in

ბინა ბაგებში დომინანტური ლურჯი ფერით – ანინია ფხაკაძის ნამუშევარი

ბაგებში მდებარე 200 კვ. მ. ბინის  პროექტი (საცხოვრებელი – 150 კვ. მ., საზაფხულო ფართი – 50 კვ. მ.) ინტერიერის დიზაინერ ანინია ფხაკაძეს ეკუთვნის. დამკვეთს სურდა, იატაკი ხის მასიური პარკეტით მოპირკეთებულიყო, მთავარი აქცენტი გაკეთებულიყო ავეჯზე და გამოყენებულიყო მოლდინგები; ასევე, ოჯახის თითოეულ წევრს უნდა ჰქონოდა საკუთარი სივრცე, რომელიც სხვა სივრცეებს თემატურად დაუკავშირდებოდა.

დიზაინერის აზრით, მთავარი სირთულე ბინაში სამი სველი წერტილის განთავსება იყო ისე, რომ ერთი ყველას მომსახურებოდა, მეორე – მთავარ საძინებელს, მესამე კი – ბავშვების ოთახს.

გეგმარებითი გადაწყვეტილების შედეგად, ბინა მოიცავს გამანაწილებელ ჰოლს, მისაღებ ოთახს, სამზარეულოს, სამ საძინებელს, სამ სველ წერტილს, საგარდერობოსა და ორ საზაფხულო სივრცეს.

მთელ სახლში გამოყენებულია მასიური პარკეტი, კედლებზე – შესაღები ქაღალდი, აბაზანაში კი –  კერამოგრანიტის ფილები. ინტერიერის დომინანტური ფერი ლურჯია, რომელიც თითქმის ყველა ნაწილში გვხვდება.

ბინის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი სამზარეულოა. ღია ცისფერი ავეჯი თეთრ კედლებსა და მოლდინგებს იდეალურად ეხამება და საოცარი სინაზითა და მომხიბვლელობით ავსებს სივრცეს. ამ ფერებში გადაწყვეტილი სამზარეულო ჰარმონიულად ერწყმის სასადილო მაგიდას.

ყურადღებას იქცევს ორიგინალური ფორმებით გამორჩეული სანათების დიზაინიც, რომელიც, ჭერში უხვად დამონტაჟებულ განათებასთან ერთად, ნათელ, ელეგანტურ ატმოსფეროს ქმნის. სამზარეულოს თითოეული დეტალი ინტერიერის კონცეფციას ესადაგება და ვიზუალს დასრულებულ, სრულყოფილ იერს სძენს. მაგალითად, ლურჯი პლინტუსები და მუქი ლურჯი რადიატორი ამ ნაწილის მდიდრულ, დახვეწილ დიზაინს უსვამს ხაზს.

გამყოფი ვიტრაჟით სამზარეულოდან გაერთიანებულ სასადილო და მისაღებ ოთახში გავდივართ. აქ, უმეტესად, თეთრი ფერი ჭარბობს, თუმცა, ლურჯი აქსესუარებსა და ავეჯის დიზაინში მეორდება. ღია ხისფერი პარკეტი ოთახს მეტ სითბოსა და სიმსუბუქეს სძენს და პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის. ნაზ ინტერიერს სივრცის მინიმალისტური ხასიათიც განაპირობებს.

მისაღებში განთავსებული მასიური თეთრი დივანი და პატარა, ორიგინალური დიზაინის მაგიდები სიმყუდროვეს ჰმატებს ამ ზონას. თითოეული აქსესუარი თუ დიზაინ-ობიექტი გემოვნებიანად ეხამება ინტერიერს და მასში საინტერესო აქცენტები შეაქვს.

მთავარი საძინებლის გამორჩეული ელემენტია ოთახშივე დამონტაჟებული სააბაზანო, რომელიც გამჭვირვალე, მუქ მინაშია მოქცეული და ბინის ამ ნაწილს ესთეტიკურად დახვეწილ, ინტიმურ იერს სძენს. საძინებელთან დაპროექტებულია საგარდერობეც, რომელიც, გარდა იმისა, რომ საკმაოდ ტევადია, საძილე ზონას საოცარ სიმსუბუქეს ანიჭებს.

ბავშვების საძინებლები ზუსტად ერგება მათ საჭიროებებს და, ამასთან ერთად, ავეჯისა და ინტერიერის ორიგინალური გადაწყვეტით, სასიამოვნო, კომფორტულ სივრცეებს ქმნის.

ერთ-ერთ სააბაზანოში ჭარბობს შავ-თეთრი ტონალობა, რის გამოც კლასიკური სტილი იქმნება, ოქროსფერი დეტალები კი ოთახს მდიდრულობას სძენს.

მეორე სააბაზანოში მეტად იკვეთება ბინის დანარჩენი ნაწილის ხასიათი და უფრო ნათელი, საერთო კონცეფციის შესაბამისი გარემო იქმნება.

განტვირთვისა და დასვენებისთვის განკუთვნილი ორი აივანი პეიზაჟით ტკბობისა და სუფთა ჰაერზე დროის გასატარებლად საუკეთესო ადგილია.

პროექტის ავტორი ჩვენთან საუბრისას ინტერიერის რამდენიმე დეტალს გამოყოფს. მისი თქმით, ერთ-ერთი თვალშისაცემი ელემენტია ლურჯი კარი, რომელმაც დიზაინის მთელი კონცეფცია განსაზღვრა და ინტერიერში ამ ფერის დომინანტურობაც განაპირობა.

აღსანიშნავია სამზარეულოსა და მისაღების გამყოფი ვიტრაჟი, რომელშიც დაფრეზილი მინაა გამოყენებული და, ასევე, აბაზანის ნიჟარა, რომელიც კერამოგრანიტის ფილითაა დამუშავებული.

ანინიას აზრით, სახლის ინტერიერი ერთდროულად სადაცაა და მდიდრულიც. შავისა და ოქროსფრის კომბინაციას ავეჯსა და სანათებში, ელეგანტურობა და სისადავე შემოაქვს, ლურჯ ფერზე აქცენტირება კი ინტერიერს დახვეწილ, მომნუსხველ იერს სძენს. სიმსუბუქე და გემოვნებიანი სინთეზი ბინაში მყუდრო, კომფორტულ და დადებით ატმოსფეროს ქმნის.

ინტერიერის დიზაინერი: ანინია ფხაკაძე 

ინტერიერის დიზაინის სტუდია: “Fortis

იატაკის საფარი: პარკეტი, აბაზანაში – კერამოგრანიტი

კედლის მოპირკეთება: შესაღები ქაღალდი „ნიუ დიზაინი

საღებავი: „კაპაროლი“

განათება: მაღაზია „მედუზა“

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

რატომ უნდა შეარჩიოთ ფერადი შიდა კარი – 5 მიზეზი

Esteña House — ზაფხულისა და სიამოვნების შეგრძნებით აღსავსე სახლი არგენტინაში