in

სამზარეულო-მისაღები — 2023 წლის 4 ტენდენცია

სამზარეულოსა და მისაღები ოთახის ერთ სივრცეში გაერთიანების იდეა სულ უფრო პოპულარული და საინტერესო ხდება კომპოზიციური გადაწყვეტებისა და მასალების შერჩევის თვალსაზრისით. დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და შემოგთავაზებთ იდეებს, რომლებიც ამ ორი ზონის გაერთიანებაში დაგეხმარებათ.

  1. კუნძული

წარსულში დარჩა ის დრო, როდესაც სამზარეულოს კუნძული მხოლოდ ფილმებსა და ჟურნალებში ჩნდებოდა მდიდრული ინტერიერით. ახლა გადაწყვეტებს ამ ელემენტით იპოვით როგორც პატარა, სტუდიოს ტიპის ბინებში, ასევე სააგარაკო სახლებში.

კუნძულიანი სამზარეულოს პრაქტიკულობას დიზაინერებიც ადასტურებენ. მისი გამოყენება შესაძლებელია მიუხედავად იმისა, თუ რამდენად პატარაა თქვენი სამზარეულო. ეს საშუალებას გაძლევთ, შექმნათ მოძრაობისა და აქტივობის დამატებითი მარშრუტები, რომლებიც მრავალფუნქციური გამოყენებისთვის შესაფერისია. შეგიძლიათ კუნძულს ინდივიდუალურობა შესძინოთ, ამისთვის გამოიყენეთ, მაგალითად, კონსოლური ელემენტები, კონტრასტული მასალები ან ელფერები და ა. შ.

  1. დამალეთ ზედმეტი ნივთები

მისაღებ ოთახთან დაკავშირებული სამზარეულოსთვის წესრიგი (და მოვლის სიმარტივე) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ზედაპირები ჭურჭლით, მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და წვრილმანებით არ უნდა იყოს დატვირთული.

დაპროექტებისას აუცილებელია გაითვალისწინოთ საკმარისი მოცულობის შესანახი სივრცეების არსებობა, რათა სამზარეულოს ხილული არეალი ზედმეტი ნივთებისგან თავისუფალი იყოს. ეს ეხება გამწოვებსაც — ღუმელის ზემოთ დაკიდებული მოცულობითი კონუსების ნაცვლად, ახლა ხელმისაწვდომია კომპაქტური მოდელები, რომლებიც ჭერზე მაგრდება ან პირდაპირ სამუშაო ზედაპირზე მონტაჟდება.

ერთი და იმავე სტილის ავეჯის გამოყენება სამზარეულო-მისაღებში ერთიანი სივრცის შეგრძნების შექმნას შეუწყობს ხელს. ახლა ბევრი მწარმოებელი გვთავაზობს უნივერსალურ გადაწყვეტებს — ერთნაირი კარადები, მასალები და მოპირკეთება — რომლებიც შესაფერისია როგორც სამზარეულოსთვის, ასევე მისაღები ოთახისთვის. ეს საშუალებას მოგცემთ, ზონები ვიზუალურად დააკავშიროთ და მათ შორის საზღვრები გააქროთ.

  1. მინის კარები

სამზარეულო-მისაღები ოთახის საერთო სივრცე შეიძლება არც ისე ღია იყოს — ბოლო დროს მზარდ ტენდენციას წარმოადგენს ამ ორი ზონის მინის გამჭვირვალე ან ნაწილობრივ დაბურული კარებით გამოყოფა. ჩნდება სხვა ელემენტებიც, რომლებიც ატარებს სინათლეს, მაგრამ ბლოკავს ხმაურს და სუნს, მაგალითად, მინის ტიხრები.

  1. ბუნებასთან უფრო ახლოს

როგორც სახლის სხვა ზონებში, ბუნებრივი მასალების — ხე, ფოლადი, მარმარილო, ფიქალი და სხვა ტიპის ქვები — გამოყენება სამზარეულო-მისაღების დიზაინშიც მოდურია. ასეთი მოპირკეთება საცხოვრებელ სივრცეს უხდება, თვისებებს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს და, ამავდროულად, უმჯობესდება. ასევე გამოიყენება დიდი ფორმატის კერამოგრანიტი და კომპოზიციური მასალები, რომლებიც ბუნებრივი ქვის იმიტაციას ქმნის.

შეგიძლიათ მისაღებისა და სამზარეულოს ზონებში ერთი და იგივე მასალები გამოიყენოთ, რათა მათ შორის “დიალოგი შედგეს” და ერთიანი, ჰარმონიული სივრცე ჩამოყალიბდეს.

მყუდრო საოჯახო სახლი სან ფრანცისკოს მთებში

ბინა მრავალფეროვანი ტონებით საბურთალოზე – სტუდია Accent by Her-ის ნამუშევარი