in

ინტერიერის დიზაინი, როგორც ცხოვრების განუყოფელი ნაწილი – ინტერვიუ ანუკი კუსრაშვილთან

ანუკი კუსრაშვილი ინტერიერის დიზაინით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. გარკვეული დროის შემდეგ კი ბავშვური ინტერესი პროფესიად აქცია. საკმაოდ კონკურენტულ სფეროში ადგილის დასამკვიდრებლად მან ბევრი იშრომა, რის შესახებაც დღეს ჩვენს მკითხველს ესაუბრება.

ანუკი, მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე.

საკმაოდ პატარა ასაკიდან მაინტერესებდა ნივთების დაშლა, მათთვის ადგილის შეცვლა და ახალი ფუნქციის მინიჭება, რაღაც ახლის გამოგონება. 90-იანი წლების თაობის წარმომადგენელი ვარ. სხვების მსგავსად, ჩემი სახლიც იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი შპალერით, ავეჯითა და აქსესუარებით იყო გაწყობილი. ეს გადატვირთული, „მოჩუქურთმებული“ კედლის ქაღალდი არასოდეს მომწონდა და სულ მის გადაკეთებას ვცდილობდი. თავდაპირველად კედლების მოხატვა დავიწყე, რასაც დედის მუდმივი საყვედურები ახლდა. მოგვიანებით, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო გავთამამდი, ქაღალდი მთლიანად მოვხსენი და ფარულად ნაყიდი საღებავით კედელი ჩემი ხელით გადავღებე. ამ დროს საკმაოდ პატარა ვიყავი და არაფერი ვიცოდი ინტერიერის დიზაინზე, როგორც პროფესიაზე, თუმცა, როგორც ჩანს, სივრცის გარდაქმნისადმი ინტერესი თავიდანვე მქონდა.

საცხოვრებელი ბინის ინტერიერი

როგორც ჩანს, ინტერიერის დიზაინით ბავშვობიდან იყავით გატაცებული. როგორ აქციეთ ინტერესი პროფესიად?

თავიდანვე მიზიდავდა ეს სფერო, მაგრამ, როგორც პროფესიას, ისე ვერ აღვიქვამდი. სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პირველივე კურსიდან ძიების პროცესში ვიყავი. ჩემმა მომავალმა ლექტორმა, ბატონმა ჯუმბერ ბეჭვაიამ, ძალიან საინტერესოდ აღმიწერა ინდუსტრიული დიზაინის მიმართულება. მისი სიტყვები დღემდე კარგად მახსოვს: ეს სფერო, ნემსის დიზაინიდან დაწყებული, თვითმფრინავით დამთავრებული, ყველაფერს მოიცავსო. ინდუსტრიული დიზაინის ამ მასშტაბურობამ მიმიზიდა. საბაკალავრო კურსის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ სწორედ ინტერიერის დიზაინი იყო ის საქმე, რომელიც მომწონდა. სამხატვრო აკადემიის დამთავრების მერე სწავლა კოლეჯში გავაგრძელე, სადაც კომპიუტერულ ტექნიკას სრულფასოვნად დავეუფლე. ამ მიმართულებით დღემდე ვიხვეწები. ინტერიერის დიზაინი საკმაოდ დინამიკური პროფესიაა, მუდმივად ვითარდება, ამიტომ ვცდილობ, სიახლეებს არ ჩამოვრჩე.

ბინის ინტერიერი

როგორ წარიმართა თქვენი კარიერა?

საკმაოდ რთული გზა გავიარე. რაღაც ეტაპზე მთლიანად უარი ვთქვი პირად ცხოვრებაზე და თავი საქმეს მივუძღვენი, რაც არცერთი წუთით არ მინანია, რადგან ამან შედეგი გამოიღო. იმდენად მაბედნიერებს ჩემი საქმე, რომ ამგვარი თვითგანწირვა სიამოვნებას მანიჭებს. ამ სფეროში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს დღემდე ემოციურად ვიხსენებ: მეჩვენებოდა, თითქოს სამყარო, რომელშიც ვცხოვრობდი, წამიერად გადიდდა, მე კი დავპატარავდი. სრულიად მარტო ვიყავი, თანაც – გამოუცდელი და საქმის სიდიადე მაშინებდა. ვოცნებობდი, სხვების მუშაობა მენახა და მაგალითი მათგან ამეღო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ფუფუნება არ მქონდა, მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე. დღეს, სხვადასხვა კურსის წყალობით, ამ პროფესიის დაუფლება გაცილებით მარტივია.

საცხოვრებელი სახლის ინტერიერი

რას იტყოდით არქიტექტურისა და დიზაინის ქართულ სივრცეზე? შეიცვალა თუ არა ქართველი დამკვეთის დამოკიდებულება დროთა განმავლობაში?

