in

ბინა მრავალფეროვანი ტონებით საბურთალოზე – სტუდია Accent by Her-ის ნამუშევარი

სტუდია Accent by Her-ის წამყვანი დიზაინერის, თაკო უნდილაშვილის ახალი პროექტი საბურთალოზე მდებარეობს. ობიექტის ფართობი 200 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა მაქსიმალურად ნათელი და კომფორტული მისაღების გეგმარებას, სადაც საკმაოდ ტევადი და მყუდრო სივრცე უნდა შექმნილიყო. გარდა ამისა, სამზარეულო მისაღებისგან უნდა გამიჯნულიყო. ფერების თვალსაზრისით, პროექტის ავტორს დამკვეთმა სრული თავისუფლება მისცა. შედეგად, დიზაინერის გადაწყვეტილებით, სახლი საკმაოდ ფერადი და ხალისიანი გამოვიდა.

თაკო უნდილაშვილი

დასახული მიზნის მისაღწევად, უპირველესად, სივრცეები დერეფნული სისტემით დაიყო, რამაც სივრცეში ტერასების გამოყენების საშუალება შექმნა. ამის შემდეგ შეირჩა ფერთა პალიტრა, რომელიც მთლიან ინტერიერში მეორდება. ერთიან კონცეფციას მონაცვლე ფერთა გამა ქმნის.

საცხოვრებელი სახლი მოიცავს სამზარეულოს, ორ საძინებელს, ორ აბაზანას, კაბინეტს, სათავსოს და სახლის მთელ პერიმეტრზე განთავსებულ ტერასებს.

სივრცეში, ძირითადად, ბუნებრივი მასალებია გამოყენებული – პარკეტის იატაკი, სამუშაო მაგიდა ხის ზედაპირით, საწოლი მუხისა და ტყავის კომბინაციით, წაბლის ხის სამზარეულოს მაგიდა. ინტერიერის მთავარ ტონალობას მწვანის, ვარდისფრისა და ცისფრის სინთეზი ქმნის.

მისაღებში ძალიან მყუდრო გარემოა. კომფორტული, ფუმფულა სავარძლები და დივანი, გარდა იმისა, რომ მოსასვენებელ კუთხეს ქმნის, ინტერიერს აფერადებს და მას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს. დახვეწილობით გამოირჩევა ტელევიზორის სადგამი, რომელიც სანათების დიზაინს ეხმიანება. განათება სივრცეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს – ხაზს უსვამს ინტერიერის კონკრეტულ ზონებს.

ტელევიზორის მხარეს მწვანე ფერის კედელს ვხვდებით, რომელიც მოსასვენებელ სივრცეს სიხალისესა და სიმყუდროვეს სძენს. აქვე განთავსებულია სამუშაო კუთხე – ხის გრძელი მაგიდა, რომელზეც განათება ასიმეტრიულად არის განლაგებული, რაც ოთახის მთლიანობასა და მის ორიგინალურ ხასიათს განაპირობებს.

მისაღებ ოთახში, რომელიც საკმაოდ დიდია, სასადილო მაგიდა არ გვხვდება, ამიტომ სამზარეულოს ისეთი გეგმარება შეირჩა, რომელშიც კუნძული და მაგიდა ერთად ჰარმონიულად განლაგდა.

პროექტის ავტორისთვის, გამორჩეული დეტალია მისაღებისა და სამზარეულოს კარი, რომელიც საკმაოდ დახვეწილია. კარის ოვალში ჩასმული მინა სამზარეულოს გამოყოფს და, ამავე დროს, მის საინტერესო ნაწილსაც გამოკვეთს. თაღოვანი კარი განსაკუთრებულ ხიბლს სძენს დერეფანსა და მისაღებს.

სამზარეულოს დომინანტური ფერია მწვანე, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმის ვარდისფერი ტონალობა. სახლის ამ ნაწილში განსაკუთრებულად ფერადი, დადებითი გარემო იქმნება, კომპაქტურად გადანაწილებული ფუნქციური ზონები კი მის მოხერხებულობას უზრუნველყოფს.

საძინებლის მომიჯნავე აბაზანა ვიტრაჟული კარით გადაიტიხრა, რამაც ოთახში სიმსუბუქე და დადებითი განწყობა შემოიტანა.

სივრცის ერთიანობის ხაზგასასმელად, რკალისებრი ფორმა საძინებელ ოთახშიც, საწოლის უკანა კედელზე, მეორდება. ცისფრის აქცენტირებით ყურადღება მახვილდება საწოლზე, რასაც საინტერესო დიზაინის განათებაც ხელს უწყობს. საგარდერობო და სააბაზანო ზონები, რომლებიც დაბურული მინითაა გამოყოფილი, საკმაოდ ორიგინალურად არის დაპროექტებული.

ინტერიერის გამორჩეული ზონაა აბაზანა, რომელშიც დომინანტური ცისფერი ფერი მეორდება. ოქროსფერი დეტალები მას მდიდრულ, დახვეწილ იერს ანიჭებს. მეორე სააბაზანოში გამოყენებულია შედარებით მუქი ტონი, რომელსაც შავი ელემენტები კიდევ უფრო გამოკვეთს.

დიზაინერის მთავარი ამოცანა იყო სივრცის სწორი გადანაწილება და ზომიერების შენარჩუნება, რათა უხვად გამოყენებული ფერთა სინთეზი გამაღიზიანებელი არ ყოფილიყო. საბოლოოდ, ინტერიერი ფერადი, ნათელი და მსუბუქი გამოვიდა, რისი წყალობითაც, მუშაობისა და დასვენებისთვის იდეალური გარემო შეიქმნა.

პროექტის ავტორი: თაკო უნდილაშვილი

ინტერიერის დიზაინ სტუდია: „Accent by Her“

გამოყენებული მასალა:

აბაზანის ფილები – „Kerama Marazzi

შემრევები – „VitrA Georgia

განათება – „New Light“, „Delight

ავეჯი – „Monte Salotti

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

სამზარეულო-მისაღები — 2023 წლის 4 ტენდენცია

საუკეთესო თბილი ფერები საძინებლისთვის – Homeis.ge-ს რჩეული ტონები