in

ის, რაც სამზარეულოსა და მისაღების გაერთიანებისას უნდა ვიცოდეთ

არ გადაკვეთოთ საზღვრები

არსებობს ნორმები და წესები, რომლებიც სამზარეულოსა და მისაღები ოთახის გაერთიანებას გარკვეულ საზღვრებში აქცევს. პირველი პრობლემა სამზარეულოს გადატანაა. შერწყმა შესაძლებელია იმ პირობით, რომ სამზარეულოს ადგილმდებარეობა დარჩება იმ სივრცეში, რომელიც დაგეგმარებით არის განსაზღვრული და რეკონსტრუქცია მზიდ კედლებზე არ იმოქმედებს. გარდა ამისა, სამზარეულო „სველი“ ოთახია და კანალიზაციას საცხოვრებელ ზონაში ვერ გადაიტანთ.

ამასთან, უსაფრთხოების სტანდარტებისა და რეგულაციების მიხედვით, გაზქურიან სამზარეულოსა და საცხოვრებელ ზონას შორის უნდა იყოს ტიხარი. შეგიძლიათ ამ მიზნით გამოიყენოთ მინის გასაგორებელი კონსტრუქცია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს დაიხუროს და ეს ორი სივრცე ერთმანეთისგან გაიმიჯნოს.

მეორე პრობლემა მზიდი კედლებია. მათი მთლიანად ამოღება შეუძლებელია, რადგან ეს მთლიანი სახლის კონსტრუქციაზე იმოქმედებს. კომპრომისული ვარიანტია მზიდ კედელში ღიობის გაკეთება (მაგალითად, 90 სმ). გახსოვდეთ, რომ ნორმების მიხედვით, ღიობის სიმაღლე 2,1 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

რესტრუქტურიზაცია

იდეალურია, თუ ბინის თავდაპირველი გეგმის მიხედვით, სამზარეულო და მისაღები ოთახი ერთმანეთის გვერდით არის განლაგებული და ისინი შიდა ტიხრითაა გამოყოფილი. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ მშვიდად ამოიღოთ ტიხარი და რესტრუქტურიზაციის შემდეგ ეტაპებზე გადახვიდეთ. თუ სამზარეულო და მისაღები მზიდი კედლით არის გამოყოფილი, შეგიძლიათ ზემოთ ნახსენები მეთოდი გამოიყენოთ და ამ ორი სივრცის გასაერთიანებლად კედელში ღიობი გააკეთოთ.

იატაკის საფარი

კერამოგრანიტის ფილა სამზარეულოს იატაკის მოსაპირკეთებლად საუკეთესო ვარიანტია. მრავალი დიზაინერი ანიჭებს უპირატესობას ამ მასალის როგორც მისაღებ ოთახში, ასევე დერეფანში გამოყენებასაც. ზოგიერთ ზონაში შეგიძლიათ იატაკქვეშა გათბობა გამოიყენოთ, ხოლო მისაღებში თბილი ხალიჩა დააგოთ. ერთიანი საფარი სივრცეების დაკავშირებას შეუწყობს ხელს.

ჭერი

ჭერის დიზაინის დახმარებით შეგიძლიათ, ზონები ერთმანეთს ვიზუალურად დააკავშიროთ ან, პირიქით, ერთმანეთისგან გამოყოთ.

ანტი ტრენდი: უამრავი ფენა და რთული დეტალები. თუმცა, თუ სიმაღლე საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ სამზარეულოში ან მისაღებში ჭერი ოდნავ დაადაბლოთ, რათა სივრცის ვიზუალური ზონირების ეფექტს მიაღწიოთ.

ავეჯი

სამზარეულოსა და მისაღებ ოთახში ყოველთვის არის საჭირო ნივთების შესანახი სივრცეები. დიზაინერები გვირჩევენ, რომ სივრცის განცდის შესანარჩუნებლად რაც შეიძლება მეტი ფარული ავეჯი გამოვიყენოთ. უმჯობესია კარადების ფასადები კედლების ფერში იყოს. აქცენტი შეიძლება სამზარეულოს კუნძულზე ან სასადილო მაგიდაზე გაკეთდეს. სტუმრების მისაღებად მყუდრო ადგილის შექმნა ადვილია ორი დივნის ან წყვილი სავარძლის დახმარებით.

კედლები

კედლების სწორი დიზაინი ხელს უწყობს ფუნქციური ტერიტორიების ვიზუალურად გაერთიანებას და თანმიმდევრული ინტერიერის შექმნას. მაგალითად, თუ სამზარეულოს წინსაფარი დამზადებულია ქვისგან, მაშინ ამ მასალის კედელზე გადატანით გლუვ გადასვლას შევქმნით. სამზარეულო-მისაღებში უმჯობესია გამოიყენოთ ორი ან სამი განსხვავებული მოპირკეთება, რომელთა ფერები და ტექსტურები ერთმანეთს ნაწილობრივ ემთხვევა.

მინის ტიხრები

მინის ტიხრები იდეალური გადაწყვეტაა, თუ ერთ სივრცეში ორი ან სამი ზონის შექმნა გჭირდებათ. გიყვართ კერძების მომზადება? მაშინ თქვენთვის შესაფერისია გასაგორებელი ტიხრები, რომლებიც ადვილად დაიხურება, რათა საჭმლის სუნი მთელ სახლში არ გავრცელდეს. ხშირად გსტუმრობენ მეგობრები? თქვენთვის შესანიშნავი გამოსავალია მისაღები ოთახი, რომლის გარდაქმნაც შეიძლება — უბრალოდ მინის კარების დახურვით ღამის გასათევ სივრცეს შექმნით.

ბონუსი: ვიტრაჟები საჭირო განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ, რადგან მათ საუცხოო, მრავალფეროვანი ვიზუალი აქვს.

ინტერიერის დიზაინში გაცოცხლებული ფერადი ბავშვობა – ინტერვიუ ნინო გოგილიძესთან

საძინებელი ვარდისფერი აქცენტებით – იდეები შთაგონებისთვის