in

დიზაინის ლეგენდის – ეერო საარინენის 10 საკულტო პროექტი

ეერო საარინენი ფინეთში 1910 წელს არქიტექტორ ელიელ საარინენისა და მისი მეუღლის – ლოიას, ტექსტილზე მხატვრის ოჯახში დაიბადა. 13 წლის ასაკში ეერო მშობლებთან ერთად შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წავიდა. ეერო პარიზში სკულპტურას, ხოლო იელის უნივერსიტეტში არქიტექტურას სწავლობდა. ახალგაზრდამ ავეჯის დიზაინის მიმართულებით თავისი პიერველი ექსპერიმენტები ლეგენდარულ ნორმან ბელ გედესთან, ამერიკის პირველი სამრეწველო დიზაინის ბიუროს დამფუძნებლებთან გააკეთა, ხოლო არქიტექტურაში პირველი ნაბიჯები მიჩიგანში მამის ხელმძღვანელობით გადადგა.

Knoll-ისთვის შექმნილი სავარძელი Womb, 1948 წელი

თავისი არც თუ ისე დიდი სიცოცხლის განმავლობაში (ის 51 წლის ასაკში თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა), ეერო საარინენმა შექმნა მრავალი გამორჩეული პროექტი, რომელიც მეოცე საუკუნის არქიტექტურული და დიზაინერული მემკვიდრეობის ოქროს ფონდში შედიოდა. სავარძელი Womb (ითარგმნება, როგორც საშვილოსნო) Knoll-ის ქარხნის მიერ დამზადებული ერთ-ერთი პოპულარული მოდელია, რომელსაც კომპანია კვლავ აწარმოებს.

მემორიალური თაღი სენტ ლუისში, 1963-1965 წლები

თაღი, რომელიც 192 მეტრის სიმაღლისა და 192 მეტრის სიგანის ბაზაზე 1963-65 წლებში აშენდა, აშშ-ში ყველაზე მაღალი მონუმენტია. მის კენწეროზე არსებული სადამკვირვებლო მოედანი მნახველებს ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ულამაზეს ხედს სთავაზობს. შენობა ვიზიტორებისთვის 1967 წელს გაიხსნა. ეერო საარინენი მის დასრულებამდე 4 წლით ადრე გარდაიცვალა. ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მან გადაწყვიტა კოშკში ლიფტი დაემონტაჟებინა, რათა ათას საფეხურზე მეტის ფეხით ავლის საჭიროება არ ყოფილიყო. ლიფტის ჩვეულებრივი მოდელები მომრგვალებული დიზაინისთვის შესაფერისი არ იყო. რამდენიმე კომპანიამ შესაბამისი ვარიანტი ვერ შექმნა, საბოლოოდ 1968 წელს ამ დავალებას თავი ერთმა ინჟინერმა გაართვა.

მაგიდა Saarinen Tulip, 1957 წელი

კარიერის დასაწყისში ეერომ პროდუქტის დიზაინი თავის სტუდენტ მეგობართან, კრანბრუკის კურსდამთავრებულთან – ჩარლზ იმსთან ერთად შეიმუშავა. სავარძლებსა და სკამებთან ერთად ახალგაზრდებმა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ჯარისკაცებისთვის მოხრილი შრეებიანი ფიცრებისგან სამედიცინო ორთოპედიული არტაშნები დაამზადეს. Saarinen Tulip-ის მაგიდის ორიგინალური მოდელი ნიუ-იორკის MoMA დიზაინის მუზეუმის კოლექციაშია. დღეს ეს მოდელი Knoll-ის ქარხნის მიერ იწარმოება.

ტერმინალი TWA ჯონ კენედის აეროპორტში, 1955-1962 წლები

TWA Flight Center-ის ტერმინალი 1962 წელს ნიუ-იორკთან ახლოს, აიდელვაილდის აეროპორტში გაიხსნა. 1963 წელს, პრეზიდენტ ჯ.ფ. კენედის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ აეროპორტს სახელი მის პატივსაცემად დაარქვეს. მისი შექმნის დროს ტერმინალის შენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალურ აეროპორტის ტერმინალად ითვლებოდა. ავტორის იდეით, გუმბათის ფორმა „ფრენის აბსტრაქტულ სიმბოლოს“ განასახიერებდა, ის მართლაც თითქოს მიწის ზემოთ ლივლივებს. ფუტურისტული დიზაინი მასიური ბეტონის კონსტრუქციას უწონადობისა და ფრენის განცდას სძენს.

TWA ავიაკომპანიის დაშლის შემდეგ ტერმინალი რემონტის მიზნით დაიხურა. 2018 წლამდე ნაგებობა ცარიელი იყო, მაგრამ $265 მილიონის ღირებულების სარემონტო სამუშაოების შემდეგ გაიხსნა ბუტიკი-სასტუმრო – TWA Hotel, რომელმაც პირველი სტუმრები 2019 წლის მაისში მიიღო.

