ინტერიერის დიზაინში ზოგჯერ პროფესიულ მიმართულებამდე მისასვლელი გზა წინასწარ განსაზღვრული არ არის. მარიამ ოკრიბელაშვილისა და ლიზი ბლაგიძის შემთხვევაში ეს გზა ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცდილებებით დაიწყო – მარიამი სახვითი ხელოვნების სფეროდან მოხვდა ინტერიერის დიზაინში, ლიზიმ კი ტექნიკურ და შემოქმედებით მიმართულებებს შორის საკუთარი ადგილის ძიების შემდეგ აღმოაჩინა ეს პროფესია. ორივესთვის ინტერიერის დიზაინი აღმოჩნდა სფერო, სადაც კრეატიული ხედვა და პრაქტიკული აზროვნება ერთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება.
მათი პროფესიული გზები ინტერიერის დიზაინის კურსზე გადაიკვეთა. სწავლის პროცესში აღმოჩნდა, რომ საერთო ინტერესებისა და ხედვების პარალელურად, განსხვავებული მიდგომებიც ჰქონდათ. სწორედ ამ განსხვავებამ მისცა მათ შესაძლებლობა, ერთმანეთის იდეები შეევსოთ და საბოლოოდ, ერთობლივი მუშაობა ცალკე სტუდიის – Kutkhe-ს – შექმნის საფუძვლად ექციათ.
დღეს მათი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი კონკრეტული ადამიანისა და სივრცის გაცნობაა. მათთვის ინდივიდუალური ინტერიერი მხოლოდ განსხვავებული ვიზუალური გადაწყვეტა არ არის – მნიშვნელოვანია ცხოვრების სტილის, ჩვევების, საჭიროებებისა და ხასიათის გათვალისწინება, რათა სივრცე ადამიანისთვის ფუნქციური და კომფორტული იყოს და ამავდროულად საკუთარი ხასიათიც შეიძინოს. ამ მიდგომაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს განათებას, ფერს, მასალასა და ტექსტურას, რომელთა საშუალებითაც ისინი ცდილობენ, სივრცემ მხოლოდ ვიზუალური შთაბეჭდილება კი არ შექმნას, არამედ გარკვეული განცდაც გააჩინოს.
Homeis.ge-სთან ინტერვიუში მარიამ ოკრიბელაშვილი და ლიზი ბლაგიძე გვიყვებიან პროფესიულ გზებზე, რომლებმაც ისინი ინტერიერის დიზაინამდე მიიყვანა, Kutkhe-ს შექმნის ისტორიაზე, ორი განსხვავებული ხედვის გაერთიანებასა და იმ პრინციპებზე, რომლითაც კონკრეტული ადამიანისთვის ინდივიდუალურ სივრცეებს ქმნიან.
ლიზი, მარიამ, მოგვიყევით თქვენ შესახებ – როდის და როგორ დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით?
მარიამი: მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის დიზაინით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი, მისი პროფესიულად შესწავლა დაახლოებით ორი წლის წინ გადავწყვიტე. მანამდე ბევრს ვფიქრობდი, თუ რა მიმართულება იქნებოდა ჩემთვის საინტერესო და ისეთი, სადაც კრეატიულ და პრაქტიკულ მუშაობას ერთმანეთთან გავაერთიანებდი. საბოლოოდ, მივედი დასკვნამდე, რომ ინტერიერის დიზაინი სწორედ ის სფერო იყო, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვიგრძნობდი – და ასეც აღმოჩნდა. რაც უფრო მეტს ვსწავლობ და ვმუშაობ ამ მიმართულებით, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
ლიზი: ინტერიერის დიზაინით დავინტერესდი დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც მივაგენი იმ ზღვარს, სადაც ჩემი ყოველდღიურობა აღარ ემთხვეოდა ჩემს შინაგან სურვილებს. სრულიად სპონტანურად კი თავში გამიელვა ინტერიერის დიზაინის შესწავლის იდეამ, რაც საკმაოდ უცნაური იყო, რადგან აქამდე ამ პროფესიაზე არასდროს მიფიქრია, თუმცა წამიერი გაანალიზების შემდეგ, ყველაფერი დალაგდა თავში – მივხვდი, რომ ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ესთეტიკური გარემო და იმ კომფორტის, ემოციების შეგრძნება, რაც შიდა სივრცემ შეიძლება მოუტანოს ადამიანს. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რამდენად დიდ გავლენას ახდენს სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა ფერი, ფორმა, ტექსტურა, განათება, მასალა და როგორ უნდა შეუსაბამო ეს ყოველივე კონკრეტულ პიროვნებას, მის ხასიათს და ამავდროულად იყოს ფუნქციურად გამართული — უსაზღვროდ მრავალფეროვანი პროფესიაა და დაუსრულებელი შესაძლებლობები აქვს.
