in

ინდური არქიტექტურის უშრეტი ენერგია – ცემენტის ქალაქი ჩანდიგარი

Alliance Group
Alliance Group

ინდურ არქიტექტურაზე ფიქრისას, ალბათ, ასოციაციურად ყველას დელის, ჯაიპურისა და მუმბაის დაქსაქსული, ჩახლართული, ფერადი ქუჩები ახსენდება, რომლებიც მუდამ ხალხმრავალი და სიცოცხლით მჩქეფარეა. ამ მეტროპოლისების ენერგეტიკაც დამთვალიერებლებს მაშინვე უღვიძებს ყველა შეგრძნების უნარს, აქაური არქიტექტურით მიღებული შთაბეჭდილებები კი ყოველთვის ამაღელვებელი და საოცარია, თუმცა ამ ცნობილი ქალაქებიდან მოშორებით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰიმალაის მთებთან იმალება ინდური არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი, მშვენიერი და უცხო ნიმუში – ცემენტისგან აგებული ქალაქი ჩანდიგარი, რაც ინდურად ციხესიმაგრეს ნიშნავს.

ჩანდიგარს საინტერესო ისტორია აქვს. 1947 წელს ინდოეთის პირველმა პრემიერ მინისტრმა, ჯავაჰარლალ ნერუმ, ახალმოპოვებული სუვერენიტეტის სიმბოლოდ ახალი, სრულიად უტოპიური და უნიკალური ქალაქის აშენება გადაწყვიტა, რომლის პროექტის შედგენაც თავდაპირველად მან ამერიკელ, ინდოეთში მუშაობის გამოცდილების მქონე არქიტექტორს, ალბერტ მაიერს დაავალა. მაიერი პარტნიორთან, პოლონელ არქიტექტორ მაკიეი ნოვიცკისთან (Maciej Nowicki) ერთად მუშაობდა. ორმა პროფესიონალმა ერთად შეიმუშავა ახალი ქალაქის გეგმა, რომელიც თავის თავში აერთიანებდა ერთი მხრივ ამერიკული გარეუბნების, მეორე მხრივ კი უტოპიურ დეტალებს. 1950 წელს ნოვიცკი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, რის შემდეგ მაიერმა ჩანდიგარის პროექტზე ხელი აიღო. აქედან გამომდინარე, ნერუს ახალი არქიტექტორის მოძებნა მოუხდა, რომელიც არ შეუშინდებოდა ასეთ გამოწვევას.

სწორედ აქ ერთვება მოქმედებაში ლე კორბუზიე (Le Corbusier), ლეგენდარული, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული ფრანგი არქიტექტორი, რომელიც სამყაროს არქიტექტურულ მომავალს მოდერნისტულ კონტურებში ხედავდა.

ლე კორბუზიესთვის ინდოეთის პროვინციული ქალაქის დაპროექტება თავდაპირველად სულაც არ ყოფილა მიმზიდველი წინადადება, ვინაიდან ეს შრომატევადი საქმე საკმაოდ დაბალანაზღაურებადი იყო, თუმცა ბოლოს გადაწყვიტა, რომ მსგავსი მასიური პროექტი მის სახელს სამუდამოდ შემოუნახავდა მსოფლიო არქიტექტურის ისტორიას. 70 წლის ასაკში ლე კორბუზიე თავისი კარიერის ყველაზე დიდ პროექტს ჩაუდგა სათავეში.

ლე კორბუზიე თავის ხედვასა და წარმოდგენებს მუდამ საზღვრებში აქცევდა ევროპელი კრიტიკოსების შეზღუდვების გამო, თუმცა ინდოეთში მისმა ფანტაზიამ ფრთები გაშალა. მან შეადგინა ისეთი ქალაქის ურბანული გეგმა, რომლის ცათამბჯენებში 3 მილიონი მაცხოვრებელი უპრობლემოდ დაეტეოდა.

ფრანგი მოდერნისტის თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, ჩანდიგარს უნდა ჰქონოდა თავისი უზარმაზარი ბულვარები და პლაზები. მისი უბნები პარიზის რაიონების მსგავსად დაიყოფოდა, რომელთაგან თითოეული აღჭურვილი იქნებოდა სკოლებით, საავადმყოფოებითა და საცხოვრებელი კომპლექსებით. მისი უდიდესი სურვილი იყო, შეექმნა ვერტიკალური ქალაქის პროექტი,რომელშიც გზები სრულ სიმწვანეში იქნებოდა ჩაფლული. მიუხედავად თავდადებისა, ლე კორბუზიე მალევე მიხვდა, რომ მისი პროექტი ზედმეტად ამბიციური იყო არსებულ ბიუჯეტთან შედარებით, ამიტომ მან მაიერისა და ნოვიცკის შექმნილი გეგმა გარდაქმნა უფრო მეტად გეომეტრიულ სქემად და შენობების მასალად ბეტონი დაასახელა, მასალა, რომელმაც ბრუტალიზმის არქიტექტურულ მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი.

ჩანდიგარის პროექტის აღსრულებაში ლომის წვლილი მიუძღვის ლე კორბუზიეს ბიძაშვილს, პიერ ჟანერეს (Pierre Jeanneret), რომელიც  ქალაქის კონსტრუქციას თავს დასტრიალებდა, მისი მშენებლობის ყოველ დეტალს აკვირდებოდა და აკონტროლებდა მშენებლებს. სწორედ მას ეკუთვნის ჩანდიგარის შენობების ინტერიერის დიზაინის უმრავლესობა – განათება, ავეჯი, აღჭურვილობა ფანჯრებიდან კარის სახელურების ჩათვლით. პიერ ჟანერეს სახელი მოდერნისტული ინტერიერის დიზაინის მოყვარულთათვის ძალიან ცნობილია, ვინაიდან მისი დიზაინით შექმნილი ავეჯი სრულიად უნიკალური იყო და დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ლე კორბუზიეს თავისი ცხოვრებისეული ფილოსოფია ჰქონდა – ის ქალაქის მთავარ შენობებს ადამიანის სხეულის ნაწილებად აღიქვამდა. ჩანდიგარას „თავი“ მისი კაპიტოლის კომპლექსია, სადაც განლაგებულია სამთავრობო ოფისები და რომელიც დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

დღესდღეობით ჩანდიგარას ცემენტის შენობები ინდური მწველი ზაფხულებისა და მუსონის სეზონების გამო დაზიანებულია. 2005 წელს მისი რესტავრაცია დაიწყო, თუმცა პროექტზე მომუშავე არქიტექტორების აზრით, ქალაქის განახლება ლე კორბუზიეს ორიგინალ გენიალურ გეგმას სრულიად დაუკარგავს ფასს, ამიტომ მიიჩნევა, რომ უმჯობესია ქალაქმა მუზეუმის სტატუსით განაგრძოს არსებობა.

Qeeboo – ახალი თაობის ბრენდი

“პარკ ჰოუმ საბურთალოზე” – ახალი პროექტი ანაგი დეველოპმენტისგან