in ,

ფერებად აღქმული რეალობა – ინტერვიუ დიზაინერ ანა მაჩაიძესთან

ანა მაჩაიძე 27 წლის ქართველი არქიტექტორი, გრაფიკული და ინტერიერის დიზაინერია. მისი შემოქმედება ძლიერი, მკვეთრი, გამბედავი და ამავე დროს ნაზი ფერთა პალიტრითა და დამალული შინაარსით გამოირჩევა, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების ასპარეზზე ქართული კულტურისა და ენის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეაქვს. ანა ერთდროულად რამდენიმე ხელოვნების დარგში მოღვაწეობს – ნახატებთან და გრაფიკულ დიზაინთან ერთად, ქმნის ხალიჩებს, რაც ქართულ ბაზარზე თავისი სახასიათო, გახლეჩილი კომპოზიციისა და არაორდინალური ტექნიკის გამო სრულიად ახალი პროდუქტია. საკუთარ თავზე, პანდემიის პირობებში მუშაობაზე, სამომავლო გეგმებსა და ხალიჩებზე, რომელსაც მეგობართან ერთად ხელით ქსოვს, ანას რამდენიმე კითხვა დავუსვით:

 

-ანა, გვიამბეთ თქვენზე, თქვენს პროფესიაზე. სულ იცოდით, რომ ხელოვნებას დაუკავშირებდით კარიერას?

-ხელოვნებას მაშინ დავუმეგობრდი, როცა აღმოვაჩინე, რომ ყველა სიტყვას და ასოს კონკრეტულ   ფერში ვხედავდი. ბავშვობიდან დღემდე ფერები  დიდი დოზით განსაზღვრავს ჩემს სიმპატიებს ან ანტიპათიებს.  მთელი ბავშვობა მიყვარდა პარასკევი, იმიტომ, რომ ის სტაფილოსფერია. ჩემთვის სამყაროს სხვა ფერები აქვს, მაგალითად, სიტყვა „ლომი“ ცისფერია, ავტომატურად კი – ცხოველიც . ეს იმდენად საინტერესო იყო, რომ  ვიცოდი, ამ ყველაფრის გადმოცემას დაუკავშირდებოდა ჩემი პროფესიაც.

 

 

 

-თქვენი ფერადი ხალიჩები მალევე გახდა ცნობილი. როდის დაიწყეთ ხალიჩების კეთება? რა იყო ამის ინსპირაცია?

-პირველი ხალიჩა 3 წლის წინ გავაკეთე. ფეხმძიმედ ვიყავი, სრულიად ახალი შეგრძნებები და ახალი ემოციები  მქონდა . რაღაცაში უნდა ჩამედო, რაც ასევე სრულიად ახალი უნდა ყოფილიყო.

 

 

 

-გვიამბეთ თქვენს ტექნიკაზე და შემოქმედებით პროცესზე, როგორ ქმნით ხალიჩებს, საშუალოდ რამდენ ხანს უნდებით ერთი ნამუშევრის შექმნას?

-ხალიჩებს ჩემს მეგობართან, მარიტა ჯანაშიასთან ერთად ვქმნი. დამებადა თუ არა იდეა,  მაშინვე ვუთხარი . მას მერე დავიწყეთ ძიება. იმდენად დიდი ძიების პროცესი გვქონდა, რომ ფაქტობრივად წელიწადზე მეტი  იდეებისა და ტექნიკის დახვეწას მოვანდომეთ . მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ უშუალოდ  კეთება. კეთების პროცესში მივხვდით, რომ ძალიან რთულ საქმეს შევეჭიდეთ, თუმცა მრავალფეროვანს. ვქარგავთ ხელით. როგორც ტანსაცმლის ქსოვას აქვს ბევრი ტექნიკა, აქაც ასეა. არსებობს ძაფის ჩატრიალებით  ქსოვა , გობელენის პრინციპით და ა.შ… ვცდილობთ, რომ ყველანაირი ტექნიკა ავითვისოთ. თითო ხალიჩის მოქარგვას 1 კვირა მაინც ვუნდებით, თუ ზომაში დიდი არ არის.

 

-მოგვიყევით თქვენს პირველ ნამუშევაზე, რა ასაკში შექმენით ის?

-პირველი ნამუშევარი,  რომელსაც ნამუშევარს დავარქმევდი 6 წლის ასაკში შევქმენი. მეცინება, მაგრამ ინსტალაცია იყო. ჩაქუჩით და ლურსმნის დახმარებით ავაწყვე. მახსოვს, რომ მამაჩემმა მითხრა, ჩაქუჩი გოგოს სამქე არ არისო და სწორედ მაშინ გამიჩნდა დაუოკებელი სურვილი, ხელით  მეკეთებინა, მეჭედა და მეჭრა.

 

-როგორ ფიქრობთ, რა ტიპის ინტერიერისთვის ან ადამიანებისთვის არის თქვენი ნამუშევრები განკუთვნილი?

– ჩემი  ნამუშევრები არ არის უბრალოდ ხალიჩები, ეს უფრო კომპოზიციაა . ვგულისხმობ იმას, რომ მას ძირითადად არ აქვს სტანდარტული ფორმა. ისინი ძირითადად არის გაჭრილი, გახლეჩილი. ისინი შეიძლება შედგებოდეს ოთხი ან მეტი  ნაწილისგანაც, ვფიქრობ, რომ ჩემს პროფესიას მივყავავარ ფორმებით თამაშისკენ და მეხმარება იმაში, რომ კონკრეტულ სივრცეს კონკრეტული კომპოზიცია მოვარგო. ხალიჩებს მომავალში ვხედავ  როგორც სახლებში, ასევე საზოგადოებრივ სივრცეებში, კონცეპტუალურ მაღაზიებში, გალეერებში. ვთვლი, რომ ჩვენს ხალიჩებს შეუძლია იყოს ინტერიერის წამყვანი დეტალი. აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ხალიჩამ შეითავსოს სკამის ფუნქცია, სარკის, და კიდევ ძალიან ბევრი, წამოუდგენელი ნივთის.

-როგორ იმოქმედა პანდემიამ თქვენს შემოქმედებაზე?

პანდემიამ ჩემს  შემოქმედებით განწყობაზე  დადებითად იმოქმედა.  დიდი დოზით მიწევს ჩემს ოჯახთან ყოფნა, სადაც უსაზღვრო სიყვარულია.  ჩემი შთაგონების წყაროც ეს არის – ბევრი (წითელი) სიყვარული.  გამომდინარე იქიდან რომ ვხატავ, გამოყოფილი მაქვს სამუშაო სივრცე – ჩემი “მინი” სახელოსნო, რომელიც ძალიან მიყვარს.თუმცა, ტექნიკურად ძალიან შემიშალა ხელი. რთულია დისტანციურად ძაფების არჩევა, მასალების შეძენა. ვერ ვიტყვი, რომ გამაჩერა,  თუმცა ტემპი ნამდვილად დამაკარგინა. ჩვენი ხალიჩები  რამდენიმე გალერეაშია ხელმისაწვდომი, თუმცა ძირითადად ინსტაგრამზე ხდება მისი შეკვეთა და შეძენა.

 -უკვე გაქვთ შემუშავებული სამომავლო გეგმები?

– ძალიან მოგვწონს და გვაინტერესებს ძველი ქართული ქსოვილები და ტექნიკები, ასევე გობელენი, თექა… გვინდა, რომ ეს ყველაფერი  გავაერთიანოთ და საინტერესოდ შემოგთავაზოთ.

 

 

 

ბინა ჭავჭავაძეზე

სასტუმრო ქაღალდის ფრანის ვიზუალით შანხაიში