შემოდგომა და ზამთარი ცნობილია დამახასიათებელი სეზონური ვირუსებით, რომლებიც საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და ჰაერიდან გადადის. როგორც კი ოჯახის ერთი წევრი ავადდება, დანარჩენები მაშინვე რისკ-ჯგუფში ხვდებიან. შესაბამისად, ძლიერი იმუნური სისტემის შემთხვევაშიც კი საჭიროა დამატებითი ზომების მიღება, სახლის რეგულარული წმენდა და დეზინფექცია.
რა შემთხვევაშია საჭირო სახლის დეზინფექცია?
დეზინფექცია სავალდებულო პროცედურაა ვირუსული ან ბაქტერიული ხასიათის დაავადებების დროს. უსაფრთხოების ზომები აუცილებელია ჩვეულებრივი გრიპის, გაციებისა და ინფექციების დროსაც კი. დეზინფექციისას მთავარი ამოცანა მიკროორგანიზმების მაქსიმალურად დიდი რაოდენობის განადგურებაა.
სახლის დეზინფექციის სამი სახე არსებობს:
- მიმდინარე – გულისხმობს დაავადების წყაროს, ანუ ვირუსის მატარებელი ადამიანის პირადი ნივთების გაწმენდას.
- საბოლოო – ტარდება გამოჯანმრთელების შემდეგ. ამ დროს ადამიანის იმუნური სისტემა დასუსტებულია, ამიტომ ნებისმიერი მიკროორგანიზმი მარტივად აღწევს მასში.
- პრევენციული – ეს არის ზოგადი სახის დეზინფექცია, რომლის ჩატარებაც სასურველია დაახლოებით სამ თვეში ერთხელ, რადგან, ცივი სეზონის დადგომასთან ერთად, იზრდება დაავადებების რისკიც.
ზოგიერთი ინფექციური დაავადების ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 5 კვირამდე. ამ დროს ბაქტერიები და ვირუსები მთელ სახლში ვრცელდებიან და ახალ “მსხვერპლს” ეძებენ. ასეთ დროს აუცილებელია დეზინფექციის სამივე ტიპის რეგულარული დაცვა.
როგორ უნდა გავანადგუროთ მიკრობები სახლში ვირუსის შემდეგ?
პათოგენური ბაქტერიების განადგურება შესაძლებელია მაღალ ტემპერატურაზე, ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ ან სპეციალური სადეზინფექციო ნაერთების გამოყენებით. სახლის დეზინფექციისთვის შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გამოყენება. სამედიცინო სპირტის ან ამიაკის სპრეის დახმარებით, მიკროორგანიზმების რაოდენობას სახლში 2-3 ჯერ შეამცირებთ.
ძმარზე, მარილის ხსნარსა და ნივრის წვენზე დაფუძნებული ტრადიციული რეცეპტები უძლურია საშიში მიკრობების წინაშე, მაგრამ სუფთა ჰაერი ნამდვილად ანელებს მათ გავრცელებას, ამიტომ საჭიროა ოთახის განიავება დღის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ.
როგორია დეზინფექციის პროცედურა?
ბინის დეზინფექცია იწყება აბაზანისგან ყველაზე შორი ოთახიდან და მთავრდება აბაზანაში. საჭიროა კუთხეების, ზედაპირებისა და ავეჯის უკან არსებული სივრცეების გაწმენდა და დამუშავება.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კარის სახელურებს, გადამრთველებს, ტელევიზორის პულტს, კომპიუტერებსა და კლავიატურას, რადგან ამ ნივთებს ჩვენ მუდმივად ვეხებით და ისინი ინფექციის მთავარი გამტარები არიან. ისინი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს ანტიბაქტერიული საწმენდი საშუალებებით.
ამას გარდა, აუცილებელია, რომ ხშირად გაირეცხოს სახლის მაცხოვრებლების თეთრეული და ტანსაცმელი და რაც მთავარია, მაქსიმალურად მაღალ ტემპერატურაზე.
რა უნდა გავითვალისწინოთ სახლის დეზინფექციის პროცესში?
დასუფთავება უნდა მოხდეს რეზინის ხელთათმანებით. ისინი ხელს შეუწყობენ არასაჭირო კონტაქტის თავიდან აცილებას.
ქლორის შემცველ საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან მუშაობამდე უნდა გააღოთ ფანჯრები და გამოიყენოთ დამცავი ნიღაბი.
დეზინფექციის დროს ოთახში არ უნდა იყვნენ ბავშვები და შინაური ცხოველები.
რა დამატებითი საშუალებები არსებობს ვირუსების თავიდან ასარიდებლად?
ჰაერის დამატენიანებელი სახლში ჰაერს უფრო ჯანსაღს ხდის. ზამთარში ჰაერი შრება რადიატორების და გათბობის სისტემის გამო, რის გამოც ორგანიზმი მუდმივად გაღიზიანებულია და რთულია ბაქტერიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ჰაერის დამატენიანებლის ყველაზე ბიუჯეტური მოდელიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ორგანიზმმა ბაქტერიებთან ბრძოლისთვის დამატებითი ენერგია გამოიმუშაოს.
ასევე, ჩაის ხის, ევკალიპტის, ლიმონის და წიწვოვანი მცენარეების არომატული ზეთები ანტიბაქტერიულ ეფექტს იძლევა და პარალელურად, ამშვიდებს და ავსებს ოთახს სასიამოვნო არომატებით.
ეს მეთოდები არ იძლევა გარანტირებულ შედეგს და არ ცვლის დეზინფექციისთვის საჭირო პრეპარატებს, თუმცა ისინი ვირუსების გავრცელების რისკებს საგრძნობლად ამცირებს.