in ,

გზა მუყაოს სათამაშო სახლებიდან ეპოქალური ღვინის შატოებამდე – ინტერვიუ მარიკა ქურთიშვილთან

Alliance Group
Alliance Group

დღეს არქიტექტურული დინასტიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის, ვლადიმერ ქურთიშვილის ქალიშვილი, ასევე არქიტექტორი – მარიკა ქურთიშვილი გვინდა გაგაცნოთ. ვლადიმერ ქურთიშვილი საკმაოდ ახალგაზრდა, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, მარიკა მაშინ მხოლოდ 25 წლის იყო და მამამ მისი პროფესიონალად ქცევა ვერ მოასწრო. იმ დროს ქვეყანაში ე.წ. 90-იანები მძვინვარებდა და მარიკამ ზუსტად ამ პერიოდში დაამთავრა სამხატვრო აკადემია. მამის გარდაცვალებით კი ახალგაზრდა არქიტექტორისთვის სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო. რაც შეეხება მარიკას დედას – ნინო ჯიშკარიანს, ისიც არქიტექტორი იყო და გია ქურდიანთან დინამოს სტადიონის პროექტზე მუშაობდა. მისი და, ირინა ხელოვანი და სცენოგრაფია, გერმანიაში მოღვაწეობს და არქიტექტურას იკვლევს. შესაბამისად, არქიტექტურა ამ ოჯახში გენეტიკური მემკვიდრეობაა. დღეს მარიკა ქურთიშვილი ჩვენი რესპონდენტია და არქიტექტურის საოცარ სამყაროში სწორედ მასთან ერთად ვიმოგზაურებთ:

ქურთიშვილების არქიტექტურული ოჯახი

მარიკა, გვიამბეთ თქვენ შესახებ. როგორ მოხვედით იქ, სადაც ახლა ხართ. 

მე თბილისში, ავლაბარში დავიბადე. იტალიურ, კოსმოპოლიტურ ეზოში ვცხოვრობდით, სადაც ძველი თბილისის ემოცია ბატონობდა. შემდეგ აბაშიძეზე, დედას სახლში გადავედით. ამ პერიოდში საბურთალოზე, ხილიანის ქუჩაზე (დღევანდელი სიმონ ჩიქოვანი) ახალი რაიონი შენდებოდა და არქიტექტორების ჯგუფმა ამხანაგობა შექმნა. მამასაც შესთავაზეს მონაწილეობის მიღება და ასე აშენდა ეს ცნობილი „არქიტექტორების“ დიდი სახლი. მერე მისი პატარა “ტყუპიც” აუშენდა ცოტა ქვემოთ.

ეს სახლი რაღაცით ლე კორბუზიეს მიერ მარსელში აშენებულ სახლს წააგავდა, რომელიც გიგანტური, პატარა ბინებად დანაწევრებული „მოგლეჯილი“ კორპუსი იყო და თავის დროზე მარსელში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. „არქიტექტორების“ ეს სახლიც გრძელი და განიერი იყო. მანამდე აშენებული კორპუსებისგან ძალიან გამოირჩეოდა.

ლე კორბუზიეს დაპროექტებული სახლი მარსელში

აქ დასახლდნენ არქიტექტორები, ექიმები და მსახიობები. ამ სახლში ცხოვრობდნენ რამაზ ჩხიკვაძე, ბუბა კიკაბიძე,  ექიმი ლევან ჩარკვიანი, გურამ რცხილაძე, კარდიოლოგები და არქიტექტორები გიგა ბათიაშვილი, გივი შავდია (თბილისის გენგეგმის შემქმნელი), თემო მიქაშავიძე, გერა აჯიაშვილი, ირაკლი მასხარაშვილი (მზიურის ავტორი), დათო ახვლედიანი  და სხვა მრავალი ცნობილი პიროვნება. ხუმრობით ამ სახლს კორბუზიეს საპატივცემულოდ „ლე კორპუსსაც“ კი ვეძახით. სწორედ ამ სახლში დაიწყო არქიტექტურასთან ჩემი პირველი შეხება.