საკუთარი სტუდიის შექმნამდე რა პროფესიული გზის გავლა დაგჭირდათ? რა გამოცდილებამ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა თქვენს, როგორც დიზაინერების, ჩამოყალიბებაზე?
მარიამი: საკუთარი სტუდიის შექმნამდე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ვსწავლობდი. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ ამ მიმართულებაში საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ვპოულობდი და პაუზაც მქონდა. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე ინტერიერის დიზაინის კურსზე დარეგისტრირება. სწავლის პროცესში ჩემი ინტერესი ამ პროფესიის მიმართ კიდევ უფრო გაღრმავდა და მივხვდი, რომ სწორედ ამ სფეროში შემეძლო ჩემი კრეატიული ხედვისა და პრაქტიკული აზროვნების გაერთიანება.
მას შემდეგ მუდმივად ვაგრძელებ სწავლას და განვითარებას, რადგან ინტერიერის დიზაინი ძალიან მრავალფეროვანი სფეროა და მუდმივად გაძლევს ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. ვფიქრობ, ჩემზე, როგორც დიზაინერის ჩამოყალიბებაზე, ყველაზე დიდი გავლენა სწორედ ამ პროფესიის აღმოჩენამ მოახდინა — იმან, რომ საბოლოოდ ვიპოვე სფერო, სადაც საკუთარი თავი ნამდვილად დავინახე.
ლიზი: ზოგადად, ბავშვობიდან მაინტერესებდა როგორც ტექნიკური სიზუსტე, ისე კრეატიული ხედვაც. პროფესიული თავგადასავლის დასაწყისში ტექნიკურ მხარეს აღმოვჩნდი, აიტის სპეციალობით ჩავაბარე და ხატვითა და შემოქმედებით სიამოვნების მიღება უბრალოდ ჰობად დავტოვე, თუმცა მოუსვენრობა მაინც არ მაძლევდა მისი მიჩქმალვის საშუალებას და ვეცადე, გრაფიკულ დიზაინს მივკედლებოდი, ვერც ამ ყოველივეს მოვერგე , საბოლოოდ კი განვლილმა გამოცდილებებმა განაპირობა ინტერიერის დიზაინის შესწავლა.
ინტერიერის დიზაინი ჩემთვის სრულიად სპონტანური, მაგრამ ზუსტი აღმოჩენა იყო, ეს გახდა ერთადერთი სივრცე, სადაც აღარ მიწევს არჩევნის გაკეთება ტექნიკურსა და შემოქმედებითს შორის. სწორედ აქ გაერთიანდა ჩემი წარსული გამოცდილება და მომავალი ხედვა, რამაც საბოლოოდ, შემაწყვეტინა საკუთარ თავთან ჭიდილი.

როგორ გადაიკვეთა თქვენი პროფესიული გზები და რა მომენტში გაჩნდა განცდა, რომ ერთად მუშაობა ცალკე სტუდიის შექმნის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო?
