ბინა, რომელზეც დღეს გიამბობთ, ლისის ტბასთან მდებარეობს და მის დიზაინ პროექტზე თაკო უნდილაშვილმა, სტუდია Accent by her-ის დამფუძნებელმა იმუშავა.
პროექტის მთავარი მიზანი იყო, სრულიად შეცვლილიყო ძველი, მუქ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი და ახალი, სიცოცხლით სავსე გარემო შექმნილიყო. სასურველი შედეგის მისაღებად დიზაინერმა არა მხოლოდ ინტერიერის სტილისტიკაზე, არამედ გეგმარებაც თავად იმუშავა და ძველი ინტერიერის დემონტაჟის შედეგად სრულიად განახლებული პროექტი შეიქმნა.
ბინაში შესვლისას ჰოლიდან გახსნილ, ნათელ მისაღებ სივრცეში ვხვდებით, სადაც დასასვენებელი ზონა და სამზარეულო ერთიანდება. აქვეა ერთი საძინებელი საკუთარი სველი წერტილით, კაბინეტი და სტუმრების აბაზანა.
თაკო უნდილაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტექსტურებსა და ფერთა ჰარმონიას. მაგალითად, მისაღებში გვხვდება მომრგვალებული მწვანე კედელი, რომელიც დაფრეზილი მოლდინგებით არის შესრულებული.
სამზარეულო ერთ-ერთი დომინანტი სივრცეა ბინაში — ბურგუნდისფერი და თეთრი ტონები აქ ერთმანეთს აბალანსებს, ხოლო წინსაფრის სახით გამოყენებული „MUTINA“-ს ფაქტურული ფილები ტექსტურასა და ხასიათს მატებს სივრცეს.
საძინებელში პასტელურ ლურჯ რბილ იატაკსა და ბურგუნდისფერ კედლებს შორის აშკარა დიალოგია. აბაზანაში კი იგივე ფერთა პალიტრა გრძელდება ტერაცოს ფილების ფონზე.
ყველა სივრცეში ვხვდებით ფერად რადიატორებს „IRSAP“-ის კოლექციიდან, რომლებიც ინტერიერის განწყობას კიდევ უფრო აძლიერებს.
როგორც დიზაინერი აღნიშნავს, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ბინაში ბუნებრივი განათების ნაკლებობა. თუმცა, სწორი გეგმარებისა და სინათლის წყაროების გადანაწილების დახმარებით ეს პრობლემა წარმატებით გადაწყდა.
საკმაოდ ტექნიკური გამოწვევა აღმოჩნდა იატაკის მასალების — პარკეტი, რბილი იატაკი და ტერაცოს ფილები — ერთ სიბრტყეში მოქცევა, თუმცა პროფესიონალური გუნდის დახმარებით ეს ეტაპიც იდეალურად განხორციელდა.
შედეგად შეიქმნა ინტერიერი, სადაც თამამი ფერები, ტექსტურები და კომპოზიციური გადაწყვეტები ორგანულად ერწყმის ერთმანეთს — ბინა, რომელიც როგორც ვიზუალურად, ისე ემოციურად ძალიან კომფორტული და დახვეწილია.
“ამ ინტერიერზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო, რადგან თავად დამკვეთები ღია იყვნენ ახალი და განსხვავებული იდეებისათვის. ასევე აღვნიშნავ, რომ თავად დამკვეთებსაც ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვთ, რაც მიადვილებდა მათთან კომუნიკაციას,” – თაკო უნდილაშვილი
პროექტის ავტორი: თაკო უნდილაშვილი
დიზაინ სტუდია: Accent by her
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2–ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2