in

Pirajean Lees-ის დიზაინით შესრულებული დუპლექსი ლონდონში

Banner M2
Banner M2

დუპლექსის ტიპის ბინა, რომელიც ლონდონის ისტორიულ, ვიქტორიანულ სახლში მდებარეობს, თანამედროვე და დახვეწილ საცხოვრებელს წარმოადგენს. ბინის მფლობელს სურდა სახლი ქცეულიყო ელეგანტურ, თანამედროვე და მრავალფუნქციურ სივრცედ, მაგრამ ამავდროულად გაჯერებული ყოფილიყო სითბოთი, კომფორტითა და მხიარული დეტალებით.

Pirajean Lees-ის დიზაინერულმა ხედვამ ამ იდეის სრულყოფილად განხორციელება მოახერხა. ბინის ინტერიერი აერთიანებს თანამედროვე ესთეტიკასთან შერწყმულ ტრადიციულ ინგლისურ, ფრანგულ ელემენტებს და  ვიქტორიანული სტილის ისტორიულ დეტალებს. ორნამენტული ჭერი და ბუხარი ჰარმონიულად მთლიანდება თანამედროვე ავეჯთან და ხელოვნებასთან, რაც სივრცის უნიკალურობას უსვამს ხაზს.

ბინის ცენტრალური სივრცე – მისაღები ოთახი, მოიცავს თბილი ტონალობის ავეჯსა და თანამედროვე ხელოვნების კაშკაშა ნიმუშებს. ეს დიდი, აბსტრაქტული ნახატები სივრცეს აცოცხლებს, რაც მთლიანობაში ინტერიერს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.

ავეჯი დამზადებულია რბილი, ნეიტრალური ფერების სქემით, ძირითადად თეთრ და კრემისფერ ტონებში, რაც ჰაეროვან და დახვეწილ ატმოსფეროს ქმნის და კარგად პასუხობს ამავე ფერის კედლებს. დეკორატიული ელემენტები – ლარნაკები და მცენარეები, უკეთესს ხდის გარემოს. თანამედროვე სავარძელს და სკამს სიმყუდროვე შემოაქვს ოთახში. ყავის მაგიდას აქვს უნიკალური, გეომეტრიული დიზაინი, რომელიც განსაკუთრებულ ელფერს სძენს სივრცეს. ოვალური სანათიდან თბილი განათება იღვრება. ბუხარი კი ამ ოთახის მთავარი და წამყვანი ფიგურაა, რომელიც ერთ მთლიანობად კრავს ოთახს.

მისაღები და სასადილო ზონა გაერთიანებულია, რაც იდეალურია როგორც ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ასევე ოჯახური შეკრებებისთვის და სტუმრების გასამასპინძლებლად.

სახლში ორი საძინებელია. ორივე მათგანი მინიმალისტური დიზაინითაა შექმნილი, რაც სიმშვიდისა და დასვენებისთვის საუკეთესო გარემოს ქმნის.

ორივე საძინებელში კედლები კრემისფერ და ღია ყავისფერ ტონებშია გადაწყვეტილი. ფართო ფანჯრები, ქვიშისფერი ფარდები და დიდი ზომის სანათები საოცარ სიმყუდროვეს ქმნის. ამ სიმყუდროვეში იდეალურად ჯდება ფანერისგან დამზადებული მინიმალისტური დიზაინის ჩალისფერი კარადა.

სამზარეულოში შესვლისთანავე პირველი, რაც თვალში გვხვდება, კედელზე გაკრული, პოპ არტის სტილში შესრულებული დიდი პანოა.

მეორე სართულზე ასასვლელ კიბეს საფეხურებზე ნაჭერი აქვს გადაკრული, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ სახლის ბინადრებისთვის სიწყნარე, სიმშვიდე და ჰარმონიულობა.

სამუშაო ოთახში მასიური ხის მაგიდა და მოსახერხებელი სკამი საშუალებას იძლევა, ადამიანმა კომფორტულად და მშვიდად იმუშაოს. კედლების ფერი სადა და არაგამაღიზიანებელია, ავეჯიც მხოლოდ პრაქტიკული და საჭირო.  აქ არაფერია ისეთი, რაც ადამიანს ყურადღებას გაუფანტავს.

აღსანიშნავია  წიგნების მუქი ზურმუხტისფერი ხის კარადა, რომელიც ძალიან ორგანულად ჯდება ბინის მთლიან ინტერიერში. თეთრი ჭერი კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს კარადის ფერს, ქმნის ჰარმონიულ კონტრასტს და ამდიდრებს მთლიან სივრცეს.”

ბინაში ორი სველი წერტილია. ორივე უზადო გემოვნებითაა შესრულებული.

ღია ხაკისფერი ფილებით მოპირკეთებული სააბაზანო ოთახი უფრო ძველი სტილისკენ იხრება. თუმცა აქაც გვხვდება თანამედროვე დეტალი ჭერში დამონტაჟებული სანათის სახით.

მეორე სააბაზანო ტერაკოტას ფერებშია გადაწყვეტილი და თანამედროვე ტენდენციებს პასუხობს.

ამ ბინაში თითოეული დეტალი აჩვენებს თუ როგორ შეიძლება ტრადიციული და თანამედროვე სტილი ჰარმონიულად შეერწყას ერთმანეთს. აქ სივრცეები არა მხოლოდ ფუნქციურია, არამედ ემოციურ კავშირსაც ქმნის.

Pirajean Lees-ის დიზაინი ბინის მფლობელის ხედვას სრულად პასუხობს. ეს არის სივრცე, რომელიც ერთდროულად გამოხატავს ინდივიდუალურობას, სითბოსა და სტილს, რაც ცხოვრების ნებისმიერი ეტაპისთვის იდეალურ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

ეს ბინა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება თანამედროვე კომფორტთან და ესთეტიკასთან ერთად. Pirajean Lees-ის უნიკალური დიზაინი ქმნის სივრცეს, რომელიც მუდამ ინარჩუნებს ინდივიდუალურ ხასიათს და მომავალზე ორიენტირებულ ხედვას.

5 ცნობილი ციტატა ინტერიერის დიზაინზე, რომელიც შთაგაგონებთ

კომპაქტ ლამინატი: თანამედროვე ინტერიერისთვის გამძლე და მრავალფუნქციური მასალა