“არქიტექტორების სახლი” ხილიანზე, (ე.წ. “ლე კორპუ”)

მახსოვს, ჩვენი მშობლები [მათი შესაძლებლობების მიუხედავად] ნაყიდი სათამაშოებით არ გვანებივრებდნენ და მამა გვეუბნებოდა, რომ თვითონ გაგვეკეთებინა ისინი. მან მუყაოს დაჭრა-დამუშავება გვასწავლა და ასე დავიწყეთ პატარაობიდან მუყაოს სახლების, ბინების, ავეჯისა და სათამაშო ინტერიერის სხვადასხვა ელემენტების კეთება. სწორედ ეს ბავშვური თამაში აღმოჩნდა ჩემი და ჩემი დის პირველი შეხება მოცულობასთან, ინტერიერთან, პროპორციებთან და გეგმარებასთან. ამ სახლში მამა ხშირად კონკურსებსაც აწყობდა, სადაც თვითონაც ხშირად მონაწილეობდა და იმარჯვებდა კიდეც. ამ კონკურსებისთვის 2-3 თვე გამალებული მუშაობა-მზადება მიდიოდა. მამა, ვალერი ბახტაძე, ლეონ ბოკერია და ვოვა ცინცაძე საკონკურსო ნამუშევრებს ერთად აკეთებდნენ. მართალია, მამა ნაკლებად გვრევდა ამ საქმეში, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდებოდა. ასეთ გარემოში გავიზარდე და სხვა პროფესიაზე არც კი მიფიქრია. ჩავაბარე აკადემიაში ინტერიერის ფაკულტეტზე, ვისწავლე და არქიტექტურას შემდგომ პრაქტიკაში დავეუფლე. ძალიან კარგი პროფესორები გვყავდა. მაგალითად, კოტე ჩხეიძე, რუსთაველზე „მეშახტეების კორპუსის“ შენობის ავტორი. ის არქიტექტურას გვიკითხავდა. სამწუხაროდ, ჩვენ მაშინ სათანადოდ ვერ აღვიქვამდით ამ ბუმბერაზებს.

ე.წ. “მეშახტეების კორპუსი”

მე და მამამ ერთად მუშაობა მხოლოდ ერთ პროექტზე მოვასწარით. 91 წელს გადამწვარი და დანგრეული რუსთაველის პროსპექტის აღდგენისთვის გამოცხადებულ კონკურსში მამამ სასტუმრო “ორიენტი” (მხატვრის სახლი) აირჩია, მეც ჩამრთო პროექტში და გავიმარჯვეთ კიდეც. პირველი ხარისხის პრემია მოგვანიჭეს, მაგრამ მერე მამა გარდაიცვალა… მიუხედავად იმისა, რომ ამ შენობის აშენებას აპირებდნენ (მსურველებს შორის ბობ ვოლშიც იყო), საბოლოოდ ეს პროექტი არ განხორციელდა და აშენდა ის, რაც დღეს არის.

მამა-შვილი ქურთიშვილების “მხატვრის სახლის” რეკონსტრუქციის გამარჯვებული პროექტი. ფოტო: სანდრო სულაბერიძე

ფრილანსერად 2020 წლამდე ვიმუშავე და შარშან ჩემი კომპანია „შახტა“ დავაფუძნე, რომელსაც სექტემბერში ერთი წელი შეუსრულდა. რატომ „შახტა“? ბაბუ დედის მხრიდან „მანგანტრესტის“ მთავარი ენერგეტიკოსი იყო. ომის დროს მას პირდაპირი კავშირი ჰქონდა სტალინთან და მოლოტოვთან. მთელი ბავშვობა ბაბუს ამ ემოციების მომსწრე ვიყავით, როცა ის თავის საქმიანობაზე ყვებოდა, ამბობდა, რომ მაღარო 5 წუთით რომ გაჩერებულიყო, მას დახვრეტდნენ, რადგან ეს 200 ტანკის ზარალის ტოლფასი იქნებოდა. მე ჩემს ცხოვრებასაც „შახტას“ ვეძახი, რადგან 5 წუთით რომ გავჩერდე, ეს „200 ტანკის ზარალს გამოიწვევს“ (იცინის).

