in

რა უნდა გაითვალიწინოთ სენსორული შემრევის შეძენისას? – 4 მთავარი მახასიათებელი

არსებობს მრავალი სახის შემრევი და ნიჟარა, რომლებიც სივრცეს განსაკუთრებულად საინტერესო და დახვეწილ იერსახეს ანიჭებს. ამ მრავალფეროვან არჩევანს შორის ბაზარზე ვხვდებით შემრევის სენსორულ მოდელებსაც, რომელთა პოპულარობა დღეს მზარდია გამორჩეული დიზაინისა და ფუნქციებიდან გამომდინარე.  ჭკვიანი დიზაინით შექმნილი შემრევი ამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას და სამზარეულოსა თუ აბაზანას ბევრად უფრო სუფთასა და კომფორტულს ხდის. დღევანდელ სტატიაში კი იმ რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებლის შესახებ გიამბობთ, რომლებიც შემრევის შერჩევის პროცესში უნდა გაითვალისწინოთ.

მასალა

შემრევების ყველაზე გავრცელებული მოდელები დღეს ფოლადის, სპილენძისა და ქრომის მასალისგან მზადდება. თითოეულ მათგანს საკუთარი სარგებელი და უპირატესობები აქვს. უჟანგავი ფოლადი მარტივად ეწინააღმდეგება ჟანგს და გამოირჩევა გამძლეობით, სპილენძი გთავაზობთ კლასიკურ, ელეგანტურ იერს, ხოლო ქრომი არის მბზინავი და ადვილად გასაწმენდი და დიდი წვლილი შეაქვს თანამედროვე ინტერიერის შექმნაში.

თითოეული ეს მასალა მწარმოებლების მიერ საგულდაგულოდ არის შერჩეული, რადგან ისინი არ იჟანგება ადვილად და ხარისხიანად მუშაობს წლების განმავლობაში. უშუალოდ თქვენთვის სასურველი შემრევის შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი სამზარეულოს ან სააბაზანოს სტილი, ფერები, საჭიროებები და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინეთ ის.

კვების წყარო

სენსორულ შემრევს სჭირდება ენერგია და ის ჩვეულებრივ ელემენტებს ან ელექტრო კავშირს იყენებს. შესაბამისად, შემრევის შერჩევისას ყურადღება უნდა გამახვილდეს ელემენტის ხარისხსა და მომსახურების ვადაზე. შემრევი, რომელსაც მუდმივად ესაჭიროება ახალი ელემენტი ან კვების წყარო, შეიძლება საკმაოდ არაკომფორტული გამოდგეს. საუკეთესო შემთხვევაში, ელემენტები უნდა მუშაობდეს მინიმუმ ორი წლის განმავლობაში.

აირჩიეთ ისეთი შემრევი, რომელიც გამოირჩევა ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლივობით, ან ისეთი მოდელი, რომელიც მუშაობისთვის იყენებს ელექტროენერგიას და პირდაპირ არის მიერთებული დენის წყაროზე, რის გამოც მას ელემენტი საერთოდ არ სჭირდება და გაცილებით კომფორტულია.

სენსორის ტიპი

როგორც წესი, არსებობს ორი ტიპის სენსორი. პირველი მათგანი წყალს განსაზღვრული დროით რთავს და კარგია სველი წერტილებისათვის, სადაც წყალი დიდი ხნით არ გჭირდებათ. მეორე ტიპის სენსორი ინარჩუნებს წყლის ნაკადს მანამ, სანამ ხელი მის სიახლოვეს მოძრაობს. ასეთი მოდელი კარგია სამზარეულოსთვის, სადაც მაგალითად ჭურჭლის რეცხვის პროცესში წყალი შედარებით დიდი ხნის განმავლობაშია საჭირო.

აირჩიეთ სენსორი, რომელიც შეესაბამება იმ ადგილს, სადაც მის დამონტაჟებას აპირებთ. გახსოვდეთ, რომ სწორად შერჩეული სენსორი დაზოგავს წყალსა და ელექტროენერგიას და ბევრად უფრო მოსახერხებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მონტაჟის სიმარტივე

შეარჩიეთ ისეთი შემრევი, რომლის დამონტაჟება და შემდგომ გამოყენება მარტივია. ზოგიერთ მოდელს შეიძლება მონტაჟისთვის ექსპერტების ჩარევა დასჭირდეს, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც აქვთ რთულად დასაპროგრამებელი სისტემა. უმჯობესია შეარჩიოთ ისეთი მოდელი, რომლის დამონტაჟებასაც თავად შეძლებთ, პროფესიონალების დახმარების გარეშე.

ამ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებით, მარტივად შეძლებთ ისეთი სენსორული შემრევის შეძენას, რომელიც საგრძნობლად გაგიმარტივებთ ყოველდღიურ ცხოვრებას და იდეალურად მოერგება თქვენი ინტერიერის სტილსა და ხასიათს.

ჩინეთი დღეს ლიფტების ინდუსტრიის ლიდერია

ნათელი ბინა სხვენში- თამუნა კანდელაკის ნამუშევარი ვერაზე