კრწანისში მდებარე 87 მ² ფართობის ბინა Concept Design Studio-ს დიზაინერებმა — ანანო მეგრელიშვილმა და თათია ბაზაძემ — ბუნებრივი მასალებითა და დამკვეთის ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული დეტალებით შექმნეს.
საპროექტო დავალების მთავარი მოთხოვნა ინტერიერში ბუნებრივი მასალების მაქსიმალურად გამოყენება იყო. შესაბამისად, დიზაინში ხე, ტრავერტინი და სხვადასხვა სახის ქვა გაერთიანდა, რომელთა ბუნებრივმა ტექსტურებმა და მშვიდმა ფერთა პალიტრამ ბინაში თბილი და მყუდრო ატმოსფერო შექმნა.

პროექტის ავტორების შეფასებით, ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მისი ფუნქციურობაა. დამკვეთმა ბინა უკვე არსებული ტიხრებით შეიძინა, თუმცა საჭირო გახდა დაგეგმარებაში მცირე ცვლილებების შეტანა, რათა სივრცე ოჯახის მოთხოვნებს მაქსიმალურად მორგებოდა. დიზაინის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნიკური სირთულეების შეუმჩნევლად და ესთეტიკურად გადაწყვეტას.

ინტერიერის კონცეფციის განმსაზღვრელ ელემენტად ხის ანათალის ფაქტურა იქცა. მისგან დამზადდა ბინის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი — კარი. იგივე მასალა გამოყენებულია სამზარეულოსა და მთავარი საძინებლის დეკორატიულ პანელზე. სწორედ ამ ფაქტურამ განსაზღვრა ინტერიერის სხვა დეტალები და ფერები და სივრცეებს შორის ვიზუალური ერთიანობა შექმნა.
ერთ-ერთი გამოწვევა სამზარეულოს გამწოვის მილი იყო, რომლის გამოც ჭერზე მოცულობითი ჩახურვა იქმნებოდა. პრობლემური მონაკვეთის დასაფარად დიზაინერებმა ზედა კარადების თავზე არსებული დონე დაწიეს და ერთგვარი “ჩარჩო” შექმნეს. შედეგად, ტექნიკური ელემენტი საერთო კომპოზიციაში ორგანულად ინტეგრირდა.
ბინაში თავდაპირველად არ იყო გამოყოფილი ადგილი სარეცხი მანქანისთვის. ამიტომ ჰოლში სპეციალური ნიშა მოეწყო, რომელშიც სარეცხი მანქანა და საუთოებელი მოწყობილობა განთავსდა. ამ გადაწყვეტამ საჭირო ტექნიკა ერთ სივრცეში გააერთიანა და საცხოვრებელი ზონები ზედმეტი ფუნქციური დატვირთვისგან გაათავისუფლა.
ჰოლის სივიწროვე დამატებით სირთულეს ქმნიდა კარადის დაგეგმვისას. სივრცის ვიზუალურად დასამსუბუქებლად მისი ერთი მხარე მკვეთრი კუთხის ნაცვლად მომრგვალებული ფორმით დამუშავდა. ამ დეტალმა კარადისა და კედლის შეერთება უფრო რბილი და ჰარმონიული გახადა, ხოლო ვიწრო გასასვლელში გადაადგილებაც გაამარტივა.
დამკვეთი პროექტის ყველა დეტალში აქტიურად იყო ჩართული და მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თითოეული საჭიროება წინასწარ ყოფილიყო გათვალისწინებული. პროექტის ავტორების თქმით, მისმა ყურადღებიანობამ და დიზაინერებისადმი ნდობამ სამუშაო პროცესი გაამარტივა და როგორც ესთეტიკური, ისე ფუნქციური გადაწყვეტილებების თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა შექმნა.
საბოლოოდ, ბუნებრივი მასალების ტაქტილური ზედაპირები, ხის თბილი ფაქტურა, ნათელი ფერები და გააზრებული ფუნქციური გადაწყვეტები მშვიდ და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოდ გაერთიანდა. ინტერიერი არა მხოლოდ ვიზუალურად ერთიანია, არამედ ყოველდღიურ საჭიროებებსაც ზუსტად პასუხობს — სწორედ ეს ბალანსი ანიჭებს პროექტს გამორჩეულ ხასიათს.






























