in

ტური ნაომი კემპბელის კენიურ ვილაში

Banner M2
Banner M2

შესანიშნავი 35-წლიანი კარიერის განმავლობაში, სუპერმოდელმა ნაომი კემპბელმა მრავალი პოდიუმი და ჟურნალის ყდა დაამშვენა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მისი თანატოლი უკვე დიდი ხანია პენსიაზე გავიდა, 50 წლის კემპბელი ახლა ისეთი მოთხოვნადია, როგორც არასდროს.

სუპერმოდელის გრაფიკი ძალიან გადატვირთულია და მისთვის დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც გარე სამყაროსგან სრულიად მოწყვეტა ხდება საჭირო, ნაომი წყნარ ზღვისპირა ქალაქ მალინდიში (კენია) მდებარე ვილას აფარებს თავს. იდილიური თავშესაფარი, რომელიც ინდოეთის ოკეანის გადაჰყურებს სუპერმოდელისთვის 20 წლის განმავლობაში ლონდონისა და ნიუ-იორკის აურზაურისგან თავის დაღწევის საშუალებას წარმოადგენდა. ბუნებრივი შუქით აღსავსე და თბილი დედამიწის ტონების გაფორმებული ფართოდ გაშლილი სივრცე მთლიანობაში ფასდაუდებელი სიმშვიდის განცდას აღძრავს. „ეს ძალიან მშვიდი ადგილია. არ გჭირდებათ ტელეფონი ან ტელევიზორი. უბრალოდ კითხვისა და საკუთარ თავთან მარტო ყოფნის სურვილი გიჩნდებათ. აქ ძალიან სასიამოვნოა სიჩუმით ტკბობა და ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა“ – ამბობს სუპერმოდელი.

ნაომი მალინდის პირველად 1990-იანი წლების შუა ხანებში ეწვია და რამდენიმე წლის შემდეგ აქ დიდი ხნის მეგობართან, კენიის ძვირადღირებული კურორტის მფლობელთან ერთად დაბრუნდა. ამ კურორტზე განთავსებულია რამდენიმე კერძო რეზიდენცია, მათ შორის ნაომის თავშესაფარიც. მალინდი, რომელზე მოხვედრაც კენიის დედაქალაქიდან – ნაირობიდან თვითმფრინავით სულ რაღაც ერთ საათში შეგიძლიათ, დიდი ხანია, რაც იტალიელების ფავორიტი კურორტია. „ყველა ადგილობრივი იტალიურად საუბრობს, ეს ჰგავს პატარა იტალიას აღმოსავლეთ აფრიკაში“ – ამბობს ნაომი.

სახლი ღია ტიპის არის და ზღვის წლით სავსე აუზი მისაღები ოთახის ცენტრიდან ეზომდეა გადაჭიმული. ეზოში მდებარე ორი ფანჩატური ოჯახური სტილის სადილებისთვის შესანიშნავი ადგილია.

ვილას ამშვენებს მაკუტის ჩალის სახურავი, რომელიც საუკუნეების მანძილზე აღმოსავლეთ აფრიკაში მთავარი ელემენტი იყო და ხელით იკვრებოდა. „მინიმუმ 12 წელია, რაც ეს სახურავი გავაკეთეთ და ის ჯერ კიდევ კარგ ფორმაშია“ – ამბობს ნაომი სიამაყით. „ჰაერის, ქარისა და ზღვის მარილის გამო, აქ შეიძლება ყველაფერი სწრაფად დაიშალოს, მაგრამ სახურავმა იერ-სახე შეინარჩუნა და თავისთავად ხელოვნების ნიმუშად იქცა.“ სუპერმოდელი სიამოვნებით ყიდულობს ავეჯს მთელი აფრიკის მასშტაბით, მაგრამ მან განსაკუთრებულ წარმატებას მარაკეშსა და კაიროში მიაღწია. ნაომი ასევე აღნიშნავს, რომ სენეგალში საოცარი ავეჯის ყიდვა შეიძლება.

ხისგან შექმნილი ნამუშევრებისთვის ვარსკვლავს შორს გამგზავრება არ უწევს. „ბევრი ხის ავეჯი, რომელიც სახლში მაქვს, მალინდიშია დამზადებული. ფაქტობრივად, სახელოსნო სახლის უკანა მხარეს მქონდა.” – ამბობს ნაომი. ხელით მოჩუქურთმებული ხის კარები, რომლებზეც ტრადიციულ საზეიმო სამოსში გამოწყობილი ორი მოცეკვავე მამაკაცია გამოსახული, არმანდო ტანზინის მიერ არის შექმნილი. არმანდო ჯილდოს მფლობელი მხატვარია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა მალინდიში. სახლში ტანზინის სხვა ნამუშევრებიც გვხვდება, მათ შორის აფრიკის ფართომასშტაბიანი რუკები.

ნაომის ზოგიერთი ყველაზე საყვარელი მოგონება კენიას უკავშირდება: ლანჩები ინდოეთის ოკეანის შუაგულში, ქვიშის ნაპირებზე; სამბურუს მომთაბარე  ტომთან დაბანაკება; საზაფხულო ექსპედიციები ყოველწლიური დიდი მიგრაციის საყურებლად. „ყველა ცხოველი კენიიდან ტანზანიაში გადადის და შეგიძლიათ ამ ყველაფერს თვალი ადევნოთ. თითქოს თქვენს თვალწინ National Geographic ცოცხლდება.“

აღსანიშნავია, რომ ნაომი კენიის ტურიზმის ოფიციალური ელჩია. მას სურს, რომ აფრიკის 54 ქვეყანას დიდი წარმატება მოუტანოს. „მე აფრიკის მთელი კონტინენტი მიყვარს; არ არსებობს აფრიკის ერთი ქვეყანა, რომელიც მეორეს მირჩევნია და მინდა, რომ ეს ნათელი იყოს. ამ კონტინენტის თითოეულ ადგილს რაღაც ჯადოსნური აქვს“ – აცხადებს ის.

დიზაინის ლეგენდის – ეერო საარინენის 10 საკულტო პროექტი

თბილი, ცივი თუ ნეიტრალური – რა ტიპის განათებაა საუკეთესო ინტერიერისთვის?