უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე 130 კვ.მ ბინა დიზაინ სტუდია Of a Home Studio-ს უახლესი ნამუშევარია, სადაც სიმსუბუქე, ბუნებრივი შუქი და გონივრული ზონირება ინტერიერის ძირითადი ღერძებია. ავტორები — სოფო წივილაძე და თეო გობეჯიშვილი — სივრცის დაგეგმვისას შეეცადნენ, რომ საერთო სარგებლობის ზონებსა და პირად სივრცეებს შორის ჩამოყალიბებულიყო ერთგვარი ბალანსი, რათა მათი თანაარსებობა ჰარმონიული ყოფილიყო.

ინტერიერის მთავარი კონცეფცია ემყარება მინიმალიზმის პრინციპს, ნეიტრალურ ფერთა პალიტრას და ფუნქციურ ზონირებას. თეთრი, კრემისფერი და ღია ტონალობები ბინას ვიზუალურ სიმსუბუქეს მატებს, რაც განსაკუთრებით გამოკვეთილია მისაღებისა და სამზარეულოს გასწვრივ განლაგებული პანორამული ფანჯრების წყალობით. დღის განმავლობაში ცვალებადი განათება — დილიდან საღამომდე — ინტერიერს ცოცხალ და მრავალფეროვან ხასიათს ანიჭებს.
გეგმარების მხრივ, ბინაში ვხვდებით ღია ტიპის საერთო სივრცეს, ორ საძინებელს (მათ შორის, მთავარ საძინებელს საკუთარი გარდერობით), ორ სველ წერტილსა და დამოუკიდებელ სამუშაო კაბინეტს. გეგმარების ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იყო, ერთი მხრივ, ღია, კომუნიკაბელური სივრცის შექმნა და მეორე მხრივ — პირადი სივრცეების დაცულობის უზრუნველყოფა.
ინტერიერში ყურადღებას იქცევს მინა-ბლოკის კედელი, რომელიც მისაღებსა და სამუშაო სივრცეს ყოფს ერთმანეთისგან. ის ერთდროულად უზრუნველყოფს კაბინეტის ვიზუალურ იზოლაციასა და განათებას, საერთო სივრცეში კი შემოაქვს კაბინეტის ხის თბილი ტონალობები, რაც მისაღები ოთახის ხის ავეჯს ჰარმონიულად ესადაგება.
დიზაინერების თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თეთრ კედლებთან მუშაობას უკავშირდებოდა. მინიმალისტური ფონის პირობებში ყოველი დეტალი მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, დიდი ყურადღება დაეთმო მასალების გამძლეობასა და ვიზუალურ სიმსუბუქეს, ასევე განათების დაგეგმვასა და ავეჯის შერჩევას, რათა ინტერიერი არ გამოსულიყო მონოტონური და “სტერილური.”
Of a Home Studio-ს პროექტი ხასიათდება ჰარმონიული იდენტობით, რომელიც შთაგონებას იღებს ბუნებრივი შუქისგან, ზუსტად დაგეგმილი პროპორციებისა და სიმშვიდისგან. დილით ის გვთავაზობს დასვენებისა და კონცენტრაციის შესაძლებლობას, შუადღეს — სიკაშკაშესა და ენერგიას, ხოლო საღამოს — თბილ, ინტიმურ ატმოსფეროს.
პროექტის ავტორები: სოფო წივილაძე, თეო გობეჯიშვილი
დიზაინ სტუდია: Of a Home Studio