მარიკა ქურთიშვილის დიზაინით დამზადებული სკამი

რა პროფესიისაც არ უნდა იყოს ადამიანი, გინდა ექიმი, გინდა ბიოლოგი, გინდა ქიმიკოსი, მოაზროვნე ადამიანს საზრუნავი არ გამოელევა. უცხოელ მეგობრებს ტურებს ვუწყობდი ჭიათურაში, იქაურობას ვათვალიერებინებდი და ყოველ ჯერზე ახალი თვალით ვაფასებდი იმ ყველაფერს. 1954 წელს გამოშვებული „ვაგონეტკების“ ფუნქციურობა და ფოლადის ბაგირების მწყობრში ყოფნა მაკვირვებდა. ისინი დღემდე მუშაობს და ხალხი გადაჰყავს. ამ მაღაროების და ჭიათურის ისტორიამაც იმოქმედა ჩემზე და გადავწყვიტე, ჩემი კომპანიისთვის „შახტა“ დამერქვა.

ჭიათურის “ვაგონეტკები”

ფრილანსერობის პერიოდში ისეთ საინტერესო კომპანიებთან მომიწია მუშაობა, როგორებიცაა: „ომეგა მოტორსი“, „საბა კონსტრაქშენ“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ და ა.შ. 10 წელი ღვინის სფეროში ვიმუშავე – ღვინის ბევრი ლოკაცია, ქარხანა და შატო ავაშენეთ. ასევე ვითანამშრომლე ებრაულ სამშენებლო კომპანიასთან, რომელსაც სათავო ოფისი ისრაელში, კესარიაში ჰქონდა.

რა არის თქვენთვის არქიტექტურა?

არქიტექტურა სულიერსა და უსულოს შორის კავშირია. პირველ რიგში, ის საზოგადოებასა და ადამიანს უნდა ემსახურებოდეს. თუ ეს ასე არ არის, არ ვთვლი ასეთ ნაგებობას არქიტექტურის წარმატებულ ნიმუშად. ის დღევანდელი დღის მაჯის ცემას უნდა გრძნობდეს და ეხმიანებოდეს მას. ფუნქციურობა და ინჟინრული გამართულობა მხოლოდ და მხოლოდ ცოდნაა, არქიტექტურა კი შემოქმედებითი პროცესია. მას მრავალი წახნაგი აქვს და საბოლოოდ ის შედეგის ესთეტიკური მახასიათებლით ფასდება.

წყლის ტაძარი, ტადაო ანდო

ჩემთვის არქიტექტურა ადგილის სულის შეგრძნებით იწყება. თუ ვერ აღიქვამ ადგილს, მაშინ არაფერი გამოვა და „გამოფიტულ“ ქვა-ღორღს მივიღებთ. ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავთ ადგილის შესწავლასა და მისი ხასიათის გაგებაში. შეიძლება 5-10- ჯერ მიხვიდე და ვერაფერი იგრძნო და ისეც მომხდარა, რომ მითქვამს: ეს ადგილი ჩემი არ არის! ხანდახან ერთი მისვლით აღძრულა ემოცია, რომელიც დიდხანს რჩება – ის შუქი, სივრცის მუსიკა, ჰაერის სიწმინდე, გარემოს ფერი, შემიგრძნია და გამიგია, თუ როგორი იქნება ეს ადგილი წელიწადის სხვა დროს.

ბალკრიშნა დოშის სტუდია ახმედაბადში

ამის შემდეგ პროექტის შექმნა ძალიან სწრაფად ხდება. ანუ განცდილის აკუმულირებას, გადამუშავებას, ფიქრს და მასთან ერთად ღამის გათევას უფრო მეტ დროს ვანდომებთ. შემდეგ ვიკვლევთ ისტორიული კუთხით: რა იყო, როგორ იყო… პროექტირების ფინალში კი ტექნიკური რუტინა იწყება. ვფიქრობ, სწორედ ემოციაზეა დაშენებული ის ესთეტიკა, რისთვისაც საბოლოოდ განვისჯებით.

