ სანახაობას შორის?

მე არ ვფიქრობ, რომ არქიტექტურა აუცილებლად მშვიდი ან შეუმჩნეველი უნდა იყოს იმისთვის, რომ ღირებული იყოს. პირიქით, ძალიან მიყვარს თამამი არქიტექტურა — შენობა, რომელსაც აქვს ხასიათი, რომელიც გაჩერებს, გაიძულებს შეხედო და შეიძლება პირველი შეხვედრისას გაგაოცოს კიდეც.

ჩემს პროექტებშიც ხშირად ვეძებ ძლიერ ვიზუალურ სახეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლენდმარკზე ან საზოგადოებრივ შენობაზე ვმუშაობ. ვფიქრობ, ქალაქს სჭირდება არქიტექტურა, რომელიც ემოციას ქმნის და ადამიანების მეხსიერებაში რჩება.

მაგრამ ჩემთვის ძალიან მკაფიო ზღვარი არსებობს: ვიზუალური ეფექტი შეიძლება იყოს არქიტექტურის შედეგი, მაგრამ არ უნდა იყოს მისი ერთადერთი მიზანი.

თუ შენობა მხოლოდ იმისთვის იქმნება, რომ ერთი ეფექტური ფოტო შექმნას, მაგრამ რეალურ სივრცეში ადამიანს არაფერს აძლევს, გარემოსთან არ აქვს კავშირი, ფუნქცია ფორმას ეწირება და მთელი იდეა მხოლოდ გარეგნულ ეფექტზე დგას, სოციალურმა ქსელებმა გარკვეულწილად შეცვალა ისიც, როგორ აღვიქვამთ არქიტექტურას. დღეს შენობა ხშირად ჯერ ფოტოს ან რენდერის სახით გვხვდება და მხოლოდ შემდეგ — როგორც რეალური სივრცე. მაგრამ არქიტექტურას ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება აქვს ნებისმიერი ვიზუალური გამოსახულებისგან: ადამიანი მასში უნდა შევიდეს, გაიაროს, შეეხოს, გამოიყენოს და წლების განმავლობაში იცხოვროს მასთან. სწორედ აქ ვლინდება, რამდენად რეალურია მისი ღირებულება.

ჩემთვის კარგი ლენდმარკიც სწორედ ამიტომ არ არის უბრალოდ სანახაობრივი ობიექტი. ის შეიძლება იყოს ძალიან თამამი, განსხვავებული და ფოტოგენურიც, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა უნდა არსებობდეს მიზეზი — რატომ არის ასეთი, რატომ დგას სწორედ აქ და რას აძლევს იმ ადგილს, სადაც გაჩნდა.

მე არ მეშინია ეფექტური არქიტექტურის. უფრო მეტიც, ვფიქრობ, არქიტექტურას აქვს უფლება იყოს შთამბეჭდავი. უბრალოდ ეფექტი ჩემთვის არასოდეს არის საწყისი წერტილი.

თუ შენობას ფოტოს გადაღების შემდეგაც აქვს სათქმელი, თუ მასში შესვლისას კიდევ რაღაც ახალს აღმოაჩენ და თუ წლების შემდეგაც გინდა მასთან დაბრუნება — ჩემთვის ეს უკვე სანახაობა აღარ არის. ეს არქიტექტურაა.

დღეს საქართველოში არქიტექტურული განვითარება ხშირად სწრაფი მშენებლობის, ეკონომიკური ინტერესებისა და ქალაქის გრძელვადიანი ხარისხის ურთიერთდაპირისპირებასთან არის დაკავშირებული. რამდენად შეუძლია არქიტექტორს ამ პირობებში საკუთარი პროფესიული პოზიციის დაცვა და სად ხედავთ მის პასუხისმგებლობას?

ვფიქრობ, ეს დღეს ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მშენებლობის ტემპი ძალიან სწრაფია, ქალაქი მუდმივად იცვლება და ბუნებრივია, რომ ამ პროცესის უკან ეკონომიკური ინტერესიც დგას. მე ამას თავისთავად პრობლემად არ ვხედავ — არქიტექტურა ყოველთვის არსებობდა ეკონომიკურ რეალობასთან ერთად. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც მოკლევადიანი ეკონომიკური შედეგი ერთადერთ კრიტერიუმად იქცევა.

