in

CARL HANSEN & SØN – 13 მნიშვნელოვანი ფაქტი კომპანიის ისტორიიდან

Carl Hansen & Søn არის წამყვანი მწარმოებელი შედევრებისა, რომლებიც ჰანს ჯ. ვეგნერის, არნე იაკობსენის, კაარე კლინტის და ბორგე მოგენსენის მიერ არის შექმნილი. ეს შესანიშნავი ამბავი 1908 წელს, პატარა სახელოსნოში დაიწყო. დღევანდელ სტატიაში კი Carl Hansen & Søn-ის ისტორიიდან 13 მნიშვნელოვან მომენტს შემოგთავაზებთ.

1908: კომპანიის დაარსება

Carl Hansen & Søn-ის ისტორია 1908 წლის 28 ოქტომბერს იწყება. ოდენსეში, დანიის კუნძულ ფუნენზე, კარლ ჰანსენმა თავისი სახელობის კომპანია დააარსა. გაწვრთნილი დურგალი ვიქტორიანული სტილის ავეჯს შეკვეთით ამზადებდა. ვინაიდან ყველა ავეჯი პატარა, ოროთახიანი ბინის ზომის სახელოსნოში ხელით მზადდებოდა, კარლ ჰანსენის მთავარ პრინციპებს ხარისხი, ოსტატობა და ტრადიცია წარმოადგენდა.

1915: პირველი ექსპანსია

თავისი წარმატების შედეგად კარლ ჰანსენმა კომპანია გააფართოვა. პატარა სახელოსნოს ნაცვლად მან გახსნა ქარხანა, რომელიც მოიცავდა როგორც თანამედროვე მანქანა-დანადგარებს, ასევე, კვალიფიციურ მუშაკებს. ახალი ობიექტები ყველაზე პოპულარული ნამუშევრების მცირე სერიების წარმოებას შესაძლებელს ხდიდა. ხელით დამზადებული ნივთებისა და რაციონალური სერიების წარმოების კომბინაცია ამ კომპანიის დამახასიათებელი ნიშანი გახდა.

1934: ახალი თაობა – ნაწილი პირველი

1930-იანი წლების დიდი დეპრესიის დროს ავეჯის გაყიდვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემცირდა. კარლ ჰანსენმა “დირიჟორის ჯოხი” თავის უმცროს ვაჟს – 23 წლის ჰოლგერ ჰანსენს გადასცა. იმას, რაც ჰოლგერს ასაკის გამო აკლდა, ენთუზიაზმით, ინოვაციური სულისკვეთებითა და თავისი საქმიანი მიდგომით ანაზღაურებდა. Carl Hansen & Søn-მა რთული ათწლეულები – 1930-1940-იანი წლები გადალახა და ბიზნესში დარჩა. 1949 წელს კი კომპანიისა და ახალგაზრდა არქიტექტორის – ჰანს ჯ. ვეგნერის გზები გადაიკვეთა.

1949: ჰანს ჯ. ვეგნერი – საკულტო კოლაბორაცია

ჰოლგერ ჰანსენი ახალგაზრდა არქიტექტორს – ჰანს ჯ. ვეგნერს შეხვდა და თანამშრომლობისთვის ოდენსეში მოიწვია. ვეგნერმა აქ 3 კვირა დაჰყო და ამ დროის მანძილზე სპეციალურად Carl Hansen & Søn-ისთვის ოთხი საკულტო სკამი შექმნა: CH22, CH23, CH24 და CH25. ეს შედევრები შესანიშნავად წარმოაჩენს ვეგნერის ხესთან მოპყრობის გამორჩეულ უნარს, ასევე, ფორმასა და ფუნქციას შორის ურთიერთობის მისეულ ღრმა გაგებას. რადგან ეს მოდელები ავეჯის უნიკალურ და ახალ ესთეტიკურ ხედვას წარმოადგენდა, ისინი Carl Hansen & Søn-ის ისტორიაში ახალი და თანამედროვე მიმართულების შექმნის საფუძველი გახდა.

1950: პირველი შედევრები

პირველი შედევრები წარმოების პროცესში იყო და CH24 – საკულტო მოდელმა, რომელიც ცნობილია, როგორც Wishbone Chair, დიზაინისადმი ვეგნერის რადიკალურად განსხვავებული მიდგომა შესანიშნავად წარმოაჩინა. სკამი კომფორტსა და სტაბილურობას თავის გამორჩეულ, ლამაზ ფორმასთან აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ მისი წარმოებისთვის საჭირო იყო 100-ზე მეტი ოპერაციის ხელით შესრულება. ეს მოდელი 1950 წლიდან უწყვეტ წარმოებაშია.

1958: მოღვაწეობის 50 წელი

კომპანია უკეთეს მდგომარეობაში არასოდეს ყოფილა. ქარხანაში 50-ზე მეტი კვალიფიციური მუშაკი იყო დასაქმებული, რაც Carl Hansen & Søn-ს დანიის ავეჯის მწარმოებლების პრემიერ ლიგაში აყენებდა. ჰანს ჯ. ვეგნერის სულ უფრო პოპულარული მოდელების წარმოებით, გაყიდვები იზრდებოდა და ავეჯის დიდი ნაწილი ექსპორტირებული იყო. ეს ფაქტი ხაზს უსვამს დიზაინის მიმდინარეობის – დანიური მოდერნის გლობალურ აღიარებას.

1962: გამორჩეული ქალი

Carl Hansen & Søn-ის ოქროს ხანა 1950-იან წლებში ჰოლგერ ჰანსენის ნაადრევი სიკვდილით მოულოდნელად დასრულდა. მაგრამ გარდაცვლილი მეუღლის ინოვაციური სულისკვეთებით, კომპანიის სადავეები ელა ჰანსენმა დაიკავა. ყოველგვარი გამოცდილების გარეშე, ელა ჰანსენი გახდა ბიზნესმენი და დასაქმებული დედა მაშინ, როდესაც ქალების უმეტესობა სამუშაო ბაზრისგან შორს იყო. სახლში ის ბიზნეს ოპერაციებს თავის ორ მცირეწლოვან ვაჟთან – იორგენ გერნერ ჰანსენთან და კნუდ ერის ჰანსენთან ერთად განიხილავდა და მათ საოჯახო ბიზნესის მემკვიდრეობის გასაგრძელებლად ინსტრუქციებს აძლევდა.

1963: ახალი სახის სკამი

ჰანს ჯ. ვეგნერმა კოპენჰაგენში ავეჯის გილდიის ყოველწლიური გამოფენისთვის შექმნა სკამი Shell. მიუხედავად იმისა, რომ სკამი ბესტსელერი აღმოჩნდა, 1990-იანი წლების ბოლოს მისი ხელახლა გამოშვების მცდელობისას, ფართო საზოგადოებას თამამი და განსხვავებული დიზაინის მიღების მზაობა არ აღმოაჩნდა.

2002: ახალი თაობა – ნაწილი მეორე

უფროსი ძმის იორგენ გერნერ ჰანსენის შემცვლელი კნუდ ერიკ ჰანსენი – ელას და ჰოლგერ ჰანსენების უმცროსი ვაჟი – ახალი აღმასრულებელი დირექტორი გახდა. ერიკი, რომელსაც გადაზიდვის ინდუსტრიაში გამოცდილება და დიდი საერთაშორისო ამბიციები ჰქონდა, Carl Hansen & Søn-ს ახალ ეპოქაში გაუძღვა. წარმოებამ ოდენსეს გარეთ, ახალ, თანამედროვე და უფრო დიდ ობიექტებში გადაინაცვლა და კომპანიამ გლობალური გაყიდვები მალევე გააფართოვა. კნუდ ერიკ ჰანსენის ხედვის შედეგად, თანამედროვე დანიური დიზაინის თანმიმდევრული კოლექციის ჩამოყალიბების მიზნით, კომპანიას დანიური მოდერნის სხვა ცნობილი ოსტატები შემოუერთდნენ, მაგალითად: კაარე კლინტი, ოლე ვანშერი, არნე იაკობსენი და მოგენს კოხი.

2013: პირველი ფლაგმანი

Carl Hansen & Søn-მა პირველი ფლაგმანური მაღაზია Bredgrade 21-ში, კოპენჰაგენში გახსნა. მას შემდეგ, რაც კომპანიის მიერ წარმოებული ავეჯი მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკოლექციო გახდა, ფლაგმანი მაღაზიები და შოურუმები გაიხსნა მსხვილ ქალაქებში, როგორიც არის ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო, ტოკიო, ოსაკა, ლონდონი, მილანი, სტოკჰოლმი და ოსლო. ამან გლობალური ყურადღება კიდევ უფრო გაამძაფრა.

2014: ვეგნერის 100 წლის იუბილე

2014 წლის 2 აპრილს Carl Hansen & Søn-მა ჰანს ჯ. ვეგნერის 100 წლის იუბილე ორი სპეციალური გამოშვებით აღნიშნა. მილანში, Salone del Mobile ავეჯის გამოფენის დროს, პირველად გამოვიდა CH88 სკამი, რომელიც თავდაპირველად ვეგნერის მიერ 1955 წელს შეიქმნა, მაგრამ წარმოებაში არასოდეს ჩაშვებულა. გარდა ამისა, ვეგნერის საერთაშორისო მნიშვნელობის ხაზგასასმელად, მოდის დიზაინერმა – პოლ სმიტმა ასწლეული აღნიშნა ვეგნერის ავეჯის ლიმიტირებული კოლექციით, რომელიც თავისი საკულტო ზოლებით გააფორმა.

2014: ვეგნერის ანაბეჭდი

ჰანს ვეგნერის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, Carl Hansen & Søn-მა ახალი ლოგო წარადგინა. ვინაიდან ლოგო 1950 წელს ვეგნერის მიერ შეიქმნა და 1980-იანი წლების შუა პერიოდამდე კომპანიის ვიზუალური იდენტობის ნაწილი იყო, ამ გრაფიკული დიზაინის ხელახლა გამოყენება Carl Hansen & Søn-ის წარმატებაში ვეგნერის დიდ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ნათელი მომავალი

დღეს Carl Hansen & Søn მსოფლიოში თანამედროვე დანიური დიზაინის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. კომპანიის პორტფელს დაემატნენ დანიელი დიზაინერები, როგორებიც არიან ბოდილ კიერი და ბორგე მოგენსენი, ასევე, ამერიკელი დიზაინერი – ბრედ ასკალონი. Carl Hansen & Søn-ის მიზანი – შეაგროვოს და წარუდგინოს დანიური დიზაინი მსოფლიოს, ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს.

ფერი აბაზანაში – იდეები სივრცის გასაფორმებლად

მინიმალისტური მყუდრო თავშესაფარი ბუნებაში – Lumicene-ის პროექტი