in

ოჯახური საქმიანობით შთაგონებული ავეჯის დიზაინერი – ინტერვიუ აკაკი ბაქრაძესთან

აკაკი ბაქრაძე ახალგაზრდა ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერია თბილისიდან. მისი ავეჯით და, ალბათ უფრო სწორი იქნება, ხით დაინტერესება ბავშვობიდან დაიწყო. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახს 1989 წლიდან ჰქონდა ხის საამქრო, მასაც ხშირად უწევდა ამ სფეროსთან ახლოს ყოფნა. დღეს უკვე აკაკი დამოუკიდებლად მართავს ხისა და რკინის საამქროსა და მისივე წარმოებული ავეჯისა და სახლის ინვენტარის მაღაზიას “ხის ფაქტორი”.

“დიდ დროს ვატარებდი საამქროში და გარკვეული გამოცდილება ბავშვობაშივე დავაგროვე. 5 წლის წინ, მამის გარდაცვალების შემდეგ გადმოვიბარე საამქროს ხელმძღვანელობა და დავამატე ჩემი დიზაინით შექმნილი ავეჯის ხაზი, რამაც საჭირო გახადა შოურუმის გახსნა,” – აკაკი ბაქრაძე.

იგი პროფესიით არქიტექტორია და ალბათ ამ პროფესიის არჩევაზე მართლაც დიდი გავლენა იქონია ოჯახის საქმიანობამ. როგორც თავად გვიყვება, პირველი ნაბიჯები დიზაინის სფეროში 13-14 წლის ასაკში გადადგა – როცა საამქროში დარჩენილი პატარა დეტალებისგან სუვენირები შექმნა.

“ჩვენს საამქროში, ძირითადად, იქმნებოდა ტრადიციული და საეკლესიო ხისა და რკინის ინვენტარი. საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელების შემდეგ გადავწყვიტე, რომ შემექმნა საკუთარი ავეჯის ხაზი და ბიზნესი ამ კუთხით განმევითარებინა. ასე დაარსდა “ხის ფაქტორი”, რომელიც საქართველოს ბაზარზე ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ წარმატებას აღწევს.”

ხის ფაქტორი დღესდღეობით მრავალნაირ პროდუქციას ამზადებს, იქნება ეს ხის სკამები, მაგიდები, სანათები, კარადები, დივნები, სახლის წვრილ-წვრილი ინვენტარი. აკაკის თანახმად, მოთხოვნა საკმაოდ დიდია, როგორც მისი დიზაინით შექმნილ ავეჯზე, ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებზე.

“ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრ სასტუმროსა და რესტორანსაც გავუწიეთ უკვე მომსახურება და მასიურ შეკვეთებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, რის გამოც ხშირად გვიხდება საამქროს განახლება-გაფართოება და თანამშრომლების დამატება.”

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დიზაინერი გეგმავს შოურუმების დამატებას საქართველოს მასშტაბით და ნაწარმის ექსპორტზე გატანას.

Lou Estela – პიემონტის მთებში შექმნილი ხის კაბინა

ძველი, კლასიკური და თანამედროვე დიზაინის შერწყმა ბრიტანულ სახლში