არქიტექტორი ამ პროცესში საკმაოდ რთულ პოზიციაშია. ერთი მხრივ, მას ჰყავს დამკვეთი, რომელსაც აქვს კონკრეტული ბიუჯეტი, პროგრამა, ვადები და ბიზნესინტერესი. მეორე მხრივ კი, განსაკუთრებით დიდი მასშტაბის პროექტის შემთხვევაში, შენ ქმნი არა მხოლოდ კერძო საკუთრებას — შენ ცვლი ქალაქის ნაწილს, მის სილუეტს, ქუჩას, მოძრაობას, ადამიანების ყოველდღიურ გარემოს. და ეს გავლენა შეიძლება ათწლეულების განმავლობაში დარჩეს.

ამიტომ ჩემთვის პროფესიული პასუხისმგებლობა სწორედ ამ ორი ინტერესის დაბალანსებაშია.

არ ვფიქრობ, რომ არქიტექტორის ამოცანაა ინვესტორს მუდმივად ებრძოლოს. პირიქით, კარგი არქიტექტორი უნდა ახერხებდეს, დაანახოს დამკვეთს, რომ ხარისხიანი არქიტექტურა ეკონომიკური ინტერესის მოწინააღმდეგე არ არის. სწორად დაგეგმილი, იდენტობის მქონე და ქალაქთან კარგად ინტეგრირებული პროექტი საბოლოოდ თავად ინვესტიციის ღირებულებასაც ზრდის.

მაგრამ არსებობს ზღვარი, სადაც არქიტექტორს საკუთარი პროფესიული პოზიციის დაცვა აუცილებლად უნდა შეეძლოს. შეიძლება პროექტში კომპრომისი ბევრ რამეზე დაუშვა — მასალაზე, დეტალზე, გარკვეულ გადაწყვეტებზე — მაგრამ არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც მთლიანად განსაზღვრავს შენობისა და გარემოს მომავალ ხარისხს. ასეთ დროს არქიტექტორმა უნდა შეძლოს თქვას, რატომ არ შეიძლება კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, თუნდაც ის მოკლევადიანად უფრო მომგებიანი ჩანდეს.

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქის მიმართ პასუხისმგებლობა. შენობა შეიძლება კონკრეტულ ადამიანს ან კომპანიას ეკუთვნოდეს, მაგრამ მისი ფასადი, მასშტაბი, სილუეტი და მის გარშემო შექმნილი სივრცე უკვე ყველას ეკუთვნის. ქალაქის მცხოვრებს არ აქვს არჩევანი, ყოველდღე დაინახოს თუ არა ის შენობა — არქიტექტორი ამ არჩევანს გარკვეულწილად მის ნაცვლად აკეთებს. ამიტომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

მე ყოველთვის ვცდილობ, დამკვეთთან ურთიერთობაში ვიყო არა მხოლოდ პროექტის შემსრულებელი, არამედ პროფესიული პარტნიორი. ზოგჯერ ჩვენი პასუხისმგებლობა სწორედ ის არის, რომ დამკვეთს შევთავაზოთ არა ის, რაც მან თავიდან წარმოგვიდგინა, არამედ უკეთესი შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება ჯერ თვითონაც ვერ დაინახა.

საბოლოოდ, შენობა შეიძლება რამდენიმე წელიწადში ანაზღაურდეს, მაგრამ ქალაქში ის შესაძლოა ასი წელი დარჩეს. ჩემთვის არქიტექტორის პასუხისმგებლობა სწორედ ამ განსხვავებული დროის მასშტაბის დანახვაა — დღევანდელი საჭიროება ისე დააკმაყოფილოს, რომ ხვალინდელ ქალაქს ამის საფასურის გადახდა არ მოუწიოს.

დაბოლოს, რა მიმართულებით გსურთ განვითარდეს Artytechs-ის პრაქტიკა მომავალ წლებში? არის თუ არა არქიტექტურული თემა, მასშტაბი ან ტიპოლოგია, რომლის კვლევაც დღეს განსაკუთრებით გაინტერესებთ და რომელშიც საკუთარ მომავალ პროფესიულ გამოწვევას ხედავთ?

ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო სამუშაო პროცესი ყოველთვის იყო და არის  მხოლოდ ერთი მიმართულება – ლენდმარკ არქიტექტურა. არა უბრალოდ დიდი ან ვიზუალურად ეფექტური შენობების შექმნა, არამედ ისეთი პროექტების, რომლებსაც შეუძლიათ ადგილის ახალი სიმბოლო გახდნენ. ეს ძალიან რთული ამოცანაა, რადგან ლენდმარკი მხოლოდ განსხვავებული ფორმით ვერ იქმნება — მას უნდა ჰქონდეს ძლიერი იდეა, ფუნქციური საფუძველი, კავშირი გარემოსთან და, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი იდენტობა.

ჩემი პროფესიული ამბიცია მხოლოდ Artytechs-ის წარმატებით არასოდეს შემოიფარგლებოდა. რაც უფრო მეტი საერთაშორისო გამოცდილება და აღიარება მოდის, მით უფრო მძაფრად ვგრძნობ, რომ თითოეული ასეთი წარმატება ჩემი ქვეყნის საქართველოს წარმატებაა.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩემთვის ის ყოველთვის ძალიან დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. გვაქვს საოცარი ისტორია, კულტურა, არქიტექტურული მემკვიდრეობა, ბუნება და ყველაზე მთავარი — ძალიან ძლიერი შემოქმედებითი პოტენციალი. ხშირად ვფიქრობ, რამდენი რამ გვაქვს ჯერ კიდევ მსოფლიოსთვის სათქმელი და საჩვენებელი.

ალბათ ამიტომაც არის ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციური ის მომენტი, როდესაც ქართული პროექტი საერთაშორისო ჟიურის წინაშე დგას და იმარჯვებს. იმ წუთას ამას ვეღარ აღვიქვამ მხოლოდ როგორც ჩემს ან Artytechs-ის წარმატებას. ძალიან ამაყი ვარ, როდესაც პროექტის გვერდით წერია “Georgia”. ჩემთვის ამ ერთ სიტყვას ხშირად თავად ჯილდოზე დიდი მნიშვნელობაც კი აქვს.

როდესაც სრულიად განსხვავებული კულტურისა და პროფესიული გამოცდილების ადამიანები ხედავენ საქართველოში შექმნილ პროექტს, აფასებენ მის იდეას და ის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ხდება, მიჩნდება განცდა, რომ ჩემი პროფესიით ჩემს ქვეყანასაც ვემსახურები. შეიძლება ეს ერთი პროექტი იყოს, ერთი ჯილდო ან ერთი პატარა ნაბიჯი, მაგრამ თითოეული ასეთი ნაბიჯით საქართველო კიდევ ერთხელ ჩნდება მსოფლიო არქიტექტურულ სივრცეში.

მე ძალიან მინდა, რომ საქართველოს თანამედროვე არქიტექტურითაც იცნობდნენ. არა მხოლოდ იმ საოცარი მემკვიდრეობით, რომელიც წინაპრებმა დაგვიტოვეს, არამედ იმითაც, რასაც ჩვენ ვქმნით დღეს. მინდა, როდესაც ქართულ არქიტექტურაზე ისაუბრებენ, დაინახონ ქვეყანა, რომელსაც აქვს საკუთარი ხმა, საკუთარი ხასიათი, გამბედაობა და შესაძლებლობა, შექმნას მსოფლიო დონის არქიტექტურა.

ალბათ ამიტომ ყოველი საერთაშორისო გამარჯვება ჩემთვის ორმაგად ემოციურია. ერთი მხრივ, ეს არის წლების შრომის პროფესიული შეფასება, მაგრამ მეორე მხრივ, გაცილებით პირადი განცდაა — შენ დგახარ იქ არა მხოლოდ საკუთარი სახელით; შენს უკან დგას შენი სამშობლო – საქართველო.

და თუ ჩემი არქიტექტურით შევძლებ, რომ სადღაც მსოფლიოში ადამიანმა საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ დაიმახსოვროს, დაინტერესდეს მისით და დაინახოს, რომ ამ პატარა ქვეყანას შეუძლია შექმნას დიდი არქიტექტურა — ჩემთვის ამაზე დიდი პროფესიული გამარჯვება არ არსებობს.

რადგან საბოლოოდ, ყოველი ჩემი პროექტის საერთაშორისო გამარჯვება მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ არის — ჩემთვის ეს საქართველოს გამარჯვებაა.

სივრცისა და ადამიანის ურთიერთობა დიზაინში – ინტერვიუ თამთა გოცაძესთან

გარდასახვა, როგორც შემოქმედებითი ძიება – ინტერვიუ ნიკოლოზ დევდარიანთან