ჩვენ ერთმანეთი სწორედ სწავლის დასაწყისშივე, ინტერიერის დიზაინის კურსზე გავიცანით. სწავლის პროცესშივე აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი საერთო ინტერესი, სურვილი და ხედვა გვქონდა. თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდით იმასაც, რომ ჩვენი ხედვები მხოლოდ ერთმანეთს არ ემთხვეოდა — გარკვეულწილად განსხვავდებოდა კიდეც. სწორედ ეს განსხვავება აღმოჩნდა საინტერესო, რადგან მათი გაერთიანებით ინტერიერის ბევრად უფრო საინტერესო და განსხვავებულ გადაწყვეტებამდე შეიძლებოდა მივსულიყავით.
კურსის დასრულებიდან მალევე გადავწყვიტეთ, ერთად გვეცადა მუშაობა და გვენახა, როგორ განვითარდებოდა ჩვენი თანამშრომლობა. თავიდან ეს უბრალოდ ერთობლივი მუშაობის მცდელობა იყო, თუმცა ძალიან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის იდეებს ვავსებდით და ეს თანამშრომლობა საინტერესო შედეგს იძლეოდა.
სწორედ ამ თანხვედრამ და განსხვავებული ხედვების გაერთიანების შესაძლებლობამ დაგვანახა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ცალკეული პროექტებით არ უნდა შემოფარგლულიყო და შეიძლება ცალკე სტუდიის შექმნის საფუძველი გამხდარიყო.
რა იყო ის მთავარი იდეა, რომლის გარშემოც Kutkhe ჩამოყალიბდა? როგორ აღწერდით სტუდიის დამოკიდებულებას ინტერიერის დიზაინისადმი რამდენიმე ძირითადი პრინციპით?
ჩვენი მთავარი იდეა იყო, შეგვექმნა ისეთი „კუთხე“, სადაც ადამიანი თავს კომფორტულად, მშვიდად და თავისუფლად იგრძნობდა — სივრცე, სადაც თავადაც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდით. ჩვენთვის დიზაინი სწორედ იმის გააზრებით იწყება, თუ როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა თავი კონკრეტულ სივრცეში.
ამიტომ ერთ-ერთი მთავარი პრინციპი დამკვეთის სურვილებისა და საჭიროებების კარგად შესწავლაა. თითოეული სივრცე ინდივიდუალურია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დიზაინი ადამიანის ცხოვრების სტილს მოერგოს. ამ პროცესში თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია, რათა საბოლოოდ მივიღოთ ზუსტი, ფუნქციური, ესთეტიკური და ამავდროულად ცოცხალი სივრცე.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია სრული გზის გავლა — იდეიდან რეალობამდე. გვინდა, რომ ის, რასაც ადამიანი პროექტში ეკრანზე ხედავს, საბოლოოდ, რეალურ სივრცეშიც იგივე შეგრძნებით და ხარისხით შეიქმნას. ვფიქრობთ, სწორედ ამ ბალანსში — კომფორტს, ფუნქციურობას, ესთეტიკასა და რეალურ განხორციელებას შორის — იკვეთება Kutkhe-ს მთავარი მიდგომა ინტერიერის დიზაინისადმი.
ორი ადამიანის ერთობლივი მუშაობა ყოველთვის გულისხმობს განსხვავებული შეხედულებების თანაარსებობას. როგორ ანაწილებთ როლებს შემოქმედებით პროცესში და როგორ მიდიხართ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, როდესაც ერთ საკითხზე განსხვავებული ხედვა გაქვთ?
რა თქმა უნდა, ორი ადამიანის ერთობლივი მუშაობა ყოველთვის მარტივი არ არის და განსხვავებული შეხედულებები ამ პროცესის ბუნებრივი ნაწილია. ჩვენ ვცდილობთ, საქმე ისე გადავინაწილოთ, რომ ორივეს ძლიერი მხარე და ინტერესები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, თუმცა ეს როლები მკაცრად განსაზღვრული არ არის და პროექტის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს.