რა არის თქვენთვის დახვეწილი არქიტექტურული გემოვნება?

არქიტექტურის ყველაზე კარგი შემფასებელი დროა. შენობა ბრწყინვალეა, თუ დროთა განმავლობაში მშვენდება! ასეთია მაგალითად, მელიკ აზარიანცის სახლი. დღეს ეს შენობა მის რეკლამებიან ვიტრაჟებთან და ეკლექტიკასთან ერთად უფრო საინტერესოა, ვიდრე სრულყოფილი, უმწიკვლო ფასადების მქონე მისი თავდაპირველი სახე. ფამუკის სიტყვებს მოვიშველიებ: „ის შენობაა ლამაზი, რომელმაც დროს გაუძლო და დროის ხავსის მოკიდებამ მეტი სილამაზე შესძინა“. გაცილებით საინტერესოა და მეტი ინტრიგა იმალება შენობაში, რომელსაც დროის ხელი ატყვია, თუნდაც ჩამოშლილი იყოს ის.

მელიკ აზარიანცის სახლი

მე ხშირად ვუყურებ ჩვენს ქალაქს ეპოქების ჭრილში და წარმოსახვით დროში ვმოგზაურობ. მაგალითად, ვცდილობ ჩემი ქალაქი 2070 წელს დავინახო… როდესაც ახლანდელ არქიტექტურას ვუყურებ, ვხვდები, რომ სტალინური არქიტექტურის შემდეგ, გარკვეულ ეპოქასთან გვაქვს საქმე. არ ვიმსჯელებ კარგია თუ ცუდი ის, მაგრამ ეს არის ეპოქა, რომელმაც მოჭარბებული ამბიციის მქონე სახასიათო არქიტექტურა შექმნა.

შენობა ფასდება ადგილის, დროის, პოლიტიკური პერიოდისა და სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ჭრილში. ამ დროს იმ შენობისა და მისი შემოქმედის გემოვნებაზე აღარ მსჯელობენ. გემოვნება განიხილება იმ პერიოდში, რა დროსაც ის აშენდა. მაგალითად, ძალიან არ მიყვარს ეს ტრენდული დამოკიდებულება, მაგრამ ფაქტია, რომ როცა შენობა შენდება, მას კოლექტიური გემოვნების მიხედვით განსჯიან.

არსებობს ეგრეთწოდებული „ტოქსიკური“ შენობებიც, რომელიც შესაძლებელია კონკრეტულ მომენტში საზოგადოების გემოვნებაში ჯდებოდეს, მაგრამ ძალიან ცუდად მოქმედებს არქიტექტურაში ჩახედული ადამიანის განწყობაზე. ჩემთვის ასეთია ძალიან მაღალი, უპროპორციო, ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი შენობები ქალაქის ცენტრში. კარგმა არქიტექტორმა სივრცესა თუ ურბანულ გარემოში შენობის სწორად განთავსება უნდა შეძლოს.

ამიტომ ვფიქრობ, რომ არქიტექტურული გემოვნებაა ადგილის, დროის, ეპოქისა და შენობის სოციალური მიზნების სწორი მიგნება და ზომიერება.

თქვენი გადმოსახედიდან, რას საჭიროებს ქართული არქიტექტურული სფერო ამ ეტაპზე?

ვფიქრობ, შესაქმნელია არქიტექტურის კრიტიკოსის ინსტიტუტი. მათ ექნებათ შესაბამისი განათლება, კვალიფიკაცია და რეგალია. როცა რამე ნიმუშზე იტყვიან, “კარგია” ან “არ ვარგა”, ისინი ამის დასაბუთებას შეძლებენ.

