in ,

სერ დევიდ აჯაიე: ნოვატორი არქიტექტორი

Alliance Group
Alliance Group

დევიდ აჯაიე (David Adjaye) არის არქიტექტორი, რომელიც ჯერ კიდევ ხელით (დანის გამოყენებით) თლის სამუშაო ფანქარს. მუშაობის დროს მას მასალის შეგრძნება უყვარს და ვირტუალური პროექტების დიდად არ სჯერა. ის ამტკიცებს, რომ სწორედ არქიტექტურამ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა ინდუსტრიალიზაციას და მოსახლეობას ურბანული სივრცე დაუბრუნოს. სწორედ ამიტომ დევიდი სიამოვნებით აპროექტებს საზოგადოებრივ სივრცეებს – მუზეუმებს, ბიბლიოთეკებს, მემორიალებს. იგი სვამს კითხვას – როგორ შევინარჩუნოთ ურბანული გარემოს ჰუმანურობა მოსახლეობის მზარდ სიმჭიდროვესთან ერთად? რა მასალები უნდა იქნას გამოყენებული, რომ ნარჩენები მაქსიმალურად შემცირდეს და რამდენიმე ათწლეულის შემდეგ შენობების სერიოზული შეკეთება არ გახდეს საჭირო?

აჯაიე დაჟინებით მოითხოვს ისეთი ადგილების (პარკები, სკვერები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები) პირველადობას, რომლებზე ყველას თავისუფალი წვდომა ექნება. ეს სტრუქტურები უნდა იყოს ნათელი, უჩვეულო, დასამახსოვრებელი და რაც შეიძლება გამჭვირვალე. ამასთან ერთად, არსებობს ფონური შენობები (საოფისე და საცხოვრებელი კორპუსები), რომლებიც საკულტო საზოგადოებრივი შენობების ფონზე არ უნდა გამოირჩეოდეს. დევიდი თავის პროექტებს ამ კონცეფციის მიხედვით წარმართავს, ამიტომ მისი საცხოვრებელი კორპუსები ხშირად შეუმჩნეველია, ორიგინალური შესახედაობის მუზეუმები კი გაოცებას იწვევს. ახლახან, 2017 წელს, Adjaye Associates-მა, Ron Arad Architects-თან და Gustafson Porter+ Bowman-თან ერთად დიდ ბრიტანეთში, ჰოლოკოსტის მემორიალის კონკურსში გაიმარჯვა. პარალელურად, შეერთებულ შტატებში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე მუზეუმი, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობა შენდება.

სვაროვსკის სახლი, ლონდონი, 2001 წელი

არქიტექტორის კარიერა ლონდონში მხატვრული წვეულებებისთვის კერძო სახლებისა და ბინების დაპროექტებით დაიწყო. მან ევან მაკგრეგორისა და ალექსანდა მაკქუინის სახლები დააპროექტა, მანამდე კი პროექტებში და სამზარეულოს დაგეგმარებაში თავის მეგობრებს ეხმარებოდა, მათ შორის ცნობილ თანამედროვე მხატვრებს: ჯეიკ და დინოს ჩეპმენებს, ტიმ ნობლს, სუ ვებსტერს და კრის ოფილის.

ამ სახლის დამკვეთი სვაროვსკების ოჯახის წევრია. მას შემდეგ სახლმა მეპატრონე შეიცვალა, მაგრამ სახელი უცვლელი დარჩა. სახლის საძირკველი XVIII საუკუნისაა, ფასადი – ვიქტორიანული (შეინარჩუნეს), მაგრამ ინტერიერი საგრძნობლად გადაკეთდა, ასევე, დამატებითი სართულისა და გადახურული ტერასის ხარჯზე გაფართოვდა. ასე რომ, სარდაფი საცხოვრებელ სივრცედ გადაკეთდა. დეკორაციაში გამოყენებულია ბევრი ხე და შრეებიანი ფიცარი.

ბიბლიოთეკა Idea Store, ლონდონი, 2004 წელი

უაითჩაპელის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსისთვის (Electra House) სერ აჯაიე თითქმის დააპატიმრეს: მან სამშენებლო წესები დაარღვია და ფანჯრებიანი ფასადის ნაცვლად მუქი ცარიელი კედელი აღმართა. თუმცა, შემდეგი პროექტი – Idea Store არქიტექტორის ერთგვარი მანიფესტი გახდა. ამ პროექტზე მუშაობის პროცესში აჯაიე კვლავ თავისი პრინციპების ერთგული დარჩა. საჯარო სივრცემ უნდა მიიზიდოს და შეკრიბოს ხალხი. ის უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა მიიპყროს ყურადღება და იყოს სინათლით სავსე. მას შემდეგ აჯაიეს ნამუშევრებში ხშირად გვხვდება გამჭვირვალე და ამავე დროს ფერადი ფასადები.

სკოლკოვოს მენეჯმენტის სკოლა, 2010 წელი

ეს აჯაიეს პირველი მსხვილი დასრულებული პროექტია. სკოლკოვოს მენეჯმენტის სკოლა არის პროექტი, რომელიც ისე სწრაფად მატერიალიზდა, რომ თავად არქიტექტორიც გაოცდა. დევიდი საერთოდ არ ელოდა, რომ მისი პროექტი კონკურსში გაიმარჯვებდა. თუმცა, მისი არაორდინალური პროექტი ჟიურიმ მოიწონა. სკოლის ინტერიერი უკვე აჯაიეს მონაწილეობის გარეშე შეიქმნა.

ლარნაკები Gaia&Gino-სთვის და Swarowski-სთვის, 2012 წელი

პროდუქტის დიზაინის სფეროში ეს დევიდის სადებიუტო პროექტი იყო. აღსანიშნავია, რომ არქიტექტორმა სპილენძი აირჩია, ამ მასალას თურქეთში ძირითადად ხელსაქმისთვის იყენებენ (Gaia&Gino თურქული კომპანიაა). თითქმის ნახევარი წელი გახდა საჭირო იმისთვის, რომ ხელოსნებს ამ ლარნაკების წარმოებაში სასურველი ეფექტისთვის მიეღწიათ. სამი ლარნაკი, რომლებიც უფრო ცათამბჯენების მოდელებს მოგვაგონებს, წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: ახლა არქიტექტორი ნამდვილად მუშაობს ცათამბჯენის პროექტზე მანჰეტენზე.

Double Zero ავეჯის კოლექცია Moroso-სთვის, 2015 წელი

Moroso-ს ბრენდის Double Zero კოლექცია მოიცავს სავარძლებს, ბარისა და სასადილო სკამებს. ამ კოლექციის კონსტრუქციულ საფუძველს წარმოადგენს მოხრილი ლითონის მილი, რომლითაც საუკუნის წინ არქიტექტორებმა ექსპერიმენტები ჩაატარეს. სპილენძის ბზინვარებას ავსებს ცოცხალი ფერების მქონე ტყავისა და ხავერდის გადასაკრავი მასალა. „მე ვეძებდი გზას, რომ XVIII საუკუნის მომრგვალებული დასაჯდომისა და საზურგის მქონე ფრანგული სკამი გამეცოცხლებინა და ეს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შევძელი“.

პრიზმული ობიექტები Knoll-ისთვის შექმნილი კოლექციიდან – Washington, 2015 წელი

Knoll-ის ბრენდის მიერ წარმოებული ეს ავეჯი შეიქმნა იმ მოლოდინით, რომ მას გამოიყენებდნენ არქიტექტურული ობიექტებისთვის, ოფისებისთვის და მოსასვენებელი ოთახებისთვის. კოლექცია ფართო, ღია სივრცეებში მშვენივრად გამოიყურება. აჯაიეს ტიპოლოგიაში ეს არის „პირველი რიგის“ ავეჯი, რომელიც შექმნილია საჯარო და არა კერძო გამოყენებისთვის.

აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის ეროვნული მუზეუმი (NMAAHC), ვაშინგტონი, 2016 წელი

ამ შენობამ 2017 წელს მიიღო ტიტული – Design of The Year. პროექტმა აჯაიეს სახელი უკვდავყო. საგამოფენო სივრცეების უზარმაზარი კომპლექსი, დარბაზები მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენებისთვის, მუზეუმის სათავსოები და ადმინისტრაციული შენობები 13 წლის მშენებლობის შედეგია. ასეთმა რთულმა სტრუქტურამ შესაძლებლობა შექმნა, რომ მუზეუმში განთავსებულიყო მრავალი ექსპონატი, მათ შორის სამოქალაქო უფლებებისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის მტკიცებულება, ვრცელი მუსიკალური კოლექცია (ჯაზი, ბლუზი, რეპი), გრაფიტი (მუზეუმში დაახლოებით 36,000 ექსპონატი განთავსდა).

დინამიკი Master & Dynamic-ისთვის, 2017 წელი

MA770 არის უკაბელო დინამიკი, რომელიც ბეტონის კომპოზიტით დამზადებულ თანამედროვე მინიმალისტურ სკულპტურას ჰგავს. გარეგნულად მსუბუქი ჩანს, მაგრამ მისი წონა 16კგ-ს აღწევს. ხმის მახასიათებლებთან დაკავშირებით აჯაიემ კონსულტაცია გაიარა თავის ძმასთან – პიტერთან, რომელიც ცნობილი დიჯეი და კომპოზიტორია. „ყველა სივრცეს თავისი მუსიკალური თანხლება აქვს“ – ამბობს პიტერი. ძმებმა ერთობლივად გამოუშვეს ვინილის ალბომის – Dialogues ლიმიტირებული ვერსია ათი კომპოზიციით, რომელთაგან თითოეული აჯაიეს ერთ-ერთი შენობის შესახებ მოგვითხრობს, ანუ პიტერმა დევიდის 10 შენობა მუსიკის ენაზე თარგმნა.

ჯაშუშური მუზეუმი Spyscape, მანჰეტენი, 2018 წელი

აჯაიემ სამუშაო შესანიშნავად შეასრულა. როგორც ჩანს, ეს მისთვის ბოლო დროის ყველაზე საინტერესო პროექტია. დაახლოებით 5500 კვ/მ-ის ფართობზე განთავსებულია ყველაფერი, რაც შეიძლება თანამედროვე დაზვერვის ოფიცერს დასჭირდეს. მუზეუმში ბინდის ეფექტია, ინტერიერი მუქი მინისგან, ბეტონისა და ფოლადისგან არის დამზადებული. ექსპოზიციის შექმნამდე აჯაიემ, სპეცსამსახურების დახმარებით, საკითხი დეტალურად შეისწავლა, ჩაეფლო საიდუმლო და ჰაკერულ ტექნოლოგიებში. კონსულტაციების შედეგად, მუზეუმი შვიდ განყოფილებად დაიყო: დაზვერვა, ჰაკერობა, თაღლითობა, გაშიფვრა და ა. შ. რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაკითხვის სივრცეში დიდხანს დარჩენა მოგინდეთ.

საცხოვრებელი ცათამბჯენი – 130 William, ნიუ-იორკი, მშენებარე

66-სართულიანი ცათამბჯენი მანჰეტენზე არის აჯაიეს პირველი საცხოვრებელი ცათამბჯენის პროექტი ნიუ-იორკში. შენობა 243 მეტრის სიმაღლისაა. ჩვეულებისამებრ – მუქი ფასადი (საცხოვრებელი შენობებისთვის აჯაიე უმეტეს შემთხვევაში ნაცრისფერ-შავ ფერებს იყენებს), მაგრამ, იმავდროულად, აივნის შიგთავსი ოქროსფერია. ცათამბჯენს აქვს რამდენიმე საცურაო აუზი, სპა, საუნა, მასაჟის ოთახები, შინაური ცხოველების სპა, კერძო IMAX კინოთეატრი, კლუბი და ზოგადად ყველაფერი რითაც შეიძლება ამჟამინდელმა კომფორტის ცივილიზაციამ დაიკვეხნოს.

Re:Create Ukraine – გლობალური არქიტექტურული კონკურსი უკრაინის აღსადგენად და ქართველი კონკურსანტების პროექტი

სახლის ბიბლიოთეკის მოწყობის 7 მარტივი ხერხი