შემოქმედებით პროცესში ხშირად გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები, განსაკუთრებით დეტალებთან დაკავშირებით, თუმცა ამას უფრო შესაძლებლობად აღვიქვამთ, ვიდრე სირთულად. ერთმანეთის ხედვების მოსმენით და განხილვით ხშირად მივდივართ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ორივე იდეის საუკეთესო ნაწილს აერთიანებს.
საბოლოოდ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვის იდეას გავყვებით, არამედ ის, თუ რომელი გადაწყვეტილება იქნება კონკრეტული სივრცისთვის ყველაზე სწორი. ვფიქრობთ, სწორედ ეს განსხვავებული ხედვები და ჩვენი ძლიერი მხარეების გაერთიანება გვეხმარება, რომ საბოლოო შედეგი იყოს დაბალანსებული, ჰარმონიული და დეტალებში გააზრებული.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ ინტერიერი კონკრეტული ადამიანის ან სივრცის ხასიათს ასახავდეს? როგორ ცდილობთ, პროექტში ინდივიდუალურობა შექმნათ ისე, რომ ის მხოლოდ დეკორატიულ განსხვავებულობაში არ გამოიხატოს?
ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ვფიქრობთ, რომ ყველა სივრცეს თავისი ხასიათი აქვს და ძალიან ხშირად ის თავად დამკვეთის ხასიათსაც ასახავს. თითოეული ადამიანის ცხოვრების რიტმი, ჩვევები და ყოველდღიური საჭიროებები თავისთავად გვკარნახობს სივრცის განაწილებას და ფუნქციურ მოთხოვნებს, რაც ინდივიდუალური სივრცის შექმნის პირველი ეტაპია.
ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დამკვეთის სურვილების მოსმენა, არამედ მისი გაცნობა — იმის გაგება, თუ როგორ ცხოვრობს, რა უყვარს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა იგრძნოს თავი საკუთარ სივრცეში. ამ პროცესში ადამიანთან ემოციური კავშირის ჩამოყალიბებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
სწორედ ამ ხასიათის შტრიხების დაჭერით ვცდილობთ, ინდივიდუალობას ხაზი გავუსვათ. ჩვენთვის ინდივიდუალური ინტერიერი მხოლოდ განსხვავებული დეკორაცია ან ვიზუალური ეფექტი არ არის — ეს არის სივრცე, რომელიც კონკრეტულ ადამიანს ერგება და სადაც მისი ხასიათი, ცხოვრების სტილი და პიროვნება ბუნებრივად იკითხება.
რა კომპონენტები ქმნის თქვენთვის სივრცის ატმოსფეროს? როგორ მუშაობთ მასალასთან, ფერთან, განათებასთან, ტექსტურასა და სხვა დეტალებთან იმისთვის, რომ საბოლოო გარემომ სასურველი განცდა შექმნას?
სივრცის ატმოსფეროს შექმნაში ჩვენთვის განათებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ყველაფერი ფერისა და მასალის შერჩევით იწყება და შემდეგ სწორედ მათ ვარგებთ შესაბამის განათებას, თუმცა ზოგჯერ პირიქითაც ხდება — კონკრეტული განათება გვკარნახობს ფერისა და მასალის არჩევანს.
განათება და ფერი სივრცის აღქმას მთლიანად ცვლის — ერთი და იგივე მასალა ან ფერი განსხვავებულ განათებაში შეიძლება სრულიად სხვანაირად იგრძნობოდეს. თბილმა, რბილმა განათებამ შეიძლება სივრცე უფრო მშვიდი და ინტიმური გახადოს, ხოლო მკვეთრმა და ცივმა — უფრო დინამიკური და აქტიური. სწორედ ამ ცვლილებებით ვქმნით სივრცის განწყობას.