შეიძლება გარკვეულ სივრცეში დადგმული, პირობითად ელემენტარული გეომეტრიული  შენობა ძალიან ღირსეული იყოს, მაგრამ საზოგადოებისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდეს. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ საზოგადოებისთვის არქიტექტურის ელემენტარული ცნებების ახსნა – რატომ დგება ეს შენობა ესეთი და არა სხვაგვარი. თუ არ ავუხსნით და არ ვისწავლით არქიტექტურის ელემენტარულ შეფასებას მაინც, ვერასდროს გავიგებთ მის ღირსებას, ან პირიქით.

ჩემი ხედვა ასეთია: უნდა გადავშალოთ ახალი ფურცელი და ნულიდან დავიწყოთ ამ პროფესიის შექმნა. უნდა გაიხსნას შესაბამისი ფაკულტეტი და შესაბამისი კადრები მომზადდეს. სახელმწიფომ სუბსიდია უნდა გამოსცეს იმისთვის, რომ კურსის სტუდენტებმა უცხოეთში ისწავლონ, საკუთარ კოლეგებს გაეცნონ და მათი გამოცდილება გაიზიარონ.

კრიტიკოსის ფუნქციაა ანალიზი, მის სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს და პირველ რიგში,  ის არაპოლიტიზებული უნდა იყოს. მიუკერძოებელი პროფესიონალი… იმედია, 20 წელიწადში ასეთი პროფესიონალები გაჩნდებიან.

ჩვენ არქიტექტურის მუზეუმიც არ გვაქვს. ახალი თაობის არქიტექტორები ძველ თაობას არ იცნობენ. მათ არ იციან ადამიანები, ვინც დარგი დღევანდლამდე მოიყვანა და ვინც ეს გზა გატკეპნა. უამრავი შენობაა, რომელსაც ვუყურებთ და მის შესახებ არაფერი ვიცით. მათ უკან კი დიდი ისტორია და კორიფეები დგანან. ძალიან ბევრი მათგანი უცხოურ კატალოგებშია შეყვანილი. ქართული არქიტექტურით უცხოელები უფრო ინტერესდებიან და იკვლევენ, ვიდრე თავად ქართველები. ეს არის ძალიან სავალალო.

ფრანკფურტის არქიტექტურის მუზეუმი

არქიტექტურის შემეცნება ადამიანებში ძალიან დაბალ დონეზე და მხოლოდ ტრენდების ჭრილშია დანახული. თუ ის გარკვეულ საიტებზე არსებული ცნობადი შენობების მსგავსია, ესეიგი კარგია. ღრმად არ ვეძიებით, თვითმყოფადობას და ინდივიდუალიზმს არ ვაფასებთ.

საზღვარგარეთ არქიტექტურის მუზეუმებს მრავალი წლის ტრადიცია აქვს. ეს არის სწორი. ასეთ შენობას თავისი ისტორია უნდა ჰქონდეს. აქ უნდა ინახებოდეს ღირსშესანიშნაობები, რომლებიც დაიხაზა და განხორციელდა. დღეს ბევრ პროექტს ვეძებთ და მათ ვერ ვპოულობთ. მამას დროს ეს ყველაფერი არქივებში ინახებოდა. ბევრმა ძალიან კარგმა ნაშრომმა, რომლებიც ფურცელზე შეიქმნა, დღის შუქი ვერ ნახა, ამიტომ აუცილებელია ასეთი მუზეუმის შექმნა, სადაც ყველა შედევრი თავს მოიყრის და ისტორიას დარჩება.

