in

სტანდარტული ბუხრის მონტაჟი – რა უნდა გავითვალისწინოთ?

ბუხარი ოთახის გათბობის კლასიკური მეთოდია, რომელსაც ადამიანები უძველესი დროიდან იყენებდნენ. დღეს ბაზარზე ბუხრების დიდი არჩევანია და უმეტესი მათგანი უკვე ხისა და სხვა საწვავი მასალის გარეშეც კი ფუნქციონირებს, თუმცა, დღევანდელ სტატიაში გიამბობთ თუ როგორ უნდა მოვამზადოთ სახლი სტანდარტული ბუხრის დასამონტაჟებლად, რომელიც სითბოს ხის წვის ხარჯზე გამოიმუშავებს.

როგორ უნდა გამოვთვალოთ ბუხრისთვის საჭირო ზომები?

ბუხრის დიზაინის შერჩევამდე და მონტაჟის დაწყებამდე აუცილებელია შესაბამისი ზომების გამოთვლა. მასშტაბი დამოკიდებულია ოთახის ფართობზე და დამონტაჟებისას აუცილებელია, რომ ეს პრინციპი დაიცვათ.

პირველი ნაბიჯი არის კედელში შესაბამისი ხვრელის გაკეთება, საიდანაც შეშის წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი უნდა გავიდეს. ოთახთან მიმართებაში, ხვრელის პროპორცია რეკომენდებულია 1/50-ზე პრინციპით.

ბუხრის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია მისი სიღრმის განსაზღვრაც, რადგან რაც უფრო ღრმად არის მოთავსებული შეშა ბუხარში, მით უფრო განსხვავებული რაოდენობის სითბოსა და სინათლეს გამოყოფს ის. უზუსტობებმა შეიძლება გამოიწვიოს ოთახში კვამლის დაგროვება ან ვერ შეძლოს საცხოვრებელის გათბობა.

საჭირო სიღრმის გამოთვლა საკმაოდ მარტივია და ამისთვის ბუხრის სიმაღლე 2/3-ზე უნდა გავყოთ. თუ ბუხრის სიმაღლე, მაგალითად, 73 სანტიმეტრია, მისი სიღრმე დაახლოებით 49 სანტიმეტრი უნდა იყოს.

რომელი მასალაა ყველაზე შესაფერისი სტანდარტული ბუხრისთვის?

წვისა და სხვა დეტალების გათვალისწინებით, ექსპერტები გვირჩევენ, რომ ბუხრის ასაშენებლად არჩევანი აგურის ან ქვის მასალაზე გავაკეთოთ, რადგან ისინი კარგად უძლებენ ტემპერატურის ცვლილებებს, მაღალ ტემპერატურას და ბუხრისთვის დამახასიათებელ სხვა პირობებს.

ოთახის რომელ ნაწილში სჯობს ბუხრის დამონტაჟება?

ბუხრის მდებარეობის შერჩევისას, უმჯობესია, ექსპერტების რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ:

  • არ ღირს ბუხრის განთავსება კართან და ფანჯარასთან ახლოს, რადგან ეს ხელს უშლის მის კარგად ფუნქციონირებას. შეარჩიეთ კედლები, რომლებიც ფანჯრისგან და კარისგან მოშორებითაა.
  • დარწმუნდით, რომ გაითვალისწინეთ საკვამურის ადგილმდებარეობა, რადგან ის ბუხრის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია.
  • კარგი იქნება თუ ბუხარს ფანჯრის საპირისპიროდ მდებარე კედელზე განათავსებთ, რადგან ჰაერის მოძრაობა ხელს შეუწყობს მის ფუნქციონირებას.

რაზეა დამოკიდებული ბუხრის ასაშენებლად საჭირო ხარჯები?

ხარჯები, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომისა და მასალის ბუხარს ანიჭებთ უპირატესობას. მაგალითად, სტანდარტული აგურის ფასი 1-დან 3 ლარამდე მერყეობს და საჭირო რაოდენობის გამოთვლის შემდეგ ზუსტი ღირებულება გეცოდინებათ, თუმცა, უფრო ძვირადღირებული მასალის, მაგალითად, მარმარილოს ან კვარცის ბუხრის შერჩევის შემთხვევაში, მასალის ხარჯები საგრძნობლად გაიზრდება.

ამას გარდა, უნდა გაითვალისწინოთ ხელობის საფასურიც. საშუალოდ, ამ მომსახურების ფასი 300 ლარიდან იწყება და სირთულისა და მასალის მიხედვით იზრდება.

რომ შევაჯამოთ, ბუხრის აშენების პროცესის დაწყებამდე აუცილებელია, რომ განსაზღვროთ მისი ზომები, მოარგოთ ზომა და დიზაინი თქვენი სახლის ინტერიერს, შეარჩიოთ სასურველი მასალა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ მშენებლობა, რაც თქვენს ენერგიასა და ხარჯებს საგრძნობლად დაზოგავს.

შეიძლება თუ არა მარილმჟავას საწმენდ საშუალებად გამოყენება?

მდიდრული სახლი თანამედროვე აქცენტებით – X11 Design Studio-ს პროექტი