in

ეფექტური ბინა შარტავას ქუჩაზე – მარიამ ძამაშვილის ნამუშევარი

ეს ბინა, რომელიც შარტავას ქუჩაზე მდებარეობს, საქართველოში არსებული ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის დამფუძნებელ ქალბატონს ეკუთვნის. დიზაინერმა მარიამ ძამაშვილმა გაითვალისწინა დამკვეთის მრავალფეროვანი ცხოვრების სტილი და გემოვნება და მისი საცხოვრებლისთვის ეკლექტური ინტერიერის შექმნა გადაწყვიტა. სწორედ ამ მიზნით, პროექტში შეტანილია სხვადასხვა ტიპის დიზაინ ელემენტები, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

Tbc Insurance
Tbc Insurance

როგორც დიზაინერი გვიამბობს, პროექტის მთავარმა სირთულემ საწყის ეტაპზე იჩინა თავი, როდესაც ბინის გეგმარების საკითხი წყდებოდა. აღნიშნული საცხოვრებელი კომპლექსი დაპროექტებულია იდენტური გეგმარების მქონე ფართებით, ბინის მეპატრონეს კი განსხვავებული წყობის, მაქსიმალურად გაშლილი სივრცის ქონა სურდა. თუმცა, აღნიშნული გამოწვევა მარტივად იქნა გადაჭრილი და საბოლოო ჯამში, შემუშავდა დამკვეთისთვის სასურველი ვარიანტი.

საპროექტო დავალების უმთავრესი ამოცანა მდგომარეობდა ისეთი ინტერიერის შექმნაში, რომელშიც იქნებოდა კომფორტული გარემო როგორც საცხოვრებლად, ასევე სამუშაოდ. ამას გარდა, დამკვეთის სურვილი იყო, მიეღო ისეთი ბინა, რომელიც შთაბეჭდილებას მოახდენდა არამხოლოდ იქ მაცხოვრებელ ადამიანზე, არამედ მნახველზეც. აქედან გამომდინარე, მარიამ ძამაშვილმა დიზაინის წარმოდგენა გადაწყვიტა შესასვლელიდანვე, სადაც ხის ფაქტურისა და განათების ურთიერთობა თითქოს ორმაგ შეგრძნებას ქმნის და აერთიანებს ბუნებრიობასა და ტექნოლოგიას, სითბოსა და სიცივეს.

დამკვეთის გემოვნების გათვალისწინებით, ინტერიერში შეტანილია ბოლო პერიოდში ტრენდული ოქროსფერი, მარმარილოს ფაქტურები და გარკვეული ვინტაჟური ელემენტები. თუმცა, სივრცის ძირითადი ნაწილი სადა თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი.

ინტერიერში განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის მისაღებ ოთახში განთავსებული ბუხარი ბუნებრივი ცეცხლით.

საერთო ჯამში, მივიღეთ საცხოვრებელი სივრცე, რომელიც პასუხობს ყველა იმ თავდაპირველად ჩაფიქრებულ იდეასა და მოსაზრებას, რომელიც დავისახეთ მიზნად დამკვეთთან ერთად. ბინა გამოვიდა მბრწყინავი, ეფექტური და ამავდროულად მყუდრო, კომფორტული და ორიგინალური,” – მარიამ ძამაშვილი

შესრულების წელი: 2021

ფოტოგრაფი: ბილი ბილიხოძე

მუხის ტახტებით გადმოცემული ისტორია – გელა წულაძის მიერ შექმნილი ინტერიერის ობიექტები

ინტერიერის დიზაინის 8 ტენდენცია მილანის დიზაინის კვირიდან