ნამდვილად საამაყო კოლეგები მყავს. ძალიან მახარებს ჯანსაღი კონკურენცია. ჩვენთან ბევრი ისეთი პროფესიონალია, რომლებიც მსოფლიოში ცნობილ არქიტექტორებსა და დიზაინერებს არ ჩამოუვარდება. წლის განმავლობაში ხშირად ვმოგზაურობთ, ვეცნობით მსოფლიო სიახლეებს ინტერიერისა და არქიტექტურის სფეროში, რაც ჩვენს პროექტებზეც აისახება. ვფიქრობ, ინტერიერის დიზაინი ჩვენს ქვეყანაში ასეთი აქტუალური არასოდეს ყოფილა.

რაც შეეხება დამკვეთს, ის ყოველთვის სათუთად უდგება საცხოვრებელ სივრცეს, საჯარო, ბიზნესმომსახურებისთვის განკუთვნილი ინტერიერის შექმნისას კი უფრო თამამია. მუშაობის დაწყებამდე ყოველთვის ვცდილობ, კარგად გავიცნო კლიენტი, გავესაუბრო, რომ გავარკვიო, რამდენად ეთანხმება ჩვენი იდეები ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში პროექტი ყოველთვის წარმატებული გამოდის, მუშაობის პროცესი კი სასიამოვნოა. ვფიქრობ, ქართველი დამკვეთების უმრავლესობა ფეხს უწყობს სიახლეებს და ახალ გამოწვევებს არ უშინდება, რაც ძალიან სასიამოვნოა და დიზაინერებსაც მოტივაციას გვაძლევს.

სასტუმროს ინტერიერი

როგორია დიზაინის თქვენეული ფილოსოფია, რისგან იღებთ შთაგონებას?

მთავარი ფილოსოფია ჩემთვის ინდივიდუალობა და ხასიათია. მომწონს, როდესაც სივრცეს ეტყობა, რომ ვიღაცამ მასზე იფიქრა, დრო და ენერგია დახარჯა. ეს ნამუშევარში ყოველთვის იგრძნობა. უამრავი სტილი და მიმდინარეობა არსებობს, თითოეული ადამიანი  სხვადასხვა სივრცეში გრძნობს თავს კომფორტულად, მაგრამ ყველა სტილს გონივრულად დაპროექტებული, ყურადღებითა და სიყვარულით შექმნილი გარემო აერთიანებს.

შთაგონებას ყველაზე ხშირად მუსიკის მოსმენისას და ქუჩაში სეირნობისას ვიღებ. დიდ როლს ასრულებს ხელოვნება და კინოც. ჩემთვის პროფესია ცხოვრების ნაწილია, რომელსაც განსაზღვრული დრო არ აქვს. ნებისმიერ წამს შეიძლება დაიჭირო კადრი, რომელმაც, შესაძლოა, თავდაყირა დააყენოს პროექტი. მგონია, რომ ჩემი პროექტები ერთმანეთისგან განსხვავებულია და თითოეულში ინდივიდუალური ხასიათი ჩანს.

კაფე “LIME”

თქვენს რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?

გამოვყოფდი ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარს – ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში მდებარე კერძო სახლის პროექტს, რომელიც სულ მალე დასრულდება. მის გაზიარებას მოუთმენლად ველოდები. დისტანციურად მუშაობა ჩემთვის რთული აღმოჩნდა, ერთგვარ შიშსაც კი იწვევდა. თუმცა, შედეგით კმაყოფილი ვარ.

მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელმაც ჩემი შემოქმედება ფართო საზოგადოებას გააცნო. ეს არის პატარა სილამაზის სალონი, რომელზეც წლების წინ ვიმუშავე. იმ დროს, შეიძლება ითქვას, სიახლე იყო სილამაზის ცენტრის ლოფტის სტილში გადაწყვეტა. პროექტზე მუშაობისას დიდი სიამოვნება მივიღე, რადგან, მცირე გამოცდილების მიუხედავად, დამკვეთისგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობდი. ახლა რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ, რომელთაგან ორი მასშტაბური სასტუმროა სვანეთში. შენობების ზომისა და ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ვფიქრობ, დიდი დრო დაგვჭირდება და ბევრი სირთულეც შეგვხვდება, თუმცა, ვიმედოვნებ, კარგ შედეგს მივიღებთ.

სილამაზის ცენტრის ინტერიერი

რას ურჩევთ თქვენს კოლეგებს, რომლებიც ახლა იწყებენ პროფესიულ საქმიანობას? 

ინტერიერის დიზაინი ის პროფესიაა, რომელიც სიყვარულსა და თავდადებას მოითხოვს, ჯილდოდ კი მძაფრ ემოციებსა და ბედნიერებას გიბრუნებს. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა, რომლის თითოეული დეტალი სიამოვნებას უნდა განიჭებდეს. სირთულეებს სიყვარულით უნდა მიუდგე. თუ ყველაფერს სიყვარულით აკეთებ, მუშაობის პროცესი სიამოვნებას მოგანიჭებს, განსაკუთრებულ სიხარულს კი ის შედეგი მოგგვრის, რომელიც თავიდან მხოლოდ შენს გონებაში არსებობდა, მერე კი, წარმოსახვაში შექმნილი ეს კოლაჟები ყველასთვის ხილული გახდა.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც სახლის ღირებულების გაზრდაში დაგეხმარებათ

მყუდრო საოჯახო სახლი სან ფრანცისკოს მთებში