in

ეკლექტური სტილის სახლი ლონდონში

Banner M2
Banner M2

დიზაინერმა ბრაინ ო.სალივანმა (Brian O’Sullivan) დამკვეთის ინდივიდუალობის მაქსიმალურად გამომხატველი ინტერიერი შექმნა.

პროექტის ავტორი დიდი ხანია სახლის მეპატრონეს იცნობს. თავისი კარიერის დასაწყისში მან სხვადასხვა ქვეყანაში დამკვეთის მშობლებისთვის რამდენიმე პროექტი შეასრულა. ლონდონში, ჩელსის რაიონში ახალი სახლის ყიდვის შემდეგ, მას, როგორც ოჯახის ძველ მეგობარს, მიმართეს. დიზაინერის წინაშე ორი ამოცანა იდგა: შეექმნა სივრცე დასვენებისთვის და განსაკუთრებული სტუმრების მიღებისთვის, სადაც დიასახლისის ანტიკვარიატის კოლექციაც მოხდენილად ჩაეწერებოდა.

464 კვადრატული მეტრის მქონე ფართის სახლში, პირველ რიგში, სერიოზული გადაგეგმარება ჩატარდა. ავტოფარეხის ადგილზე ბავშვების სათამაშო ოთახი გაჩნდა, პირველ სართულზე სასტუმროს ადგილზე – საძინებელი, მეორეზე – საგარდერობე (ახლა მასში შესასვლელი მასპინძლების საძინებლიდანაა). ძველი სააბაზანო კი უცვლელი დატოვეს. სახლის ყველა ფუნქციური ზონა ოთხ სართულზეა განაწილებული. პირველ სართულზე სამზარეულო, სასადილო, სასტუმრო და სათამაშო ოთახებია. სარდაფში – ძიძების ოთახი, სასტუმრო ოთახი, სათავსო და კინოთეატრია. ზედა სართულებზე მასპინძლებისა და შვილის ოთახებია.

სალივანის საფირმო სტილი დროს აცდენილი სახასიათო ინტერიერებია, სადაც კომფორტი ნათელ დეტალებს ერწყმის. გამონაკლისი არც ეს პროექტი გამხდარა. როგორც დიზაინერი ამბობს,  ის რაიმე ჩარჩოებით განზრახ არ შეზღუდულა და სამუშაოს შესრულების დროს დამკვეთის პიროვნულ თვისებებს, გემოვნებასა და სურვილებს ითვალისწინებდა. დიასახლისს ფერთა წყნარი გამა მოსწონს, ამიტომ ინტერიერში მან ძირითადად პასტელური ტონები გამოიყენა, თუმცა ზოგიერთ ოთახში ამ წესის დათმობა მოუწია. ბიბლიოთეკაში და პატარა მისაღებში, სადაც ოჯახი ფილმებისა და სერიალების საყურებლად იკრიბება, დიზაინერმა წითელი ელფერების მქონე ნათელი შპალერი გამოიყენა.

კინოფილმების საყურებელი ეს ოთახი დიზაინერისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა. „მასში ბუნებრივი განათება არ იყო, ვინაიდან ის კორიდორის ბოლოში და ქვევითაა. ჩვენ ძალიან გვინდოდა უჩვეულო სივრცის შექმნა, რომელიც ყურადღებას მიიპყრობდა, – ამბობს ბრაიანი. – ჩვენ ეს ნათელი ნახატების მქონე შპალერის და აღმოსავლური სტილის ჩამოკიდული სანათების მეშვეობით შევძელით“.

ეკლექტურობა ამ ლონდონური სახლის ინტერიერის მნიშვნელოვანი მდგენელია. თვით ბრაიანი მე-20 საუკუნის დასაწყისის დიზაინის მოყვარულია, დიასახლისი კი „mid-century“-ის სტილს ეტრფის. დიალოგისა და ურთიერთგაგების წყალობით, მათ კონსენსუსის მიღწევა და ჭეშმარიტად ნათელი, არაფრის მსგავსი ინტერიერის შექმნა შეძლეს. მიღებული შედეგი დიასახლისის გემოვნებაშიც ჯდებოდა და იმავდოულად ო.სალივანის საფირმო ხელწერასაც ირეკლავდა.

ფოტო: ჰელენ კეტკარტი

ბეტონის იატაკები ინტერიერში – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

რესტორატორების მყუდრო სხვენი კიევში