შემდეგ უკვე მასალა, ტექსტურა და ფორმა ამ შეგრძნებას კიდევ უფრო ამდიდრებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სივრცე მხოლოდ თვალით არ აღიქმებოდეს — მასში შესვლისას ადამიანს გარკვეული სიმშვიდე, სითბო, სიმსუბუქე ან სხვა კონკრეტული განცდა უნდა გაუჩნდეს. ამიტომ თითოეულ დეტალს თავისი როლი აქვს — ხის ტექსტურას, ქვის სიმყარეს, ქსოვილის სირბილეს, სინათლის მიმართულებასაც კი.
საბოლოოდ, ჩვენ ვცდილობთ, ეს ყველაფერი ისე დავაბალანსოთ, რომ სივრცეს საკუთარი ხასიათი და ენერგია ჰქონდეს და ადამიანმა ის არა მხოლოდ დაინახოს, არამედ გარკვეულწილად შეიგრძნოს კიდეც.
დღეს ინტერიერის ვიზუალური კულტურა ძალიან სწრაფად იცვლება და სოციალური მედია გარკვეულ ესთეტიკას განსაკუთრებით აძლიერებს. როგორ არჩევთ თქვენთვის საინტერესო ტენდენციებს იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლებიც მხოლოდ კონკრეტული მომენტის ნაწილია?
რა თქმა უნდა, ტრენდები ყველასთვის მიმზიდველია, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, მათ ბრმად არ მივყვეთ. ხშირად ტრენდად გვევლინება ძველი სტილის კონკრეტული ელემენტები ან მიდგომები, რომელთა თანამედროვე ინტერპრეტაციით გამოყენება ინტერიერში ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ის, რაც უბრალოდ კონკრეტული მომენტის ნაწილია, იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლებსაც უფრო ხანგრძლივი ღირებულება და ხასიათი აქვს.
სოციალურ მედიაში უამრავი საინტერესო იდეა ჩნდება, თუმცა ჩვენთვის მთავარი ყოველთვის თავად სივრცეა — მისი ფუნქცია, არქიტექტურა და ის, თუ რამდენად ბუნებრივად ერგება კონკრეტული გადაწყვეტა გარემოს. საბოლოოდ, გვირჩევნია ისეთი ინტერიერი შევქმნათ, რომელიც დღესაც აქტუალურია, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგაც არ დაკარგავს თავის ინდივიდუალურობას.

როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ქართველი ინტერიერის დიზაინერისთვის?
ქართველი ინტერიერის დიზაინერისთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა, ვფიქრობთ, დამკვეთთან ურთიერთობაა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი საქმიანობის შესახებ და შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციის სწორად გაგებაც.
ხშირად დამკვეთს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული წარმოდგენა დიზაინზე, რომელიც მხოლოდ ვიზუალურ მხარეს უკავშირდება, მაშინ როცა ინტერიერის შექმნა საკმაოდ კომპლექსური პროცესია და ბევრ მნიშვნელოვან დეტალს მოიცავს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დამკვეთს თავიდანვე სწორად ავუხსნათ, რას გულისხმობს ჩვენი სამუშაო და რატომ არის თითოეული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი.

დაბოლოს, როგორ ხედავთ თქვენი სტუდიის მომავალს რამდენიმე წელიწადში – რა მიმართულებით გსურთ განვითარება?
გვსურს, გავაღრმავოთ ჩვენი მასშტაბები, შევქმნათ უფრო კომპლექსური, საზოგადოებრივი და კერძო პროექტები, რომლებიც გასცდება ჩარჩოებს. მთავარი მიმართულება არის ინდივიდუალური და ჩვენი ხელწერის მქონე დიზაინის უკეთესად წარმოჩენა და შენარჩუნება. გვინდა, რომ ჩვენი სახელი ასოცირდებოდეს ხარისხთან, სიღრმესთან, ემოციებთან და ინდივიდუალურ კომფორტთან. ასევე გვსურს შემოვიტანოთ ქართული ელემენტები დახვეწილი, მინიმალისტური გზით.


