სავარძელი Grasshopper, 1946 წელი

ეერო საარინენი ფლორენს ნოლთან სტუდენტობის წლებიდან მეგობრობდა. მისმა მამამ, ელიელ საარინენმა, კენბრუკის აკადემიის დირექტორმა, ნიჭიერი სტუდენტი სხვებისგან გამოარჩია და მას თავის პროტეჟედ მიიჩნევდა. ახალგაზრდობაში ფლორენსი საარინენის ოჯახთან ერთად დიდ დროს ატარებდა. ფლორენსის თქმით, ის და ეერო ერთმანეტის ყველაზე გულწრფელი კრიტიკოსები იყვნენ და მთელი ცხოვრების მანძილზე ახლო და-ძმურ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ. როდესაც ფლორენსი Knoll-ის საოჯახო კომპანიას 1940 წელს შეუერთდა, მან ავეჯის დიზაინის ერთად შესაქმნელად ეერო მიიწვია.

Grasshopper-ის (ითარგმნება, როგორც კალია) სავარძელი საარინენის მიერ Knoll-ისთვის შექმნილი პირველი ნამუშევარი იყო. ქარხანა ამ მოდელს 19 წლის განმავლობაში აწარმოებდა. დღესდღეობით, Grasshopper-ის სავარძელი ნაკლებად ცნობილი ამერიკული და სკანდინავიური ბრენდების მიერ მზადდება.

სავარძლები Organic Chair, 1940 წელი

Organic Chair არის საუკეთესო მეგობრებისა და თანამოაზრეების – ეერო საარინენისა და ჩარლზ იმსის ერთობლივი პროექტი. მოდელები მუდმივ გამოფენაზეა ნიუ-იორკში, MoMA-ს დიზაინის მუზეუმში. დღეს მათ შვეიცარიული კომპანია Vitra აწარმოებს.

მემორიალური ცენტრი მილუოკის ხელოვნების მუზეუმში, 1959 წელი

დღეს მილუოკის ხელოვნების მუზეუმის კომპლექსი ჩამოყალიბებულია სამი შენობისგან, რომელიც სხვადასხვა დროს ეერო საარინენის, დევიდ კალერისა და სანტიაგო კალატრავას მიერ აღიმართა. მეორე მსოფლიო ომის მემორიალური ცენტრის მშენებლობა ელიელ საარინენმა დაიწყო. 1950 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, მამის მოღვაწეობა ეერომ განაგრძო. პროექტზე დიდი გავლენა იქონია ლე კორბუზიეს მოდერნისტულმა არქიტექტურამ.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, 1959 წელი

ჩიკაგოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 1902 წელს დაარსდა და თავდაპირველად სტიუარტ ჰოლში, გოთური სტილის პატარა შენობაში მდებარეობდა. 1959 წელს კი ის გადავიდა შენობაში, რომლის არქიტექტურული დიზაინი ეერო საარინენმა შეიმუშავა. შენობა გამოირჩევა დამახასიათებელი „გოფრირებული“ მინის ფასადით, რომელიც მის ქვემოთ მდებარე აუზის წყლის ზედაპირზე ეფექტურად აისახება. 1987 და 1998 წლებში შენობა გაფართოვდა და 2008 წელს კი განიცადა გლობალური მოდერნიზაცია, რომელმაც საარინენის მიერ მშენებლობის დროს დადგენილ ძირითად პუნქტებზე გავლენა არ იქონია. სხვათა შორის, 1992-2004 წლებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი – ბარაკ ობამა სწორედ ამ იურიდიულ სკოლაში სწავლობდა.

Knoll-ისთვის შექმნილი მაგიდა Tulip, 1957 წელი

Tulip მაგიდა და სკამები საარინენის ექსპერიმენტების შედეგია ახალი მასალით – ბოჭკოვანი მინით, თუმცა, იმ დროისთვის მისი სრულად დამზადება შეუძლებელი იყო. სიმტკიცისთვის სადგამი ჩამოსხმული იყო ალუმინისგან და ბოჭკოვანი მინით იყო დაფარული. ინოვაციური ავეჯი პროფესიონალებმა და მომხმარებლებმა ენთუზიაზმით მიიღეს. 1960-70-იან წლებში ფუტურისტული Tulip სკამები მოდის ჟურნალების გვერდებსა და კინოს ინტერიერს ამშვენებდა.

ჯონ ფოსტერ დოლესის სახელობის აეროპორტი ვაშინგტონში, 1958-1962 წლები

საარინენმა ვაშინგტონის აეროპორტის ტერმინალის შენობა და საკონტროლო კოშკი საკუთარ საუკეთესო ქმნილებად მიიჩნია. შუშისა და ბეტონის კედლები მოხდენილი, მცურავი სახურავის საყრდენს წარმოადგენს. 1966 წელს პროექტს ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტისგან პირველი ჯილდო მიენიჭა, საპატიო ჯილდო პროფესიული საზოგადოებისგან.

ტელევიზორი მისაღებ ოთახში: 5 გავრცელებული შეცდომა

ტური ნაომი კემპბელის კენიურ ვილაში