in ,

ბრუტალისტური ინტერიერი დახვეწილი აქცენტებით კრწანისში – ლაშა ადიკაშვილისა და მიშა მარის ნამუშევარი

ეს ბინა კრწანისის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ახალ საცხოვრებელ კომპლქსში მდებარეობს და მის ინტერიერზე დიზაინერებმა ლაშა ადიკაშვილმა და მიშა მარმა იმუშავეს. ეს არის ორიგინალური დიზაინითა და გემოვნებიანი შტრიხებით გაფორმებული ინტერიერი, რომელიც პირველივე ნახვით იქცევს დამთვალიერებლის ყურადღებას.

სივრცე ბრუტალისტურ სტილშია გადაწყვეტილი. როგორც ცნობილია, ბრუტალიზმი გამორიცხავს დეკორატიულ ელემენტებს და მთავარ აქცენტს გამოყენებულ მასალებზე აკეთებს. სწორედ ამიტომ, ბინაში უხვად გვხვდება ისეთი ბუნებრივი მასალები, როგორიც არის ბეტონი, ხე, ქვა, მეტალი და მინა. ეს ყველაფერი კი აღნიშნული სტილისათვის დამახასიათებელი სიმკაცრითა და ელეგანტური სისადავითაა გადმოცემული.

ბინას გააჩნია ე.წ. ღია გეგმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ  სამზარეულოს, მისაღებსა და სამუშაო ზონებს შორის არ გვხვდება ტიხრები, თუმცა აღნიშნული სივრცეები იმდენად გონივრულად არის ერთმანეთისგან გამოყოფილი ვიზუალურად, რომ არანაირი დისკომფორტი არ იქმნება.

საერთო სივრცეში, რომელიც მონოქრომულ გამაშია გადაწყვეტილი, ყურადღებას იქცევს სამზარეულოს ნარინჯისფერი კარადა, რაც მუქი რუხი კედლებისა და ჭერის ფონზე, გასაოცარ კონტრასტს ქმნის.

მისაღებ ზონაში სივრცის მთავარ აქცენტს მწვანე ხავერდის რბილი ავეჯი წარმოადგენს, რომელიც იდეალურად ერწყმის ოთახის საერთო ფერთა გამას და მასში სიმყუდროვისა და კომფორტის ნოტები შემოაქვს. აქვეა ულამაზესი დეკორატიული ტიხარი, რომელიც ერთგვარი შირმის როლს ასრულებს და საძინებლების ზონას მეტ პრივატულობას სძენს.

სახლში ორი საძინებელი ოთახია. ორივე მათგანი სტანდარტული ზომის მქონეა, თუმცა მთავარ საძინებელში ასევე გვხვდება საკმაოდ ვრცელი სველი წერტილი და ამავე სივრცესთან გაერთიანებული საგარდერობე ზონა, რაც აღნიშნული ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი შტრიხია.

ბინას გააჩნია ულამაზესი ტერასა, რომელიც დაკომპლექტებულია ელეგანტური და ფუნქციური გარე ავეჯით. ეს სივრცე (ისევე როგორც ინტერიერი) გაფორმებულია უმშვენიერესი მცენარეებით, რომელთა დიზაინზე მარიშკა გამყრელიძემ იზრუნა.

ინტერიერის დიზაინი: ლაშა ადიკაშვილი & მიშა მარი

მცენარეები ინტერიერსა და ექსტერიერში: მარიშკა გამყრელიძე

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

1850-იანი წლების ფერმერული სახლის ახალი სიცოცხლე ნიუ-იორკში – “White Arrow”-ს ნამუშევარი

როგორ გავხადოთ კიბეები ბავშვებზე მორგებული?