in

ინტერიერი ჭავჭავაძეზე დომინანტური თეთრი ფერით — რუსა თუმანიშვილის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში რუსა თუმანიშვილის მორიგ ნამუშევარს გაგაცნობთ, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. ობიექტის ფართობი 112 მ2 -ია და ის ოთხ წევრიანი ოჯახისთვისაა განკუთვნილი. საპროექტო ამოცანა ფართის სწორ ფუნქციურ გადანაწილებასა და სივრცის მაქსიმალურ ათვისებაში მდგომარეობდა, რასაც დიზაინერმა წარმატებით გაართვა თავი.

რუსა თუმანიშვილი

ბინა მოიცავს გაერთიანებულ მისაღებ და სამზარეულო ზონას, ორ საძინებელს, ერთ სველ წერტილსა და დამხმარე ოთახს.

ინტერიერში გამოყენებულია თეთრი ფერის რამდენიმე გრადაცია, რომელთაც საინტერესოდ ეხამება ღია მწვანე, შავი და ნაცრისფერი აქცენტები. ასევე, ბინა მოპირკეთებულია ცნობილი ბრენდების მასალებით, რაც სახლს განსაკუთრებულ ელფერს სძენს და მდიდრულ ეფექტს ანიჭებს.

მისაღები ზონა სახლის ერთ-ერთი გამორჩეულ სივრცეა. მასში მინიმალიზმისა და კლასიკური სტილის გემოვნებიან შერწყმას ვხვდებით. იმის გამო, რომ იატაკი და კედლები თეთრი ფერის ტონალობაშია გადაწყვეტილი, აქცენტი ავეჯსა და დეკორატიულ ელემენტებზე კეთდება. კლასიკურ ესთეტიკას მოლდინგები და ტელევიზორის კედელზე არსებული „Wall&deco“-ს შპალერი ქმნის. მიმზიდველი ელემენტია თეთრი, რბილი დივანი, რომელსაც ჰაეროვნება და სიმსუბუქე შემოაქვს სივრცეში. ფერადი და ორიგინალური ელემენტია „The Wall“-ის ყავის მაგიდაც, რომელიც ინტერიერს ინდივიდუალურ შტრიხებს მატებს.

კლასიკური და თანამედროვე სტილის შერწყმით, მომხიბვლელი სურათი მიიღება სასადილო ზონაშიც, სადაც მიმზიდველი დიზაინის ოვალურ, თეთრ მაგიდას, „Bontempi“-ის ბრენდის,  „Malik“-ის კოლექციის ღია მწვანე სკამები ამშვენებს. საინტერესო ეფექტს ქმნის „Vibia“-ს სანათის მოდელი — „Cosmos“-იც, რომელიც ინტერიერის წამყვან ფერებს იმეორებს და დახვეწილი ფორმებითა და მწვანე, თეთრი და შავი აქცენტებით იქცევს ყურადღებას. აქვე გვხვდება გეომეტრიული ფორმის კედლის სარკეც, რომელიც სანათის ფერს ეხმიანება.

სამზარეულოშიც მწვანე და თეთრი პალიტრა მეორდება, კონტრასტის სახით კი შავი გამწოვი გვხვდება. ეს კუთხე საკმაოდ მინიმალისტური და სადაა, ზედმეტი ნივთებით გადატვირთული არ არის, დეკორატიული მიმზიდველობა კი სივრცეს სანათების მეშვეობით ეძლევა.

საინტერესოა სამზარეულოს წინსაფრის გადაწყვეტა, რომლის მიღმა ჩაშენებული თაროების სისტემაა დამონტაჟებული. გასაგორებელი კარის მეშვეობით შესაძლებელია ნიჟარის უკან არსებული სივრცის სათავსოს სახით გამოყენება.

აღსანიშნავია დერეფანი, რომელშიც წამყვან თეთრ ტონალობას ბრწყინვალებას მატებს ინდივიდუალური დიზაინის „The Wall“-ის ლურჯი სარკე. ე.წ. უჩინარი კარი კი სივრცის მთლიანობას უსვამს ხაზს.

მთავარი საძინებელი სახლის ერთ-ერთი დახვეწილი და ელეგანტური ზონაა, რომელშიც ნეიტრალური ღია ფერებია გამოყენებული. მთავარი ყურადღება „Foscarini“-ის „Big Bang“-ის სანათზეა გამახვილებული, რომელიც ინტერიერის გამორჩეული დიზაინობიექტია. სანათს ჰარმონიულად ერწყმის ნაცრისფერი რბილი საწოლი, მწვანე ფერის სავარძელი და აქსესუარები. კედელზე დატანილი ოვალური სარკე კი თანამედროვე სტილის გამომხატველია და სივრცეს ვიზუალურად ზრდის. საძინებელს აქვს ღია გეგმარების მქონე საგარდერობო ოთახიც, რაც უფრო ფუნქციურსა და პრაქტიკულს ხდის ამ ზონას.

მეორე საძინებელში უფრო თამამად მუქი ტონებია გამოყენებული. ამ ზონაში კონტრასტის სახით შემოდის ლურჯი და ცისფერი, რომლებიც ხის თაროებითაა დაბალანსებული.

სააბაზანოში „Iris diesel“-ის ყავისფერი ფილები გვხვდება. მომხიბვლელი ფერისა და ორნამენტების მქონე მასალა სივრცეს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და მას უფრო აცოცხლებს. ფერების ამ კომბინაციას განსაკუთრებით მომხიბვლელს ქმნის შავი აქცენტები, რომლებიც შემრევების, სარკის და სხვა აქსესუარების სახით გვხვდება.

რუსა თუმანიშვილის პროექტი მინიმალიზმისა და კლასიკური სტილის გემოვნებიანი სინთეზით შესრულებული ნამუშევარია, რომელშიც სისადავე, ინდივიდუალიზმი, დახვეწილობა და ელეგანტურობა იგრძნობა. ინტერიერში ნათლად ჩანს ავტორის სახელწერო სტილი, რომელიც კლასიკური ელემენტების თანამედროვე დეტალებთან ჰარმონიულ შერწყმას გულისხმობს.

პროექტის ავტორი: რუსა თუმანიშვილი

ინტერიერის დიზაინის სტუდია: THE WALL design studio 

გამოყენებული ბრენდები: 

Foscarini, Bontempi, Wall&deco, Vibia, Iris diesel, Duravit, The Wall

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: Mike Makarenko

რიკენ იამამოტო – ვინ არის 2024  წლის “პრიცკერის პრემიის” მფლობელი არქიტექტორი?

ბაღის დაპროექტებისას დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები