in

კარპეტერია – ინდივიდუალური დიზაინით შექმნილი ქართული ხალიჩები

კარპეტერია” სულ რამდენიმე თვის წინ დაარსებული ქართული სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს სასურველი დიზაინით დამზადებულ ხელნაკეთ ხალიჩებს სთავაზობს. ეს არის კომპანია, რომელმაც ძალიან მოკლე დროში საკმაო პოპულარობა მოიპოვა და ერთგული მომხმარებლებიც შეიძინა. “კარპეტერიას” უკეთ გასაცნობად დღეს ჩვენ მის დამფუძნებელს, მარიამ მარგიანს გავესაუბრეთ:

როგორ გაჩნდა “კარპეტერიას” შექმნის იდეა?

“კარპეტერიას” შექმნის იდეა პანდემიის დროს გაჩნდა. ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ “აწარმოე საქართველომ” დაიწყო მიკრო და მცირე მეწარმეების დაფინანსების პროექტი.  შესაბამისად, ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვით და შედეგმაც არ დააყოვნა. საქმიანობა გასული წლის ოქტომბრიდან დავიწყეთ და მუდმივად ვცდილობთ განვვითარდეთ და ავითვისოთ ახალი ტექნიკები თუ მასალები. ამიტომ, წინ კიდევ უამრავი გეგმა გვაქვს.

რას სთავაზობს “კარპეტერია” მომხმარებლებს?

კარპეტერია მომხმარებელს სთავაზობს, ინდივიდუალური დიზაინის, ზომისა და ფორმის ხელნაკეთ ხალიჩებს და არა მხოლოდ. ხალიჩების გარდა, ჩვენ ასევე ვქმნით სარკეებსა და სკამის ზედაპირებს. ამჟამად ამ მიმართულების განვითარებასაც ვცდილობთ და ძალიან მალე შევძლებთ კიდევ უფრო მრავალფეროვანი მოდელები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს.

რამდენად ერგებით მომხმარებლის მოთხოვნებს?

ჩვენ გვაქვს პროდუქციის ორი მიმართულება: მზა მოდელები და დამკვეთის მიერ შერჩეული დიზაინები. შესაბამისად, ვქმნით საკუთარ დიზაინს, რომელიც არაერთხელ გამხდარა მომხმარებლისთვის შთაგონების წყარო. თუმცა, ამ ეტაპზე ძირითადად კონკრეტულ შეკვეთებზე ვართ კონცენტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლების სურვილებიდან გამომდინარე, მათთან ერთად ვქმნით პროდუქტს.

ამ ეტაპზე დაგროვილი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კომფორტული აღმოჩნდა მომხმარებლებისთვის ის ფაქტი, რომ მათ ვთავაზობთ სრულ თავისუფლებას სასურველი დიზაინისა და ხედვის რეალობაში გადმოტანის კუთხით. მას შემდეგ, რაც დამკვეთი გვიზიარებს ხალიჩის ჩანაფიქრს, ჩვენ ვეხმარებით მას იდეის სრულყოფაში, ფერების შეხამებასა და საბოლოო დიზაინის შერჩევაში.

რა მასალისგან მზადდება თქვენი ხალიჩები?

ჩვენი პროდუქტი მზადდება, როგორც ქართული ნატურალური სუფთა შალის ძაფისგან, ასევე იმპორტული აკრილნარევი ძაფისგან. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყოველთვის ვუწევთ რეკომენდაციას ქართულ ძაფს იქიდან გამომდინარე, რომ ის უფრო ნატურალური, გამძლე და ადვილად მოსავლელია.

საინტერესოა, საიდან იღებთ შთაგონებას მოდელების შექმნისას?

რადგან ქართულ შალზე მუშაობა ძალიან გვხიბლავს, ვცდილობთ ინსპირაცია ისევ ბუნებიდან წამოვიღოთ. შეიძლება ითქვას, ესეც ქართული ძაფის ფერების პალიტრიდან გამომდინარეა. ასევე საინტერესო გამოწვევაა ჩვენთვის ქართული ორნამენტების გადმოტანა თანამედროვე ხალიჩებზე. ვინაიდან ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მიზანია ქართული ხასიათის წარმოჩენა, ამ მხრივ საინტერესო სიახლეები გვაქვს დაგეგმილი.

ასევე ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ტრენდებსა და პოპულარულ დიზაინებს. ვცდილობთ, ბაზარზე არსებულ მოდას არ ჩამოვრჩეთ და ამავდროულად შევთავაზოთ მომხმარებელს გამორჩეული სტილი. ძალიან გვიყვარს მიმდინარეობები Memphis, Bauhaus, Retrowave და ვგეგმავთ, რომ მათი ინსპირაციით კიდევ უფრო მეტი მოდელი შევმატოთ ჩვენს კოლექციას.

როგორია დღეს მოთხოვნა თქვენს პროდუქციაზე?

მიუხედავად იმისა, რომ “კარპეტერია” სულ რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე არსებობს, მომხმარებელთა მხრიდან დაინტერესება უკვე საკმაოდ მაღალია. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ჩვენ ონლაინ მაღაზია გვაქვს და მომხმარებელს ჩვენი პროდუქტის ნახვა/შეძენა Facebook და Instagram გვერდებზე შეუძლიათ. ამას გარდა, აქტიურად ვთანამშრომლობთ ინტერიერის დიზაინერებთან და კომპანიებთან კორპორატიულ ჭრილში. ამ ეტაპზე რამდენიმე ტიპის მოლაპარაკება მიმდინარეობს და მომავალში ძალიან საინტერესო კოლაბორაციები იგეგმება.

გვიამბეთ უფრო კონკრეტულად თქვენს სამომავლო გეგმებზე…

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ ტენდენციებს, შევქმნათ ნებისმიერი სირთულის დიზაინის ხალიჩა და ეს ერთგვარი გამოწვევაცაა ჩვენთვის, რომელსაც ჯერჯერობით თავს ძალიან კარგად ვართმევთ.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, საკმაოდ ბევრი იდეა გვაქვს. პირველ ეტაპზე ვგეგმავთ მასტერკლასების ჩატარებას, რაც მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება. ამ ტიპის ვორქშოფებზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ხალიჩების წარმოების ტექნოლოგიას, ისწავლონ და თავად დაამზადონ საკუთარი ხალიჩა ან ნებისმიერი სასურველი ნივთი. ძალიან გვახარებს ის ფაქტიც, რომ ვართ პირველები, ვინც ბაზარზე ამ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს და სასიამოვნოა ისიც, რომ დაინტერესება ჩვენი პროდუქტის მიმართ სულ უფრო და უფრო იზრდება.

ქეით მოსის მიერ გაფორმებული ქალაქგარე სახლის ინტერიერი

საკვები პროდუქტებისგან შექმნილი საშობაო დეკორაციები ინტერიერისთვის