in

რას გულისხმობს ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერის პროფესია და რაში გვჭირდება ეს მომსახურება?

  • ყოფილხართ ოდესმე ცარიელ ბინაში, რომელიც თქვენია, მაგრამ ბოლომდე ვერ არკვევთ, როგორი ავეჯი გჭირდებათ?
  • გიფიქრიათ, რომ ერთი შეხედვით, დიდი საძინებელი შესაძლოა პატარა აღმოჩნდეს თქვენი სურვილებისთვის?
  • ან იქნებ ბოლომდე არ ყოფილხართ დარწმუნებული, რა უნდა მოათავსოთ შესასვლელში, რამხელა უჯრები უნდა ჰქონდეს კარადას და რა ზომის უნდა იყოს თქვენი ტახტი?

ამ ერთი შეხედვით, უწყინარ შეკითხვებზე პასუხი, ხშირად დიდ პრობლემად იქცევა ხოლმე ავეჯის შეძენისა თუ განახლების მსურველი ადამიანებისთვის. მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ამ შემთხვევაში ეს – ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერის დახმარებაა.

ვინ არის და რას აკეთებს ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერი?

ეს პროფესია გულისხმობს როგორც დასამზადებელი, ასევე სარესტავრაციო ავეჯის კონსტრუირებისათვის აზომვითი სამუშაოების შესრულებას, არსებული დიზაინის მიხედვით ესკიზის შექმნას, სამუშაო ნახაზების შედგენას ტრადიციული გრაფიკითა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.

ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერი, პირველ რიგში, გეგმავს ობიექტზე ვიზიტს ზომების ასაღებად, შემდეგ ის სხვადასხვა საკითხებს ათანხმებს მომხმარებელთან, ქმნის ავეჯის 3D კონსტრუქციულ ნახაზს, რომლის ნახვის შემდეგაც, მომხმარებელმა ზუსტად იცის, თუ რა რეალობასთან ექნება საქმე და როგორი იქნება მისი გარდერობი, სამზარეულოს კარადა, სამუშაო მაგიდა თუ სხვა ავეჯი.

მას შემდეგ, რაც ყველა დეტალი შეთანხმდება, ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერი ასევე იღებს პასუხისმგებლობას, ავეჯის აწყობასა და მონტაჟის ზედამხედველობაზე.

და მაინც, რაში გვჭირდება ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერის მომსახურება?

თუ შეკვეთაზე ავეჯის კონსტრუქტორ დიზაინერი არ იმუშავებს, ძალიან დიდი ალბათობით, მიღებული პროდუქტი აცდენილი იქნება მოლოდინებს, რადგან შესაძლოა, არა მხოლოდ რთული იყოს, წარმოიდგინოთ, როგორ გამოიყურება ყველაფერი თქვენს სახლში, არამედ გაგიჭირდეთ ზომებისა და ისეთი დეტალების განსაზღვრა, როგორიცაა უჯრების განლაგება, მოცულობა, რაოდენობა და ა.შ. მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი წინასწარ აიწყოს რენდერის სახით, რადგან თავი დავიზღვიოთ შეცდომებისა და არამიზნობრივი ხარჯისგან.

საკითხში კიდევ უფრო ღრმად გასარკვევად ჩვენ დარგის სპეციალისტს მივმართეთ და კომპანია „დეკოვუდის“ დამფუძნებელს, დავით ხუროძეს გავესაუბრეთ. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, მის პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც კონსტრუქტორ-დიზაინერმა არ იმუშავა პროექტზე, შედეგად კი დამკვეთს არ მოეწონა დასრულებული ავეჯის განლაგება.

“ხშირად ჩნდება პრობლემა არასწორად აღებული ზომების გამო, ასევე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კედლებს შორის დარჩენილი სივრცე წარმოადგენს. დამკვეთს არ აქვს წინასწარი ხედვა, თუ როგორი იქნება მისი ავეჯი, რაც შემდგომ ბევრ გაუგებრობას იწვევს. ჩვენ წლებია, რაც დავნერგეთ კონსტრუქტორ-დიზაინერის მომსახურება და დღემდე უკმაყოფილო დამკვეთი არ გვყოლია, რადგან მსგავსი მომსახურება დამკვეთს ეხმარება, უკეთ აღიქვას (კონკრეტული ზომებით) წინასწარ შერჩეული ავეჯი, პროექტის მიხედვით მოარგოს არასტანდარტულ კედლებს და გახადოს იგი უფრო ერგონომიული. როგორც ცნობილია, მომხმარებლის მეტი წილი ითხოვს მაღალ ხარისხს, მაღალი ხარისხი კი სწორედ წინასწარი კონსტრუქციის შექმნით მიიღწევა,” – გვიამბობს დავით ხუროძე

პროექტის 3D ვიზუალიზაცია

რომ შევაჯამოთ, ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერი ის ადამიანია, რომელიც მნიშვნელოვნად გვიმარტივებს სასურველი ავეჯის შეკვეთის პროცესს. ამ პროფესიის წარმომადგენლები გამოირჩევიან კრეატიულობითა და პრაქტიკულობით. მათ აქვთ ხატვის შესანიშნავი უნარები და ასევე კომპიუტერული დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის საფუძვლიანი ცოდნა, რაც აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეკვეთილი პროდუქტის სრულფასოვანი ვიზუალიზაცია იხილოს და ჰქონდეს ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მისი მომავალი ავეჯი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ საკუთარი ფინანსების, ნერვებისა და დროის დაზოგვა გსურთ, ეს საქმე აუცილებლად პროფესიონალებს უნდა ანდოთ და ამ შემთხვევაში არანაირ იმედგაცრუებას არ ექნება ადგილი.

Heju-ს მიერ დაპროექტებული ბინა Saint Antoine-ში

ძილი, როგორც ღრუბლებში – ჯანსაღი გამოძინებისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი