in

თბილი, ცივი თუ ნეიტრალური – რა ტიპის განათებაა საუკეთესო ინტერიერისთვის?

თანამედროვე ინტერიერში განათების ტემპერატურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თბილი ან ცივი ნათების მეშვეობით სივრცის ვიზუალური აღქმა, კომფორტი, ფსიქოლოგიური განწყობა, ყურადღების კონცენტრაცია და სიმყუდროვის ხარისხი იცვლება.

დღეს შევიტყობთ, თუ რატომ არის ნეიტრალური ნათება თვალებისთვის საუკეთესო, რას იწვევს ნათურის პულსირება და ნათების კიდევ რა მახასიათებელი მოქმედებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე. ასევე გავიგებთ, რომელი ნათების გამოყენება ჯობია სხვადასხვა ოთახში.

ისტორიული ექსკურსი

განათების ტემპერატურაზე კაცობრიობა მხოლოდ ბოლო პერიოდში დაფიქრდა. ელექტროენერგიის გამოგონებამდე და მას შემდეგ კიდევ ერთი საუკუნე შუქი ოთახებში ყოველთვის თბილი იყო. ვარვარა ნათურების ეპოქის დადგომამდე სივრცეს მხოლოდ სანთლებით ანათებდნენ. მათი ნათების ტემპერატურა კი 1000 კელვინის ირგვლივ ტრიალებს. დღეს კი ასეთი ნათება რომანტიკული განწყობისა და მოსადუნებელი გარემოს შექმნისთვის გამოიყენება.

ელექტროობის გამოჩენასთან ერთად, ოთახებში ვარვარა ნათურა შემოვიდა. თავიდან, ლამფების დაბალეფექტურობის გამო,  შუქი არა თბილი, არამედ ძალიან თბილი იყო.  სანათებს სუსტი ნათება ჰქონდათ და მოწითალო ელფერიც კი დაჰკრავდა.

დროთა განმავლობაში ტექნოლოგია დაიხვეწა და სიმძლავრის მატებასთან ერთად მაღალი ტემპერატურის, ანუ ცივი ნათების წყაროებიც გაჩნდა. დღეს არჩევანი დიდია და ადამიანებს ნებისმიერი ტემპერატურის ნათების შეძენა შეუძლიათ, დღის წესრიგში კი მხოლოდ მისი სწორი გამოყენების უნარი დგას.

მაგალითისთვის, არსებობს ცრურწმენა, რომ მეტისმეტად თბილი ან ცივი ნათებით მხედველობა ზიანდება. გარდა ამისა, ნათების ტემპერატურას კიდევ სხვა „დამღუპველ“ თვისებებსაც მიაწერენ, რომლებიც მეცნიერულად არ დასტურდება. დღევანდელი სტატიით ამ მითების დამსხვრევასაც შევეცდებით.

რა არის ნათების ტემპერატურა

დიზაინის სფეროში ამ ცნებას მარტივი განმარტება აქვს და ის მისი ვიზუალური ეფექტის მიხედვით განისაზღვრება. სიდიდე კი კელვინებში იზომება.

თბილია განათება, როდესაც წყაროსა და ზედაპირებზე უმეტესად ყვითელი, წითელი და ფორთოხლისფერი ჭარბობს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფერთა ასეთ ტემპერატურას კლასიკური ვარვარა ნათურები იძლევა. ტემპერატურის თბილ სპექტრს კი 1000-5000 კელვინის დიაპაზონი შეესაბამება.

ცივია ნათება – როდესაც განათებული ობიექტების ზედაპირებზე მოცისფრო და მოლურჯო ელფერები ჭარბობს. კელვინებში ასეთი ნათება შემდეგნაირად გამოიხატება 6000-10000 კ. ცივ ნათებას ზოგიერთი ჰალოგენური სანათები, შუქდიოდები და ქსენონები იძლევა.

ნეიტრალური ნათება უღრუბლო დღის სინათლის იდენტურია, ყოველგვარი მოყვითალო ან მოცისფრო ელფერების გარეშე. კელვინებში ის ასე გამოიხატება 5000-6000 კ. დღეს ამ ნათების უამრავი წყარო არსებობს.

რომელი ნათება ჯობია მხედველობისთვის

პასუხის ძიების დროს ბევრი შეცდომაში შედის. ხშირად ინტერნეტში ზედმეტად თბილი ნათების მავნებლობის შესახებ ინფორმაციას წააწყდებით. ანალოგიური წყაროები არც ზედმეტად ცივ ფერს სწყალობენ. ნეიტრალურ ფერზე კი თითქმის ყოველთვის ამბობენ, რომ ის მხედველობისთვის იდეალურია.

სინამდვილეში, ეს ასე არ არის. თუ მხედველობას მკაცრად თვალის გუგის ხედვის კუთხიდან განვიხილავთ, მაშინ ნათების ტემპერატურას არანაირი მნიშვნელობა აქვს და მასზე მავნე გავლენას ვერ ახდენს. სუსტმა შუქმა კი შესაძლებელია, ის დააზიანოს და ამ შემთხვევაში შუქის „სისუსტეა“ ძირითადი მიზეზი და არა მისი ტემპერატურა.

თუმცა, თვალები მხოლოდ მხედველობას არ უზრუნველყოფს. ამ ორგანოს მეშვეობით ინფორმაცია არა მხოლოდ ტვინში, არამედ ნერვული სისტემის იმ ნაწილებშიც ხვდება, რომლებიც კომფორტის, კონცენტრაციის, დაღლისა და სხვა განცდებზეა პასუხისმგებელი. ასე რომ, თუ მხედველობას ამ ჭრილიდან შევხედავთ, ნათების ტემპერატურას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მოკლედ შევეხოთ ამ საკითხს.

თბილი ნათებით სივრცეში კომფორტის განცდა იზრდება. ადამიანი ასეთ გარემოში უკეთ დუნდება და ისვენებს. ცივი ნათება პირიქით, ნერვულ სისტემას აღაგზნებს, მოკლევადიან კონცენტრაციას უზრუნველყოფს და აქტიური მოქმედებებისკენ გვიბიძგებს, თუმცა მალე ღლის. ნეიტრალური ნათება ყველა გაგებით ნეიტრალურია. ის ნერვული სისტემისთვის და თვალისთვის საუკეთესოა, რადგან ადამიანი დასაბამიდან სწორედ ამ შუქში ვითარდებოდა.

დასკვნა – თვალებისთვის საუკეთესო ნეიტრალური ფერია. თუმცა, თბილი ელფერები დასვენებისა და კომფორტული გარემოს შექმნაში საუკეთესოა, ცივი ნათება კი კონცენტრაციასა და შრომისუნარიანობას ზრდის, თუმცა დამღლელია.

მნიშვნელოვანია

მხედველობის გაუარესებას და გადამეტებულ ნერვულ გადაღლას სინათლის წყაროს ეგრეთწოდებული პულსაცია იწვევს. მაგალითად, იაფიანი ლუმინესცენტური და შუქდიოდური ლამფები ორმაგად სწრაფად ციმციმებს. ვიზუალურად ადამიანი ამას ვერ ხედავს, რასაც ვერ ვიტყვით ნერვულ სისტემაზე. ამ პულსაციის მავნე ზემოქმედება მეცნიერულად ჯერ არ არის შესწავლილი, თუმცა ის, რომ ასეთი ნათების დროს ადამიანი უფრო მალე იღლება, ფაქტია. ამიტომ, განათების წყაროების შეძენის დროს უმჯობესია, იაფფასიანი ვერსიებისგან თავის შეკავება. დაწინაურებული მოდელები ჩაშენებული ფილტრების წყალობით ნაკლებად ციმციმებს, სასურველი ფერის თანაბარ სინათლეს იძლევა და დენსაც ნაკლებს მოითხოვს.

რომელი განათება ჯობია

ზემოთქმულიდან გამომდინარე, უკვე ნათელია, თუ რა პრინციპით უნდა შევარჩიოთ ოთახის განათება. თბილი, ნეიტრალური და ცივი ნათება ოთახში მისი ფუნქციური მიზნებიდან გამომდინარე უნდა გამოვიყენოთ. განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი.

მისაღები ოთახი

უმთავრეს და ყველაზე დიდ ოთახში ოპტიმალურია ნეიტრალური განათება. ეს იმიტომ, რომ მაცხოვრებლები აქ ყველაზე დიდ დროს ატარებენ. თბილი, მომადუნებელი ნათება ან ცივი მატონიზირებელი აქ უადგილოა. ნეიტრალური ფერი კი პირიქით, კითხვისთვის, ტელევიზორის საყურებლადაც და თამაშებისთვისაც კარგია. გარდა ამისა, სუფთა თეთრი ნათება ინტერიერის დეტალებს საუკეთესოდ უსვამს ხაზს, უფრო სწორედ განათება ავეჯის, მოპირკეთებისა და ინტერიერის სხვა დეტალების ბუნებრივ ფერს არ ცვლის.

საძინებელი

ეს ოთახი უმთავრესად დასვენებისთვისაა განკუთვნილი. აქ უპირატესობა თბილ ფერებს უნდა მივანიჭოთ. ცივი ნათება საძინებელში უადგილოა. რაც შეეხება ნეიტრალურს, თუ ძილის წინ კითხვა გიყვართ, მისი გამოყენება მიმართული შუქის მქონე სანათების სახით ლოკალურადაა შესაძლებელი.

სააბაზანო

თუ ამ სივრცეში საერთო განათება ნეიტრალური ან ცივი იქნება, ქვეცნობიერად ეს დისკომფორტს გამოიწვევს. თეთრი, კაშკაშა და მოცისფრო განათების პირობებში, სააბაზანო ცივ ოთახად აღიქმება (ცელსიუსების გაზრდით ამ განცდას ვერ შეცვლით). ამიტომ აბაზანაში, ჯაკუზიში და საუნაში მხოლოდ თბილი ნათებაა რეკომენდებული. ნეიტრალური ელფერები კი მხოლოდ ლოკალურად გამოიყენება, მაგალითად სარკეების ზონაში.

სამუშაო ოთახი

აქ ყურადღების კონცენტრაცია, ნატურალური ფერები, მუშაობისთვის ან სწავლისთვის განმაწყობელი გარემოა შესაქმნელი. შესაბამისად, აქ ნეიტრალური ფერია აუცილებელი. თუ ამ სივრცეში ზედიზედ რამდენიმე საათის  გატარებას გეგმავთ, მოცისფრო ელფერის მქონე ცივი ნათების გამოყენებაზე უარი უნდა თქვათ. ზედმეტად აგრესიული ნათება მხოლოდ თავიდან ახდენს ყურადღების კონცენტრირებასა და გვიბიძგებს მოქმედებებისკენ, ცოტა ხანში კი ასეთ შემართებას დაღლა, თვალების წვა და მოთენთილობა შეცვლის.

ტური ნაომი კემპბელის კენიურ ვილაში

კამპანია, რომელსაც 2 წლის მანძილზე გვიმალავდნენ