დაგვისახელეთ თქვენი ფავორიტი არქიტექტორები

უდიდეს პატივს ვცემ იაპონელ არქიტექტორებს, მაგალითად, ტადაო ანდოს. ასევე ძალიან მომწონს ინდოელი ბალკრიშნა დოში, მანაც ტადაოს მსგავსად პრიცკერის პრემია აიღო. რატომ მომწონს ეს არქიტექტორები? მომწონს არქიტექტორები, რომლებიც ეთნიკას დიდ ყურადღებას უთმობენ. სად დგახარ, ვის მიწაზე, რომელი წყაროს წყალს სვამ და შენს ძარღვებში რა სისხლი მოძრაობს? ეს არაგვია, იორია თუ რეინი? ეთნიკას ჩემს არქიტექტურაში ძალიან დიდ ადგილს ვუთმობ და მუშაობისას ჩვენს უნიკალურ ქართულ ეთნიკას ყოველთვის ვიკვლევ. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისეთი არქიტექტურის შექმნა, რომელსაც საფუძვლად ქართული ეთნიკა უდევს. რა თქმა უნდა, გროტესკის, მოდერნიზებული ფორმებით. დიდი სურვილი მაქვს ჩვენში ჩადებული გენეტიკური კოდი მაქსიმალურად გავხსნა და არქიტექტურაში შემოვიტანო.

ტადაო ანდო
ბალკრიშნა დოში

ბერვი ეთნიკური მომენტი აღმოვაჩინე ქართულ ავეჯში, ქვის წყობებში (მაგალითად კახური, ქართლის, მთის). გურიაში ერთი დიდი შატო – „როიალ ასკანა“ დავაპროექტე და ჩასვლისთანავე ადგილის სულს დავაკვირდი. იყო ბორცვი, ძველი სკოლის შენობის ნანგრევები და ტუფის ქვები. შევისწავლე არქიტექტურა გურიის სიღრმეებში და მივხვდი, რომ ძალიან აქტუალური და სახასიათო იყო შუშაბანდები. აქ ნაირნაირი დეკორაციით გაკეთებული მრავალი შუშაბანდი მოვინახულე. ბევრი სახლი ტუფით იყო აშენებული და წინ შუშაბანდი ჰქონდა. აღნიშნულ პროექტში რამდენიმე კულტურის “მიქსი” გავაკეთეთ. სახასიათოა ასევე მცხეთაში „ქართული ღვინის პალატა“, “ველისციხის ვერანდა” კახეთში, სასტუმრო “ახაშენის ღვინის კურორტი” და “გურამიშვილების მარანი” საგურამოში.

“როიალ ასკანა” გურიაში
“ქართული ღვინის პალატა” მცხეთაში
“ველისციხის ვერანდა” კახეთში

სასტუმრო “ახაშენის ღვინის კურორტი”

“გურამიშვილების მარანი” საგურამოში

ჩემთვის საამაყო ფაქტია, რომ ქართული ღვინის კუთხით შექმნილ არქიტექტურაში ჩვენმა გუნდმა ეპოქა შევქმენით. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც მეღვინეობის თემაზე ეთნიკური პათოსი შემოიტანა. წარმოება, კვება, სტუმარ-მასპინძლობა და ისტორია ერთ კომპლექსში გავაერთიანეთ, რამაც საბოლოოდ, „ღვინის შატოების“ ფორმა მიიღო. შემდგომ ჩვენი ეს მიგნება სხვებმაც აიტაცეს  და ასეთი ნაგებობები მთელს საქართველოში უხვად აშენდა.

ვფიქრობ, ცხოვრების ახალ წესებზე გადასვლის დროა. დღეს რაც ხდება არქიტექტურაში, უკვე დრომოჭმულია, სამყარო იცვლება და არქიტექტურამაც ამ გამოწვევებს ადექვატურად უნდა უპასუხოს. ახალი ტიპის საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცეებია მოსაფიქრებელი. დღევანდელი არქიტექტურა ასოციალურ ადამიანს აყალიბებს და ეს ცუდია. ურთიერთობები იკარგება და ადამიანი ადამიანს შორდება. ვფიქრობ, საზოგადოებამ ახალი მოთხოვნები უნდა წამოაყენოს და სწორი შემეცნება უნდა დაინერგოს.

ავტორი: დავით ბარაბაძე 

ტური ცნობილი დიზაინერის, ბლოგერისა და მწერლის – ათენა კალდერონეს სახლში

ტრადიციული გეომეტრიის დეკონსტრუქცია და ფორმებით თამაში – სტუდია სტიპფოლდის მიერ შექმნილი ნაძვის ხის კონცეფცია