in

ტური ცნობილი დიზაინერის, ბლოგერისა და მწერლის – ათენა კალდერონეს სახლში

ინტერიერის დიზაინერი, ბლოგერი, მწერალი და პოპულარული ბლოგი „EyeSwoon“-ის შემქმნელი ათენა კალდერონე (Athena Calderone) ოჯახთან ერთად ბრუკლინის მყუდრო სახლში ცხოვრობს. მან ის თავად მოაწყო.

ათენა კალდერონეს ყველა წამოწყებულ საქმეში წარმატება კვალდაკვალ თან სდევს. მისი ვებ გვერდი, სადაც ის დეკორთან, მოდასთან და კულინარიასთან დაკავშირებულ რჩევებს იძლევა, ყველა რეკორდს ხსნის. მის „Instagram“ გვერდს 605 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, ექსპერტის სახით, მას წამყვანი გამომცემლობები იწვევენ, მათ შორის  „lifestyle“-ის ამერიკის გამოცემა. ათენამ 2 წიგნის გამოცემაც მოასწრო: „Cook Beautiful“ და „Live Beautiful“, რომლებიც გამოსვლისთანავე „ბესთ სელერებად“ იქცა.

„ეს ჯოჯოხეთური შრომა იყო, რომელმაც ემოციურად და ფინანსურად გამოგვფიტა, მაგრამ ის ამად ღირდა“

როგორც ცნობილია, ათენა ინტერიერის პროექტებსაც არანაკლები მარიფათით უძღვება. ამის საუკეთესო მაგალითი მისი საკუთარი ბინები და სახლია, რომლებიც თავად მოაწყო. ოჯახური ცხოვრების განმავლობაში (ათენა გამოჩენილ ნიუ-იორკელ დიჯეი ვიქტორ კალდერონეზეა გათხოვილი და მათი შვილი ჯივანი უკვე 17 წლისაა) მას ასეთი 8 პროექტი ჰქონდა: ოჯახი ყოველ ორ წელიწადში საცხოვრებელს იცვლიდა, საბოლოოდ კი ბრუკლინში, Cobble Hill-ის უბნის ვრცელ თაუნჰაუსში დაფუძნდა.

„მე აღმოვაჩინე, რომ დიზაინთან ზუსტად ისეთი მიდგომა მქონდა, როგორიც მოდისა და კულინარიისადმი, – ამბობს ათენა. მომწონს კონტრასტით გამოწვეული მძაფრი შეგრძნებები, იქნება ეს ვინმეს თეფშზე დაწყობილი პროდუქტები, თუ სივრცეში გაბნეული ნივთები. მომწონდა შუქისა და ჩრდილების, სხვადასხვა ეპოქის, მამაკაცურისა და ქალურის თანაკვეთა და კონტრასტი. სხვადასხვა პოლუსების დაპირისპირება და ამავე დროს მათი ერთობა, როცა ასეთი ანსამბლით სილამაზე იბადება“

თაუნჰაუსზე მუშაობამ სამი წელი გასტანა. „ეს ჯოჯოხეთური სამუშაო იყო, რომელმაც ფინანსურად და ემოციურად გამოგვფიტა“ – ამბობს დიზაინერი. ინტერიერი ფაქტობრივად ფაზლებივით ავაწყვეთ, ვინაიდან თავდაპირველად სახლი რამდენიმე ბინისგან შედგებოდა. თუმცა, შედეგი ამად ღირდა.

კოპენჰაგენის და პარიზის სხვადასხვა ბინებში დანახულ დეტალებს და ყველა ემოციას გონებაში ვინახავდი. მათ შორის, ამ დიდებულ ორმაგ კარს, ბრუკლინის წარმომავლობითა და მედიდურობით გამოწვეულ განცდას, – ყვება ათენა, – ძალიან მინდოდა რაღაც ახლის გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მეშინოდა ამის. ვგრძნობდი, რომ ამ სახლის დეკორისთვის რამდენიმე კულტურის დაჯახება დამჭირდებოდა. აქაა 1940-1970 იანი წლების იტალიური და ფრანგული ვინტაჟის მიქსი“. ასე გაჩნდა ინტერიერში მრავალრიცხოვანი ვინტაჟური ნივთი, რომლებსაც დიასახლისი ვებ გვერდებზე „Etsy“, „1stDibs“, „Chairish“ ან „Ebay“-ზეც კი ეძებს და რომლებსაც თანამედროვე ოსტატების ნამუშევრებით ავსებს.

„მჯერა, რომ ვინტაჟის შეგროვება აზრს მოკლებული არ არის, – აგრძელებს ათენა, – თუმცა, მე მხოლოდ ეს არ მამოძრავებს. როდესაც დროით დაღდასმულ ნივთებს ყიდულობ და სახლში მოგაქვს, მათი ახალი სიცოცლე იწყება, ისტორია გრძელდება და ამაში რაღაც პოეტურია. გარდა ამისა, ანტიკვარი სარფიანი ინვესტიციაცაა. ყიდულობთ ნივთს, რომელიც დროთა განმავლობაში ფასში იმატებს“.

„ვფიქრობ, სახლი თქვენს ინდივიდუალურობას და შეხედულებებს უნდა ეხმიანებოდეს“.

პირველ სართულზე საერთო სივრცეებია: ვრცელი მისაღები, სამზარეულო კუნძულითა და მარმარილოს მაგიდით და სასადილო. მეორე სართული, ფაქტობრივად, მთლიანად მთავარ საძინებელს უკავია, მათ შორის ზემოთხსენებული დიდებული ორმაგი კარით, რომელზეც ათენა ოცნებობდა (ისინი საძინებლიდან დიასახლისის საგარდერობოში და სააბაზანოში მიგვიძღვება. უკანასკნელი ვარდისფერი ჩანართების მქონე თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული).

„მე ვიქტორს ვკითხე: “ ვარდისფერი სააბაზანო შენს მამაკაცურ საწყისს ჩრდილს ხომ არ მიაყენებს?“ – იცინის ათენა. – „ეშმაკმა დალახვროს, კი!“, – მიპასუხა მან“. ამის შემდეგ ფერებთან დაკავშირებით, კითხვები აღარ გაჩენილა.

კიბის მეორე მხარეს ვიქტორის ხმის ჩამწერი სტუდიაა, სულ ზემოთ სართულზე კი ჯინის ოთახი, ათენას სამუშაო ოფისი, სასტუმრო და ოჯახური შეკრებების ოთახია (ის ბიბლიოთეკის ფუნქციასაც ითავსებს), აქ ოჯახის წევრებს ერთად შეკრება და დროის გატარება უყვართ.

სახლში ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია, თუმცა ათენა თვლის, რომ ინტერიერის გაფორმება უსასრულო პროცესია. ახალი ნივთების გაჩენით ძველის გადანაცვლება ხდება. სახლი ხომ ცოცხალი ორგანიზმივითაა, მობინადრეებთან ერთად იზრდება და იცვლება. ასაკი ემატება და გამოცდილებას იძენს. ათენა თვლის, რომ როგორც იქნა, საოცნებო ბუდე მოიწყო და იმედი აქვს, რომ აქედან გადასვლა აღარ მოუწევთ.

Kitchen & Living – სკანდინავიური სტილის შოურუმი გამორჩეული ბრენდებით

გზა მუყაოს სათამაშო სახლებიდან ეპოქალური ღვინის შატოებამდე – ინტერვიუ მარიკა ქურთიშვილთან